არიან ადამიანები, რომლებსაც გამჩენი თავიდანვე ისეთ გარემოში ბადებს, რომ ბავშვობიდანვე სიწმინდეში არიან. სწავლობენ თორას და ერთი გამჩენის რწმენითა და შიშით იზრდებიან. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თავად უწევთ, სამყაროს შემქმნელის ,,პოვნა“ და მის გზაზე დაბრუნება. თეშუბაზე დაბრუნება, რომ არასდროს არის გვიანი და სურვილს, რომ უდიდესი ძალა გააჩნია, ამას ყველაზე კარგად, უდიდესი და უწმინდესი თანაიმების პერიოდში მოღვაწე წმინდანისგან – რაბი ყაკივასგან ვსწავლობთ.
რა ასაკში დაიწყო რაბი ყაკივამ თორის შესწავლა…?
რაბი ყაკივა, ბავშვობიდანვე სულაც არ ყოფილა თორის სწავლით დაკავებული. მას არც ყმაწვილობის ასაკში მიუღია თორის სიბრძნე…
აბრაჰამის, მოშე რაბენუსა და დავიდ მეფის მსგავსად ისიც ცხოვრების მწყემსი გახლდათ. იგი მდიდარი ებრაელი კაცის – ქალბა საბუას კარზე, მწემსად მუშაობდა და მის ცხვრებს მწემსავდა. რაბი ყაკივა ძალიან დიდ გულმოწყალებას იჩენდა თავისი ფარასადმი, ის გულდასმით აკვირდებოდა, იმას რომ დიდ ცხვრებს, პატარა ცხვრები არ დაეჩაგრათ, ანდაც რომ მისი ცხვრები, სხვის საძოვარზე არ გადასულიყვნენ და ამიტომ ყოველთვის ისეთ ადგილას მიჰყავდა საბალახოდ რომელიც არავის ეკუთვნოდა. ასე გადიოდა დრო…
ქალბა საბუას, უმშვენიერესი, უკეთილშობილესი ქალიშვილი ჰყავდა – სახელად რახელი. გოგონა ყოველდღე ხედავდა, როგორ ერთგულად მსახურობდა მწყემსი მის მამას და როგორი კეთოლშობილებით გამოირჩეოდა იგი თუნდაც ცხოველთან მიმართებაში. ამიტომ რახელის თვალშიც მოწონება დაემსახურებინა ყაკივას.
რაბი ყაკივას რახელი ძალიან უყვარდა, თუმცა იცოდა – მდიდარი კაცის შვილი იყო და უბრალო მწყემსს მას არავინ მიათხოვებდა.
ერთ დღეს რახელმა ყაკივას უთხრა: ,,ყაკივა, მომისმინე, მე ვხედავ, რომ შენ შეგიძლია გახდე უდიდესი თორის სწავლული. თუკი შენ ბეთ-ჰამიდრაშში თორის სასწავლად წახვალ და შენს თავზე თორის ,,უღელს” აიღებ მაშინ ცოლად გამოგყვებიო…“
ყაკივა ფიქრობდა: ,,ძალიან მინდა მოვიყვანო ცოლად რახელი და ვისწავლო თორა… ცოტა ახალგზარდა, რომ ვყოფილიყავი, ალბათ მართლაც შევძლებდი ასე ნულიდან თორის შესწავლას, მაგრამ მე უკვე ორმოცი წლის ვარ. ახლა დავიწყო თორის შესწავლა? ეს ხომ უკვე ძალიან დაგვიანებიულია და ვფიქრობ შეუძლებელიც…
ერთ დღესაც, რაბი ყაკივა წყლის ამოსახაპად ჭასთან მივიდა. და აი უცბად მის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა. ხედავს კაცი, რომ ჭას ქვებს შორის დიდი ნაპრალები გასჩენია და მისგან წყალი მორაკრაკებს. რაბი ყაკივა გააკვირვა ამ ფაქტმა და იქვე მდგომებს ჰკითხა: ,,ვინ შეძლო ქვისაგან აშენებული ჭისთვის ნაპრალების გაჩენა?“ კაცებს გაეცინათ ყაკივას კითხვაზე და მიუგეს: ,,წყალმა გახეთქა ქვები!“ ყაკივამ ისევ შეუბრუნა კითხვა:,, კი მაგრამ, ქვა ხომ ძლიერი და მაგარია? ხოლო წყალი ცარიელი და კამკამა… როგორ შეუძლია წყალს ქვისთვის ასეთი ღრმა ნაპრალების გაჩენა?“ კაცებმა კვლავ უპასუხეს:,, ეს არ მომხდარა ერთ დღეში! ეს ხდებოდა წლების მანძილზე… ყოველ დღე ცოტ-ცოტა წყალი იპარებოდა ქვებს შორის და ასე ნელ-ნელა შეძლო წყალმა ქვის გაპობა და ნაპრალების გაკეთება…“
