
10 ტევეთი (ასარა ბეტევეთი) არის მარხვა, რომელიც ებრაულ კალენდარში ტევეთის თვის 10 რიცხვს აღინიშნება. ეს მარხვა განთიადიდან ღამის დადგომამდე გრძელდება და დაწესებულია იმ ტრაგიკული მოვლენების მოსაგონებლად, რომლებმაც საბოლოოდ პირველი ტაძრის განადგურებამდე მიიყვანა ებრაელი ხალხი.
მარხვის ისტორიული საფუძველი
მთავარი წყარო არის ეხიზკიელის წიგნში (სეფერ ეხიზკიელ 24:1–2), სადაც წინასწარმეტყველ ეხიზკიელი იუწყება:
„მეცხრე წელს, მეათე თვეში, თვის მეათე დღეს… სწორედ ამ დღეს ბაბილონის მეფე იერუშალაიმს მოადგა.“
ეს დღე აღნიშნავს იმ მომენტს, როდესაც ნაბუქოდონოცორ II-მა და ბაბილონის ჯარმა იერუშალაიმისთვის ალყის შემორტყმ დაიწყო.
იერუშალაიმის ალყა
ებრაული წყაროების მიხედვით, სწორედ 10 ტევეთს დაიწყო იერუშალაიმის ალყაში მოქცევა, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდა. შემდგომ მოვლენათა ჯაჭვი იყო:
- დაიწყო ქალაქის ალყა;
- გაირღვა ქალაქის კედლები;
- განადგურდა პირველი ტაძარი;
- ებრაელთა დიდი ნაწილი ბაბილონში გადაასახლეს.
ამგვარად, 10 ტევეთი ითვლება იმ ტრაგედიის დასაწყისად, რომელმაც პირველი ტაძრის განადგურებამდე მიიყვანა ერი.
ზეხარიას წინასწარმეტყველება
მარხვას ასევე მოიხსენიებს ზეხარია წინასწარმეტყველი:
„მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის მარხვა და მეათე თვის მარხვა…“ (ზეხარია8:19)
თალმუდ როშ ჰაშანა(18ბ) განმარტავს, რომ „მეათე თვის მარხვა“ არის 10 ტევეთი.
დამატებითი მოვლენები
უფრო მოგვიანებით ამ დღეს კიდევ ორი ტრაგიკული მოვლენა, უკავშირდება:
8 ტევეთი
ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს თორა ბერძნულად ითარგმნა მეფე პტოლემე II ფილადელფოსის ბრძანებით (სეპტუაგინტა).
9 ტევეთი
ძველი წყაროები აღნიშნავენ, რომ ამ დღეს მძიმე ტრაგედია მოხდა, თუმცა მისი ზუსტი მიზეზი არ არის განმარტებული. თუმცა აღსანიშნავია რომ სწორედ ამ დღეს გარდაიცვალნენ ეზრა და ნეხამია. რაც ასე დიდი გლოვის მიზეზი შეიქნა მთელი ისრაელის ერისთვის.
მარხვის მიზანი
მაიმონდი (ჰილხოთ თაყანიოთ 5:1) წერს:
„არსებობს დღეები, როდესაც მთელი ისრაელი მარხულობს იმ უბედურებების გამო, რომლებიც ამ დღეებში მოხდა, რათა გულები აღიძრას და გაიხსნას სინანულის გზები.“
რამბამის მიხედვით, მარხვის მიზანი ისტორიული ტრაგედიის გახსენებასთან ერთად საკუთარი ქმედებების გადაფასება და თეშუვაა.
მარხვის წესები
10 ტევეთი „მცირე მარხვაა“ – ქიფურის და ცხრა ავის მარხვასთან შედარებით (תענית ציבור).
მარხვა:
- იწყება განთიადზე;
- სრულდება ღამის დადგომისას;
- ამ პერიოდში აკრძალულია ჭამა და სმა.
იომ ქიფურისა და ტიშა ბეავისგან განსხვავებით, სხვა დამატებითი აკრძალვები (როგორიცაა დაბანა ან ტყავის ფეხსაცმლის ტარება) არ მოქმედებს.
10 ტევეთი ებრაული კალენდრის ოთხი ისტორიული მარხვიდან ერთ-ერთია. იგი იხსენებს იერუშალაიმის ალყის დაწყებას — მოვლენას, რომელმაც საბოლოოდ პირველი ტაძრის განადგურება და ებრაელი ხალხის გადასახლება გამოიწვია. ებრაული წყაროების თანახმად, ეს დღე არა მხოლოდ წარსულის ტრაგედიის გახსენების, არამედ სინანულის, ლოცვისა და სულიერი თვითშემოწმების დროა.