თავი მესამე

  1. აკავია ბენ – მაჰალალელი ამბობს: ჩაუკვირდი სამ საკითხს და შენ თავიდან აიცილებ ცოდვას: იცოდე, საიდან მოსულხარ, სად წახვალ და ვის უნდა ჩააბარო ანგარიში.

საიდან მოსულხარ? – მყრალი წვეთისგან. სად წახვალ? – იმ ადგილას, სადაც მტვერი და ჭია – მატლია. და ვის ჩააბარებ ანგარიშს? – მეფეთა მეფეს, უწმინდესი და კურთხეულ არს იგი.

2. რაბი ხანინა, ქოჰენის თანაშემწე ამბობს: ილოცეთ სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის, ვინაიდან ხელისუფლების შიში, რომ არ ჰქონდეთ, ადამიანები ერთმანეთს დაჭამდნენ.

რაბი ხანანია ბენ – თერადიონი ამბობს: თუ ორნი სხედან და თორაზე არ ლაპარაკობენ, ეს ავყიათა წრეა, როგორც ნათქვამია: ,,და არ ზის ავყიათა წრეში.“ მაგრამ თუ ორნი სხედნან და თორაზე ლაპარაკობენ, ღვთიური სული იმყოფება მათთან. რამეთუ ნათქვამია: ,,მაშინ საუბრობდნენ ურთიერთშორის ღვთისმოშიშნი და ყური მიუგდო უფალმა და მოისმინა და ჩაიწერა მის წინაშე სამახსოვრო წიგნში ღვთისმოშიშთა და მისი სახელის თაყვანისმცემელთათვის.“ ეს ორზეა ნათქვამი და სადღა დარჩა, როცა თუნდაც ერთი ზის და თორას ჭირნახულობს, უწმინდესი, კურთხეულ არს იგი, გადაუწყვეტს მას საზღაურს. როგორც ნათქვამია: ზის მარტოდმარტო და ჩაუფიქრდება, რაც მას აქვს დაკისრებული.“

3. რაბი შიმონი ამბობს: სამმა თუ ჭამა პური ერთ სუფრაზე და არ თქვა იქ თორის სიტყვები, თითქოს კერპტაყვანისმცემელთა შესაწირავები ეჭამოთ; როგორც ნათქვამია: ,,რამეთუ მათი სუფრები სავსეა ნარწყევით და სკორით – ადგილი არ დარჩენილა.“ ხოლო სამმა თუ ჭამა ერთ სუფრაზე და თქვეს თორის სიტყვები, თითქოს ღმერთის სუფრაზე ეჭამოთ; როგორც ნათქვამია: ,,და მითხრა მე: ეს სუფრა უფლის წინაშეა.“

4. რაბი ხანინა ბენ – ხაქინაი ამბობს: ვინც ღამე ფხიზლობს და გზაში მარტო დადის და ფუჭ ფიქრებს ეძლევა გულით, ამით სულს ივალიანებს.

5. რაბი ნეხუნია ბენ – ჰაკანა ამბობს: ვინც თორის ტვირთს იკისრებს, მას გაათავისუფლებენ მეფის უღლისაგან და ზნეობის უღლისაგან. ხოლო ვინც მოიცლის თორის ტვირთს, მას მეფის უღელსა და ზნეობის უღელს დააკისრებენ.

6. რაბი ხალაფთა ბენ – დოსა, ქეფარ ხანანიას მცხოვრები, ამბობს: ათნი, რომ სხედნან და თორას სწავლობენ, ღვთის მადლი ტრიალებს მათ შორის. როგორც ნათქვამია: ,,ღმერთი ჩადგა ღმერთის საკრებულოში.“ საიდან ვიცით, რომ ხუთთანაც ღვთის მადლი ტრიალებს? როგორც ნათქვამია: ,,მისი კავშირი დედამიწაზეა დაფუძნებული.“ საიდან ვიცით სამზე? როგორც ნათქვამია: ,,მოსამართლეთა შორის ჰქნა სამართალი.“ ორზე საიდან ვიცით? როგორც ნათქვამია: ,,მაშინ გაესაუბრნენ ერთმანეთს ღვთისმოშიშნი; ყური მიაპყრო უფალმა და მოისმინა…“ საიდან ვიცით ერთზე? როგორც ნათქვამია: ,,ყოველ ადგილას, სადაც გაგახსენებ ჩემს სახელს, მოვალ შენთან და დაგლოცავ.“

