
17 თამუზს არის მარხვა, რომელიც განთიადიდან ღამის დადგომამდე გრძელდება. ამ დღით იწყება სამკვირიანი გლოვის პერიოდი („ბენ ჰა-მეცარიმ“), რომელიც სრულდება ტიშა ბეავით.
მთავარი წყარო ამ დღის შესახებ არის მიშნათ თაყანით (4:6), სადაც ნათქვამია, რომ 17 თამუზს ებრაელ ხალხს ხუთი მძიმე უბედურება დაატყდა თავს.
ხუთი მოვლენა, რომელიც 17 თამუზს მოხდა
1. მოშემ დაფები დაამსხვრია
როდესაც მოშე სინაის მთიდან ჩამოვიდა და ოქროს ხბო იხილა, მან აღთქმის დაფები დაამსხვრია (შმოთი 32).
2. შეწყდა მუდმივი მსხვერპლშეწირვა
პირველი ტაძრის პერიოდის ბოლოს, იერუშალაიმის ალყის დროს, ტაძარში ცხვრების უკმარისობის გამო შეწყდა ყოველდღიური მსხვერპლი — „კორბან ჰათამიდი“.
3. გაირღვა იერუშალაიმის კედლები
მეორე ტაძრის განადგურების წინ რომაელებმა იერუშალაიმის კედლები გაარღვიეს. ამ მოვლენამ ქალაქის დაცემა და ტაძრის განადგურება დააახლოვა.
4. აპოსტომოსმა დაწვა თორა
მიშნა აღნიშნავს, რომ ვინმე სახელად აპოსტომოსმა საჯაროდ დაწვა თორას გრაგნილი.
5. ტაძარში კერპი დაიდგა
მიშნა ასევე გვაუწყებს, რომ წმინდა ტაძარში კერპი იქნა დადგმული.
სამი კვირის დასაწყისი
17 თამუზიდან იწყება პერიოდი, რომელსაც ებრაულად „ბენ ჰა-მეცარიმ“ (בין המצרים) ეწოდება.
სახელწოდება აღებულია ირმიაჰუს გოდებიდან (1:3):
„ყველა მისი მდევარი დაეწია მას შევიწროებებს შორის.“
ამ პერიოდის განმავლობაში თანდათან ძლიერდება გლოვის წესები, რომლებიც კულმინაციას აღწევს ტიშა ბეავზე — ავის 9 რიცხვში.
ზეხარიას წინასწარმეტყველება
მარხვების შესახებ საუბრისას წინასწარმეტყველი ზეხარია ამბობს:
„მეოთხე თვის მარხვა… გახდება იეჰუდას სახლისთვის სიხარული და მხიარული დღესასწაულები.“ (ზეხარია 8:19)
ებრაული ტრადიციის მიხედვით, „მეოთხე თვის მარხვა“ სწორედ 17 თამუზს აღნიშნავს, რადგან თამუზი ებრაული კალენდრის მეოთხე თვეა ნისანიდან თვლის მიხედვით.
მაიმონდი წერს რომ, ასეთი დღეები დაწესებულია იმისათვის, რათა „გულები აღიძრას და გაიხსნას სინანულის გზები“. ამიტომ 17 თამუზი არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების გახსენებაა, არამედ შესაძლებლობაა, ადამიანმა საკუთარი ცხოვრება და ღმერთთან ურთიერთობა გადააფასოს.