
,,და აიღო კორახმა”
კვირის საკითხავი თავი ,,კორახი” იმ აჯანყებაზე მოგვითხრობს, რომელიც კორახმა ებრაელი ხალხის წინამძღვრების მოშესა და აჰარონის წინააღმდეგ წამოიწყო. იმ აჯანყების, რომელიც აჯანყებულთათვის საშინლად დასრულდა. რა იყო მათი აჯანყების მიზეზი? კორახმა 250 ადამიანი შეკრიბა, რომელთაც ებრაელ ხალხში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ – ისინი პირველშობილნი იყვნენ, რომელნიც ლევიელებმა გამ’ჩენისადმი სამსახურის შესასრულებლად შეცვალეს. აჯანყებულთა შორის ასევე დათანი და ავირამი იყვნენ, რომელნიც ჯერ კიდევ ეგვიპტიდან მოყოლებული მოშე რაბეინუს მტრობდნენ და ონი პელეტის ძე. კორახმა მათ განუცხადა: ,,ყველა ებრაელი წმინდაა, რადგანაც გამ’ჩენი ჩვენთანაა და რატომ მაინც და მაინც მოშე და აჰარონი არიან მომაღლებულნი, ანუ ასრულებენ სამსახურს მიშქანში (გადასატან ტაძარში)? შენ, მოშე, ტაძარში გამ’ჩენისადმი მსახურება მხოლოდ აჰარონსა და მის ვაჟებს რატომ მიანდე, თუკი ამის გაკეთება ნებისმიერ ებრაელ შეუძლი? ეს იმიტომ გააკეთე, რომ ისინი წმინდა ისრაელის შვილებისაგან მომაღლებული და გამორჩეული იყვნენ.”
გასაგებია, რომ აჯანყებულებს, გარდა იმისა, რომ ებრაელი ხალხისთვის სიკეთე სურდათ, საკუთარი მიზნებიც ჰქონდათ. დათანი და ავირამი ყოველთვის ეძებდნენ იმის მიზეზს, რომ მოშე რაბეინუსთვის რაიმე ევნოთ. 250 ადამიანი რეუბენის ტომიდან პირველშობილნი იყვნენ და წინამძღოლს იმის გამო გაუნაწყენდნენ, რომ მათთვის განკუთვნილი სამუშაო ლევიელებს (ლევიტებს) გადასცეს. ხალხი ამის გამო წუხდა, რომ მზვერავების შეცოდების შემდეგ ისინი დაისაჯნენ და ისრაელის მიწაზე ვეღარ შევიდოდნენ, ყველა ვინც ამ შეცოდებაში იყო გარეული უდაბნოში მოკვდებოდა.
მაგრამ რა არ ჰქონდა კორახს, რატომ აუმხედრდა მოშეს? ის ხომ მოშესა და აჰარონის ბიძაშვილი, თორის ბრძენი და უმდიდრესი ადამიანი იყო. ჩვენი ბრძენები გვიხსნიან, რომ შტოთა ხელმძღვანელებს მოშე გამ’ჩენის მითითებით ირჩევდა და კეჰათის (ლევის შტოს 3 ოჯახიდან ერთ-ერთი) ოჯახისთვის ელცაფანი – უზიელის ვაჟი დანიშნა. კორახმა იფიქრა: მამაჩემს იცაჰარს 3 ვაჟი ჰყავდა. პირველშობილ ამრამს 2 შვილი ჰყავს -ერთი მოშე მეფე გახდა, მეორე აჰარონი კი – მთავარი ქოჰენი. მათ შემდეგ ხომ მე ვარ – მეორე ძმის შვილი, რატომ აირჩია მოშემ ელცაფანი – ყველაზე პატარა ძმის უზიელის ვაჟი ოჯახის ხელმძღვანელად?
,,ფირქეი ავოთში” (,,მამათა შეგონებანი”) წერია: ,,შური ვნებაზე უარესია და პატივისაკენ სწრაფვა ადამიანს ამ ქვეყნიდან განდევნის”. ეს ისეთ ბრძენსაც კი შეეხო, როგორიც კორახი იყო.
ხშირად ხდება, რომ მოშურნე ადამიანი საკუთარი თავისთვის სიკეთის მიტანაზე მეტად ცდილობს ვისიც შურს მას ავნოს. მოგვითხრობენ ორ ადამიანზე, რომელთაც მეფე გადაარჩინეს: ერთმა ამისთვის უფრო მეტი იშრომა, ვიდრე მეორემ. მას ვინც ნაკლები იშრომა, მეფემ უთხრა: ,,აირჩიე ჯილდო, ოღონდ იცოდე, რომ მეორე იმავეს ორჯერ მეტს მიიღებს.” იფიქრა მან, მე რომ მილიონი მოვითხოვო, მეორეს ორ მილიონს მისცემენ, ამას კი ვერ ავიტანო და ერთი თვალის დათხრა სთხოვა მეფეს.”
ისრაელში ერთ მდიდარს ქალაქში ყველაზე ლამაზი ვილა ჰქონდა, მაგრამ დახეთ უბედურებას, მეზობელმა უკეთესი ააშენა. მდიდარმა სამმაგი ფასი გადაიხადა ამ ვილაში იმისათვის, რომ დაენგრიათ.
კიდევ რამ იმოქმედა კორახზე? მან ,,რუახ ჰაკოდეშით” იცოდა, რომ შთამომავალთა შორის წინასწარმეტყველი შმუელი ეყოლებოდა. ამიტომ ფიქრობდა რომ გაიმარჯვებდა და ცოცხალი დარჩებოდა. მაგრამ მიწამ პირი დააღო და ცოცხლად ჩაიტანა დათანთან და ავირამთან, მათ ოჯახებთან და მთელ ავლადიდებასთან ერთად.
აჯანყებულები ასე მკაცრად იმიტომ დაისაჯნენ, რომ გამ’ჩენის მიერ გამოგზავნილ ადამიანს – მოშეს აუმხედრდნენ, რომლის მეშვეობითაც ის ხალხს საკუთარ ნებას გადასცემდა. რჩეულის წინააღმდეგ ამხედრებული, მის გამომგზავნსაც უმხედრდება.
თორის 613 მცნებისგან ერთ-ერთი გვეუბნება, რომ კორახს და მის თანამზრახველებს არ დავემსგავსოთ, გამ’ჩენის რჩეულ ებრაელ ხალხთან არ ვიკამათოთ, არ ვიჩხუბოთ.
წყარო: არიელ ლევინი ,,ავუწყოთ ფეხი დროს”