7. რაბი ელაზარ ბარტოსელი ამბობს: მიეცი მას მისი, რამეთუ შენც და შენიც მას ეკუთვნით: როგორც დავიდი ამბობს: ,,ვინაიდან ყოველივე შენია და შენი ხელიდან მოგცეს შენ.“

რაბი შიმონი ამბობს: გზად მიმავალი თუ შეწყვეტს სწავლას და იტყვის: ,,რა ლამაზია ეს ხე!“ ან: ,, რა ლამაზია ეს ხნული!“ მის შესახებ წმიდა წერილი ამბობს, თითქოსდა სულს ივალიანებს.

8. რაბი დოსთაი, ძე რაბი იანაისა, რაბი მეირის სახელით ამბობს: ვინც რამეს დაივიწყებს მისი შესწავლილიდან, მის შესახებ წმიდა წერილი ამბობს, თითქოსდა სულს ივალიანებს. როგორც ნათქვამია: ,,ფრთხილად იყავი და გაუფრთხილდი შენს სულს ძალიან, ვაითუ დაგავიწყდეს ის საქმენი, რომელნიც იხილეს შენმა თვალებმა.“ და კიდევ ნათქვამია: ,, და ვაითუ მოგცილდნენ ისინი გულიდან მთელი შენი სიცოცხლის დღეებში.“ აჰა, არ ივალიანებს სულს, ვიდრე საბოლოოდ არ მოსცილდებოდეს გულიდან.

9. რაბი ხანინა ბენ – დოსა ამბობს: ვინც ცოდვის წინაშე შიშს სიბრძნეზე წინ აყენებს, მის სიბრძნეს მტკიცე საფუძველი აქვს. ხოლო, ვისაც სიბრძნე ცოდვის წინაშე შიშზე მეტად მიაჩნია, მის სიბრძნეს საფუძველი არა აქვს. ის ამბობს: ვისი კეთილი საქმეებიც აჭარბებენ მის სიბრძნეს – მის სიბრძნეს საფუძველი აქვს; ხოლო ვისი სიბრძნეც აჭარბებს მის კეთილ საქმეებს – მის სიბრძნეს საფუძველი არა აქვს.

10. ის აგრეთვე ამბობდა: ვინც ხალხში კარგად იხსენიება, ღმერთთანაც კარგად იხსენიება. ხოლო ვინც ხალხში ცუდად იხსენიება, ის არც ღმერთს უყვარს. რაბი დოსა ბენ – ჰარქინასი ამბობს: დილით ძილი, შუადღით ღვინის სმა, ბავშვებთან ლაყბობა და უბირ ხალხთა კრებულში ჯდომა სიცოცხლეს მოუსწრაფებს ადამიანს.

11. რაბი ელაზარ ჰამოდაი ამბობს: ვინც წმიდათაწმინდას შებღალავს და კაი დღეს აბუჩად აიგდებს, სახალხოდ შეარცხვენს მოყვასს და დაარღვევს მამა აბრაჰამის აღთქმას (მშვიდობა სულსა მისსას), ანდა, ვინც არასწორად, დადგენილი წესის დაუცველად განმარტავს თორას, თუნდაც თორა და კეთილი საქმეები ხელთ ჰქონდეს – არა აქვს წილი მომავლის სამყაროში.

12. რაბი იშმაელი ამბობს: იყავი დამთმობი უფროსთან, თავაზიანი ახალგაზრდობასთან და ყოველი ადამიანი მიიღე სიხარულით.

13.  რაბი აკივა ამბობს: ხუმრობა და ქარაფშუტობა უზნეობას მიაჩვევს ადამიანს. ტრადიცია თორის ზღუდეა, მეათედის გამოყოფა შემოსავლიდან – სიმდიდრის ზღუდეა, აღთქმა – განშორების საზღვარია, სუჩუმე სიბრძნის ზღუდეა.

