ებრაელი ერი უკვდავია…

რამდენი საუკუნე ითმენდა ებრაელი დამცირებას, ჩაგვრას, მონობას, უსამშობლოობას, დევნას… მაგრამ მაინც არასოდეს ეცემოდა. უნდოდათ ჩვენი მოდრეკა , მაგრამ ვერ მოგვდრიკეს… უნდოდათ ჩვენი დაჩოქება და ვერ დაგვაჩოქეს. ჩემო ებრაელო მეგობარო, ამას შენ გწერ… ჩვენ ერთი დიდი ძალა ვართ… შვილები აბრაამ, იცხაკისა და იყაკოვისა… ერთად აღებულნი კი ყველა უფლის შვილები ვართ. უფალმა თავის მსგავსად შეგვქმნა… მიწის მტვრისგან შეგვქმნა და არაამქვეყნიური , ღვთიური სული ჩაგვბერა. სული, რომლითაც თავისთან დაგვაკავშირა… ჩანერგა ჩვენში სიკეთე, რომელსაც ჩვენში ხშირად სძინავს , მაგრამ გაქრობით კი არასოდეს ქრება. ებრაელი ერი უფლის რჩეული ერია. სწორედ ამიტომ , როგორც მშობელი ექცევა მკაცრად თავის შვილს ( ისევ და ისევ მისსავე საკეთილდღეოდ) ასეთივე დამოკიდებულება აქვს უფალს ებრაელი ხალხის მიმართ. ებრაელები კარგი საქმისთვის ყველაზე დიდ ,,გასამრჯელოს “იღებდნენ უფლისგან და ასევე მკაცრად ისჯებოდნენ გამოუსწორებელი შეცდომებისთვის.
მალე იომ ქიფური მოდის. დღე, როცა კიდევ ერთხელ გაგვასამართლებენ ზეცაში, ჩვენი ცუდი თუ კარგი საქციელისთვის. მე ასე მჯერა, რომ ეს არამარტო თითო- თითო ადამიანის გასამართლებაა… და არამარტო ერთი ადამიანის ბედი წყდება… არამედ წყდება ბედი მთელი ერისა… ახლაა დრო სწორ გზაზე დაბრუნების… ახლაა დრო ვიპოვოთ ჩვენს თავში ის განსაკუთრებული რაღაც, რაც ჩვენში ჩადო უფალმა… ახლაა დრო დავემსგავსოთ იმ რჩეულს ერს , რომელიც თავს მოიწონებს მთელი მსოფლიოს სხვა ხალხებში. ჩვენ დიდი მისია დაგვაკისრა უფალმა… გამორჩეულობა… და ეს უნდა გავამართლოთ.
თუკი ვიქნებით ერთიანები , მტერი ვერასოდეს დაგვამარცხებს. გაიხსენეთ ფაშიზმის პერიოდი. გაგვწყვიტეს, დაგვხოცეს, დაგვწვეს, გაგვგუდეს, თითქმის გაგვანახევრეს, მაგრამ მაინც ვერ აღჰგავეს პირისაგან მიწისა ებრაელი ერი… ჩნდება კითხვა რატომ, როგორ მოვაღწიეთ აქამდე? როგორ გავუძელით ამ ყველაფერს?… პასუხი ,ჩემი აზრით,ერთია …უფალს არასოდეს დაურღვევია ჩვენი მამებისთვის მიცემული პირობა… რომ ებრაელ ერს არასოდეს გადააშენებდა. უფალი გვიცავს ჩვენ და დროა ჩვენც გავახაროთ უფლის გული და მოვამაღლოთ მისი სახელი. . . და კვლავაც გამრავლდება ისრაელის შვილი ისე , როგორც ცაზე ვარსკვლავები და ზღვაში ქვიშა… ამენ.

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