ხანუქა

სინათლის, ერთგულებისა და სულიერი გამარჯვების დღესასწაული

ხანუქა (חֲנֻכָּה) არის რვადღიანი ებრაული დღესასწაული, რომელიც იწყება 25 ქისლევს და იხსენებს მეორე ტაძრის ხელახლა კურთხევას (חנוכת המזבח) მაკაბელთა გამარჯვების შემდეგ.

სხვა მრავალი ებრაული დღესასწაულისგან განსხვავებით, ხანუქა თორაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული, რადგან მისი ისტორია თორის დაწერის შემდეგ მოხდა. მიუხედავად ამისა, იგი ღრმად ფესვგადგმულია ებრაულ ტრადიციაში და მისი კანონები, მნიშვნელობა და ჩვეულებები თალმუდში და შემდგომ ჰალახურ ლიტერატურაშია დაფუძნებული.

ისტორიული ფონი

სამყაროს შექმნიდან 3594 წელს იუდეა იმყოფებოდა სელევკიდური ბერძნული იმპერიის მმართველობის ქვეშ. მეფე ანტონიქოს IV ეპიფანე ცდილობდა ებრაელების ელინიზაციას.

ტრადიციული ებრაული ცხოვრების მრავალი საფუძველი აიკრძალა:

  • შაბათის დაცვა;
  • ბრით მილა (წინადაცვეთა);
  • თორის სწავლა;
  • ტაძრის მსახურების მნიშვნელოვანი ნაწილები.

ტაძარი შეიბილწა კერპთაყვანისმცემლური რიტუალებით. ამ ვითარებაში ქოჰენების ოჯახმა — ხაშმონაელებმა (חשמונאים) — აჯანყება დაიწყო. მათ სათავეში ედგა მათათიაჰუ, ხოლო შემდეგ მისი ვაჟი იეჰუდა მაკაბიელი. .

ტაძრის განწმენდა

რამდენიმე წლის ბრძოლის შემდეგ იერუშალაიმი და ტაძარი განთავისუფლდა. ებრაელებმა ტაძარი გაწმინდეს და ხელახლა აკურთხეს. სწორედ აქედან მოდის სახელწოდება: חנוכה — „კურთხევა“, „ხელახლა მიძღვნა“

ზეთის სასწაული

ხანუქასთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი ამბავი მოცემულია ტრაქტატში ბაბილონის თალმუდში.

თალმუდი სვამს კითხვას: ,,מאי חנוכה?” – „რა არის ხანუქა?“

და პასუხობს: როდესაც ხაშმონაელები ტაძარში შევიდნენ, მათ მხოლოდ ერთი პატარა დალუქული ჭურჭელი იპოვეს სუფთა ზეთით. მას მხოლოდ ერთი დღის სამყოფი ზეთი ჰქონდა. მაგრამ სასწაულებრივად იგი რვა დღე იწვოდა — იმდენ ხანს, რამდენიც ახალი ზეთის მოსამზადებლად იყო საჭირო. ამ მოვლენის მოსახსენებლად დაწესდა რვადღიანი დღესასწაული.

რატომ რვა დღე?

ისტორიულ წყაროებში რამდენიმე ახსნა გვხვდება.

თალმუდის ახსნა

რვა დღე უკავშირდება ზეთის სასწაულს.

მაკაბელთა წიგნების ახსნა:

გამარჯვების შემდეგ ებრაელებმა რვა დღე იზეიმეს, როგორც დაგვიანებით აღსრულებული სუქოთი, რადგან ომის გამო იმ წელს სუქოთის სათანადოდ აღნიშვნა ვერ შეძლეს.

ამიტომ ებრაულ ტრადიციაში ხანუქა ხშირად აერთიანებს ორივე იდეას:

  • სამხედრო და სულიერ გამარჯვებას;
  • ტაძრის ხელახალ კურთხევას;
  • ზეთის სასწაულს.

