წლევანდელი სუქოთის თარიღები (დასაწყისი: 2026 წლის 25 სექტემბერი / – დასასრული: 2026 წლის 2 ოქტომბრის ღამე)
„ზმან სიმხათენუ“ — ჩვენი სიხარულის დრო
სუქოთი (חַג הַסּוּכּוֹת) ებრაული კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. თორაში მას ზოგჯერ უბრალოდ „ხაგ“ (החג — დღესასწაული) ეწოდება, რაც მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ეს არის მოსავლის აღების, გამჩენის მფარველობის გახსენებისა და სიხარულის დღეები.
სუქოთი იწყება 15 თიშრეის საღამოს და გრძელდება შვიდი დღე (ისრაელში), ხოლო დიასპორაში პირველი ორი დღე სრულ დღესასწაულად აღინიშნება. მერვე დღეს აღინიშნება შმინი აცერეთი (שמיני עצרת), ხოლო დიასპორაში მასთან ერთად — სიმხათ თორა (שמחת תורה).
სუქოთის მცნება რამდენიმე ადგილას გვხვდება თორაში:
“בַּסֻּכּוֹת תֵּשְׁבוּ שִׁבְעַת יָמִים… לְמַעַן יֵדְעוּ דֹרֹתֵיכֶם כִּי בַּסֻּכּוֹת הוֹשַׁבְתִּי אֶת בְּנֵי יִשְׂרָאֵל בְּהוֹצִיאִי אוֹתָם מֵאֶרֶץ מִצְרָיִם”
„სუქებში იცხოვრეთ შვიდი დღე… რათა იცოდნენ თქვენმა თაობებმა, რომ სუქებში დავასახლე ისრაელის შვილები, როდესაც ისინი ეგვიპტიდან გამოვიყვანე.“ (ვაიკრა 23:42–43)
რატომ ვცხოვრობთ სუქაში?
რაბები მსჯელობენ იმ საკითხზე თუ რას ნიშნავს თორაში მოხსენიებული „სუქები“.
რაბი აკივას აზრი
ტრაქტატ სუქა 11ბ-ში რაბი აკივა ამბობს, რომ ეს იყო რეალური დროებითი, გადასატანი კარვები, რომლებშიც ებრაელები ცხოვრობდნენ უდაბნოში.
რაბი ელიეზერის აზრი
რაბი ელიეზერი განმარტავს, რომ „სუქები“ ნიშნავს ანანეი ჰაქავოდს (ענני הכבוד) — ღვთიური დიდების ღრუბლებს, რომლებიც იცავდნენ ისრაელის შვილებს უდაბნოში.
ეს მეორე განმარტება განსაკუთრებით გავრცელებულია ებრაულ ტრადიციაში, რადგან სუქა არა მხოლოდ ისტორიულ მოგონებას, არამედ გამჩენის მფარველობასაც გამოხატავს.
სუქა — დროებითი სახლი, მუდმივი გაკვეთილი
სუქოთის მთავარი მცნებაა სუქაში ცხოვრება. თალმუდი ამბობს: “תשבו כעין תדורו” „ისე იცხოვრეთ სუქაში, როგორც სახლში ცხოვრობთ.“ ( სუქა 28ბ)
ამიტომ სუქაში:
- ჭამენ;
- სვამენ;
- სწავლობენ თორას;
- მასპინძლობენ სტუმრებს;
- ბევრი იქ იძინებს კიდეც.
სუქა უნდა იყოს დროებითი ნაგებობა.
მისი სახურავი (სხახი — סכך) უნდა გაკეთდეს მიწიდან ამოსული ბუნებრივი მასალისგან — ტოტების, ლერწმის, ფოთლების და მსგავსი მასალისგან. სხახი საკმარის ჩრდილს უნდა იძლეოდეს, მაგრამ ცაც უნდა ჩანდეს.
რას ამბობს თალმუდი?
ბაბილონის თალმუდში განხილულია, თუ რამდენად მკვრივი შეიძლება იყოს სხახი (סכך).
