- ყველაფერს ამას გული დავუდე. ესე ყოველი რომ გამერკვია: მართალნი, ბრძენნი, საქმენი მათი ღმერთის ხელთაა. გინდ სიყვარული, გინდ სიძულვილი – რაც კი მოელის – არ უწყის კაცმა.
- ყველაფერი ყველასთვის ერთნაირია; ერთი ხვედრი აქვს მართალს და ავკაცს, კეთილს და სპეტაკს, და უწმინდურსაც; მსხვერპლის შემწირველს და არშემწირველს; როგორც უცოდველს, ისევე ცოდვილს; მოფიცარსა და მოშიშს ფიცისას.
- ბოროტებაა იმ ყველაფერში, რაც მზის ქვეშ ხდება – რომ ყველასათვის ხვედრი ერთია; და ამის გამო, ადამიანი შვილთა გულებიც აღსავსეა ავი ზრახვებით და უმეცრებით, ვიდრე ცოცხლობენ, ხოლო შემდეგ კი – გადავლენ მკვდრებად.
- რამეთუ ცოცხლად შერაცხილში იმედი მძლავრობს; ცოცხალი ძაღლი მკვადარი ლომის უმჯობესია.
- რადგან იციან ცოცხლებმა, რომ სიკვდილი ელით, ხოლო მკვდრებმა არრა იციან; აწ საზღაურიც არ მიეზღვებათ – ხსოვნა მათი დავიწყებულ არს.
- და წარხდა მათი სიძულვილით, შურიც და ტრფობაც. აღარ აქვთ წილი უკუნისამდე აღარაფერში, რაც მზის ქვეშ ხდება.
- წადი, ჭამე პური შენი სიმხიარულით, სვი შენი ღვინო კეთილი გულით, რადგან ღმერთისთვის სასურველია საქმენი შენი.
- ყოველ ჟამს იყოს სამოსელი შენი სპეტაკი, და არ მოაკლდეს თავსა შენსას სურნელი ზეთი.
- დატკბი ცხოვრებით ქალთან ერთად, რომელიც გიყვარს, შენი ამაო წუთისოფლის ყველა დღეებში, რაიც მოგეცა ამ მზისქვეშეთში, რადგან ესაა შენი წილხევდრი ცხოვრებაში და იმ შრომაში, რაც მზისქვეშ გაგიწევია.
- რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელს – აკეთე; რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, ცოდნა თუ სიბრძნე არ არსებობს იქ, იმ ქვესკნელში, სადაც მიდიხარ.
- კიდევ ის ვნახე მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არცა ძლიერთა ნებაზე – ომი, არცა ბრძენთა ნებაზე – პური, არც გონიერთა ნებაზე – ხვავი, და არც მცოდნეთა ნებაზე – მადლი. დრო და შემთხვევა განაგებს ყოველს.
- ისიც არ იცის ადამიანმა, როდის მოაწევს მისი დრო-ჟამი; როგორც თევზები, ავ ბადეში გახვეულები, ან კაკანათში გაბმული ჩიტი, ისე ებმება ძე კაცისა მოულოდნელად თავსდატეხილ ავბედითი დროის მახეში.
- კიდევ ასეთი სიბრძნე ვიხილე მზისქვეშეთში და საგულისხმოდ შევრაცხე ჩემთვის:
- იყო ქალაქი მცირე, და ხალხი ცოტა მასში. მოადგა დიდი მეფე გარსშემოატყა ლაშქარით, შემოაშენა დიდი სიმაგრეები მძლავრი.
- გამოჩნდა ხალხში ვინმე – ღარიბი, მაგრამ ბრძენი, და მან თავისი სიბრძნით იხსნა ქალაქი იგი; თუმც აღარავის გახსენებია ის უპოვარი კაცი.
- და გავიფიქრე: ზოგჯერ სიმამაცეს სჯობს სიბრძნე; მაგრამ აბუჩად იგდებდნენ საწყალი კაცის სიბრძნეს, არ უსმენდნენ მის სიტყვებს;
- ბრძენთა სიტყვები, წყნარად ნათქვამი, უფრო ისმის, ვიდრე სულელთა მთავრის ყვირილი.
- სიბრძნე სჯობია საომარ აბჯარს: მაგრამ დაღუპავს ბევრ სიკეთეს ერთი ცოდვილი.