
ეს საოცარი ამბავი დაახლოებით 40 წლის წინ მოხდა…
იეშივის მოსწავლე ფინხასს, ოცი წელი რომ შეუსრულდა, გადაწყვიტა დაოჯახებულიყო. როგორც ყველასათვის ცნობილია, რელიგიურ წრეებში გარიგებით ქორწინება მიღებულია, სწორედ ამიტომ ფინხასიც განთქმულ მაჭანკალთან მივიდა. ახალგაზრდას, მან მალევე მოუძებნა ერთი მორწმუნე ებრაელი გოგონა და მასთან შეხვედრა შესთავაზა. ბიჭიც დასთანმდა.
ისინი მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს. გაისეირნეს, ისაუბრეს, ერთმანეთს სამომავლო გეგმები გააცნეს – გოგონას ძალიან მოეწონა ფინხასის ქცევისა და საუბარის მანერა, ინტელექტი… თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ, როგორც კი ფინხასმა სახიდან ყელსახვევი მოიხსნა, ყველაფერი შეიცვალა. ბიჭს სახეზე დიდი შრამი გამოუჩნდა, რომელიც გოგონას თვალში, მთელს მის სილამაზეს, ინტელექტსა და ადამიანობას ჩრდილავდა. მან შუამავალს უარი შეუთვალა და უთხრა რომ ამ საქმიდან სამწუხაროდ არაფერი გამოვიდოდა.
ასე ხდებოდა სხვა გოგონებთან შეხვედრისასაც. მოსწონდათ ფინხასის ადამიანობა, ინტელექტი, თუმცა ვერ ეგუებოდნენ სახეზე ასეთ შრამს. მეორე ნახევრის ძიებაში ექვსმა წელმა განვლო. ის კი, ამ დროის მანძილზე 100-ზე მეტ გოგონას შეხვდა. სახეზე არსებულმა ნაწიბურმა მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ის ვერაფრით პოულობდა მეორე ნახევარს.
ბიჭი აცრემლებული დაიარებოდა იერუშალაიმის ქუჩებში და თავისთვის ლოცულობდა: ,,სამყაროს ბატონ-პატრონო, გთხოვ, მეც დამეხმარე, რომ მეორე ნახევარი ვიპოვო, შევქმნა ქაშერი, ებრაული ოჯახი, შევასრულო მრავალი მიცვა-მადლები და რაც მთავარია თორის გზებით ვიარო … „
მას წინ კიდევ ერთი შეხვედრა ელოდა. შუამავალს, კიდევ ერთი გოგონა შეერჩია მისთვის. მართლაც კვლავ მოხდა შეხვედრა. მათ პარკში გაისეირნეს, ისაუბრეს, ძალიან მოეწონათ ერთმანეთი. მრავალი საერთოც ჰქონდათ მიზნებსა და შეხედულებებში… გოგონაც მოეხიბლა ფინხასის ქცევებს, მაგრამ, როდესაც მან ყელსახვევი მოიხსნა გოგო შეკრთა და მოიღუშა. ფინხასისთვის უკვე ცხადი იყო პასუხი – რომელსაც საღამოს მაჭანკლისაგან მოისმენდა.
კვლავ უარი, იმედგაცრუება და აცრემლებული თვალები… ისევ იგივე სცენა… სცენა, რომელიც ექვსი წლის მანძილზე, ყოველი ახალი შეხვედრის შემდეგ მეორდებოდა.
