საჭიროა იცოდე, ჩემო ძვირფასო, საყვარელო შვილო, რომ არ არსებობს ამქვეყნად იმაზე უკეთესი საზომი, ვიდრე სიკეთისა და წყალობის საზომია. რამეთუ, როცა ადამიანი აჩვევს საკუთარ თავს სიკეთისა და წყალობის საზომის გამოყენებას ყველა ქმნილების მიმართ, ეს არის ადამიანის მთავარი მშვენება; და პირიქით, ვინც დაუნდობელია, სიბოროტე და ცუდი საქციელი ახასიათებს, საერთოდ შეუძლებელია მისი ატანა. ამიტომ მიაჩვიე შენი თავი, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, რომ იყო ყოველთვის კეთილი კაცი, იარო სიკეთის გზით, უღიმოდე ყოველ ადამიანს, აკეთებდე მადლსა და შემწყალებლობას ყოველი ქმნილების მიმართ; და მაშინ ყველანი შეგიყვარებენ, ვინაიდან საერთოდ შეუძლებელია წარმოიდგინო და შეაფასო ,,მშვენება სიკეთისა“. იმიტომ რომ საერთოდ ადამიანებს უყვართ კეთილი კაცი, ვინც მადლსა და მოწყალებას აკეთებს, უღიმის ყველას და ასწრებს მოსალმებას ყოველ ადამიანს.
ამიტომ გაფრთხილებ, ჩემო საყვარელო, ძვირფასო შვილო, თუ გინდა მოწონება ჰპოვო ყველას თვალში, ვინც შემოგყურებს, ყველანაირად ეცადე მხოლოდ სიკეთე და მოწყალება გაუკეთო გარეშე პიროვნებას. და მაშინ გაიმარჯვებ მთელ შენს ცხოვრებაში. ხოლო თუ იქნები ცუდი კაცი და ყოველ ადამიანს მიიღებ გულისწყრომით, ვერავინ შეძლებს შენს ატანას, გაგაგდებენ – მეზობლობიდან და ამხანაგობიდან ჩამოგიშორებენ, ვინაიდან ვის შეუძლია ბოროტი კაცისა და ბოროტების ჩამდენის ატანა?!
ამიტომ ყველანაირად ეცადე, რომ ამიერიდან დაიწყო და გახდე კეთილი კაცი, ჰქმნა წყალობა ყველა შენი მეზობლის, ნაცნობისა და ახლობლის მიმართ. გულითადად ელაპარაკო ყველას… რომ იქნება სიკეთე, ყოველგვარი სიკეთე და როგორი ლამაზია ეს ცხოვრება; და რომ იოლად შეიძლება ყველაფრის გარდაქმნა; და მაშინ ნახავ, როგორ ჰპოვებ მოწონებას ყველა მხილველის თვალში.