მიცვის ძალა

            1950 წელს, სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ომი დაიწყო. შეერთებულმა შტატებმა ომში ჩაბმა გადაწყვიტა და ათასობით ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა. ახალწვეულებს შორის იყვნენ ებრაელი ბიჭებიც, რომელთაგან ერთ-ერთი იყო რეუბენ გოლდბერგი.

            ვითარება საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომ, როდესაც რეუბენმა გაწვევის ორდერი მიიღო, ისიც გაანალიზა, რომ ასეთი ომიდან მშვიდად დაბრუნება რთული იქნებოდა. ბევრი არ უფიქრია, ჩაიცვა და კურთხევის მისაღებად, ლუბავიჩელ რებესთან წავიდა.

            რაბი მილუბავიჩთან მისვლამ და გასაუბრებამ, ახალგაზრდა ბიჭი რწმენითა და იმედით აღავსო. რებემ მას დიდი წარმატება უსურვა, დაამშვიდა და უთხრა რომ გამ-ჩენის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნებოდა.

            როდესაც რეუბენმა რებეს ოთახიდან გამოსვლა დააპირა, ცადიკმა შეაჩერა და უთხრა: “ყოველ ადგილას და ყველა სიტუაციაში აუცილებლად გაუფრთხილდი ნეტილათ იადაიმის მიცვას!“

          ბიჭმა ვერ გაიგო, თუ რატომ უმახვილებდა რებე ყურადღებას ნეტილათ იადაიმის მიცვაზე, ის ხომ ამას ბავშვობიდან მოყოლებული აკეთებდა, თუმცა არც ფიქრის და არც კითხვის დასმის დრო აღარ ჰქონდა, საღამოს უკვე ომში უნდა ყოფილიყო ჩაბმული, ამიტომ რებეს გამოემშვიდობა და წავიდა.

            ომში როცა ხარ, ერთიორად ძნელია სულიერად არ გატყდე, მით უფრო კი ზედმიწევნით შეასრულო მიცვები. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ირგვლივ ყველაფერი იბომბება, ყოველ წუთას შენს გარშემო ვიღაცას კლავენ და არასოდეს არ იცი, იქნები თუ არა შემდეგი შენ. სწორედ ასეთ მძიმე სიტუაციაშიც კი, რეუბენი ცდილობდა არ გადაეხვია გამ-ჩენის მიერ დაწესებული მიცვებისთვის, განსაკუთრებით, კი ნეტილათ იადაიმის მიცვის შესრულებას უფრთხილდებოდა.

            ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა. რეუბენის ბანაკი იზოლირებული იყო. საკვები და წყალი აღარ ჰქონდათ, რადგან მთელი მარაგი უკვე დამთავრებულიყო. მხოლოდ გამხმარი პურის ნაჭერიღა შეეძლოთ ეჭამათ. თუმცა, ბიჭმა ვერც  დარჩენილი პატარა პური ვერ შეჭამა, რადგან პურის ჭამის წინ ნეტილათ იადაიმის გაკეთება აუცილებელი იყო. მთელი დროის განმავლობაში რაბის მიერ ნათქვამი წინადადება დასტიალებდა თავში: “ყოველ ადგილას და ყველა სიტუაციაში აუცილებლად გაუფრთხილდი ნეტილათ იადაიმის მიცვას!“

          ,,მაგრამ ახლა ხომ ომია, თანაც საშინელი და სასტიკი ომი. ირგვლივ სულ მტრები არიან ჩასაფრებულნი და ყოველ წამს მზად არიან მოგვკლან. ეს სიცოცხლის საფრთხეა… ნუთუ ასეთ მომენტსაც გულისხმობდა რებე, როცა ნეტილათ იადაიმის მიცვის შესრულებას მავალებდა?“ – მსგავსი ფიქრებით იტანჯებოდა მშიერ-მწყურვალი ჯარისკაცი.

            ბოლოს თავს მოერია. ირწმუნა რომ რებე ტყუილუბრალოდ არაფერს ეტყოდა. საკუთარი ბანაკიდან გამოვიდა და წყლის საძებნელად პატარა, მიტოვებულ სოფელში შევიდა. მცირე ხნიანი ძებნის შემდეგ, მართლაც მიაგნო პატარა ჭას. ჭურჭელი აავსო, ნეტილათ იადაიმი გაიკეთა და ჯიბეში ჩადებული პატარა პურის ნაჭერი შეჭამა.

