რატომ არ ისხამს ზოგიერთი ხე ნაყოფს?

სამყაროს შექმნის პროცესიდან მესამე დღეს, დედამიწა ჯერ კიდევ წყალში იყო ჩაფლული. ბრძანა ჰაშემმა: ,, შეგროვდეს წყლები!”-და იქვე წარმოიქმნა ბორცვები და მთები, რათა წყლისთვის მიეცა ჩასვლის საშუალება.
სწორედ ამ დღეს შეიქმნა მცენარეები: ხეები, ბუჩქები, ბალახი და ყველანაირი ყვავილი. გან-ის ბრძანებით, არა მარტო ყველანაირი ხის ნაყოფი უნდა ყოფილიყო საჭმელად ვარგისი და გემრიელი, არამედ თვით ხეებიც, მათი ღეროც და ქერქიც. თუმცა მიწა არ დაემორჩილა ჰაშემის ბრძანებას. მან გამოარჩია უმშვენიერესი ნაყოფები, ხოლო ქერქს არასასიამოვნო გემო მიანიჭა.
მიწა ფიქრობდა: ,,თუკი ქერქიც ისეთი გემრიელი იქნება, როგორც ნაყოფი, მაშინ ხალხი არა მარტო ნაყოფს მოწყვეტს, არამედ მთლიან ხეებს მიწიდან ძირ-ფესვიანად ამოიღებს. ამის შემდეგ ხეები საერთოდ გაქრებაო.” მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მსჯელობა თითქოს მართებული იყო მიწის მხრიდან, ჰაშემმა მაინც დასაჯა იგი, რადგანაც ის ჩაერია მის გადაწყვეტილებაში. ამ მიზეზის გამო , ზოგიერთი ხე საერთოდ უნაყოფო დარჩა.
ეს ამბავი გვასწავლის შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენ, ადამიანებს გვქონდეს ჩვენი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვალდებულები ვართ მივიღოთ თორის კანონები, ვინაიდან ის გან-მა მოგვცა , ჩვენ კი უნდა დავემორჩილოთ და სიყვარულით შევასრულოთ იგი. მან უკეთ იცის რა არის ჩვენთვის უკეთესი- რადგან მისი შექმნილნი ვართ ჩვენც.

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