,,რაბან იოხანან ბენ ზაქაი ჰილელისა და შამაის მიმდევარი იყო. ის ამბობდა: თუ ბევრ თორას შეისწავლი, თავი არ დაიფასო, რამეთუ ამისთვის ხარ გაჩენილი. ხუთი მოსწავლე ჰყავდა რაბან იოხანან ბენ ზაქაის. უთხრა მათ: გამოდით და ნახეთ, რომელი გზაა სწორი, რომ მას დაეყრდნოს ადამიანი.
რაბი ელიეზერი ამბობს: კარგი თვალი. რაბი იეჰოშუა ამბობს: კარგი ამხანაგი. რაბი იოსი ამბობს: კარგი მეზობელი. რაბი შიმონი ამბობს: მომავლის განმჭვრეტი. რაბი ელაზარი (ბენ ყარახი) ამბობს: კეთილი გული.
უთხრა მათ: მე ვარჩევ ელაზარ ბენ ყარახის ნათქვამს, რამეთუ თქვენს ნათქვამს შეიცავს მისი ნათქვამი…
უთხრა მათ: გამოდით და ნახეთ, რომელი გზა არის ცუდი, რომ მას აერიდოს ადამიანი.
რაბი ელიეზერი ამბობს: ცუდი თვალი. რაბი იეჰოშუა ამბობს: ცუდი ამხანაგი. რაბი იოსი ამბობს: ცუდი მეზობელი. რაბი შიმონი ამბობს: ის, ვინც ისესხებს და არ გადაიხდის – ადამიანისაგან მსესხებელს, თითქოს ღმერთისგან უსესხია. როგორც ნათქვამია: ,,ისესხებს ბოროტი და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.“ რაბი ელაზარი (ბენ ყარახი) ამბობს: ბოროტი გული.
უთხრა მათ: მე ვარჩევ ელაზარ ბენ ყარახის ნათქვამს, რამეთუ თქვენს ნათქვამს შეიცავს მისი ნათქვამი.“
,,ყაკავია ბენ მაჰალალელი ამბობს: ჩაუკვირდი სამ საკითხს და შენ თავიდან აიცილებ ცოდვას:
იცოდე, საიდან მოსულხარ, სად წახვალ და ვის უნდა ჩააბარო ანგარიში… საიდან მოსულხარ? – მყრალი წვეთისგან… სად წახვალ? – იმ ადგილას, სადაც მტვერი და ჭია – მატლია… და ვის ჩააბარებ ანგარიშს? – მეფეთა მეფეს, უწმინდესი და კურთხეულ არს იგი…“