თივის ზვინში ნაპოვნი ბედნიერება

ცხოვრება ხშირად გვიწყობს გამოცდებს. ხანდახან ისეთ მდგომარეობაშიც გვაყენებს, რომლებიც ჩვენთვის რთულად გასაგები და რთულად აღქმადია. ერთერთი რთული გამოცდა სწორედ სიდუხჭირის გამოცდაა. ძნელია გაუმკლავდე ამ წუთისოფელს სარჩო-საბადებლის გარეშე…

​როგორც უკვე ვისაუბრეთ რაბი ყაკივას და მის მეუღლე რახელს ძალიან დიდ სიღარიბეში უწევდათ ცხოვრება. იმდენად დიდში, რომ თავლაში, თივაზე ეძინათ. თუმც კი ძნელი იყო, მაგრამ მაინც არ ნებდებოდნენ და აგრძელებდნენ გამჩენისა და ერთმანეთის სიყვარულით ცხოვრებას.

​ერთ დღეს თავლის კარებზე კაკუნი მოესმათ. რაბი ყაკივამ კარები გააღო და რას ხედავს. მის წინ ღატაკი კაცი დგას, რომელიც ცხარე ცრემლებით ტირის და ვედრების ხმით ეუბნება: ,,გემუდარები, მეგობარო, იქნებ მიწყალობო და ცოტა თივა მომცე, აგერ ჩემმა ცოლმა იმშობიარა და თივაც კი არ გვაქვს, რომ ბავშვი სადმე ჩავაწვინოთ“ – გულამოსკვნით მოსთქვამდა კაცი. რაბი ყაკივამ დაამშვიდა, შებრუნდა თავლაში და თივის ზვინი გამოუტანა. კაცს ძალიან გაუხარდა, უღრმესი მადლობა გადაუხადა და წავიდა.

​გვასწავლიან ჩვენი რაბები, რომ ეს ღატაკი კაცი, სინამდვილეში ელიაჰუ ჰანავი (წინასწარმეტყველი) იყო. გამჩენს ყაკივას დახმარება სურდა და ამიტომაც გამოუგზავნა იგი. მაგრამ აქვე ისმის ლოგიკური კითხვა: გაჭირვებულ ადამიანს, რატომ გამოუგზავნა მასზე უფრო გაჭირვებული კაცი, რომელიც აქეთ სთხოვს თივას და რატომ არ გამოუგზავნა მდიდარი კაცი, რომელიც მას თუნდაც დიდი ბრილიანტის თვალს მისცემდა?

​მოდით დავუბრუნდეთ თხრობას და პასუხსაც აქვე ვიპოვით. შინ შებრუნებული ყაკივა, რახელს მიუბრუნდა და უთხრა: ,,ჩემო საყვარელო მეუღლევ, აქამდე მეგონა, რომ ჩვენზე გაჭირვებული ადამიანი აღარ დადიოდა ამ დუნიაზე, მაგრამ ახლა როცა ეს ადამიანი მოვიდა და თივა მთხოვა, რომ ახალშობილი ჩაეწვინა, მივხვდი, თუ რამდენად დიდი წყალობაა გამჩენისგან, რომ თუნდაც თავლაში ვართ და თივა გვაქვს დასაძინებლად.“ – რაბი ყაკივა გაახარა ამქვეყნად მისმა წილმა.

​ამ მომენტით, გამჩენმა რაბი ყაკივას საშვილთაშვილო გაკვეთილი მისცა. მან ასწავლა, რომ საჭიროა ადამიანი კმაყოფილი იყოს თავისი ხვედრით. ბედნიერი ის კი არ არის ვისაც ყველაფერი აქვს, არამედ ის ვინც კმაყოფილია იმით, რაც აქვს. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნატრულობენ, იყვნენ იმ ადგილას, რომელზეც ახლა ჩვენ ვიმყოფებით.

ეს გაკვეთილი სამუდამოდ აღიბეჭდა, არამარტო რაბი ყაკივასა და რახელის გონებაში, არამედ მთელი მისი მიმდევრების და ჩვენს გონებაშიც.

Leave a Reply

Powered by WordPress.com.

Up ↑

Discover more from MBKSTARS

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading

MBKSTARS

FREE
VIEW