იყავი მადლიერი – შეცვალე შენი სამყარო!

მე თუ მკითხავდა ვინმე რა აკლია სამყაროსო, ასე, დაუფიქრებლად ვეტყოდი – მადლიერება მეთქი. მერე ვიღაც მკითხავდა, რას გულისხმობო და მეც ჩემებრ ვეცდებოდი, ჩემივე მოკრძალებული აზრის განვრცობას. მადლიერება აკლია სამყაროს. ჩვენ რომ მადლიერები ვიყოთ, სახიდან ღიმილს რა მოგვაშორებდა? გულში დარდს რა გაგვიკრთობდა, ანდაც ცრემლს სახეზე რა ჩამოგვადენდა? ჩვენ რომ შეგვეძლოს პოვნა იმ სიხარულის მიზეზებისა, რაც ასე მრავლადაა ჩამალული ყველაფერში – განცვიფრებითა და მთელი გრძნობებით აღმოგვხდებოდა ბაგეებიდან – ,,მადლობა ღმერთო! ” თუკი ამას ვწერ, თუკი შენც კითხულობ ამას, მაშინ მინდა ვთქვა, რომ ორივეს გვქონია სამადლობელოდ საქმე. დავიწყოთ იქიდან, რომ ორივენი ცოცხლები ვართ. არ ვიცი რა გაწუხებს, არც შენ იცი მე რა მაწუხებს, მაგრამ ჩვენ შორის ერთი ნამდვილადაა საერთო – ჩვენ ორივე ცოცხლები ვართ! როგორც აღვნიშნე მე ვწერ – ესე იგი უფალმა მომცა ხელებში ძალა, რათა ვწერო, ხოლო თვალის სინათლე, რათა ვხედავდე იმას თუ რას ვწერ. შენ კითხულობ – ესე იგი შენც მოგმადლა გამჩენმა თვალთა სინათლე. ნუთუ ეს ცოტაა? ნუთუ ცოტაა, ცოცხლობდე – არ იყო მკვდარი, ხედავდე თვალებით, შეგეძლოს წერა. შეიძლება ისეთებიც იყვნენ თვალის სინათლე რომ არა აქვთ ან ხელებსა და ფეხებში ძალა, ან ზოგს შეიძლება ჯანმრთელობა ჰქონდეს, მაგრამ ახლობელი ადამიანის დაკარგვას განიცდიდეს ისე – სიკვდილი ერჩიოს… მაგრამ ყველა ადამიანისთვის არსებობს პასუხი – გაჩენილიყავი – შენი არჩევანი არ იყო. არც წასვლაა – შენი არჩევანი. სამყარო გამუდმებით ტრიალებს, წამითაც არ ჩერდება. ის ჩვენმადეც არსებობდა და ჩვენს შემდეგაც იარსებს. ჩვენ დროებითი მოვლენები ვართ – სავსენი ჩვენი პრობლემებითა და პატარ-პატარა ბედნიერებებით, მაგრამ… ადამიანები ვართ! არ ვართ ჭია, რომელიც ყველას შეუძლია დაუფიქრებლად გათელოს, არც ცხოველი, არც ფრინველი… არამედ ადამიანი? – ადამიანი, რომ მადლიერი იყოს ამის – არ ეცდებოდა ცხოველად გადაქცევას. არ გაისასტიკებდა გულს და დაუნდობლობითა და ბოროტებით არ აღივსებოდა. გაიაზრებდა რა – ადამიანია, რომელსაც ყველაზე დიდი პრივილეგია მიანიჭა უფალმა, ეცდებოდა მზრუნველი პატრონივით ეზრუნა სამყაროზე და მოფრთხილებოდა ,,დროებით ქონებას”. მაგრამ ჩვენ არც იმისთვის ვართ მადლიერები, რომ ადამიანები ვართ, არც იმისთვის, რომ ცოცხლები ვართ, არც იმისთვის, რომ ჯანმრთელად ვართ, ან თუ რაიმე სენი გვაქვს (ჩვენგან შორს) – არ ვიაზრებთ იმას , რომ ამაზე უარესიც შეიძლეოდა დაგვმართნოდა. თუ ვინმეს ვკარგავთ – ძნელია, ძალიან ძნელია – თუმცა ვერც ამას შევცვლით. ასე ვართ, ასე – შექმნილები – ყველაფერს ვეჩვევით და ვეგუებით, მიწიდან ვართ მოსულები… მიწა ეგუება, მისგან რომ ყვავილს წყვეტენ – მერე კი ახალს აღმოაცენებს ხოლმე… ასე ვართ ადამიანებიც. ზოგი გვიან მიდის, ზოგი მალე, მაგრამ მთავარი არც მოსვლაა და არც წასვლა – მთვარია, როგორ იცხოვრე! ზოგმა შეიძლება თავისი მოკლეხნიანი ცხოვრებით თქვას, ის, რაც სხვამ ას წელშიც ვერ ჩატიოს… ჰო ჩემო მეგობარო, წლები ბევრს არაფერს ცვლიან – მთავარი მითი ხარისხია. უფალმა ყველაზე კარგად იცის, ვის რა სჭირდება, ვის რა ტკივა, ვის რა უხარია… დამიჯერე, ის იმაზე ბევრად მეტს გვაძლევს, ვიდრე ვიმსახურებთ… ის იმაზე ბევრად მზრუნველია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. და შენც, მეც და ყველამ – მიმოვიხედოთ გარშემო და ვეძებოთ მადლობის გამოთქმის მიზეზები – დამიჯერეთ აუცილებლად ვიპოვით. ბედნიერი ის კი არაა, ვისაც ყველაფერი აქვს – არამედ ის, ვინც კმაყოფილია და მადლიერია თავისი წილით. დავიწყოთ მადლობის თქმა უფლისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის, უცნობი ხალხისთის, გაჭირვებულებისთვის – ყველასთვის, ვინც თუნდათ იოტის ოდენა მიზეზს მოგვცემს და ვნახავთ, როგორ შეიცვლება ჩვენი სამყარო! გმადლობთ ყურადღებისთვის!

სიყვარულით – მაია კვესლი

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