თავი მეორე

  1. რაბი ამბობს: რომელია სწორი გზა, რომელზეც ადამიანი გაივლის? ის, რომელიც ჩინებულია შემსრულებლისათვის და სხვებსაც მოხიბლავს. და იყავ ფრთხილი იოლი მცნების მიმართ, როგორც რთულის მიმართ, რამეთუ შენ არ იცი, რა იქნება მცნებათა საზღაური. შეადარე მცნების დანაკლისი მის ქირას და დანაშაულის ქირა მის ზიანს. დაუკვირდი სამ საგანს და ცოდვას თავიდან აიცილებ. იცოდე, რა არის შენს მაღლა: ყოვლის მხედველი თვალი, ყოვლის მსმენელი ყური, ხოლო შენი საქმეები წიგნში იწერება.
  2.  რაბან გამლიელი, რაბი იეჰუდა ჰანასის შვილი, ამბობს: კარგია თორის სწავლა ზნეობასთან ერთად, ვინაიდან ორივეს მიღწევა გამორიცხავს ცოდვის ჩადენას; ხოლო ყოველი მოძღვრება, რომელიც შრომასთან არ არის დაკავშირებული, ბოლოს არარაობად იქცევა და ცოდვას გამოიწვევს. და ყველა, ვინც ემსახურება ხალხს, ამას უნდა აკეთებდეს ღმერთის სახელით, რათა წინაპრების მადლი დაეხმაროს და მათი სიწმინდე მუდმივი იყოს. ,,ხოლო თქვენ, გამზადებული მაქვს დიდი საზღაური თქვენთვის, ვითომდაც გაგეკეთებინოთ.“
  3. იყავით ფრთხილნი ხელისუფლებასთან, ვინაიდან არ დაიახლოვებენ ადამიანს, არამედ მხოლოდ მაშინ, თუ თვითონ სჭირდებათ. თავს მოგაჩვენებენ მოყვრად, როცა გამოადგები, ხოლო გაჭირვების ჟამს არავის ამოუდგებიან მხარში.
  4.  ის ამბობდა: შეასრულე უფლის სურვილი, ვითარცა შენი, რათა მან შეასრულოს შენი სურვილი საკუთარი სურვილისამებრს. დათმე შენი სურვილი მისი სურვილის გულისათვის, რათა მან გააუქმოს სხვების სურვილი შენი სურვილის სასარგებლოდ. ჰილელი ამბობს: ,,არ მიატოვო ხალხი და ნუ იქნები შენს თავს დარწმუნებული სიკვდილის დღემდე; და არ განსაჯო შენი ამხანაგი, ვიდრე მის ადგილზე არ აღმოჩნდები. ნუ იტყვი ისეთ სიტყვას, რომლის მოსმენაც არ შეიძლება, იმის იმედით, რომ ბოლოს მაინც მოგისმენენ. და ნუ იტყვი: როცა მოვიცლი, მაშინ ვისწავლი თორას – ვაითუ ვეღარ მოიცალო.
  5. ის ამბობდა: უმეცარი ადამიანი არ შეიძლება იყოს ღვთისმოშიში და არც უცოდინარი – წმინდანი; მორცხვი ვერ ისწავლის და ასოკირკიტა ვერ ასწავლის. დიდი კომერციული საქმიანობა ვერ დააბრძენებს კაცს; და იმ ადგილას, სადაც ადამიანები არ არიან, ეცადე შენ იყო კაცი.
  6. ერთხელ მან დაინახა წყალში მოტივტივე თავის ქალა და უთხრა: იმისათვის, რომ ახრჩობდი (სხვებს), შენც დაგახრჩეს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ვინც შენ დაგახრჩო, ისინიც დაიხრჩობიან.
  7. ის ამბობდა: ვინც ჭამა-სმას გადაყვება, მატლს გაიმრავლებს საფლავში. ბევრი ქონების დამგროვებელი დარდს გაიმრავლებს; ვინც ცოლებს გაიმრავლებს, კუდიანებს გაამრავლებს; მოახლეების გამამრავლებელი გარყვნილებას გაამრავლებს; ვინც ყმებს გაიმრავლებს, ძარცვას გაამრავლებს; ვინც თორის ცოდნას გაამრავლებს, სიცოცხლეს გაიხანგრძლივებს; ვინც სასწავლებლებს გაამრავლებს, სიბრძნეს გაამრავლებს; ვინც რჩევა – დარიგებას გაამრავლებს, გონიერებას გაამრავლებს; მოწყალების გამამრავლებელი გაამრავლებს მშვიდობას. კარგი სახელის შემძენი თავისთის შეიძენს, თორის სიტყვების შემძენი სიცოცხლეს შეიძენს მომავლის სამყაროში.
  8. რაბან იოხანან ბენ ზაქაი ჰილელისა და შამაის მიმდევარი იყო. ის ამბობდა: თუ ბევრ თორას შეისწავლი, თავი არ დაიფასო, რამეთუ ამისთის გაჩენილხარ.
  9. ხუთი მოსწავლე ჰყავდა რაბან იოხანან ბენ – ზაქაის. ესენი იყვნენ: რაბი ელიეზერ ბენ – ჰურკანოსი, რაბი იეჰოშუა ბენ ხანანია, რაბი იოსი ჰაქოენი, რაბი შიმონ ბენ – ნეთანელი და რაბი ელაზარ ბენ ყარახი. ის აღნუსხავდა მათ ღირსებებს: რაბი ელიეზერ ბენ – ჰურკანოსი, როგორც მოკირწლული ორმო, არც ერთ წვეთს რომ არ კარგავს. რაბი იეჰოშუა ბენ ხანანია – ნეტარება მის მშობელს. რაბი იოსი – წმინდანი. რაბი შიმონ ბენ ნეთანელი – ცოდვის მოშიში. რაბი ელაზარ ბენ – ყარახი – მჩქეფარე წყაროს დამგვანებული.
