თავი მეექვსე

  1. ბრძენები სწავლობდნენ მიშნის სტილით; კურთხეულ არს, ვინც ამოირჩია ისინი და მათი სწავლა.

რაბი მეირი ამბობს: ვინც თორას ჭირნახულობს მის სახელზე, ბევრი რამის ღირსი გახდება; არა მარტო ეს, არამედ მთელი ქვეყნიერება მისთვის არის შექმნილი – მას ჰქვია ღმერთის მეგობარი, საყვარელი და მოყვარული, ადამიანთა გამამხიარულებელი; შეიმოსება თავმდაბლობით და მოშიშებით, გამოიწრთობა წმინდანად, ღვთისმოშიშად, პირდაპირად და ერთგულად. განერიდება ცოდვას და დაუახლოვდება მადლს. სასიამოვნო იქნება მისი დარიგება და სიბრძნე, გონიერება და გამბედაობა. როგორც ნათქვამია: ,,ჩემია რჩევა – დარიგება და სიბრძნე, მე ვარ გონიერება და ჩემია ძალა.“ მიეცემა მას ძალაუფლება და სამართლის გამოძიება. გაანდობენ მას თორის საიდუმლოებას და გადაიქცევა მძლავრ წყაროდ და მდინარედ, რომელსაც ვერაფერი ვერ შეაკავებს. მაშ, იყავ მორიდებული და სულგრძელი და აპატიე წყენინება. და ის (თორა) არის განმადიდებელი და მომმაღლებელი ყოველ არსზე.

2. რაბი იეჰოშუა ბენ – ლევიმ თქვა: ყოველდღიურად გამოდის ხორევის მთიდან ციური ექო (ბათ – კოლი) და აცხადებს: ვაი გაჩენილებს თორის შებღალვისათვის! ყოველს, ვინც არ ჭირნახულობს თორას, ეწოდება ,,მოკვეთილი“, როგორც ნათქვამია: ,,ღორის დრუნჩში გაჩრილ ოქროს წააგავს უზნეო ქალის სილამაზე.“ კიდევ ნათქვამია: ,,ხოლო ფიცრები უფლის ნახელავია და ნაწერი ღმერთის ნაწერია, ფიცრებზე ამოკვეთილი (ხარუთ). წაიკითხე არა ,,ხარუთ“, არამედ ,,ხერუთ“ (თავისუფლება), რამეთუ არ არსებობს უფრო თავისუფალი ადამიანი, ვიდრე ის, ვინც სწავლობს თორას. და ყოველი, ვინც სწავლობს თორას, აღზევდება. როგორც ნათქვამია: საჩუქარიდან – ღმერთის მემკვიდრეობა და ღმერთის მემკვიდრეობიდან – აღზევება.

3. ვინც ამხანაგისგან შეისწავლის ერთ ნაწყვეტს ანდა ერთ კანონს, ან ერთ წინადადებას, ან ერთ გამოთქმას, ან თუნდაც ერთ ასოს – ვალდებულია პატივისცემით მოეპყროს მას; საამისო მაგალითი ვნახეთ ისრაელის მეფე დავიდთან, რომელსაც არაფერი არ უსწავლია ასითოფელისაგან, გარდა ორად ორი სიტყვისა და თავისი რაბი უწოდა. როგორც ნათქვამია: ,,შენ კი კაცი ხარ ჩემებრი, მეგობარი და ახლობელი ჩემი“. აქედან ხომ შეიძლება დავასკვნათ: თუკი ისრაელის მეფემ – დავიდმა, რომელსაც ორი სიტყვის მეტი არაფერი უსწავლია ახითოფელისაგან, მას უწოდა თავისი მეგობარი და ახლობელი, მაშ, ვინც ამხანაგისაგან შეისწავლის ერთ ნაწყვეტს ან ერთ კანონს, ან ერთ წინადადებას, ან ერთ გამოთქმას, ან თუნდაც ერთ ასოს – რა გასაკვირია, რომ პატივისცემით უნდა მოეპყრას მას.