თუმცა ამჯერად, ძალიან განიცადა კიდევ ერთი უარი… აცრემლებული სალოცავში დაჯდა და აკანკალებული ხმით, გულიდან ამოსული სიტყვებით, დაიწყო გამჩენთან საუბარი… არ გასულა რამდენიმე წუთი, რომ სალოცავში იეშივის რაბი შემოვიდა. მან დაინახა ატირებული ყმაწვილი. მასთან მივიდა, გვერდით მიუჯდა და მამა-შვილურად ჰკითხა თუ რა მომხდარიყო, რას დაენაღვლიანებინა ასე მწარედ…? – ,,რაბი, მე უკვე ექვსი წელია ვცდილობ მეორე ნახევარი ვიპოვო, მაგრამ უშედეგოდ… ამ შრამის გამო, არავის სურს ჩემთან ურთიერთობა. ასაკით ყველაზე უფროსი ვარ თქვენს იეშივაში, ბიჭებს ცოლი 18-20 წლის ასაკიდან მოჰყავთ მე კიდევ ვერაფრით ვეღირსე მაგ დღეს…” ეს თქვა და ცხარე ცრემლები წასკდა…
-,,ჩემო ძვირფასო შვილო, ჩემო ფინხას, ჩვენ ხომ ვისწავლეთ, რომ მთელი სამყაროს გამჩენსა და ბატონ-პატრონს, ამ სამყაროში ყველაფრისათვის თავისი ზუსტი დრო აქვს დადგენილი? სიკეთეს იგი ხომ არასოდეს დაგივიწყებს…?! ადამიანმა შეიძლება დაგივიწყოს, ზურგში დანაც კი ჩაგარტყას და წამითაც არ გაიხსენოს ის სიკეთე, რაც მისთვის გექნება გაკეთებული, მაგრამ გამჩენი ყველაფერს ხედავს და არაფერი ავიწყდება! ადამიანი თუ გიმტრობს, გამჩენია ის, ვინც სიკეთეს, სიკეთით გადაგიხდის და გასამრჯელოს მოგცემს იმ ყველა იმ კეთელი საქმისთვის, რაც კი გაგიკეთებია…“
-,,რაბი ყველაფერი კარგად მესმის… მესმის, რასაც ბრძანებთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. აი მე, აქ ახლა უცოლოდ ვზივარ თქვენს წინაშე…“ ამოიოხრა ბიჭმა.
-,,შვილო მოდი ერთ რამეს გირჩევ. იქნებ, ბნეი ბრაკში, თაობის წმინდანთან ,,სტაიპლერთან” რაბი იაკოვ ისრაელ კანევსკისთან წახვიდე კურთხევისა და რჩევის მისაღებად. რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით?”
-,, კარგი რაბი ვცდი და ერთ დღესაც წავალ მასთან…”
-,,არა შენ ვერ გამიგე! ხვალინდელ დღეს იეშივიდან შველბულება აიღე. დილით ილოცე, ისაუზმე და შემდეგ აუცილებლად წადი წმინდანთან… თავი დაალოცინე და სთხოვე, გირჩიოს როგორ მოიქცე. გასაგებია შვილო? დამპირდი, რომ ესე მოიქცევი!
-,,კეთილი რაბი, ბლინედერ ასე მოვიქცევი…” ფინხასმა ცრემლები მოიწმინდა. რაბმა ის გულში ჩაიკრა, გზა დაულოცა და მშვიდობიანი ღამე უსურვა.
დაღლილი ბიჭი თავისი ოთახისაკენ გაეშურა. ძილის წინ წასაკითხი ,,შემაყ ისრაელი” წარმოსთქვა. გამჩენს ყველაფრისათვის მადლობა გადაუხადა, გადაბრუნდა და ემოციებისაგან დაცლილმა იმთავითვე დაიძინა.
გათენდა თუ არა, ფინხასი თავისი დანაპირების შესრულებას შეუდგა. სალოცავში თეფილინი დაიდო, ,,შემაყ ისრაელი“ თქვა, გემრიელად ისაუზმა და კურთხევის მისაღებად, ბნეი ბრაკში – ცადიკთან გაემგზავრა.
წმინდანის სახლთან მისულს, რიგში მრავალი ადამიანი დახვდა. მოლოდინში რამდენიმე სააათმა განვლო. როგორც იქნა მისი ჯერიც მოვიდა. წმინდანთან შესულს, გული აუჩუყდა, ატირდა და მრავალი სათქმელიდან, მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა: ,,გთხოვ, ბატონო რაბი, დამლოცე რომ გამჩენი დამეხმაროს და მაპოვნინოს მეორე ნახევარი, რომელსაც უკვე წლებია უშედეგოდ ვეძებ…“
ცადიკმა ძალიან სერიოზული სახით შეხედა და უთხრა: ,,კარგად დაიხსომე ახლა რასაც გეტყვი. მომავალ შეხვედრაზე, გოგონასთან არ დაიწყო არაფერზე საუბარი, არამედ დაიწყე ისტორიის მოყოლა თუ საიდან და რატომ გაქვს ეგ შრამი სახეზე, გასაგებია?“– ფინხასი დაიბნა, მაგრამ თანხმობა განუცხადა. რაბმა ისევ გაუმეორა მთელი სერიოზულობით: ,,დაიწყე მოყოლა შენი შრამის ისტორიისა და მოუყევი თუ რამ დაგიტოვა ეს დიდი ნაწიბურები…“
გაკვირვებული ფინხასი, რაბი იაკოვ ისრაელ კანევსკის ოთახიდან გამოვიდა. რაღაცნაირად უკეთ გრძნობდა თავს, თითქოსდა დამატებითი ძალა მიეღო ცადიკთან ყოფნით და იმედიც მისცემოდა, იმისა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ ვერაფრით მიმხვდარიყო, თუ რატომ უთხრა რაბმა ასეთი სერიოზულობით, რომ შემდეგ შეხვედრაზე, საუბარი პირდაპირ ,,შრამის ისტორიის“ მოყოლით დაეწყო.
