ზეციდან მოსული პასუხი

სასწაული – რომელიც რაბი მილუბავიჩის სახელს უკავშირდება. (ზეციდან მოსული პასუხი)

ეს ისტორია რაბი ზალმან ფერკაშმა, ბუენოს აირესში მდებარე ხაბადის იეშივას ერთ-ერთმა რჩეულმა რაბმა, საკუთარ მეგობარს წერილობითი სახით გაუზიარა.

,,ძვირფასო მეგობარო, ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვები, შეიძლება ზღაპარივით მოგეჩვენოს, მაგრამ იგი სრულად რეალურია. პირადად ჩემი თვალით ნანახი და ყურით მოსმენილია — მოხდა 2015 წლის 7 ივნისს (20 სივანი, תשע”ה).

ხუთშაბათ საღამოს ბუენოს აირესიდან სიეტლში, ძმისშვილის ქორწილში გავემგზავრე. ქორწილი სიეტლში იყო, თუმცა ვისარგებლე შესაძლებლობით და ნიუ-იორკში შევიარე, რათა ლუბავიჩის რების „ოჰელი“ მომენახულებინა.

აეროპორტამდე მეგობარმა — იეჰუდამ (სახელი შეცვლილია) მიმიყვანა. წლების წინ იეჰუდა მძიმედ დაავადდა სიმსივნით. სასწაულებრივად გადარჩა, გამოჯანმრთელდა, თუმცა დაავადების შედეგად შვილოსნობის უნარი დაკარგა. გზაში მითხრა, რომ ის და მისი მეუღლე ბავშვის აყვანაზე ფიქრობდნენ და რომ არჩევანის წინაშე იდგნენ: ერთი მხრივ სურდათ ებრაელი ბავშვი აეყვანათ, მეორე მხრივ კი ასეთი ბავშვების პოვნა ძალიან რთული იყო; არაებრაელი ბავშვის აყვანას თან ახლდა დიდი დილემაც — რომელიც კერძოდ მის სამომავლო გიურსა და ებრაელად გახდომამდე გასავლელ გზაში იკვეთებოდა. „რამდენიმე რაბინსაც ველაპარაკეო,“ — მითხრა — „და ყველა სხვადასხვაგვარად მპასუხობსო.“ მოკლედ მან მომაწოდა თავისი და დედამისის სახელები და მთხოვა: „თუ შეგიძლია, გთხოვ, ახსენე ჩვენი სახელები რების საფლავზე, რომ ღმერთმა გაგვინათოს გონება და გვაჩვენოს სწორი გზაო.“ რა თქმა უნდა, დავპირდი, რომ ასე მოვიქცეოდი და ჩემს გზას დავადექი.

ნიუ-იორკში პარასკევს ჩავედი და კვირა საღამომდე დავრჩი. დილით „ოჰელის“ გვერდით მდებარე სინაგოგაში ვიჯექი და ხასიდუთს ვსწავლობდი. მალე რამდენიმე ადამიანი მოგროვდა დილის ლოცვისთვის. მათ შორის იყო ხანდაზმული ებრაელი, რომელსაც თან ახლდა ახალგაზრდა კაცი. ის ჩემს პირდაპირ დაჯდა და ლოცვისას „კადიშ იატომს“ — გარდაცვლილი მშობლის მოსახსენებელ ლოცვას — კითხულობდა. ლოცვის დასრულების შემდეგ ის წამოდგა, დაკეცა ტალიტი და თფილინი და წასასვლელად მოემზადა. უცბად მობრუნდა ჩემსკენ, ჩანთიდან ამოიღო ძველი, დაკეცილი ფურცელი და გამომიწოდა: „გადახედე, ნახე რა წერია აქ,“ — მითხრა იდიშურისა და ინგლისურის ნარევით. — „ვფიქრობ, დაგაინტერესებს.“ ცნობისმოყვარეობით გამოვართვი — აქამდე არასდროს მენახა ეს კაცი და მისი ქცევა ცოტა უცნაურად მომეჩვენა. მაგრამ, როგორც კი, კითხვა დავიწყე — დავრჩი გაოგნებული. ფურცელზე ასახული იყო რების ორიგინალი წერილი — წერილი, რომელიც სრულად ეხებოდა ბავშვების აყვანის თემას! რებე ზუსტად განმარტავდა, თუ რას უნდა მოერიდოს ადამიანი და რას უნდა მიაქციოს ყურადღება ამ დროს. წერილი სრულად პასუხობდა იმ კითხვებს, რომლებიც იეჰუდამ დამისვა აეროპორტში… შოკირებული ვიყავი, ნებართვა ვთხოვე: ,,თუ შეიძლება ფოტოს გადავუღებ ამ წერილსმეთქი…“თავიდან არ დამთანხმდა, მაგრამ როცა მოვუყევი იეჰუდას ისტორიას, გული მოუბრუნდა — მითხრა, გადამეღო, ოღონდ მიმღების გვარი არ დამეფიქსირებინა. ასე მოვიქეცი.