და არ არსებობს პატივისცემა თორის გარეშე. როგორც ნათქვამია: ,,დაფასებას ბრძენები დაიმკვიდრებენ, ხოლო გულმართლები მემკვიდრეობად სიკეთეს მიიღებენ.“ და არ არსებობს იმაზე მეტი სიკეთე, ვიდრე თორაა. როგორც ნათქვამია: ,,რამეთუ კარგი გაკვეთილი მოგეცით თქვენ – ჩემი თორა არ მიატოვოთ.“

4. ასეთია თორის გზა: პური მარილით ჭამე და წყალი საწყაოთი დალიე, მიწაზე დაიძინე და ტანჯული ცხოვრებით იცხოვრე და თორაში ოფლი ჩაღვარე. და თუ ასე მოიქცევი, ,,ნეტარება შენ და სიკეთე შენ.“ ნეტარება შენ – ამქვეყნად და სიკეთე შენ – მომავლის სამყაროში.

5. არ ისურვო განდიდება და არ გამოედევნო პატივისცემას. გააკეთე შენს ცოდნაზე მეტი. სულმა არ წაგძლიოს მეფეების სუფრაზე, რამეთუ შენი სუფრა მათ სუფრაზე დიდია, ხოლო შენი გვირგვინი მათ გვირგვინზე დიდია. და საიმედოა, რომ შენ პატრონი გადაგიხდის შრომის საზღაურს.

6. თორა დიდია, ვიდრე ღვთისმსახურება და ძალაუფლება, რამეთუ ძალაუფლება იყიდება ოცდაათი ღირსებით, ხოლო ღვთისმსახურება – ოცდაოთხით; თორა კი მოიპოვება ორმოცდარვა პირობით: სწავლით, ყურადღებიანობით, ენის სრულყოფით, გაგებით, შიშით, რიდით, თავმდაბლობით, გახარებით, სიწმინდით, ბრძენთა მომსახურებით, მეგობრებთან ცოლობით, მოსწავლეებთან კამათით, მუყაითობით, ხუმაშის ცოდნით, მიშნის ცოდნით, ვაჭრობა – საქმიანობის შემცირებით, მორიდებულობით, ნაკლები დროსტარებით, ნაკლები ძილით, ნაკლები ლაპარაკით, ნაკლები ხუმრობით, სულგრძელობით, კეთილი გულით, ბრძენთა ერთგულებით, ტანჯვის მიღებით; ვინც იცის თავისი ადგილი, მხიარულია თავისი ხვედრით, საზღვარს უდებს თავის ნათქვამს, თავს არ იფასებს, საყვარელია, უყვარს ღმერთი, უყვარს ადამიანები, უყვარს მოწყალების გაცემა, უყვარს სისწორე, უყვარს დარიგება, გაურბის პატივისცემას, არ დიდგულობს ცოდნით, არ უხარია ბრძანების გაცემა, იზიარებს მეგობრის გასაჭირს, ასამართლებს მის ღირსებათა გათვალისწინებით, უბიძგებს სიმართლისაკენ, უბიძგებს მშვიდობისაკენ, გულს დაუდებს სწავლას, ეკითხება და უპასუხებს, ისმენს და უმატებს; სწავლობს, რათა ასწავლოს და სწავლობს რათა შეასრულოს, სიბრძეს შემატებს თავის რაბს (შეკითხვებით), ღრმად ჩაუკვირდება მოსმენილს; თუ რაიმე ამბავს იუწყება, მთქმელის სახელით; აქედან დასკვნა: ვინც მთქმელის სახელით ლაპარაკობს, სხნა მოაქვს ქვეყნიერებისთვის. როგორც ნათქვამია: ,, და უთხრა ესთერმა მეფეს მორდეხაის სახელით.“