არ გასულა ამ ამბებიდან რამდენიმე დღე, რომ მაჭანკალმა ისევ დაურეკა ფინხასს და ჰკითხა, თუ სურდა ახალ გოგონასთან შეხვედრა, რომელიც ძალიან კარგი ოჯახიდან იყო. ფინხასმა, რა თქმა უნდა, თანხმობა განუცხადა. დათქვეს დროც. შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ დაიგეგმა.
გავიდა ერთი კვირაც. ფინხასი გულმოდგინედ გაემზადა. საკუთარ თავში ძალა მოიკრიბა და გოგონასთან შესახვედრად, პარკისკენ გაეშურა. ღელავდა… ათასი ფიქრი დასტრიალებდა თავში. განსაკუთრებით კი ერთი ფიქრი არ აძლევდა მოსვენებას, თუ როგორ დაეწყო საუბარი ეგრევე მის შრამზე…
და გოგონაც გამოჩნდა. თავმდაბალი, პატიოსნად, ლამაზად ჩაცმული… ერთმანეთს მიესალმნენ და აი სასაუბროდაც დასხდნენ. გოგონას სარა ერქვა. ფინხასს სხვა რამეზე სურდა საუბარის დაწყება, მაგრამ მაშინვე გაახსენდა რაბის სერიოზული გამომეტყველება. სახიდან ყელსახვევი მოიშორა, ჩაისუნთქა, ძალა მოიკრიბა და საუბარი დაიწყო:
,, როგორც ხედავ, სახეზე შრამი მაქვს. სწორედ ამის შესახებ მინდა გიამბო”… სარამ გაკვირვებით შეხედა, თუმცა არაფერი უთქვამს და მოსასმენად მოემზადა. ფინხასმა თავი დახარა და განაგრძო:
,,ათი წლის წინ სხვა იეშივაში ვსწავლობდი. მაშინ სულ რაღაც თექვსმეტი წლის ვიყავი. შესვენება გვქონდა. მოვისურვე მაღაზიაში წავსულიყავი და გამაგრილებელი სასმელი მეყიდა. ჩამოვდივარ იეშივის კიბეებიდან და დავინახე, რომ მორწმუნე ებრაელი გოგონა გარბის, მას კი უკან ბიჭი მისდევს. დარჩენილი კიბეები სწრაფად ჩამოვირბინე და ჩქარი ნაბიჯით მაღაზიისკენ გავეშურე. მაგრამ უეცრად მომესმა განწირული ყვირის ხმა. გავიგე რომ ვიღაც გოგო, მთელი ხმით ყვიროდა: მიშველეთ…! მე მაშინვე გავიქეცი იქით, საიდანაც ხმა მოდიოდა და ვხედავ, რომ ეს ღონიერი ბიჭი, არაბული აქცენტით უყვირის გოგოს. ეუბნება, რომ გაჩუმდეს თუ არადა მოკლავს… ყელში უჭერს და მოფარებული ადგილისაკენ მიათრევს. რომ გამოვსარჩლებოდი, ვიცოდი, ჩემი საქმე წასული იქნებოდა, შეიძლება მოვეკალი კიდეც, მაგრამ მაინც დავუყვირე: ,,ჰეიიი შენ, თავი გაანებე გოგონას, სასწრაფოდ ხელი გაუშვი და გაეთრიე აქედან მეთქი!“ მან შემომხედა და შემომყვირა, ,,შენ თვითონ მოუსვი აქედან ბიჭო, თორემ სიცოცხლეს გამოგასალმებო!“ რომ დაინახა არ გავიქეცი, ჩემსკენ გამოემართა. მეც ძალაუნებურად მისკენ წავედი და გაჩაღდა ჩხუბი. რა თქმა უნდა, ის ჩემზე უფროსი და ბევრად ძლიერი იყო, მე თუ ერთი დავარტყი მან რამდენიმე ძლიერი დარტყმა მომაყენა, მაგრამ მაინც გაუკვირდა, რომ არ გავიქეცი.