ხანუქიის ანთება

დღესასწაულის მთავარი მცნებაა სანთლების ანთება. თალმუდი ამბობს: ,,מצות חנוכה נר איש וביתו”

„ხანუქის მცნებაა სანთელი თითოეული სახლისთვის.“ (შაბათ 21ბ)

ბეით ჰილელი და ბეით შამაი

თალმუდში ცნობილი დავაა.

ბეით შამაი ამბობს:

პირველ ღამეს რვა სანთელი უნდა აინთოს, შემდეგ კი რაოდენობა შემცირდეს.

ბეით ჰილელი

პირველ ღამეს ერთი სანთელი უნდა აინთოს, შემდეგ კი ყოველდღიურად დაემატოს.

ჰალახა ბეით ჰილელის აზრს მიჰყვება. ამიტომ ვანთებთ:

  • პირველი ღამე — 1;
  • მეორე — 2;
  • მერვე — 8.

პირსუმეი ნისა — სასწაულის გამოქვეყნება

ხანუქის სანთლების დანთების ერთ-ერთი მთავარი მიზანია: ,,פרסומי ניסא” „სასწაულის გასაჯაროვება.“

ამიტომ ტრადიციულად ხანუქია იდგმება ფანჯარასთან ან კარის მახლობლად, რათა სხვებმაც დაინახონ.

რატომ არ ვიყენებთ ხანუქიის სინათლეს?

ხანუქის სანთლები მხოლოდ მცნების შესასრულებლად ინთება. ამიტომ ვმღერით:

הנרות הללו קודש הם – „ეს სანთლები წმინდაა.“

მათი შუქით:

  • არ ვკითხულობთ;
  • არ ვმუშაობთ;
  • არ ვსარგებლობთ.

ჩვენ მხოლოდ ვუყურებთ მათ და ვიხსენებთ სასწაულს.

ჰალელი და მადლიერება

ხანუქის რვავე დღეს სრულად იკითხება: ჰალელი

განსაკუთრებული რამ არის ის, რომ მთელი ჰალელი რვავე დღეს იკითხება, რაც სხვა მრავალ დღესასწაულზე არ ხდება. ასევე ამატებენ: ,,ყალ ჰანისიმ” ლოცვებსა და ბირქათ ჰამაზონში.

რა არის ხანუქის მთავარი გზავნილი?

ბევრი ფიქრობს, რომ ხანუქა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების დღესასწაულია. მაგრამ კლასიკური ებრაული წყაროები სხვა სურათს გვიჩვენებენ. თალმუდი, როდესაც კითხულობს: ,,מאי חנוכה?” არ იწყებს ბრძოლების აღწერით. იგი იწყებს ზეთის სასწაულით.

ამით ხახმები ხაზს უსვამენ, რომ ხანუქის არსი მხოლოდ მტრების დამარცხება არ არის. მთავარია ის, რომ ებრაელმა ხალხმა შეინარჩუნა:

  • თორა;
  • რწმენა;
  • ტაძრის სიწმინდე;
  • ღმერთთან კავშირი.

ბერძნული კულტურა ძირითადად ადამიანის გონებასა და გარეგნულ სილამაზეს უსვამდა ხაზს, ხოლო ებრაული ტრადიცია — სიწმინდესა და ღვთიურ სიბრძნეს. ამიტომ ხანუქა მხოლოდ სამხედრო ომის მოგონება არ არის. იგი არის ბრძოლა ორ განსხვავებულ მსოფლმხედველობას შორის.

ხანუქა გვასწავლის, რომ სიბნელე ყოველთვის ძალით არ მარცხდება. ხშირად ერთი პატარა სინათლე უფრო ძლიერია, ვიდრე დიდი სიბნელე. ამიტომ ხანუქის პირველი ღამე მხოლოდ ერთი სანთლით იწყება. და შემდეგ სინათლე ყოველდღიურად იზრდება. როგორც ბეით ჰილელი ასწავლის: ,,מעלין בקודש ואין מורידין” – „სიწმინდეში ავდივართ და არ ვეშვებით ქვემოთ.“ (შაბათ 21ბ)

Powered by WordPress.com.

Up ↑

MBKSTARS

FREE
VIEW