7. დიდია თორა, რამეთუ იგი აძლევს სიცოცხლეს მის შემსრულებელს ამ ქვეყნად და მომავლის სამყაროში. როგორც ნათქვამია: ,,რამეთუ სიცოცხლეა იგი (თორა) მის მპოვნელთათვის და გაჯანსაღება მთელი მისი არსისათვის.“ და კიდევ: ,,მკურნალობა იქნება შენი სხეულისათვის და სინედლე შენი ძვლებისათვის.“ და კიდევ: ,, სიცოცხლის ხეა იგი მისი მიმდევრებისათვის და ვინც მას ეყრდნობა, ბედნიერია.“ და კიდევ: ,,სილამაზის თაიგულია იგი შენი თავისათვის და ძვირფასი მძივი შენს ყელზე.“ და კიდევ: ,,იგი გიბოძებს მშვენიერ თაიგულს შენი თავისათვის, დიდების გვირგვინით დაგფარავს.“ და კიდევ: ,,რამეთუ ჩემმიერ გაგირძელდება შენ სიცოცხლის დღეები და მოგემატება სიცოცხლის წლები.“ და კიდევ: ,,დღეგრძელობა მის მარჯვენა ხელშია, ხოლო მარცხენაში – სიმდიდრე და პატივისცემა.“ და კიდევ: ,,რამეთუ დღეგრძელობა და სიცოცხლის წლები და მშვიდობა მოგემატება შენ და კიდევ: ,,მისი გზები სასურველი გზებია და ყველა მისი ბილიკი – მშვიდობა.“

8. რაბი შიმონ ბენ – მენასია ამბობს რაბი შიმონ ბენ – იოხაის სახელით: სიმალაზე, ძალა, სიმდიდრე, პატივისცემა, სიბრძნე, სიბერე, სიჭაღარავე და შვილები შეეფერებათ წმინდანებს და სასიამოვნოა მთელი ქვეყნიერებისათვის. როგორც ნათქვამია: ,,დიდების გვირგვინია ჭაღარა, სიმართლის გზით მოიპოვება იგი.“ და კიდევ: ,,ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა და მოხუცთა ლაზათი – ჭაღარა.“ და კიდევ: ,,ბრძენთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა.“ და კიდევ: ,,მოხუცთა გვირგვინი მათი შვილიშვილებია, ხოლო შვილთა დიდება – მათი მამები.“ და კიდევ: ,, და გაწითლდება მთვარე და შერცხვება მზეს, რამეთუ გამეფდა უფალი სპათა ციონის მთაზე და იერუშალაიმში, ხოლო მის უხუცესებს – პატივისცემა.“

რაბი შიმონ ბენ – მენასია ამბობს: წმინდანთა შვიდი თვისება, რომლებიც ბრძენებმა ჩამოთვალეს, ყველა ასრულდა რაბის და მის შთამომავალთა სახით.

9. თქვა რაბი იოსე ბენ -კისმამ: ერთხელ გზად მივდიოდი და შემომხვდა ერთი კაცი, მომცა სალამი და დავუბრუნე სალამი. მითხრა: რაბი, სადაური ხარ? ვუპასუხე: მწერლებისა და ბრძენების დიდი ქალაქიდან გახლავარ. მან მითხრა: რაბი, თუ შენ ისურვებ, რომ იცხოვრო ჩვენს მხარეში, მე მოგცემ ათასჯერ ათას ოქროს დინარს, ძვირფასს თვლებსა და მარგალიტებს. ვუთხარი მას: შვილო! მთელი ქვეყნიერების ოქრო – ვერცხლი, ძვირფასი თვლები და მარგალიტები რომ მომცე, არ ვიცხოვრებ ისეთ ადგილას, სადაც თორა არ არის; ვინაიდან სიკვდილის ჟამს თან არ წაჰყვება ადამიანს არც ოქრო – ვერცხლი, არც ძვირფასი თვლები და მარგალიტები, არამედ მხოლოდ თორა და კეთილი საქმეები. როგორც ნათქვამია: ,,რომ წახვალ, წინ წაგიძღვება და რომ დაწვები, ის დაგიცავს, ხოლო როცა გამოიღვიძებ, ის გესაუბრება.“

