
რა არის თორა? – თორა სამყაროში არსებული ყველაზე ძვირფასი განძია, რომელიც საჩუქრად ებრაელ ხალხს გადაეცა. იცხოვრო სამყაროში – ძალიან რთულია. აქაურობა ხომ სავსეა ათასგვარი ფათერაკით, გამოცდებით – ჩვენში მუდამ კარგისა და ცუდის ბრძოლა მიდის და შინაგანი ხმა ყოველთვის გვისმევს კითხვას – როგორ ვიპოვო სწორი გზა? – ადამიანი ამქვეყნიურ სირთულეებსა და ცდუნებებს, წმინდა თორის გარეშე ვერ გაუმკლავდება. მარტივი სიტყვებით, რომ ვთქვა ეს არის ,,ინსტრუქცია“ , თუ როგორ უნდა იცხოვრო სწორად და როგორ უნდა გახვიდე დასასრულში მშვიდობით.
თორის მიღებამდე სამყარო ქაოსში იყო. არ არსებობდა ჩამოყალიბებული მორალი. უფლის სწავლება ადამიანებს ზეპირი გზით გადაეცემოდათ, თუმცა თორა და უფლის კანონები ჯერ კიდევ არ იყო ,,ბეჭედდასმული“ ხალხისათვის.
რატომ მიიღო თორა მაინც და მაინც ებრაელმა ხალხმა? – ეს კითხვა ალბათ ბევრს გაჩენია. თორის ამქვეყნად ჩამოსვლის დრო, რომ დადგა, უფალმა ჰკითხა თოთოეულ ერს, სურდათ თუ არა თორის მიღება? კურთხეული უხსნიდა, თუ რისი გაკეთება მოუწევდათ თორის მიღების შემდეგ – ერები კი უარს აცხადებდნენ მის მიღებაზე. ერთადერთი ხალხი, რომელმაც თორის მიღება ისურვა – ებრაელები იყვნენ. მათ თქვეს ,,შევასრულებთ და მოვისმენთ“.
ებრაელმა ხალხმა თორა ,,სინაის“ მთაზე მიიღო. ,,სინა“ – ივრითულ ენაზე სიძულვილს ნიშნავს. რატომ მიიღო ებრაელმა ხალხმა თორა მაინცდამაინც სიძულვილის მთაზე? – თუ ებრაელი ხალხი თორის გზით ივლიდა, სხვა ერები მას დაემორჩილებოდნენ და პატივსცემდნენ, ხოლო თუ თორას გადაუხვევდნენ და დაივიწყებდნენ უფლის გზას, ერები მათ მტრად მოეკიდებოდნენ და შეიძულებდნენ.
თაობებს, თუ გადავხედავთ, კიდევ უფრო ნათელი გახდება ამ არგუმენტის ჭეშმარიტება. როდესაც ებრაელები თორის გზით დადიოდნენ, სხვა ერები პატივსცემდნენ და ჰქონდათ მშვიდობა, ხოლო, როცა ცდილობდნენ ეღალატათ უფლის რჯულისათვის და გადასულიყვნენ სხვა ერების წეს-ჩვეულებებზე, ისინი მათ იზიზღებდნენ და მხეცებივით, მხოლოდ ერთი სურვილი უღვივდებოდათ – დაეგლიჯათ ებრაელი ხალხი და აღეგავათ პირისაგან მიწისა.
მთელი მსოფლიოს ხალხმა იცის, რომ უფალმა ,,ებრაელი“ ხალხი გამოარჩია. ის ფაქტი, რომ ებრაელი ერი გამორჩეულია, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მათ. როცა შვილებმა იციან, რომ მათი ძმა გამორჩეულად უყვართ მშობლებს და ამ დროს ის ძალიან ცუდად იქცევა და მშობლის სიტყვას პატივს არ ცემს, მაშინ შვილებს კიდევ უფრო დიდი პროტესტის გრძნობა უჩნდებათ მის მიმართ და კიდევ უფრო მეტად იძულებენ მას – რადგან ის გამორჩეულია და არ იქცევა ისე, როგორც გამორჩეულ შვილს შეჰფერის.
სინაის მთაზე თორის მიღების შემდეგ – ებრაელი ხალხი ,,თავიდან დაიბადა“ და სამყაროს ბოლომდე დაევალა განსაკუთრებული მისია. იქცა რა უფლის ყრმად და მისი ჭეშმარიტების განსადიდებლად ამ სამყაროში.
თორა შედგება ორი ერთმანეთის შემავსებელი ნაწილისაგან: წერილობითი და ზეპირი თორისაგან. წერილობით თორას, მოშეს ხუთ წიგნეული წარმოადგენს, ხოლო ზეპირი თორა თაობიდან თაობაში ზეპირი (სიტყვიერი) გზით გადაეცემოდა. მოგვიანებით ზეპირი თორის ჩაწერა აუცილებლობის წინაშე დადგა. მძიმე სოციალური პირობებისა და შევიწროებების გამო, საფრთხის წინაშე დადგა მთლიანი ზეპირი თორა – სწორედ ამან განაპირობა მისი ჩაწერა. პირველი ვინც, ზეპირი თორის ჩაწერა გადაწყვიტა – რაბი იეჰუდა ჰანასი იყო, სწორედ მისი გადაწყვეტილების შედეგია – მიშნა. ბრძენების შემდგმა თაობამ, მიშნასთან დაკავშირებით უამრავი კომენტარი დაწერეს და შემდგომში მთელი ამ კომენტარების კრებულს – გემარა ეწოდა.
არ არსებობს წერილობითი თორა, ზეპირის გარეშე და ზეპირი თორა წერილობითის გარეშე. იმისათვის, რომ გავიგოთ წერილობითი თორა, აუცილებელია ვისწავლოთ ზეპირი თორა. მაგალითად: თეფილინის მიცვას, ზეპირი თორის ახსნის გარეშე ვერ გავიგებთ, ასევეა ბევრი სხვა საკითხი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ახსნა.
თორის ყოველი წიგნი იყოფა თავებად, თითოეულ თავში კი ტექსტი იყოფა პატარა მონაკვეთებად, რომლებიც დანომრილია. მათ ეწოდებათ ფასუკი.
ებრაელი ხალხი, თორას ყოველ წელს თავიდან ბოლომდე კითხულობენ და სწავლობენ. სწორედ ამიტომ ბრძენებმა თორა კვირის თავებად დაჰყვეს. ყველა თავს თავისი სახელი აქვს.
თორის სწავლება არასოდეს შეწყდება. ებრაელი ხალხი ყოველთვის ინახავდა უწმინდესისა და უნეტარესის წმინდა თორას, მცნებებსა და კანონებს და მისი დახმარებით, ასე გაგრძელდება სამყაროს ბოლომდე.
სტატიის ავტორი: მაია კვესლი
წყარო: ,,თორა” ( პირველი ნაწილი) – საგანმანათლებლო ცენტრი ,,ორ ავნერი”
დატოვე კომენტარი