            უცებ ჰაერში თვითმფრინავების მთელი კოლონა გამოჩნდა… და წამებში მთელი ტერიტორია საშინელი აფეთქების ხმამ მოიცვა. რეუბენი მაშინვე ბანაკისკენ გაიქცა, თუმცა ის მთლიანად განადგურებული იყო, ხოლო მისი ბანაკის ყველა წევრი – დაღუპული.

            მთელი ბანაკიდან მხოლოდ რეუბენი გადარჩა. მან თვალცრემლიანმა წაუკითხა დაღუპულ მეგობრებს – კადიში. ახლა კი მიმხვდარიყო ახალგაზრდა, ებრაელი ჯარისკაცი, თუ რატომ გააფრთხილა, ოთახის დატოვებმდე ცადიკმა შემდეგი სიტყვებით: “ყოველ ადგილას და ყველა სიტუაციაში აუცილებლად გაუფრთხილდი ნეტილათ იადაიმის მიცვას!“

            მას რომ ნეტილის გარეშე ეჭამა პური და წყლის საძებნელად არ წასულიყო, აფეთქებაში მოყვებოდა და თავის მეგობრების მსგავსად დაიღუპებოდა.

            ცადიკის სიტყვები არასოდესაა უბრალო! ის გამ-ჩენის სათქმელს გვეუბნება. ისინი არიან დამაკავშირებელი ძალა ამ სამყაროსა და იმ სამყაროს შორის. ხედავენ იმას, რასაც ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ვხედავთ. ამიტომ საჭიროა მათი ნათქვამი მთელი სიყვარულითა და რწმენით მივიღოთ. ყოვლისშემძლე ისმენს ჩვენი დიდი თალმიდ ხახმების ლოცვებს და მათი პირიდან გამოსული თხოვნები არასოდეს რჩება შეუსრულებელი.

            ამ ისტორიიდან ასევე შეგვიძლია ვისწავლოთ შემდეგი: რომ არავინ ვიცით რომელ მიცვას რა საფასური აქვს. ხანდახან შესაძლოა, ერთმა, ერთი შეხედვით ,,უბრალო მიცვამ“ სიკვდილსგანაც გადაგვარჩინოს. ამიტომ ვიყოთ ფრთხილი ყველაზე პატარა მიცვის შესრულების დროსაც კი – რა ვიცით, იქნებ სწორედ ამ მიცვის მადლით დაგვიხსნას გამ-ჩენმა მოსალონელი უბედურებისგან.

            ორგანიზაცია ,,ჰიდაბრუთის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, რაბი მენაშე ისრაელ რაიზმანი, რომელიც ასევე თორის გაკვეთილებსაც ავრცელებს ხალხში, ხშირად ჰყვება საოცარ ისტორიას თავის ბაბუაზე – რაბი ელიეზერ დავიდ განცფრიდზე.

            მეორე მსოფლიო ომმა დიდი გარდატეხა მოახდინა, როგორც ჩვენს ფიზიკურ, ისე სულიერ ცხოვრებაშიც. მილიონობით ებრაელი იმსხვერპლა დამახინჯებულმა იდეოლოგიამ. უამრავმა ისრაელის შვილმა დალია სული საკონცენტრაციო ბანაკებში, ხოლო გადარჩენილებმა, სიკვდილს ჩახედეს პირისპირ თვალებში.