რომ წახვალ, წინ წაგიძღვება – ამქვეყნად; რომ დაწვები, ის დაგიცავს – საფლავში; როცა გამოიღვიძებ, ის გესაუბრება – მომავლის სამყაროში. და ასე დაწერა თეჰილიმში ისრაელის მეფემ – დავიდმა: ,,უმჯობესია ჩემთვის თორა შენი პირისა, ვიდრე ათასობით ოქრო და ვერცხლი.“ და კიდევ: ,,ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო.“ – ამბობს უფალი სპათა.

10. ხუთი ძვირფასი ნივთი შექმნა უწმინდესმა, კურთხეულ არს იგი, მის სამყაროში: თორა – ერთი ნივთი, ცა და დედამიწა – ერთი ნივთი, ავრაჰამი – ერთი ნივთი, ისრალი – ერთი ნივთი, ბეთ – ჰამიკდაში – ერთი ნივთი.

თორა – ერთი ნივთი – საიდან ვიცით ეს? წერია: ,,უფალმა შემქმნა მე თავისი გზის დასაწყისში, მთელ თავის ქმედებათა ადრე, დიდი ხნის წინათ.“

ცა და დედამიწა – ერთი ნივთი – საიდან ვიცით? წერია: ,,ასე თქვა უფალმა: ცა ჩემი ტახტია, დედამიწა – ფეხთა ჩემთა საბრჯენი; რანაირ სახლს ამიშენებთ მე და სად არის ჩემი დასასვენებელი ადგილი? „ და კიდევ: ,,რაოდენ მრავალია საქმენი შენნი, უფალო; ყოველივე სიბრძნით ჰქმენ, სავსეა დედამიწა შენი ქმნილებებით.

ავრაჰამი – ერთი ნივთი – საიდან ვიცით ეს? წერია: ,,და აკურთხა იგი და თქვა: კურთხეულ იყოს ავრაჰამი უზენაესი ღმერთის მიერ, ცისა და დედამიწის გამჩენის მიერ.“

ისრაელი – ერთი ნივთი – საიდან ვიცით ეს? წერია: ,,ვიდრე გაივლიდა შენი ხალხი, უფალო, ვიდრე გაივლიდა ხალხი, რომელიც შენ გააჩინე.“და კიდევ: ,,წმინდანებთან, რომელნიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან – მათთან არის ყველა ჩემი სურვილი.“

ბეთ -ჰამიკდაში – ერთი ნივთი – საიდან ვიცით ეს? წერია: ,, წმიდათაწმინდაში, უფალო, შენმა ხელებმა რომ მოამზადეს.“ და კიდევ: ,,და მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მისმა მარჯევენამ მოიხელთა.“

11. ყოველივე, რაც შექმნა თავის სამყაროში უწმინდესმა, კურთხეულ არს იგი, შემქნა მხოლოდ და მხოლოდ თავის სადიდებლად. როგორც ნათქვამია: ,,ყოველივე, რასაც ჩემი სახელი ჰქვია, ჩემი დიდებისთვის შევქმენი, მე წარმოვქმენი და გავაკეთე კიდეც.“ და კიდევ: ,,უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.“

რაბი ხანინა ბენ აკაშია ამბობს: სურდა უწმინდესს, კურთხეულ არს იგი, ღირსი გაეხადა ისრაელი. ამიტომ გაუმრავლა მათ თორა და მცნებანი, როგორც ნათქვამია: ,,ისურვა უფალმა: თავისი სიმართლისათვის განადიდა თორა და გააძლიერა.“

Powered by WordPress.com.

Up ↑

MBKSTARS

FREE
VIEW