ჰალახას მიხედვით:
- სხახი უნდა იძლეოდეს უფრო მეტ ჩრდილს, ვიდრე მზეს (צילתה מרובה מחמתה).
- თუ სხახი იმდენად სქელია, რომ წვიმაც კი ვერ აღწევს, ბევრი ავტორიტეტის აზრით ეს უკვე პრობლემურია, რადგან დროებითი ნაგებობის (דירת עראי) ხასიათს კარგავს.
ვარსკვლავები აუცილებლად უნდა ჩანდეს?
არა.
- სასურველია ცა ნაწილობრივ ჩანდეს.
- აუცილებელი არ არის ვარსკვლავების დანახვა.
- აუცილებელია მხოლოდ ის, რომ სხახი სუქას ნამდვილ დროებით საფარად ტოვებდეს.
რა არის სულიერი იდეა?
ბევრი კომენტატორი განმარტავს, რომ სუქა ორ რამეს შორის ბალანსს გამოხატავს:
- ჩრდილი — ღმერთის მფარველობა (צל האמונה — „რწმენის ჩრდილი“, როგორც ზოჰარი უწოდებს).
- ღია ცა — ადამიანის ცნობიერება, რომ ის პირდაპირ ღმერთის წინაშეა და არა სრულად ჩაკეტილ, თვითკმარ სამყაროში.
ამიტომ სუქა არ არის არც ჩვეულებრივი სახლი და არც სრულიად ღია სივრცე. ის გვასწავლის, რომ ადამიანი ცხოვრობს გამჩენის მფარველობის ქვეშ, მაგრამ ამავე დროს ხედავს ზეცას და ახსოვს, ვისგან მოდის ეს დაცვა.
ზოჰარი სუქას უწოდებს:
“צלא דמהימנותא”
„რწმენის ჩრდილს“.
ამიტომ სხახი უნდა იყოს ისეთი, რომ ჩრდილი შექმნას, მაგრამ სუქა არ გადაიქცეს ჩვეულებრივ, მყარ ჭერიან სახლად. სწორედ ეს ბალანსია სუქას ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო.
ოთხი სახეობა — ארבעת המינים
სუქოთის მეორე მთავარი მცნებაა ოთხი სახეობის მცენარის ერთად კურთხევა.
თორა ბრძანებს: “וּלְקַחְתֶּם לָכֶם… פְּרִי עֵץ הָדָר כַּפֹּת תְּמָרִים וַעֲנַף עֵץ עָבֹת וְעַרְבֵי נָחַל”
„აიღეთ თქვენთვის მშვენიერი ხის ნაყოფი, ფინიკის რტოები, ხშირი ხის ტოტები და მდინარის ტირიფები.“ (ვაიკრა 23:40)
ესენია:
ეთროგი (אתרוג) – ციტრუსის განსაკუთრებული ნაყოფი.
ლულავი (לולב)- ფინიკის პალმის ცენტრალური რტო.
ჰადასი (הדס) – მურტის ტოტები.
არავა (ערבה) ტირიფის ტოტები.
მათ ერთად იღებენ და ლოცვის დროს სხვადასხვა მიმართულებით აქნევენ.
ოთხი სახეობის სულიერი მნიშვნელობა
ვაიკრა რაბა (30) განმარტავს:
ოთხი სახეობა ებრაელი ხალხის ოთხ განსხვავებულ ტიპს წარმოადგენს.
- ეთროგს აქვს გემოც და სურნელიც — ეს იმ ებრაელს არის შედარებული, რომელსაც აქვს თორაც და კეთილი საქმეებიც.
- ლულავს აქვს გემო, მაგრამ არა სურნელი — ეს იმ ებრაელს არის შედარებული, რომელსაც თორა აქვს, მაგრამ ნაკლები კეთილი საქმეები.
- ჰადასს აქვს სურნელი, მაგრამ არა გემო —ეს იმ ებრაელს არის შედარებული, რომელსაც კეთილი საქმეები აქვს, მაგრამ ნაკლები თორა.
