აბრაჰამ – იცხაკ – იაყაკოვ

ეს ამბავი საკმაოდ გახმაურებულია. მასზე ბევრი საუბრობს და ბევრ ადამიანსაც იმედის ნაპერწკალს უღვივებს გულში.

ერთ დღეს რაბი ოვადია იოსეფთან, კურთხეულია წმინდანის ხსოვნა, ებრაელი წყვილი მივიდა, რომლთაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე შვილი არ უჩნდებოდათ. უამრავი გამოკვლევისა და მკურნალობის შემდეგ, ექიმებმა საბოლოოდ უშვილობის განაჩენი გამოუტანეს და ისიც დასძინეს, რომ მკურნალობის გაგრძელება, დროისა და ფულის ფუჭი ფლანგვა იქნებოდა.

გულჩაკლულ წყვილს თვალზე ცრემლები მოადგათ – მტკივნეული მოსასმენი იყო პროფესორებისაგან მსგავსი სიტყვები. მიუხედავად ამისა, მორწმუნე ცოლ-ქმარს გამჩენის იმედი არ დაუკარგავთ და კურთხევის ასაღებად წმინდანთან – რაბი ოვადია იოსეფთან წასვლა გადაწყვიტეს. როდესაც კაცი წმინდანთან შევიდა და თავიანთი პრობლემის შესახებ უამბო, რაბს მამაშვილური სიყვარულით გაეღიმა, ფურცელი აიღო, რაღაც დაწერა – კაცს მიაწოდა და უთხრა, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გაეხსნათ, როდესაც ბრით მილას გადაიხდიდნენ.

არ გასულა დიდი ხანი – ქალი მართლაც სასწაულებრივად დაორსულდა. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა ყველაზე დიდი ბედნიერება ჯერ კიდევ წინ ელოდათ… ერთის მაგივრად, ერთდროულად სამ ვაჟზე დამადლიანდნენ.

დადგა ბრით მილის და შესაბამისად დაკეცილი ფურცლის გახსნის დღეც. ცოლ-ქმარი საოცრად ღელავდნენ. ბოლოს კაცმა ფურცელი გახსნა და განცვიფრდა. ფურცელზე ეწერა: ,,აბრამ, იცხაკ, იაკობი…“ – ალბათ ყველანი ხვდებით, რას გულისხმობდა წმინდანი. მან წინასწარ განჭვრიტა, რომ ღვთისმოშიში ცოლ-ქმარი სულ მალე სამ ვაჟიშვილზე დამადლიანდებოდა, ამიტომ ფურცელზე, წინასწარ მათი სახელები დაუწერა.

აქედან ვხედავთ, ვინ ბრძანდებოდა უწმინდესი რაბი – ოვადია იოსეფი. მისი მადლი შეგვეწიოს მთელს ისრაელის შვილებს.

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