რაბი ყაკივა ჭასთან ჩამოჯდა… უყურებდა ქვებს შორის მორაკრაკე წყალს და ფიქრობდა: ,,თუ წყალმა შეძლო ასეთი მაგარი ქვების გაპობა, ასევე თორას, რომელიც წყალს არის შედარებული, შეუძლია ნელ-ნელა შემოაღწიოს ჩემს გულსა და გონებაში… და ეს ყველაფერი მაშინაც კი შესაძლებელი იქნება თუკი მე ორმოცი წლის ასაკში დავიწყებ თორის შესწავლას …
ამ ფიქრებიდან რომ გამოერკვა, რახელთან მივიდა და უთხრა: ,,ძვირფასო რახელ, მე მინდა შენზე დაქორწინება, მიუხედავად იმისა რომ ორმოცი წლის ვარ, მზად ვარ შენთან ერთად ახალი ცხოვრება დავიწყო. ასევე ძალიან მინდა თორის შესწავლა… გპირდები, რომ ქორწინების შემდეგ, აუცილებლად წავალ ბეთ-ჰამიდრაშში თორის სასწავლად…“
მათ იქორწინეს ჩუმად – ყოველგვარი დიდი აღნიშვნის გარეშე. როცა რახელის მამამ – ქალბა საბუამ ეს ამბავი გაიგო, განრისხდა და მუქარის ტონით თავის ქალიშვილს მიმართა: ,,მე გამწარებული ვარ იმის გამო, რომ გაბედე და იქორწინე მწყემსზე, რომელმაც წერა-კითხვაც კი არ იცის… წადით ჩემი სახლიდან და აქ აღარ დაგინახოთ! მე ვდებ ნედერს, რომ არასოდეს არ დაგეხმარებით მატერიალურად!“
რახელი და ყაკივა ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ და სახლიც კი არ ჰქონდათ. ისინი ცხოვრობდნენ პატარა ქოხში, რომელიც თივის დასაწყობად გამოიყენებოდა. მათ არ ჰქონდათ თითქმის არაფერი, მაგრამ ჰქონდათ ყველაზე მთავარი:,, გამჩენისა და ერთმანეთის სიყვარული!“ ერთხელ ყაკივამ უთხრა საყვარელ ცოლს: ,,ერთ დღესაც გვექნება ბევრი ფული და შევძლებ ისევ ისე იცხოვრო, როგორც ადრე ცხოვრობდი.“ ამ სიტყვებზე რახელმა მიუგო: ,,საყვარელო მეუღლევ, სანამ ცოლად გამოგყვებოდი, ძალიან კარგად ვიცოდი რომ არ იყავი მდიდარი… ახლა კი მინდა შეასრულო შენი დაპირება და წახვიდე ბეთ-ჰამიდრაშში თორის სასწავლად.“
ყაკივამ პირობა შეასრულა და სასწავლებლად წავიდა. ის იჯდა დაწყებით კლასში პატარა ბავშვებთან ერთად და სწავლას ნულიდან იწყებდა. სწავლობდა ჯერ ასოების წერა- კითხვას, შემდეგ სიტყვებისა და ფასუკების გამოთქმას… ყაკივასათვის ძალიან რთული იყო ამ ასაკში სწავლა. ის უყურებდა ბავშვებს, რომლებიც მასთან ერთად სწავლობდნენ თორას და ფიქრობდა: ,,ბავშვებისთვის ბევრად მარტივია სწავლაცა და ნასწავლის დამახსოვრებაც… რა დასანანია, რომ ბავშვობიდანვე არ ვისწავლე ეს ყველაფერი…რადგან ახლა ძალიან მიჭირს ახალი ინფორმაციის როგორც სწავლა ასევე დამახსოვრება.“
მაგრამ ყაკივა არ ნებდებოდა. ის დღე და ღამე სწავლობდა, მანამ სანამ ძალიან კარგად არ ისწავლა წერა-კითხვა. შემდგომ მან დაიწყო: ფასუკების, თორის თავებისა და ფარაშების შესწავლა … სწავლობდა ისე, როგორც მწყურვალე კაცი… მას გამუდმებით სურდა თორის სიბრძნის შესრუტვა…
წლების შემდეგ ყაკივა ძალიან დიდი რაბი გახდა და უამრავი მოსწავლე მოდიოდა მასთან თორის შესასწავლად. მან შეისწავლა თორის უდიდესი სიღრმეები – და თორის ყველა ასოდან შეეძლო ახალი და განმაცვიფრებელი განმარტებებისა და კომენტარების გაკეთება. მან ასევე უამრავ რთულ კითხავაზე იპოვა თორაში პასუხი.
