ნუ იჩქარებთ დასკვნის გამოტანას!

ზამთარი ნელ-ნელა მოიზლაზნება… ფოთლებგაცვენილ ხეებს სითეთრის ფერს მოჰფენს ხოლმე და ასე გადათეთრებული ყინულის დედოფალასავითაა გამეფებული სამი თვე.
ზამთრის სუსხიან დღეს, ახალგაზრდა ბიჭი ავტობუსში იჯდა და გადათეთრებულ ქალაქს გაჰყურებდა. უეცრად გაბრაზებული ხმა შემოესმა. მის გვერდით მოხუცი ქალი იდგა და ახალგზარდას წყევლიდა: ,,არც კი გრცხვენია, ახალგაზრდა ბიჭი დამჯდარხარ და მოხუცებულს ადგილს არ მითმობ”- გაჰკიოდა გაბრაზებული. ავტობუსში მყოფი მგზავრები ყურებდაცქვეტილნი უყურებდნენ ,,სეირს”. უეცრად ბიჭმა გაჭირვებით იწყო წამოდგომა. გვერდიდან ორი ყავარჯენი გადმოიღო, დაეჭიდა და ძლივ-ძლივობით წამოდგა. ტუჩები აკანკალებოდა, თვალები ჩასწითლებოდა…ჩუმად თქვა: ,,დაბრძანდით”. მოხუცი ადგილზე გაქვავდა, ან რა უნდა ეთქვა… მგზავრები კი აცრემლებული თვალებით შესცქეროდნენ ახალგაზრდას… ფიფქები კი გარეთ ისევ ისე თოვდა …ათოვდა ცოდვისფერ დედამიწას…ათოვდა ავტობუსს…ათოვდა ახალგაზრდას…

ავტორი: მაია კვესლი

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