ელულის თვე — მეფის კართან მისვლის დრო

ელული ებრაული კალენდრის განსაკუთრებული თვეა. მიუხედავად იმისა, რომ თორაში ამ თვესთან დაკავშირებული, არც დღესასწაულია და არც რაიმე განსაკუთრებული მცნება, ებრაულ ტრადიციაში იგი მთელი წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სულიერ პერიოდად ითვლება.

ეს არის თვე, როდესაც ებრაელი ადამიანი იწყებს მზადებას როშ ჰაშანისთვის — განკითხვის დღისთვის, და იომ ქიფურისთვის — მიტევების დღისთვის.

ხაზალი ელულს უწოდებს:

“ימי הרחמים והסליחות,, – „მოწყალებისა და მიტევების დღეებს“.

ელულის ისტორიული საფუძველი — მეორე დაფები

ელულის სულიერი მნიშვნელობის საფუძველი უკავშირდება ოქროს ხბოს მოვლენას. მას შემდეგ, რაც ებრაელებმა (ერევ რავმა) ოქროს ხბო შექმნეს, მოშემ დაამსხვრია აღთქმის პირველი დაფები (შმოთი 32).

შემდგომ მოშე რაბენუმ ისრაელი ერისთვის გამჩენს შეწყალება სთხოვა.

ხაზალის მიხედვით:

  • ელულის პირველ დღეს მოშე ხელახლა ავიდა სინაის მთაზე;
  • ორმოცი დღე და ღამე ლოცულობდა ერისთვის;
  • თიშრეის 10 რიცხვს ჩამოვიდა მეორე დაფებით;
  • ამ დღეს ღმერთმა თქვა:

סלחתי כדברך – „ვაპატიე შენი სიტყვისამებრ“ (ბამიდბარი 14:20)

სწორედ ამიტომ იომ ქიფური მიტევების დღედ იქცა, ხოლო ელული — ამ მიტევების მისაღებად მომზადების პერიოდად.

რას ნიშნავს სიტყვა „ელული“?

ყველაზე ცნობილი აკრონიმია:

אני לדודי ודודי לי – „მე ვეკუთვნი ჩემს მიჯნურს და ჩემი მიჯნური მეკუთვნის — მე“ (შირ ჰაშირიმ 6:3)

ამ ოთხი სიტყვის პირველი ასოები ქმნის სიტყვას: אלול

ხაზალის განმარტებით, ეს მიანიშნებს გამჩენსა და ისრაელს შორის განსაკუთრებულ სიახლოვეზე.

რატომ არის ელული განსაკუთრებული

ელულის მთავარი იდეა არის:

תשובה (თეშუბა) – რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს: „დაბრუნებას“ და არა უბრალოდ „სინანულს“.

მაიმონდი განმარტავს, რომ თეშუბა ნიშნავს ადამიანის დაბრუნებას თავის ნამდვილ სულიერ მდგომარეობასთან და ღმერთთან.

რამბამის მიხედვით, სრულ თეშუბას ოთხი საფეხური აქვს:

  1. ცოდვის მიტოვება;
  2. სინანული;
  3. ვიდუი (აღიარება);
  4. გადაწყვეტილება, რომ ცოდვა აღარ განმეორდება.

ელული სწორედ ამ პროცესის დასაწყისია.

შოფარის ჩაბერვა

ელულის პირველივე დღიდან ყოველდღიურად ისმის შოფარის ხმა.

მიდრაში ამბობს, რომ როდესაც მოშე მეორედ ავიდა სინაის მთაზე, ბანაკში შოფარი ჩაბერეს.

  • რატომ?

რათა ხალხს კვლავაც არ შეეცოდა კერპთაყვანისმცემლობაში.

ამის გამო შოფარი ელულში იქცა სულიერი გამოღვიძების სიმბოლოდ.

რამბამი წერს (ჰილხოთ თეშუვა 3:4):

„გაიღვიძეთ მძინარენო თქვენი ძილისგან, გამოიკვლიეთ თქვენი საქმეები, დაბრუნდით თეშუბით.“

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები პირდაპირი თორის მუხლი არ არის, რამბამი შოფარის სულიერ დანიშნულებას ასე განმარტავს.