            რაბი ელიეზერ დავიდ განცფრიდი არის აუშვიცის გამანადგურებელ ბანაკში გადარჩენილთაგან ერთერთი. ბანაკის ყველა წევრის მსგავსად, მასაც დაწყევლილმა ნაცისტებმა მკლავზე ნომრის ტატუ ამოუტვიფრეს. თუმცა სხვებისგან განსხვავებით მას მკლავზე ორი ნომერი აქვს ამოტვიფრული. ამ ორიდან ერთ-ერთი კი, ხაზითაა გადაშლილი. გასაოცარი ამბავი კი, რომელსაც რაბი მენაშე ისრაელი ყვება სწორედ ამ გადაშლილი ნომრის მიღმა იმალება. და აი ისიც:

            აუშვიცის სასაკლაო ბანაკი, არც პატარას სცნობდა, არც მოხუცს და არც ახალგაზრდას. აქ ყველა თანაბარი იყო… ყველას სიკვდილი ელოდა. გერმანელები უმოწყალოდ ხოცავდნენ ყველას. მიზეზი? – არანაირი მიზეზი საჭირო არ იყო თუ ებრაელი იყავი – ეს სრულიად საკმარისი იყო იმისთის, რომ გაზმხუთავ კამერაში ჩაეგდე და ბოლოს კი დაეწვი.

            როდესაც ელიეზერ დავიდი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მიიყვანეს, ის სულ რაღაც თორმეტი წლის იყო. ბანაკის შესასვლელთან გულქვა კონტროლიორი იდგა, რომელიც მოსულ ,,მსხვერპლს“ პარამეტრებისდა მიხედვით ამოწმებდა და მიუთითებდა საით წასულიყო, მარჯვნივ თუ მარცხნივ. ძირითადი გადამწყვეტი მნიშვნელობა სიმაღლეს ენიჭებოდა… სხვა არც გასაქცევი იყო სადმე და არც გასაჩივრებას ჰქონდა რაიმე აზრი. მარცხენა გზა საკონცენტრაციო ბანაკისკენ მიდიოდა (საიდანაც ცოცხალი არავინ ბრუნდებოდა), ხოლო მარჯვნივენა მხარეს გაგზავნილები სამუშაო ბანაკში გადაჰყავდათ.

            დადგა ელიეზერ დავიდის ჯერიც. გერმანელმა კონტროლიორმა ბავშვს ახედ-ჩახედა და უსულგულო ხმით მარცხნივ წასვლა უბრძანა. რიგში მდგომთაგან ყველა მიხვდა, რას ნიშნავდა ეს. მარცხენა მხრიდან შავი ბოლი ამოდიოდა. იქ ებრაელებს წვავდნენ!

            ელიეზერ დავიდი ჭკვიანი ბავშვი იყო. კარგად მიხვდა, რას ნიშნავდა მარცხნივ წასვლა. ის მოკვდებოდა. ბიჭი დაფიქრდა: ,, გერმანელმა გაზის კამერისკენ მიმითითა, ასეც და ისეც განწირული ვარ და არც დასაკარგი მაქვს რაიმე. იქნებ რამენაირად ვცადო და გადავიდე მარჯვენა მხარეს. თუ გამიმართლებს ხომ კარგი, თუ არადა ასეც მკვდარი ვარ და ისეც“-ო.“

            ამ ფიქრებში იყო, რომ შეამჩნია – მისკენ არავინ იყურებოდა. დრო მოიხელთა და მარჯვენა მხარეს გადაიპარა. საუბედუროდ კონტროლიორის დამხარემ შენინშნა თუ როგორ გადავიდა ბავშვი მეორე მხარეს. განრისხებული მივარდა და თავის უფროს მიუყვანა პატარა ბიჭი. ,, ეს ებრაელი, მარცხენა მხრიდან მარჯვნივ გადმოიპარა“ – უთხრა შემმოწმებელს.

            ეს იყო ყველაზე საშინელი წამები ელიეზერ დავიდის ცხოვრებაში… უეცრად ბავშვმა თავი ხელში აიყვანა… ბუნდოვნად, შეძლებისდაგვარად სცადა გაეხსენებინა დიდი სეგულა განსაცდელის ჟამს ვოლოჟინელი რაბი ხაიმის წიგნიდან ,,ნეფეშ ჰახაიმ“: ,,და ნამდვილად ეს არის დიდი და გასაოცარი სეგულა, რომ ადამიანმა განდევნოს და გააბათილოს  ყველა ცუდი განაჩენი, რომ ვერავინ დაუშავოს ვერაფერი… როდესაც ადამიანი მთელი გულით ირწმუნებს ამას: და ღმერთი არის ყოვლისშემძლე გამჩენი, და არ არსებობს სხვა ძალა კურთხეულის გარდა მთელ სამყაროში და ყველაფერი მის ნება სურვილზეა აგებული.. ,,ეინ ოდ მილვადო“ (არ არსებობს მის გარდა არავითარი ძალა)… ამის წყალობით გაბათილდება მასზე ყველანაირი ძალების და სურვილის ზეგავლენა სამყაროში და არ ექნებათ მათ არავითარი ძალა რომ რამე დაუშავონ ამ ადამიანს..