- არავას არც გემო აქვს და არც სურნელი — ეს იმ ებრაელს არის შედარებული, რომელსაც არც თორა აქვს და არც კეთილი საქმეები.
მიუხედავად ამისა, ყველა ერთად იკვრება და ერთიც რომ აკლდეს, კურთხევა ვერ შესრულდება. ეს ასწავლის, რომ ისრაელი ერთიანია და არც ერთი ებრაელი არ არის ზედმეტი.
სიხარულის დღესასწაული
სუქოთი ყველაზე მეტად სიხარულთან არის დაკავშირებული.
თორა ამბობს: “וְשָׂמַחְתָּ בְּחַגֶּךָ” – „გაიხარე შენს დღესასწაულში.“ (დვარიმ 16:14)
და შემდეგ: “וְהָיִיתָ אַךְ שָׂמֵחַ” – „მხოლოდ სიხარულში იყავი.“ (დვარიმ 16:15)
ამიტომ სუქოთს ეწოდება:זמן שמחתנו — ჩვენი სიხარულის დრო.
სიმხათ ბეით ჰაშოევა
მეორე ტაძრის პერიოდში სუქოთის ღამეებში ტარდებოდა განსაკუთრებული ზეიმი: שמחת בית השואבה
წყლის ჩამოსხმის ცერემონიასთან დაკავშირებული სიხარული. მიშნა ამბობს: “מי שלא ראה שמחת בית השואבה לא ראה שמחה מימיו” – „ვისაც სიმხათ ბეით ჰაშოევა არ უნახავს, ნამდვილი სიხარული არასოდეს უნახავს.“ (სუქა 5:1)
ლევები უკრავდნენ, მღეროდნენ, სწავლულები ცეკვავდნენ და იერუშალაიმი სიხარულით ივსებოდა.
ჰოშანა რაბა
,,ჰოშანა რაბა” მეშვიდე დღეა. ამ დღეს შვიდჯერ უვლიან ბიმას ლულავით ხელში. ტრადიციაში მას განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობა აქვს, რადგან განკითხვის პროცესის საბოლოო ეტაპად მიიჩნევა.
შემინი აცერეთი
მერვე დღეს ღმერთი თითქოს ეუბნება ისრაელს: „კიდევ ერთი დღე დარჩით ჩემთან.“
რაშის, (დვარიმ 29:35-ზე) მოჰყავს მიდრაში:
მეფე შვილებს ეუბნება, რომ წვეულების შემდეგ კიდევ ერთი დღე დარჩნენ, რადგან განშორება უჭირს. ასე განიმარტება შემინი აცერეთი — გამჩენისა და ისრაელის განსაკუთრებული სიახლოვის დღე.
სუქოთი და გეულა
წინასწარმეტყველი ზაქარია აღწერს მომავალს: וְעָלוּ מִדֵּי שָׁנָה בְשָׁנָה… לָחֹג אֶת חַג הַסֻּכּוֹת
„ყოველწლიურად ავლენ… სუქოთის დღესასწაულის აღსანიშნავად.“ (ზაქარია 14:16)
რაბები ამ მუხლში ხედავენ სუქოთის უნივერსალურ მნიშვნელობას — დროს, როდესაც მთელი კაცობრიობა აღიარებს გამჩენის მეფობას.
სუქოთის მთავარი გზავნილი
სუქა გვახსენებს, რომ ნამდვილი უსაფრთხოება კედლებში არ არის. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მტკიცე სახლი, ქონება და ძალა, მაგრამ საბოლოოდ მისი დაცვა ღმერთის ხელშია. როდესაც ებრაელი ტოვებს მუდმივ სახლს და შედის დროებით სუქაში, ის აღიარებს:
„არა ჩემი ძალა, არამედ ღმერთის მფარველობა მაძლევს არსებობას.“
ამიტომ სუქოთი ერთდროულად არის:
- რწმენის დღესასწაული;
- ღვთიური მფარველობის დღესასწაული;
- ებრაული ერთიანობის დღესასწაული;
- მოსავლის მადლიერების დღესასწაული;
- და უპირველესად — სიხარულის დღესასწაული