(გთხოვთ შაბათს ნუ ისარგებლებთ საიტით – წინასწარ ამობეჭდეთ, ან ამოიწერეთ)
შთააგონე შენს შვილებს და ილაპარაკე მათ შესახებ სახლში ყოფნისას, გზაში სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. (დებარიმ-6;7)
ეს ნაწყვეტი ნათლად გვიჩვენებს თუ რამდენად ვალდებულები ვართ, რომ თორა გამუდმებით ვისწავლოთ. ვინც თორას არ სწავლობს, უფლის სურვილს უხვევს და ცოდვად – ,,ბიტულ თორად“ (თორის გაბათილებად) ეთვლება. თორის სწავლა უდიდესი მიცვაა. თორაში შემავალი ყოველი სიტყვის თქმა მიცვის შესრულებას უტოლდება; თორის უსწავლელობა კი ადამიანს ისე ეთვლება, თითქოს მთელი კანონებისათვის გადაეხვიოს.
ადამიანს, როცა 120 წლის შემდეგ ზეციური სასამართლოს წინაშე წარდგება, ჰკითხავენ: – რატომ არ ისწავლე? უსწავლელობისათვის განსჯიან. ხანდახან ადამიანი სასამართლოს დინიდან უდანაშაულო გამოდის, მიტუმეტეს თუ დიდი ოჯახი ჰქონდა სარჩენი. ავი ენის პატრონი, ლაშონჰარას მოლაპარაკე, ვერაფრით იმართლებს თავს. ჰკითხავენ: რატომ არ სწავლობდი თორას იმ დროს,
როცა ლაშონ ჰარას ლაპარაკობდი?
დასკვნა: – ყოველი გამონათქვამი, რაც ლაშონ ჰარად ითვლება, ცოდვად ეწერება მთქმელს. გარდა ამისა, ცოდვად ეთვლება იმ დროის დაკარგვა, რომელიც ლაშონ ჰარას სალაპარაკოდ მოაცდინა.
ავი სიტყვის მთავარი გამომწვევი მიზეზი სიამაყეა.
ამაყ ადამიანს თავი ყველაზე ბრძენად და მნიშვნელოვან პიროვნებად მიაჩნია. მის თვალში სხვა ყველა მცირედ გამოიყურება. იგი არ ერიდება სხვებზე აუგის თქმას, დაცინვას და აბუჩად აგდებას.ამაყი ადამიანი ვერ იტანს, როცა სხვა ღირსებით მასზე მაღლა დგას; ცდილობს ნაკლოვანება მოუძებნოს და გაკენწლოს.
იეცერ ჰარას მოხერხებული იარაღი აქვს ადამიანის ავსიტყვაობაში შესაცდენად – ბრაზი.
როცა ადამიანი ბრაზით ივსება, თავის შეკავების უნარს ჰკარგავს, აკრძალულიც დასაშვებად მიაჩნია, თავს ყველაფრის თქმის ნებას აძლევს და ლაშონ ჰარას ლაპარაკში იჭრება. ხშირ შემთხვევაში ისიც კი ჰგონია, რომ ვის მისამართითაც ბრაზობს, მისი ლანძღვა მიცვაა.
ტელეფონის გამოგონებამ ლაშონ ჰარას საზღვრები გააფართოვა.
ასევე საფრთხე გაზარდა, ლაშონ ჰარას თქმით ბევრი იჭრება. ტელეფონი ადამიანს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, დაბრკოლების გარეშე – გაავრცელოს ხალხში ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, მართებს ადამიანს დიდი სიფრთხილე, როცა ტელეფონით საუბრობს. თუ ვინმეს სურს რომ სხვაზე ცუდი გელაპარაკოს, მიზეზი მოიგონე და საუბარი შეწყვიტე.