უცბად იქვე სანაგვესთან გატეხილი ბოთლი დაინახა, აიღო და მთელი ძალით მომიქნია. გავიწიე, მაგრამ სახეზე მაინც ძლიერად მომხვდა. ძალიან მეტკინა. სურდა ისევ დაერტყა ჩემთვის, მაგრამ გოგონას კივილზე ხალხი ჩვენსკენ გამოიქცა. ამ არაბმა ბიჭმაც გაქცევა დააპირა, მაგრამ, სანამ გაიქცეოდა ერთხელ კიდევ ძლიერად დამარტყა მუშტი…
თავბრუ დამეხვა და დავვარდი. ჭრილობა ღრმა იყო და ბევრ სისხლს ვკარგავდი. გავითიშე. როდესაც გამომეღვიძა, საავადმყოფოში ვიყავი და თავს ექიმები მეხვეოდნენ. ყრუდ ჩამესმოდა ხმა ,, მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი გადარჩა ბავშვი…“
ისევ გავითიშე და ჩამეძინა. როდესაც საბოლოოდ გამოვფხიზლდი, საწოლთან მჯდომი, დაღლილი და ნამტირალევი დედა დავინახე, რომელიც თეჰილიმს კითხულობდა. ლოცვა რომ დაასრულა, ცედაკის ყუთში ხურდა ფული ჩააგდო, შემდეგ კი ჩემსკენ გამოიხედა და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. მან მთელი სიხარულით მითხრა: ,,შვილო ფინხასს! მადლობა გამჩენს, რომ ცოცხალი ხარ ჩემო ვაჟკაცო… არ იდარდო დედი, გამჩენის დახმარებით, ყველაფერი კარგად იქნება!”
-,,დედა სადა ვარ, რა ხდება რატომ მაქვს სახე შეხვეული და რატომ ვგრძნობ ამხელა ტკივილს?”- მაშინვე ვიკითხე.
დედას ლოყაზე ცრემლი ჩამოუვარდა, თავზე მომეფერა და მითხრა: ,,ჭრილობა ძალიან ღრმა იყო შვილო, საჭიროა დასვენება, აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება… ახლა კი დაისვენე, გამოიძინე, კარგი დედი?”თავზე მაკოცა და მეც ჩამეძინა…
დრო გავიდა… რა არ ვცადეთ, რომელ ექიმს არ მივმართეთ, მაგრამ ჩემს შრამს ვერაფერი ვუშველეთ. მართალია ამ ყველაფერმა ჩემს ცხოვრებას დაღი დაასვა, მაგრამ მადლობა გამჩენს, რომ ის ებრაელი გოგონა გადავარჩინე.” ამბის მოყოლა დაასრულა ფინხასმა და მორიდებით სარას გადახედა, რომელსაც ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები. ბოლოს, როგორც იქნა ტირილისაგან სული მოითქვა, თვალებიდან ცრემლები შეიმშრალა და აკანკალებული ხმით უთხრა: -,,ჩემოოოო მხსნელოოოოო!!!”
-რაა???”
-,,ხოო სწორად გაიგე, ჩემო ძვირფასო, ის გოგონა მე ვარ… მაშინ თოთხმეტი წლის ვიყავი… აი ახლა შენი ჯერია, რომ ჩემი ისტორია მოისმინო.
ახლა კი ფინხასს აუჩუყდა გული. თვალები აუცრემლიანდა, მაგრამ მაინც მთელი ძალა მოიკრიბა და სარას ამბის მოსასმენად მოემზადა.
გოგონამ თავისი ისტორიის მოყოლა დაიწყო: ,,მას შემდეგ, რაც გამჩენმა, შენი დახმარებით გადამარჩინა, გულში ერთი სურვილი ჩავიდე. იცი რა იყო ეს? – რომ ცოლად გავყოლოდი ადამიანს, რომელიც ჩემთვის, სრულიად უცხო ადამიანისთვის, მზად იყო თავი გაეწერა. გესმის? – მე ძალიან მინდოდა, სწორედ შენი ცოლი გავმხდარიყავი. მას შემდეგ, სულ მოვდიოდი იეშივაში, რომელიც მომხდარ ამბავთან ახლოს იყო და სადაც სავარაუდოდ შენ უნდა გესწავლა… გელოდებოდი და გელოდებოდი… იმ იმედით, რომ ოდესმე შეგხვდებოდი და რომ ერთმანეთს გავიცნობდით. ხან იქვე მდებარე მაღაზიაში მივირბენდი და დიდხანს ვრჩებოდი, ხანაც შორიახლოს ვტრიალებდი, მაგრამ უშედეგოდ…
დრო გადიოდა… ჩვენ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ. რამდენჯერმე მაინც მოვახერხე გამომეარა იეშივის ადგილას, გელოდე, მაგრამ ვერა და ვერ შეგხვდი.