შემდეგ კი თავად მომიყვა ამ საოცარი წერილის ისტორია: „ეს წერილი რებემ ჩემს მამას გაუგზავნა,“ — დაიწყო. „მამას და დედას მრავალი წლის მანძილზე არ უჩნდებოდათ შვილები – სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ბავშვის აყვანა. მამამ მიმართა რაბი მოშე ფაინშტაინს — იმდროინდელ ერთ-ერთ უდიდეს ჰალახის მცოდნეს. რაბი ფაინშტაინმა ურჩია, რჩევისთვის რებესთვის მიემართა. რებემ კი ურჩია, არ აეყვანა არაებრაელი ჩვილი — არამედ ეძებნა გაჭირვებული ჩვილი ებრაული ოჯახიდან, რომელიც მზად იქნებოდა, თავისი შვილი გაეშვილებინა.“ შემდეგ განაგრძო: „აი, ის ბავშვი, ვინც იშვილეს — ეს მე ვარ. და დღეს არის ბოლო დღე, როცა კადიშს ვკითხულობ ჩემი მამობილის — ღ’მერთმა გაანათლოს მისი სული — ხსოვნისთვის… არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა ლოცვა დავასრულე, უცნაური შთაგონება ვიგრძენი — რომ შენთვის უნდა მეჩვენებინა ეს წერილი და მომეყოლა ჩვენი ისტორია.“

ახლა ორივემ ზუსტად ვიცოდით — რომ რებემ სწორედ ამ გზით უპასუხა, ჩემი მეგობრის – იეჰუდას კითხვას. თავისი გზით უკვე უპასუხა ეჰუდას კითხვას.

ეს არაჩვეულებრივი ამბავი ნათლად გვიჩვენებს, რომ როდესაც ადამიანი გულწრფელად ეძებს სიმართლეს და დახმარებას, ზეციდან მოდის პასუხი — ხშირად ისეთ გზით, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენთ. რებეს „ოჰელი“ არა მხოლოდ სალოცავი ადგილია, არამედ არხია, რომლის მეშვეობითაც ღ’მერთი თავის პასუხს უგზავნის იმათ, ვინც მთელი გულით ითხოვს ამას. იეჰუდას გულითადი თხოვნა მეგობრისადმი, რომ გულით დაელოცა მის მეგობარს ის რებეს საფლავთან – იყო მინდობა, რწმენა და იმედი – კურთხეული გ’ამჩენისა. შეხვედრა უცნობთან, იყო არა უბრალო დამთხვევა, არამედ ცხადი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეხმარება ღმერთი და მისი საყვარელი წმინდანები, ამ შემთხევაში — რებე – რაბი მენახემ მენდელ შნეერსონი (რაბი მილუბავიჩი) — მათ, ვინც რწმენით და გ’ამჩენის გზით მიდის. პასუხი მოვიდა ზუსტად და შესაფერის დროს — რადგან ზეცაში არაფერი იგვიანებს.

(ისტორია ივრითულ ენაზე აღებულია ხაბადის ოფიციალური საიტიდან, თარგმანი კი მოგაწოდათ: MBSKATS – ორგანიზაციამ.

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