- ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავი ჟამი ამ ცისქვეშეთში.
- ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგილის აღმოფხვრისა.
- ჟამი სალმობისა და ჟამი კურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.
- ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.
- ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი ქვათა შეგროვებისა; ჟამი პაემნისა და ჟამი განშორებისა.
- ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა.
- ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და უბნობისა.
- ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.
- რას არგებს მაშვრალს შრომა მისი – რისთვისაც იღწვის?
- კიდევაც ვნახე საზრუნავი, ღმერთმა რომ მისცა ადამის ძეთ მათ სატანჯველად.
- მან თავის დროზე ყველაფერი შექმნა მშვენივრად, კაცთა გულებს უბოძა მთელი სამყარო, ოღონდ ისე რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო.
- ვუწყი, რამეთუ – არაფერია კაცთათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს.
- ადამიანს თუ არ აკლდება საჭმელ-სასმელი, და შრომის წილ სიკეთეს ჰპოვებს – მადლია ეს – ღვთის ნაბოძები.
- ვუწყი ისიც, რომ ყოველივე – ღვთის მიერ ქმნილი – იარსებებს უკუნისამდე; არც დამატება სჭირდება რამის, არც გამოკლება. ასე ქმნა ღმერთმა, მის წინაშე შიში რომ ჰქონდეთ.
- რაიც ყოფილა – იგივე არს, და რაც იქნება – ის უკვე იყო. და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს.
- კიდევ ეს ვნახე ამ მზისქვეშეთში; განსჯის ადგილი დაეჭირა უკანონობას, მართალის ადგილი მტყუან კაცს ეპყრა.
- მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს – როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს თავ-თავის დრო იქ დაუდგება.
- და ვთქვი ჩემს გულში ადამიანის შვილების გამო: – ასე გამოსცდის თურმე მათ ღმერთი, რომ დაანახოს: ჟამს შესაქმისას როს განასხვავა, – ისეთივე პირუტყვები არიან მხოლოდ.
- რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია: ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს; და სუნთქვაც ყველას ერთნაირი აქვს; კაცი პირუტყვზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყოველივე ამაოა.
- ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწიდან მოდის, ყველაფერი მიწად იქცევა.
- რომელი იტყვის, რომ კაცის სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისაკენ?
- ვხედავ, კაცისთვის უკეთესი არაფერია, რომ გაიხაროს თავისი ნაღვაწით, რადგან ესაა მისი წილხვედრი. ვინ მოიყვანს მას ხილვად იმისა, თუ რა იქნება შემდგომად მისა?