ამის შემდეგ ისევ განვლო დრომ. უკვე გასათხოვარი გავხდი. მაჭანკლები ჩემს მშობლებს ხშირად ურეკავდნენ და კარგ სასიძოებს სთავაზობდნენ, თუმცა მე ყოველთვის უარით ვისტუმრებდი. ბოლოს ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე მკითეს, თუ რატომ არ ვხვდებოდი არავის. მე მერიდებოდა ამ ყველაფრის მოყოლა და ჩემს თავში მერჩივნა საიდუმლოდ დარჩენილიყო ეს ამბავი. თუმცა ერთ დღეს, დედა არა და არ მომეშვა. მეც გავუმხილე ჩემი გულის ნადები. შემდეგ ეს ისტორია მამასაც მოვუყევი…
მათ რაღაც პერიოდის მანძილზე გამიგეს, თუმცა დრო გადიოდა, შენ არ ჩანდი და მეც უკვე მაძალებდნენ გათხოვებაზე მეფიქრა და ილუზიებით ცხოვრებას მოვრჩენილიყავი. მამა ძალიან ნერვიულობდა ჩემს ,,აკვიატებაზე“. მე კი გულით ვლოცულობდი, რომ თუ გამჩენს გაუხარდებოდა ჩვენი შეხვედრა და თუ მართლაც შენ იყავი ჩემი მეორე ნახევარი, მაშინ სასწაულებრივად შევეხვედრებინეთ ერთმანეთს, თუ არადა მაშინ მთელი გულით გისურვებდი ყოველივე კარგს.
ერთი კვირის წინ შუამავალმა, რომ დარეკა, არ მინდოდა შეხვედრა, მაგრამ მშობლები სერიოზულად დამელაპარაკნენ. ამიხსნეს, რომ ცხოვრებისთვის რეალური თვალებით შემეხედა. მითხრეს, რომ შესაძლო იყო, შენ სულაც არ იყავი ჩემი მეორე ნახევარი და რომ გამჩენს სულაც არ სურდა ჩვენ ორის შეუღლება.
დავფიქრდი… ვფიქროდი, შეიძლება მართლაც ასე იყოს და ჩემი მშობლები მართლები იყვნენ-მეთქი, მაგრამ გული მაინც არ ჩერდებოდა და მაინც შენზე ოცნებით ცხოვრობდა. სხვა გზა მაინც არ მქონდა. კიდევ ერთ უარს, მშობლებს უკვე ვეღარ ვეტყოდი. შესახვედრად მოვემზადე და გადავწყვიტე, რომ შუა საუბარში, რაღაც მიზეზით საუბარს შეგაწყვეტინებდი და ამით თავს დავიძვრენდი. მე ხომ იმ ერთს ველოდი და არა სხვას… საღამოს კი შუამავალს რაიმე მიზეზით უარს ვეტყოდი.
განცვიფრებული ვარ თუ რატომ დაიწყე საუბარი, მაინცდამაინც ამ ამბის მოყოლით. ესე რომ არ მოქცეულიყავი მე შუა გზაში გავწყვეტდი შენთან ლაპარაკს და სახლში წავიდოდი. მადლობას ვუხდი ყოვლისშემძლე გამჩენს რომ შენი თავი მაპოვნინა…
ისინი ერთმანეთს უყურებდნენ. ორივეს ცრემლები მოსდიოდათ. ორივენი თვალხილული სასწაულის მომსწრენი იყვნენ.
