
ისტორია რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვზე – კურთხეულია წმინდანის ხსოვნა
ერთხელ ბაალ შემ ტოვი თავის მოსწავლეებთან ერთად გზას ადგა. მან თავის მოსწავლეებს უთხრა გზისთვის გადაეხვიათ და ღამის გასათევად სასტუმროში შესულიყვნენ.
სასტუმროში მისულებს, ქორწილი დახვდათ. დიდი მაყარი შეკრებილიყო და დიდი სიხარულით გაემართათ ლხინის სუფრა. იმ დღეს ცადიკი არავის გამოეცნაურა, უხმოდ, ჩუმად ავიდა თავის მოსწავლეებთან ერთად ოთახში…
გათენდა მეორე დღე. ქორწილში მოწვეული სტუმრები უკვე გარეთ გასულიყვნენ და წასასვლელად ემზადებოდნენ… წასასვლელად ემზადებოდა ასევე ცადიკიც…
სიძე-პატარძლის გვერძე ხე იდგა, ტოტზე კი ჩიტი შემოსკუპებულიყო და რაღას ჭიკჭიკებდა…
რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვი, თავის მოსწავლეებს მიუბრუნდა და ჰკითხა: ,,იცით რას ამბობს ჩიტი?“ (ცნობილია, რომ რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვმა ფრინველების ენა იცოდა) ის სიძე-პატარძალს ეუბნება, რომ მიწა გაიყოფა…“
მოსწავლეებმა ვერაფერი გაიგეს, თუმცა რაბს აღარ ჩაეძიენ და თავის გზას დაადგნენ…
გამოხდა ხანი… წყვილმა წარმატებული ოჯახი შექმნა. შეეძინათ შვილები და შვილიშვილები და აი სიბერემაც მოაწია. მოხუცებულობაში ქმარს ისრაელის წმინდა მიწაზე ასვლა მოუნდა, ცოლი კი არაფრით დათანხმდა ამ აზრს. ის კატეგორიულად არ აპირებდა არსად გამგზავრებას. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ბეით-დინში (თორის წესით დადგენილ სასამართლოში) წასვლა გახდა საჭირო. ვერაფრით რომ ვერ შეთანხმდნენ და არც კაცმა დათმო თავისი და არც ქალმა, საქმე გაყრაზე მიდგა. ქალმა გეთი მოითხოვა, ერთმანეთს დაშორდნენ, ქალი დარჩა, კაცი კი ისრაელში ავიდა საცხოვრებლად…
ეს ამბავი საქვეყნოდ ცნობილი გახდა, რომ სიბერეში ასეთი ერთი შეხვედვით ბედნიერი წყვილი ასეთი უთანხმოების გამო განქორწინდა. იმდენად მოედო ეს ამბავი, რომ ცადიკის მოსწავლეების ყურამდეც მიაღწია. აი ახლა მიხვდნენ თუ რას გულისხმობდა, მათი მასწავლებელი, როდესაც ამბობდა: ჩიტი ეუბნება მათ, რომ მიწა გაიყოფა…
მართლაც ასე მოხდა… ერთი ისრაელში ავიდა მეორე კი დარჩა თავის ადგილას…
დატოვე კომენტარი