- გახსოვდეს შენი გამჩენი, დღეებში შენი სიჭაბუკისა, ვიდრე მოვიდოდეს ცუდი დღეები და გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი – აღარ მინდა მე ისინიო.
- ვიდრე დაბნელდებოდეს მზე და ნათელი, და მთვარე და ვარკვლავები; ვიდრე ღრუბლები დაბრუნდებოდნენ წვიმის შემდეგ.
- იმ დღემდე ვიდრე შეკრთებოდნენ სახლის მცველები, მოიხრებოდნენ კაცნი ძლიერნი, დაფქვას შეწყვეტდნენ მეწისქვილენი, როს დასაფქველი ცოტა იქნება, დაუბნელდებიათ ნაპრალთა მჭვეტელთ.
- დაიხშობოდეს ქუჩის კარები, და ხმაური დოლაბისა მიჩუმდებოდეს, და ჩიტის ხმაზე წამოდგებოდნენ, და მგალობელთა ყოველი მუზა დადუმდებოდეს.
- სიმაღლისაც შეშინებოდეთ, გზად ხიფათი დაივანებდეს; ვიდრე ნუში გამწარდებოდეს, კუტკალია დამძიმდებოდეს და კაპარი დაირღვეოდეს, – რამეთუ თავის საუკუნუ სახლში მიდის ადამიანი და შუკებში ტრიალებენ ჭირისუფალნი.
- მანამდე, სანამ გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი, გატყდებოდეს ოქროს ფიალა, დაიმხსვრეოდეს დოქი წყაროზე და ოწინარის ბორბალი ჭაში ჩაეშვებოდეს.
- მიიქცეოდეს მტვერი მიწად, ვითარცა იყო; დაბრუნდებოდეს ღმერთთან სული რომელიც მისცა.
- ამაოება ამაოებათა – თქვა კოჰელეთმა – ყოველივე ამაოა.
- ხომ ბრძენი იყო კოჰელეთ თავად, აძლევდა ცოდნას ხალხსაც, იძიებდა და მსჯელობდა, თხზავდა იგავებს მრავალს.
- შესაფერისს სიტყვებს ეძიებდა კოჰელეთ და ჰპოვებდა კიდეც, და დაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები წრფელად.
- ვითარც ნესტარი – წვერგამახული ისრები და ჩაჭედილი ლურსმნებია ბრძენთა სიტყვები, მათ შემგროვებლებს რომ ებოძათ ერთი მწყემსისაგან.
- და კიდევ გეტყვი, შვილო ჩემო, და ყურად იღე: განეკრძალე ბევრი წიგნის წერას, რადგან სასრული არ ექნება და სხეულისთვის დამღლელია მრავალია კითხვა.
- მოვისმინოთ ყველაფრის დასკვნა: დე, გეშინოდეს ღმერთისა და დაიცავი მცნებანი მისი, რადგან ეს არის კაცისათვის თავი და თავი.
- რამეთუ ყველა საქმეს სამსჯავროზე მოიტანს ღმერთი – თუ გინდ დაფარულს, გინა კარგს და გინდა ცუდს.