ფინხასმა აუხსნა, რომ იგი თაობის წმინდანთან, რაბი იაკოვ ისრაელ კანევსკისთან იყო და რომ სწორედ მისი რჩევით მოიქცა ასე. ისიც დასძინა, რომ თავიდან ვერაფრით გაეგო, როგორ ეპოვნა საკუთარ თავში ძალა და როგორ დაეწყო უცხო გოგოსთან საუბარი პირდაპირ იმ ჭრილობის ისტორიით, რომელმაც ამდენი ხანი დატოვა უცოლოდ… და რომელიც წლების მანძილზე ენით აღუწერელი კომპლექსი იყო მისთვის. თუმცა ახლა ყველაფერს ხვდებოდა…
ფინხასმა ძალა მოიკრიბა, სარას შეხედა და ჰკითხა: ,,სარა შენ ხედავ ჩემს სახეზე შრამს, სიმართლე გითხრა ძალიან გაოცებული ვარ ამ ყველაფრით რაც მოხდა, მოხიბლული ვარ შენით, სურვილი მაქვს კიდევ შეგხვდე, გაგესაუბრო და თუ გამჩენი ინებებს ჩემი მეუღლე გახდე…რაღა თქმა უნდა, თუ ამ შრამის გამო წინააღმდეგი არ იქნები…“
-,,ჩემო ძვირფასო ფინხას, ალბათ საუბარიც ზედმეტია იმაზე, თუ როგორი მოხიბლული ვარ შენით და თუ როგორ მსურს გავხდე შენი ცოლი… მინდა მრავალჯერ ვისეირნოთ ერთად, ვისაუბროთ უსასრულოდ, სიყვარულით ვიზრუნოთ ერთმანეთზე და გვყავდეს ბევრი შვილები…“
მათი თვალები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. წეღანდელი ცრემლები, ახლა უკვე სიხარულის ცრემლებს ჩაენაცვლებინათ. ყველაფერი ნათელი იყო, ერთი სულის ორ ნახევარს, ერთმანეთი ეპოვნათ…
ფინხასმა სარა სახლამდე მიაცილა. სიხარულისგან ატირებული სარა სახლში შევიდა. გოგონას დანახვაზე, მშობლებმა იფიქრეს, რომ ამ შეხვედრასაც უშედეგოდ ჩაევლო. ის იყო ჭკუის სწავლება უნდა დაეწყოთ, რომ გოგონამ წამოიძახა: ,,ძვირფასო მშობლებო ვთხოვდები და იცით ვისზე? ზუსტად იმ გმირზე ვინც მე გადამარჩინა!”
მშობლებმა ერთმანეთს გადახედეს. მართლაც რომ დაუჯერებელი ამბავი იყო. გაოცებულებმა ჰკითხეს: ,, მართლა შვილო? გილოცავთ, მაგრამ ვერაფრით გაგვიგია, როგორ? რანაირად? გამჩენმა ზუსტად მას შეგახვედრა, ვისაც ამდენი წელი ელოდი. იკურთხოს მისი სახელი!“ სარა მშობლებს ჩაეხუტა და ყველაფერი გულდასმით მოუყვა.
ჩვენი გმირი, ფინხასი კი, აცრემლებული თვალებით მიუყვებოდა ქუჩას. ეს ცრემლები, უკვე სიხარულის ცრემლები იყო. მთელი გულითა და სულით უხდიდა მადლობას ყოვლიშემძლე გამჩენს, რომელმაც ზუსტად იცის ყველაფრის დრო და ადგილი.
ეს ისტორია უცბად მოედო მთელს ისრაელს. ვინც კი ამ ამბავს ისმენდა ყველა სიყვარულით ბრუნდებოდა თეშუბაზე და აღიარებდა ყოვლისშემძლე, ერთადერთი გამჩენის დიდებულებას. ეს ამბავი ადამიანებს ასევე ძლიერ რწმენას უღვივებდა ცადიკების მიმართ.
აქვე ვხედავთ, თუ როგორ განჭვრიტა წმინდანმა, ბიჭის მომავალი შეხვედრა და თუ რატომ უთხრა მთელი სერიოზულობით, შემდეგი შეხვედრა, თავისი ჭრილობის ამბის შესახებ თხრობით დაეწყო. აი ვინ ბრძანდებოდა უწმინდესი რაბი – იაკოვ ისრაელ კანევსკი (რაბი ხაიმ კანევსკის მამა) კურთხეულია წმინდანთა ხსოვნა…
დაე ყოვლისშემძლე გამჩენმა დაგვაახლოვოს ნამდვილ წმინდანებთან. მიგვეღოს მათგან კურთხევა, რჩევა-დარიგება და გვქონოდეს ძალა მათი შესრულებისა, ამენ!
ისტორია თარგმნა ბინიამინ კვესოშვილმა
დატოვე კომენტარი