ვირი ყვავილებით

რაბი აკივამ თორის შესწავლა ორმოცი წლის ასაკში დაიწყო. გარდა იმ დაბრკოლებისა, რასაც ასაკი წარმოადგენდა, მისთვის იყო კიდევ ერთი და შესაძლოა ყველაზე მძიმე ბარიერიც…

როდესაც ის იეშივაში მივიდა ჰკითხეს იცოდა თუ არა რაიმე მცირედი მაინც თორაში. მანაც უპასუხა, რომ არა თუ თორის შესახებ არ გაეგებოდა არაფერი, არამედ წერა-კითხვაც არ იცოდა. მაშინ სწავლებაზე უარი უთხრეს და ურჩიეს ჯერ წერა-კითხვა შეესწავლა და შემდგომ დაბრუნებულიყო უკან.

სახლში დაბრუნებულმა აკივამ რახელს ყველაფერი უამბო. საქმე ახლა ბევრად რთულად იყო. წერა-კითხვის შესასწავლად ხომ სულ პატარა ბავშვებთან ერთად დასვამდნენ კლასში. მასაც ეთაკილებოდა და ფიქრობდა რომ ხალხის სასაცილო შეიქნებოდა.

რახელი ბრძენი ქალი იყო. კარგად იცოდა ადამიანის ბუნება და მისი შემგუებლობითი ხასიათი. ამიტომ ქმარს ურჩია: ,,ჩემო მეუღლევ, წადი ხვალ ბაზარში და თან ეს ვირი წაიყვანე. (შეხედა აკივამ ვირს და ხედავს, რომ რახელს ისე გადაუკიდავს მასზე ქოთნები, გეგონება ვირს ამოსვლიაო ყვავილებიო.) მიდი და ნახე რა რეაქცია ექნება ხალხს…“

რაბი აკივამ ყურთ იღო ცოლის რჩევა და ბაზრისკენ გაეშურა. ხალხის გაოცებული მზერა არ ცხრებოდა. ისინი იცინოდნენ და თითს გამუდმებით უცნაური ვირისკენ იშვერდნენ.

სახლში დაბრუნებულ მეუღლე ცოლმა გამოჰკითხა, როგორ ჩაევლო დღეს. ქმარმაც უთხრა, რომ ყველა ვირს უვლიდა გარს და ყველა მასზე იცინოდა. რახელმა ურჩია რომ ხვალაც წასულიყო, იგივე ბაზარში ვირით.

აკივა მართლაც ასე მოიქცა. დღეს უკვე ნაკლებ ინტერესს იწვევდა ,,ვირი ყვავილებით“ ხალხის თვალში. ხოლო როდესაც მესამედაც დაბრუნდა ბაზარში, ვირისთვის აღავის მიუქცევია ყურადღება…

უთხრა რახელმა რაბი აკივას: ,,ჩემო მეუღლევ, როდესაც შენ ექვსი წლის ბავშვებთან ერთად დაჯდები ერთ ოთახში წერა-კითხვის სასწავლად, თავიდან გაუკვირდებათ, დაგცინებენ კიდეც, მაგრამ დრო და დრო ეს ამბავი აღარც არავის გააკვირვებს და აღარც არავის გააცინებს, მსგავსად იმ მაგალითისა, რაც შენ ვირზე გამოსცადე. ასე რომ წადი, ჩემო კარგო და დაიწყე შესწავლა… შენ აუცილებლად გამოგივა ყველაფერი.“

ცოლის ბრძნულმა დარიგებამ, უშრეტი რწმენითა და მონდომებით აღავსო რაბი აკივა. ის მართლაც წავიდა სკოლაში. იჯდა ექვსი წლის ბავშვების გვერდით და მონდომებით სწავლობდა წერა-კითხვას. თუკი ბავშვები სწრაფად ითვისებდნენ მასალას, რაბი აკივას ბევრად მეტი დრო სჭირდებოდა ამისთვის, მაგრამ ის თავდაუზოგავად მეცადინეობდა. როდესაც გაკვეთილებს შორის შესვენებაზე ბავშვები თამაშობდნენ, ის იჯდა და აგრძელებდა სწავლას. ასე გადიოდა დრო, მან შესანიშნავად შეისწავლა წერა კითხვა და ახლა სხვების მასწავლებელი გახდა. შემდგომში იეშივაში ჩააბარა და ისეთ მაღალ სულიერ საფეხურს მიაღწია, რომ მომავალში ოცდაოთხიათასი მოსწავლის მასწავლებლად იქცა. ის ასევე გახლდათ მასწავლებელი, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი წმინდანისა – რაბი შიმყონ ბარ იოხაის (კურთხეულია წმინდანთა ხსოვნა).

ჩემო მეგობრებო, აქედან რამდენიმე რამის სწავლა შეგვიძლია. პირველ რიგში თუ რამდენად დიდი ძალა აქვს მონდომებას. მეორე თუ რამდენად დიდი ძალა აქვს კარგ მრჩეველს და ცოდნას იმისას, რომ ვიღაცას ძალიან სჯერა იმის, რომ შენ ეს გამოგივა. მესამე კი ის, რომ არასდროს არის გვიან და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია მიხვიდე – წარმატებამდე. ამ ისტორიიდან კიდევ ძალიან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი და ეს უკვე თქვენთვის მოგვინდია, ძვირფასო მკითხველო!

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