რწმენა, მშვიდობა და სიყვარული

ისრაელი ერი ყოველთვის მხიარული უნდა იყოს. თუ ის ივლის დაღვრემილი, ამით გამოხატავს უკმაყოფილებას, გამჩენისგან მოცემულისდამი. უკვდავი წესია, ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერები იმით , რაც მოგვცა კურთხეულმა.
გამჩენის დახმარების გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ასე რომ, თუ რამე გვინდა, უნდა ვთხოვოთ მას.
მონდომებაზე ძლიერი ამქვეყნად არაფერია. ,,თუ დაივიწყებთ ჩემს თორას, მაშინ მე დავივიწყებ შენს შვილებს“-ამბობს გამჩენი. ბედნიერებისთვის ადამიანი მუდამ სიმხიარულეში უნდა იყოს. შლომო მეფის თქმით, დარდიან ადამიანს ემართება ,,ძვლების ჩირქი“. დარდი კლავს ადამიანში უჯრედებს და აზიანებს ჯანმრთელობას.
ოჯახური მშვიდობისთვისაც და ფარნასისთვისაც, კარგია კაცმა დღეში მინიმუმ სამი კომპლიმენტი უთხრას ცოლს. ეს ოჯახში სიმხიარულეს შემოიტანს. ცოლ-ქმარს შორის მშვიდობა და სიმხიარულე კი შეხინას იზიდავს. ქალებს უნდა გვახსოვდეს, რომ ქმარზე რამის დაძალება არ არის სწორი. არ არის საჭირო ყოველდღიურად ოჯახური ვალდებულებების შეხსენება. ქალი თვითონ უნდა გრძნობდეს ოჯახის მაჯისცემას. ქალი ცოტა მსახიობიც უნდა იყოს. მან უნდა მიაღწიოს სრულყოფილებას. როდესაც ქმარი ცუდ ხასიათზეა, ქალი საჭიროა ისევ კარგ ხასიათზე დარჩეს და იყოს ალერსიანი გაბრაზებული ქმრის მიმართაც. ქალი უნდა გაურბოდეს უაზრო საუბარს და საუბრისას მადლობას უხდიდეს გან-ს. თუ ოჯახში დაძაბულობაა ეს ორივეს ბრალია. გამჩენი ეუბნება ცოლს, თუ შენს ცოლს რამეს აკლებ , არც შენ გექნება წარმატებაო. ამიტომ საჭიროა ცოლზე სიყვარულით ზრუნვა. თუ ქმარი ცოლს აწყენინებს, ქალმა მთელი გულით უნდა აპატიოს კაცს, რათა ოჯახში განხეთქილება არ მოხდეს და არ განიდევნოს შეხინა. ,,მშვიდობა ეს არის ჯავშანი, რომელიც ოჯახში უსიამოვნების შემოსვლას უშლის ხელს. უნდა გვახსოვდეს, რომ რანაირიც იქნება ჩვენი საუბრის კილო, ისეთი იქნება პასუხიც.
მამაკაცის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ოჯახში უნდა თავი მეფედ იგრძნოს. ასეთი სახლი სამეფოს ჰგავს, სადაც ქმარი მეფეა, ცოლი კი დედოფალი. ერთმანეთზე ზრუნვა სიყვარულს უფრო მეტად აძლიერებს, სიყვარული , გაგება და ერთგულება – ოჯახში სიმშვიდეს ბადებს. სიმშვიდე კი სიმხიარულისა და ბედნიერების გარანტია.
მოთმინება ადვილი არ არის , მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ,, მომთმენი ადამიანი სჯობს გმირს, რადგან ასეთი ადამიანი ღმერთისთვისაა გმირი.“

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