რაბი ყაკივა ხედავდა რომ მის მოსწავლეებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა არ გააჩნდათ და დამცინავად ეპყრობოდნენ ერთი მეორეს. მათ იცოდნენ ძალიან ბევრი კანონები, თორის ფასუკები და ა.შ მაგრამ მათ არ ჰქონდათ ნასწავლი თორიდან ,,დერეხ ერეც”-ი (ქცევის კარგი ჩვევები). რაბი ყაკივამ ხომ მათ ასწავლა, თორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აზრი: ,,გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“
მთელი იმ წლების მანძილზე, რაც რაბი ყაკივა იჯდა და სწავლობდა თორას – რახელი მარტო იყო. ოცდაოთხ წლიანი სწავლის შემდეგ, რაბი ყაკივა თავის მოსწავლეებთან ერთად დაბრუნდა ქალაქში. ის უკვე დიდი რაბი და პატივსაცემი პიროვნება იყო. ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოსულიყო მასთან შესახვედრად. რახელმაც გაიგო, რომ რაბი ყაკივა ქალაქში დაბრუნდა. ისიც სიხარულით გავიდა გარეთ თავისი საყვარელი მეუღლის სანახავად, რომელიც უკვე მრავალი წელი იყო არ ენახა. მეზობლებმა რახელს უთხრეს: მოდი რახელ, მოგცემთ ლამაზ სამოსსა და სამკაულს, რათა ლამაზად დახვდე ამდენი ხნის უნახავ ქმარს… მაგრამ რახელმა უთხრა მათ: მე ვიცი, რომ ჩემი ქმარი ასე, ძველ სამოსშიც მიცნობს და გაიხარებს ჩემი ნახვით.
როცა რახელი რაბი ყაკივასთან მისვლას ცდილობდა, მოსწავლეებმა, შეაკავეს და არ მიუშვეს. ამ დროს რაბი ყაკივამ დაინახა საყვარელი ცოლი და თავის მოსწავლეებს გასძახა: ,,სასწრაფოდ გამოუშვითო…“ მთელი ხალხი და მათ შორის მოსწავლეებიც გაკვირვებით შესცქეროდნენ რაბი ყაკივასა და მისკენ მიმავალ ქალს. მიუტრიალდა რაბი თავის მოსწავლეებს და უთხრა: ,, იცოდეთ, ჩემი მთელი თორაც და თქვენს მიერ ნასწავლი მთელი თორაც – მისია! ეს არის ჩემი საყვარელი მეუღლე რახელი! და რომ არა ის მე არ ვიქნებოდი ის რაბი ყაკივა, რომელსაც ახლა თქვენ იცნობთ და რომლისგანაც სწავლობთ თორას!“
ქალის მონდომებამ, მისმა სიწმინდემ, ქმრის თორის გზაზე დაყენებამ, თაობებს აჩუქა თორის უდიდესი მცოდნე რაბი ყაკივა, რომლის თორაც დღემდე ასწავლის და უხსნის თორის დაფარულ სიღრმეებს ისრაელის შვილებს. თორის შესწავლა, გამჩენის გზაზე დაბრუნება არასოდესაა გვიან! გახსოვდეს მეგობარო, ,,წლების შემდეგ წყლის წვეთები ქვას ხვრეტს“ ,,წვეთ-წვეთობით ბოლოს ზღვა აივსება“ ასეა თორაც, ნელ-ნელა სწავლითა და მონდომებით, ის აუცილებლად შემოვა მისი მძიებელის გულში და გონებაში.