რატომ ვაკეთებთ ფესახის შემდგომ შაბათს – გასაღების ფორმის ხალას?

      რა მოლოდინები გვაქვს ცხოვრებისგან? რას ვთვლით ბედნიერი ცხოვრების შემადგენელ აუცილებელ ნაწილებად? ალბათ ადამიანთა უმეტესობისთვის, ეს არის კარგი მეორე ნახევარი, შვილები, ჯანმრთელობა, კარგი შემოსავლის წყარო, კარგი სამსახური, ლამაზი – მდიდრული სახლი, რომელში ცხოვრებაც სასიამოვნო იქნება და ა.შ. ყველა თავისი ოცნებებიდან და შეხედულებიდან გამომდინარე, ქმნის ,,ბედნიერი ცხოვრების“ მისეულ ვერსიას.  თუმცა საინტერესოა, ადამიანებს რომლებსაც ეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები გააჩნიათ – არიან კი სრულყოფილად ბედნიერები? ყველა ვინც დაოჯახებულია, ყველა ვისაც შვილები ჰყავს – იღებენ კი თავიანთი ოჯახური ცხოვრებისგან ბედნიერებას? ან ყველა ვინც მდიდარია და აქვს ლამაზი მდიდრული სახლი (არაერთი) – სიამოვნებს იმ სახლით და აქვს სასიამოვნო და ბედნიერი ცხოვრება?  – ალბათ გარშემო არსებული მრავალი მაგალითიც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ გვეთქვა – არა! მაშ რაშია საქმე? რა არის ის მთავარი, რომელიც ყველაფერს სასიამოვნოს ხდის და აძლევს ადამიანს საშუალებას, მიიღოს სიამოვნება იმისგან, რაც აქვს? – ეს არის კურთხევა (ბერახა).   ყველაფერს რაც კი ცხოვრებაში გაგვაჩნია, სჭირდება ღმერთისმიერი კურთხევა – რადგან მისგან მივიღოთ სიამოვნება.

  თუ ასეა, მაშინ როგორ მოვიზიდოთ კურთხევა ჩვენს ცხოვრებაში?

  ბრძანებს უდიდესი წმინდანი ბენ იშ ხაი ,,გამოყავით ხალა თქვენი ცომებიდან და შემოიტანთ კურთხევას თქვენს ოჯახებში.“  ,,ჰაფრაშათ ხალა“ – ანუ ცომიდან ხალის გამოყოფა – დიდი კურთხევაა – კურთხევა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ყველაზე მთავარი რამ არის ჩვენს ცხოვრებაში.

  როდესაც ქალი შედის სამზარეულოში და იწყებს ცომის მოზელას, იცოდეს რომ იმ წუთებში ოჯახში შემოაქვს ზეციური ზედამხედველობა და თავის სახლს ავსებს გამჩენის უდიდესი კურთხევით. და ისიც უნდა იცოდეს, რომ ამ მომენტში, არამარტო თავის ოჯახზე ჩამოაქვს კურთხევა, არამედ ახლობლებზე, მთელი ისრაელის შვილებზე და მთლიან სამყაროზეც. ალბათ უკვე ვხედავთ თუ როგორი დიდი მადლია, ვინც გამოჰყოფს ხალას!

  ფესახის შემდგომ შაბათს, მიღებულია გავაკეთოთ გასაღების ფორმის ხალა. და ამ ხალასთან დაკავშირებითაც არსებობს მრავალი ,,მინჰაგი“. თუმცა სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მოდით ჯერ პასუხი გავცეთ იმ კითხავს ,,თუ რატომ ვაკეთებთ გასაღების ფორმის ხალას, ფესახის შემდგომ შაბათს?.“