სელიხოთი — მიტევების ლოცვები

ელულის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სელიხოთი. სელიხოთი არის ლოცვებისა და პიუტების კრებული, რომლის მთავარი თემა გამჩენისათვის შეწყალების თხოვნაა. მისი საფუძველი არის:

ცამეტი მოწყალების თვისება – (שְׁלוֹשׁ עֶשְׂרֵה מִדּוֹת הָרַחֲמִים)

თალმუდი გვასწავლის: როდესაც ისრაელი ამ სიტყვებს წარმოთქვამს და მათ მიხედვით იქცევა, ღმერთი მათ მიუტევებს.

ფსალმუნი 27

ელულის პერიოდში მრავალი თემი ყოველდღიურად კითხულობს, 27-ე თეჰილიმის ფსალმუნს.

לדוד ה’ אורי וישעי – „დავიდისა. უფალი სინათლეა ჩემი და ხსნა ჩემი.“ (ფსალმუნი 27)

ხაზალი ამ ფსალმუნს როშ ჰაშანასა და იომ ქიფურს უკავშირებს.

ურთიერთობები ადამიანებს შორის

ელულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეაა:

ცოდვები ღმერთსა და ადამიანს შორის იომ ქიფურზე მიეტევება, მაგრამ ცოდვები ადამიანსა და მის მოყვასს შორის — არა, მანამ სანამ შერიგება არ მოხდება.

ეს სწავლება მოცემულია მიშნა იომა 8:9-ში.

ამიტომ ელულში მრავალი ადამიანი:

  • ითხოვს პატიებას;
  • აბრუნებს ვალებს;
  • ცდილობს ურთიერთობების გამოსწორებას;
  • ცდილობს არ შევიდეს ახალ წელში ძველი კონფლიქტებით.

ელული და ღვთიური სიახლოვე

რაბი შნეორ ზალმანი ლიადიდან ელულს ასე აღწერს:

המלך בשדה – „მეფე ველზეა.“

ალეგორიის მიხედვით:

წლის განმავლობაში მეფის სასახლეში შესვლა რთულია. მაგრამ ელულში მეფე თავად გამოდის ველზე და ყველას იღებს. ეს იდეა გამოხატავს გამჩენის განსაკუთრებულ სიახლოვეს ამ პერიოდში ისრაელის ერთან.

ელულის ბოლო კვირა

ბევრ თემში მიღებულია, რომ ელულის ბოლო დღეებში ადამიანი განსაკუთრებით ამოწმებს საკუთარ ქმედებებს.

ხაზალის მიხედვით არსებობს ჩვეულება, რომლის მიხედვითაც:

  • ბოლო შვიდი დღე შეესაბამება წინა წლის შვიდ დღეს;
  • ადამიანი თითოეულ დღეს აფასებს გასული წლის შესაბამის დღეს და შესაბამისად თავისი კარგი ნამოქმედარით ცვლის მთელი წლის იმ კონკრეტულ დღეებს კარგისკენ.

ელულის საბოლოო მიზანი

ელულის მთელი დანიშნულება ერთი წინადადებით შეიძლება გამოიხატოს:

ადამიანი არ უნდა შევიდეს როშ ჰაშანაზე ისე, როგორც მთელი წელი ცხოვრობდა.

ელული არის მოწვევა:

  • საკუთარი თავის შესამოწმებლად;
  • გამჩენთან დასაახლოებლად;
  • ადამიანებთან ურთიერთობების გამოსასწორებლად;
  • თეშუბისთვის;
  • და ახალი წლის სულიერად მომზადებით შესახვედრად.

როგორც ებრაული ტრადიცია ასწავლის, ელული არ არის შიშის თვე — იგი არის შანსის თვე, როდესაც ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, დაბრუნდეს ღმერთთან, ვიდრე როშ ჰაშანისა და იომ ქიფურის დღეები დადგება.

Powered by WordPress.com.

Up ↑

✕
MBKSTARS

FREE
VIEW