
,,მოდე ანი” – ერთ-ერთი პირველი ლოცვაა, რომელსაც ადამიანი გაღვიძებისთანავე, იმ მომენტში, როდესაც ძილის შემდეგ, სული კვლავ უბრუნდება სხეულს – წარმოსთქვამს. ეს მოკლე ლოცვა რამდენიმე მარტივი სიტყვისგან შედგება, თუმცა იგი სავსეა სიღრმით და მნიშვნელობით. მისი მიზანია შეგვახსნოს მადლიერება ყოველი ახალი დღისათვის.
ლოცვა ასე ჟღერს: “მოდეს ანი ლეფანეხა, მელეხ ხაი ვეკაიამ შეჰეხზართა ბი ნიშმათი ბეხემლა რაბა ემუნათეხა.“
,,მადლიერი ვარ მე შენს წინაშე, მეფევ უკვდავო და არსებულო, რამეთუ დააბრუნე ჩემში ჩემი სული, დიადია შენი რწმენა.“
თარგმანი: შალომ დავიდი
უდიდესი კაბალისტი, რაბი მოშე ბენ მაქირი წერს: “როცა ადამიანი იღვიძებს, დაუყოვნებლივ უნდა თქვას: ,,მოდე ანი ლეფანეხა…“ და ამისთვის ხელების დაბანა (ნეტილათ იადამი) არ არის აუცილებელი, რადგან ლოცვაში არ იხსენიება ღ’მერთის სახელი და ამიტომ მისი წარმოთქმა დასაშვებია მაშინაც კი, როცა ხელები ჯერ კიდევ ბინძურია.”
ძილისას სული ტოვებს სხეულს და ებარება ყოვლისშემძლე –გ’ამჩენს, რომელიც შემდეგ თავისი უდიდესი წყალობით, გვიბრუნებს სულს დილით. ჩვენი წმინდა რაბები გვასწავლიან, რომ ძილი “პატარა სიკვდილს” მოჰგავს. განმარტავენ: “ძილი არის ერთი მესამოცედი სიკვდილისა” შესაბამისად, როცა ადამიანი იღვიძებს, იგი მადლიერებას გამოხატავს იმისთვის, რომ კვლავ მიეცა სიცოცხლე და ცნობიერება.
“მოდე ანი“ – ,,მადლიერი ვარ მე“ – ლოცვა იწყება მადლიერებით, სწორედ ეს არის დღის დასაწყისშივე პირველად წარმოთქმული სიტყვები. “მოდე” ნიშნავს მადლობასაც და აღიარებასაც. ეს აღიარებაა, რომ ყოველი დილა ღ’ვთისგან ნაბოძები საჩუქარია.
• “ლეფანეხა“ -,,შენს წინაშე“ – სიტყვა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ მადლობა ღ’მერთისკენ არის მიმართული. ეს პირადი მიმართვაა ღმერთთან, რომელიც ყოველთვის ახლოს არის.
• ,,მელეხ ხაი ვეკაიამ“ – ,, მეფევ უკვდავო და არსებულო“ – ღ’მერთი არის ცოცხალი, მარადიული და მეფე მთელი სამყაროსი. ლოცვის ამ ნაწილში ადამიანი გამოხატავს რწმენას ღ’ვთის მუდმივ თანადგომასა და ძალაში.
• ,,შეჰეხზართა ბი ნიშმათი“ – ,,რამეთუ დააბრუნე ჩემში ჩემი სული“ – ეს არის მადლიერება სულის დაბრუნებისთვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძილისას სული ტოვებს სხეულს. დილით კი ღ’მერთი, თავისი უდიდესი მოწყალებით, აბრუნებს მას, რომ ადამიანმა, კვალავაც განაგრძოს თავისი მისიის შესრულება.
• ,,ბეხემლა, რაბა ემუნათეხა“ – ,,დიადია შენი რწმენა.“ – ღ’მერთი გვიბრუნებს სულს თავისი მოწყალებით. ეს რწმენა, რომელსაც ღ’მერთი იჩენს ჩვენს მიმართ, შეგვახსენებს, რომ ჩვენც უნდა გვწამდეს საკუთარი თავისა და ჩვენი შესაძლებლობებისა, რომ გავიზარდოთ სულიერად და ვაკეთოთ სიკეთე.
აქვე მოვიყვანთ ორ საინტერესო განმარტებას ფრაზაზე ,,დიადია შენი რწმენა.“
1. ჩვენი წმინდა რაბები გვასწავლიან, რომ ყოველდღიურად სულის დაბრუნება სიმბოლოა იმ რწმენისა, რომ მომავალში იქნება მკვდრეთით აღდგომა — როგორც ღ’მერთი ყოველ დილით გვიბრუნებს სულს, ისევე მტკიცეა მისი დაპირება, რომ ერთ დღესაც მკვდრებიც აღსდგებიან.
2. მეორე განმარტება – ამ სიტყვებში იმალება რწმენა, რომელსაც ღ’მერთი გვიჩვენებს ადამიანების მიმართ. მიუხედავად წარსულის შეცდომებისა, ღ’მერთი მაინც გვიბრუნებს სულს, გვაძლევს ახალ დღეს, ახალი შესაძლებლობებით – რომ გავაკეთოთ სიკეთე, გავიზარდოთ სულიერად და შევიცვალოთ უკეთესობისკენ.
დასასრულს ვთქვათ, რომ ,,მოდე ანი“ – მოკლე, მაგრამ ღრმა შინაარსის მქონე ლოცვაა, რომელიც გვახსენებს, რომ ყოველი დილა ახალი დასაწყისია, სავსე წყალობით, რწმენითა და მრავალი შესაძლებლობებით
(ივრითულ ენაზე მასალა აღებულია ჰიდაბრუთის საიტიდან და თარგმნილია MBKSTARS – ორგანიზაციის მიერ)
დატოვე კომენტარი