  ფესახის მეორე დღეს, შეწყდა ზეციური მანის ჩამოსვლა. ის რომ უდაბნოში ისრაელის შვილები მანით იკვებებოდნენ, იყო გამჩენის უდიდესი წყალობა – ხოლო ახლა ისრაელის შვილებს უკვე სჭირდებოდათ ფარნასა, რომლითაც შეძლებდნენ საზრდოობას. ცნობილია რომ ,,ფარნასის“ გასაღები გამჩენის ხელშია და ისრაელის შვილებმაც მთელი გულით დაიწყეს ლოცვა და ვედრება ყოვლისშემძლეს წინაშე, რომ გაეხსნა მათთვის ფარნასის ჭიშკრები და გამოეგზავნა სარჩო-საბადებელი.  და მართლაც, ფარნასის ჭიშკარი ჩაკეტილია იმ გასაღებით, რომლის გახსნაც ნებისმიერ ებრაელს შეუძლია – გულმხურვალე ლოცვითა და გამჩენის წინაშე გადმოღვრილი გულწრფელი ვედრებით. ნიშნად ამ ამბის ხსოვნისა და ასევე გახსენებისა იმის, რომ ფარნასა, ისევე როგორც სხვა ყველა დანარჩენი გამჩენის ხელშია – ვაცხობთ ფესახის შემდგომ შაბათს გასაღების ფორმის ხალებს.

  ერთ-ერთი სხვა მიზეზიც, რის გამოც გასაღების ფორმის ხალას ვაცხობთ ამ შაბათს, ეხება ყომერების დათვლას – რომელიც ზესვლის დღეებია. ფესახის ღამის სედერზე(სუფრაზე) ყველანი სულიერების მაღალ საფეხურზე ვიმყოფებით – ხაცოთის (შუაღამის შემდეგ) კი ეს ზეციური დიდი შუქი ინდევნება და ყომერების დათვლის პერიოდში, ყოველდღიურად ნაწილ-ნაწილ – საფეხურ-საფეხურ ბრუნდება ჩვენთან – და ამავდროულად, ამ პერიოდშივე იხსნება ნელ-ნელა ზეციური ჭიშკრებიც – ყველა ჭიშკარს თავისთვის განკუთვნილი სპეციალური გასაღები გააჩნია. ეს გასაღები კი ამ პერიოდში შენს ხელთაა – საინტერესოა რისი სახით? რა გაძლევს ამ გასაღებს ხელში? – საკუთარ თვისებებზე (ცუდ ჩვევებზე) მუშაობა. სწორედ ამიტომ ამ შაბათს ვაკეთებთ გასაღების ფორმის ხალას – რათა გავახსენოთ ჩვენს თავს, რომ საჭიროა ვიმუშაოთ საკუთარ ცუდ თვისებებზე, შეძლებისდაგვრად გამოვასწოროთ ისინი რადგან შავუოთამდე ( თორის ბოძების დღემდე) გავხსნათ ორმოცდაათივე ჭიშკარი და მომზადებულები შევხვდეთ ამ უწმინდეს და ძალიან მნიშვნელოვან დღეს.

ფესახის შემდეგ შაბათს, აკურთხებენ იარის თვეს და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აკეთებენ გასაღების ფორმის ხალებს – რომელიც მიიჩნევა ფარნასის სგულად. გასაღების ერთ-ერთი დანიშნულება არის ასევე ის, რომ გაგახვასენოს – ,,იმისთვის რომ მივიღოთ ფარნასა – უნდა შევასრულოთ გამჩენის სურვილი – რადგან ეს გასაღები მხოლოდ და მხოლოდ გამჩენის ხელშია.

! ხალა შეგვიძლია გავაკეთოთ გასაღების ფორმის, ასევე შესაძლებელია ჩვეულებრივად ამოყვანილ პურის გუნდას, ზემოდან დავადოთ გასაღების ფორმით გაკეთებული პატარა ცომი… და ასევე არსებობს ასეთი ჩვეულებაც, რომლის მიხედვითაც – თვითონ ხალაშივე დებენ ,,ნამდვილ გასაღებს” და ისე აცხობენ. არჩევანი კი თქვენზეა რომელს გააკეთებთ.

დაე ღმერთმა ყველას დაგიყენოთ ბედნიერი და მხიარული შაბათი!

თარგმანი ეკუთვნის MBKSTARS ორგანიზაციას

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