ბავშმა ფიქრებით საკუთარი თავის გაძლიერება დაიწყო: ,,ელიეზერ, შენ ახლა იმყოფები მხოლოდ და მხოლოდ გამჩენის ხელში, ახლა ისე, როგორც არასდროს, უნდა ჩაუღრმავდე და გაისისლხორცო სიტყვები: ,,რომ არ არსებობს სხვა ძალა ყოვლისშემძლე ღმერთის გარდა… რომ მხოლოდ ის წყვეტს ვინ იცოცხლებს და ვინ მოკვდება. გაიმეორე ეს სულ და იცოდე რომ ის გადაწყვეტს ამ ყველაფერს და არა ეს გერმანელი. “ – იიმედებდა თავს ბავშვი და გულში ყოველ წამს იმეორებდა: არავის შეუძლია რაიმე ავნოს, ან დაუშავოს ადამიანს, თუ მას გამჩენი იცავს. მხოლოდ ღმერთის ხელშია ყოველივე…“

            და აი მოხდა სასწაული. გერმანელმა შეხედა ბავშვს. კიდევ ერთხელ კარგად ახედ-ჩახედა და თავის დამხმარეს უთხრა:,, არა, არა… ეს ბავშვი ნორმის ფარგლებში ჯდება, გამოგვადგება სამუშაოდ, ამიტომ  მარჯვენა მხარეს გაუშვითო“.

            თუმცა გერმანელები დისწიპლინირებულები იყვნენ და შემოწმების შემდეგ, ყველას თავისი მიმართულების შესაბამის ნიშანს აწერდნენ ხელზე. როდესაც მარცხენა მხარეს გააგზავნიდნენ ვინმეს, მას ნომერს დააწერდნენ მკლავზე, შემდეგ კი სიიდან ამ ნომერს ამოშლიდნენ – რადგან ის უკვე მკვდრად ითვლებოდა. იქიდან ხომ აღარავინ ბრუნდებოდა ცოცხალი. გამ-ჩენის წყალობით და დიდი სასწაულით, ელიეზერ დავიდს მარცხენა მხარის შესაფერისი ნიშანი ხაზით გადაუშალეს და ახალი ნიშანი დააწერეს. ნიშანი რომელიც ერთი შეხედვით მხოლოდ ციფრი იყო, მაგრამ ეს ციფრი, ფაქტობრივად, ყოვლისშემძლესგან ნაჩუქარი სიცოცხლე გახლდათ…

            რამხელა ძალისხმევა და რწმენა სჭირდებოდა პატარა, თორმეტი წლის ბიჭს, მსგავს რთულ მომენტშიც კი, ეცხოვრა პრინციპით: ,,ენ ოდ მილვადო“ –  რომ არ არსებობს სხვა ვინმე გარდა გამჩენისა. როდესაც ერთი შეხედვით ჩანდა, ისე თითქოს და იმ მომენტში გერმანელის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული იცოცხლებდა თუ არა. მაგრამ გადაარჩინა სწორედ ყოვლისშემძლეზე მინდობამდე და რწმენამ.

            რწმენას, რომ გამჩენი არის ამ სამყაროში ყველას და ყველაფრის განმგებელი, უდიდესი ძალა აქვს. ბედიც, რთული და გამოუვალი სიტუაციებიც, სუნთქვაც და ყველაზე მცირე დეტალიც კი მის ხელშია და მისგან იმართება. ჩვენს ხელში მხოლოდ ის არის გვჯერა თუ არა ამის.

            იკურთხოს ყოვლადძლიერი ღმერთის სახელი, რომლის იმედსაც მაშინაც კი არ ვკარგავთ თუკი ყელზე ხმალი გვაქვს მიდებული, რადგან ვიცით, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ბოლო სიტყვა გამჩენს ეკუთვნის…

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