არასოდეს დაკარგო გ’ამჩენის რწმენა (დამაფიქრებელი მაყასე)

დიდი ხნის წინათ ერთი ძალზედ მდიდარი კაცი ცხოვრობდა. ის ამბობდა, რომ ცედაკას მხოლოდ ისეთ გაჭირვებულს უწილადებდა, რომელსაც უკეთესი მომავლის იმედი აღარ ექნებოდა.
– ასეთი ადამიანი მუდამ ჩემი მადლიერი იქნება! – ფიქრობდა მდიდარი კაცი.
მაგრამ მისდა გასაკვირად, ვერსად იპოვა ისეთი ღარიბი, რომელსაც იმედი ბოლომდე გადაწურული ჰქონდა.
ერთ დღეს ქუჩაში მიმავალმა მშიერი და ძონძებში გახვეული კაცი შენიშნა:
– კიდევ გაქვს რაიმეს მოლოდინი და უკეთესი მომავლის იმედი? – ჰკითხა მათხოვარს მდიდარმა.
– რა თქმა უნდა! – ძლივს ამოილუღლუღა შიმშილით დაუძლურებულმა კაცმა.
– სანამ ადამიანი ცოცხალია, ყოველთვის აქვს ჰაშემის იმედი. სჯერა, რომ ღ’მერთი დაინახავს მის გაჭირვებას და დაეხმარება! იმედი მხოლოდ გარდაცვლილებს არა აქვთ!
მდიდარმა გადაწყვიტა, ცედაკა მხოლოდ მიცვალებულთათვის მიეცა და ფულით სავსე ტომარა სასაფლაოზე დამარხა.
გავიდა ათი წელი. მდიდარი კაცის საქმეები უკან-უკან მიდიოდა და საბოლოოდ ისე გაკოტრდა, რომ პურის ფულიც აღარ ჰქონდა. გაახსენდა სასაფლაოზე დამარხული ფული და ღამით, მის ამოსათხრელად წავიდა.
ყარაულს კაცი ქურდი ეგონა, შეიპყრო და ხელებზე ბორკილებდადებული მოსამართლეს მიჰგვარა.
ამაოდ ამტკიცებდა ღატაკი, რომ ფული მისი იყო და იგი გარდაცვლილებს ცედაკას აძლევდა. მის სიტყვებზე ყველა იცინოდა და არავის სჯეროდა, რომ სასაფლაოზე ფულის შენახვა შეიძლებოდა.
– მე მჯერა არ კაცის! – თქვა მოსამართლემ. გაოცებულმა ღატაკმა თავი ასწია და მოსამართლეს დააკვირდა.
– ვერ მიცანი? – მე ის მათხოვარი ვარ, ერთხელ ცედაკაზე უარი რომ მითხარი! – ღიმილით უთხრა მოსამართლემ.
ახლა ხომ ხედავ, რომ უზენაესის მოწყალების იმედი არ უნდა დაკარგო!
მოსამართლემ კაცს ფული დაუბრუნა და გაათავისუფლა.

წყარო:,,ებრაეული ტრადიცია (ნაწილიI)”

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