14. ის ამბობდა: სასურველია ადამიანი, რომელიც სახის( ღმერთის სახის) მიხედვით გაჩნდა. ზედმეტი დაუფარავი სიამოვნებაა მისთვის, რომ სახის მიხედვით გაჩნდა. როგორც ნათქვამია: ,,ღმერთის სახის მიხედვით შექმნა მან ადამიანი.“

სასურველნი არიან ისრაელნი, რომელთაც დაერქვათ ღმერთის შვილები. ზედმეტი დაუფარავი სიამოვნებაა მათთვის, რომ ჰქვიათ ღმერთის შვილები. როგორც ნათქვამია: ,,თქვენი უფალი ღმერთის შვილნი ხართ თქვენ.“ სასურველნი არიან ისრაელნი, ვინაიდან მიეცათ ჩინებული ჭურჭელი (თორა). ზედმეტი სიამოვნებაა მათთვის იმის ცოდნა, რომ მიეცათ ჩინებული ჭურჭელი. როგორც ნათქვამია: ,,რამეთუ კარგი გაკვეთილი მოგეცით თქვენ – ჩემი თორა არ მიატოვოთ.“

15. ყველაფერი მოსალოდნელია და მაინც მინიჭებულია უფლება და ქვეყანა სიკეთით სამართლდება და ყველაფერი იზომება ჩადენილი საქმის სიჭარბით.

16. ის ამბობდა: ყველაფერი თავდებით ჩაბარებულია და საფარველი აქვს გადაფარებული ყველა სულიერს; მაღაზია ღიაა, გამყიდველი ნისიად აძლევს, დავთარი გადაშლილია და ხელი წერს. ვისაც უნდა სესხი, მოვიდეს და ისესხოს. ამკრეფები იბრუნებენ ვალს ყოველდღე, ახდევინებენ ადამიანს შეტყობინებით ან შეუტყობინებლად და მათ აქვთ ამის საფუძველი, ხოლო სამართალი ჭეშმარიტი სამართალია. და ყველაფერი გამზადებულია სუფრისთვის.

17. რაბი ელაზარ ბენ – აზარია ამბობს: თუ თორა არ არის, არ არსებობს ზნეობა. თუ ზნეობა არ არის, არც თორაა. თუ სიბრძნე არ არის, არც ღვთისმოშიშეობაა; თუ ღვთისმოშიშეობა არ არის, არც სიბრძნე იქნება. თუ ჭკუა არ არის, ცოდნაც არ იქნება; თუ ცოდნა არ არის, არც ჭკუაა. თუ პური არ არის, თორაც არ იქნება; თუ თორა არ არის, არც პურია.

ის ამბობდა: ვისი სიბრძნეც აჭარბებს მის საქმეებს, რას წააგავს? – ხეს, რომლის ტოტები გამრავლებულია, ხოლო ფესვები მოკლე და ცოტა. მოვა ქარი, მოგლეჯს და ამოაბრუნებს. როგორც ნათქვამია: ,,და იქნება იგი, ვითარცა ღვია სტეპში და ვერ იხილავს, როგორ მოვა სიკეთე და დასახლდება მშრალ უდაბურ მიწაზე – მლაშობსა და დაუსახლებელზე.

ხოლო ვისი საქმეებიც აჭარბებენ სიბრძნეს, რას წააგავს? ხეს, რომლის ტოტები მცირეა და ფესვები ღრმად გადგმული – მთელი ქვეყნიერების ქარებიც რომ ამოვარდნენ და დაუბერონ, ადგილიდან ვერ დაძრავენ მას. როგორც ნათქვამია: ,,და იქნება, ვითარცა წლის ნაპირას დარგული ხე, რომლის ფესვები ნაკადის გვერდითაა; ვერ შეამჩნევს, როგორც მოვა პაპანაქება, მისი ფოთლები მუდამ მწვანე იქნება. გვალვის დროს არ შეწუხდება და არ შეწყვეტს ნაყოფის მოცემას.“

 18. რაბი ელიეზერ ბენ – ხისმა ამბობს: მსხვერპლშეწირვისა და ქალის სიწმინდის კანონ-წესები ნამდვილად კანონების საფუძველია. (იგულისხმება არა საერთოდ კანონები, არამედ რელიგიური კანონები და წესჩვეულებანი) ეპოქები და გიმატრიები არარაობაა თორის სიბრძნესთან შედარებით.

Powered by WordPress.com.

Up ↑

MBKSTARS

FREE
VIEW