
ფუძეთა ფუძე, სიბრძნეთა წყარო, ყოვლის მცოდნე და ქვეყნიერების საყრდენი ბოძი ჰქვია. ერთად-ერთია, რომელსაც ყოვლისშემქმნელი ეწოდება, მხოლოდ იგია ძალთა მეუფე, ყოვლის გამჩენი და გამგებელი.
თუ ვინმეს აზრში გაუვლის, რომ ყოველი ქმნილება ყველაფრისგან დამოუკიდებლად არსებობს და გამჩენს მონაწილეობა არა აქვს მის არსებობაში, დაუკვირდეს, გონებას ძალა დაატანოს და გაიგოს, რომ ამქვეყნად ყოველ არსებას უფლის წყალობა სჭირდება, კურთხეულ გამჩენს კი არავისი დახმარება არ ესაჭიროება…
ღმერთის მსგავსი ყოვლად მტკიცე, წმინდა, მართალი და სრულყოფილი სხვა არავინ არის. იგი უზენაესი არსებაა. მან შექმნა სამყარო და განაგებს მას. იგი აბრუნებს დედამიწის ბორბალს ისეთი ძალით, რომელიც წყობიდან არ გამოდის, არ ჩერდება…
მოშე რაბენუმ სთხოვა გამჩენს ეხილა იგი, რათა გულში მუდმივად ჰქონოდა აღბეჭდილი მისი გამოსახულება ისევე, როგორც ადამიანი დაიმახსოვრებს კაცს, როცა მის სახეს დაინახავს.
“არ გააჩნია ცოცხალ ასრებას (სხეულით შემოსილს) იმის ძალა და უნარი, რომ უზენაესი იხილოს და ცოცხალი დარჩეს; ვერ გაუძლებს უზენაესის შუქის ელვარებას. სიკვდილის შემდეგ კი შესაძლებელია” – უპასუხა გამჩენმა…
გასაგებია, რომ ღმერთს გამოსახულება არ გააჩნია. რადგან გამოსახულება არ გააჩნია, არც ისეთ პროცესებს გაივლის, რასაც ადამიანის სხეული გადის – არ აიგება და არც დაიშლება. მას არც სამყოფელი ადგილი და ზომა გააჩნია. ის უსაზღვროა. გამჩენი დრო-ჟამისაგან ცვალებადობას არ განიცდის, დროს არ მორჩილებს, არც საწყისი და ბოლო აქვს. მისთვის არ არის სიკვდილი და სიცოცხლე, არც ადამიანივით სიბრძნე და უგუნურებაა მასში; არც ძილი და სიფხიზლე, არც სიცილი და მრისხანება, არც მხიარულება და ნაღველი; არც სიჩუმე და მეტყველება, როგორც ეს ადამიანს ახასიათებს…
ღმერთი ერთია და მისი ბადალი არ მოიძებნება. ქვეყნად რა სახის ძალაც კი არსებობს, ყველას დრო და საზღვარი გააჩნია. კურთხეული გამჩენი კი უსაზღვროა და მარადიულია. ამის ცოდნა ძირითად, ელემენტარულ მიცვად ითვლება. “ადო-ნაი ელო-ჰენუ ადო-ნაი ეხად!” – ითქვა თორაში: ,,მე ვარ შენი უფალი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან”…
დატოვე კომენტარი