  10.             ის ამბობდა: მთელი ისრაელის ბრძენები სასწორის ერთ მხარეს, რომ იყვნენ და ელიეზერ ბენ – ჰურკანოსი მეორე მხარეს – ყველას დასძლევს.
  11.             აბა შაული ამბობს მისი სახელით: მთელი ისრაელის ბრძენები სასწორის ერთ მხარეს, რომ იყვნენ და რაბი ელიეზერ ბენ – ჰურკანოსიც მათთან ერთად, ხოლო რაბი ელაზარ ბენ – ყარახი მეორე მხარეს – ყველას დაძლევს.უთხრა მათ: გამოდით და ნახეთ, რომელი გზაა სწორი, რომ მას დაეყრდნოს ადამიანი. რაბი ელიეზერი ამბობს: კარგი თვალი. რაბი იეჰოშუა ამბობს: კარგი ამხანაგი. რაბი იოსი ამბობს: კარგი მეზობელი. რაბი შიმონი ამბობს: მომავლის განმჭვრეტი. რაბი ელაზარი ამბობს: კეთილი გული.
  12. უთხრა მათ: მე ვარჩევ ელაზარ ბენ – ყარახის ნათქვამს, რამეთუ თქვენს ნათქვამს შეიცავს მისი ნათქვამი (ესე იგი, თქვენს პასუხებსაც შეიცავს მისი პასუხიო).
  13. უთხრა მათ: გამოდით და ნახეთ, რომელი გზა არის ცუდი, რომ მას აერიდოს ადამიანი. რაბი ელიეზერი ამბობს: ცუდი თვალი. რაბი იეჰოშუა ამბობს: ცუდი ამხანაგი. რაბი იოსი ამბობს: ცუდი მეზობელი. რაბი შიმონი ამბობს: ის, ვინც ისესხებს და არ გადაიხდის – ადამიანისაგან მსესხებელს, თითქოს ღმერთისგან უსესხია. როგორც ნათქვამია: ,,ისესხებს ბოროტი და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.“ რაბი ელაზარი ამბობს: ბოროტი გული.
  14. უთხრა მათ: მე ვარჩევ ელაზარ ბენ – ყარახის ნათქვამს, რამეთუ თქვენს ნათქვამს შეიცავს მისი ნათქვამი.
  15. მათ თქვეს სამი რამ. რაბი ელიეზერი ამბობს: გაუფრთხილდი შენი ამხანაგის ღირსებას, როგორც შენს საკუთარს; ადვილად ნუ გაბრაზდები; შემობრუნდი (მოინანიე ცოდვები), თუნდაც სიკვდილის წინ ერთი დღით ადრე; თბებოდე ბრძენთა შუქით, მაგრამ უფრთხილდი მათი ცეცხლის ნაკვერჩხლებს, რომ არ დაიწვა, რამეთუ მათი კბენა მელიის კბენას წააგავს და მათი ნესტარი მორიელის ნესტარს წააგავს და მათი ჩურჩული შხამიანი გველის სისინს წააგავს და მთელი მათი ლაპარაკი ნაღვერდალს წააგავს.
  16. რაბი იეჰოშუა ამბობს: ავი თვალი, ბოროტი ზრახვა და ხალხის სიძულვილი ადამიანს სიცოცხლეს მოუსწრაფებს.
  17.  რაბი იოსი ამბობს: გაუფრთხილდი შენი ამხანაგის ქონებას, როგორც შენს საკუთარს და სრულყავი შენი თავი თორის ცოდნაში, რამეთუ მემკვიდრეობით არ გადმოვა შენზე; და მთელი შენი საქმიანობა იყოს ღმერთის სახელზე.
  18. რაბი შიმონი ამბობს: იყავი ფრთხილი ,, კირიათ შემაყისა“ და ლოცვის დროს და როცა ლოცულობ, შენი ლოცვა არ იყოს ერთფეროვანი, არამედ ხვეწნა და მუდარა ღმერთის წინაშე, როგორც ნათქვამია: ,,რამეთუ შემბრალე და გულმოწყალეა ის, მრავლის მომთმენი და დიდად მწყალობელი და ცუდსაც აპატიებს.“ და ნუ იქნები ბოროტი შენს საკუთარ თვალში.
  19. რაბი ელაზარი ამბობს: იყავი ბეჯითი თორის სწავლაში და იცოდე, რა უნდა უპასუხო აფიკოროსს (ათეისტს) და იცოდე, ვის წინაშე შრომობ, რომ ის არის შენი საქმიანობის წარმმართველი, რომ ის გადაგიხდის შენი შრომის გასამრჯელოს.
  20.  რაბი ტარფონი ამბობს: დღე მოკლეა, საქმე – უამრავი. მუშები უქნარები არიან, გასამრჯელო კი დიდია, ხოლო პატრონი აჩქარებს.
  21. ის ამბობდა: ვერ მოასწრებ მთელ საქმეს და არც თავისუფალი ხარ მისი გაკეთებისგან. თუ ბევრი თორა ისწავლე ქირასაც ბევრს მოგცემენ და შენი საქმიანობის ერთგული წარმმართველი გადაგიხდის შენი შრომის გასამრჯელოს. და იცოდე, რომ წმინდანებს მომავალში მიეცემა საზღაური.

Powered by WordPress.com.

Up ↑

MBKSTARS

FREE
VIEW