
თორაში წერია: ,, და იცოდე, გულთან მიიკერე, რომ უფალი, ის ბრძანდება ღმერთი ცაში და მის ზემოთ; დედამიწაზე და მის დაბლა და სხვა არავინ…”
ნუთუ შესაძლებელია აზრში იმის გავლება, რომ სხვა ღმერთი არსებობს?
წინასწარმეტყველი იეშაია გადმოგვცემს; ,,ასე თქვა უფალმა, ისრაელის მეუფემ და მისმა მხსნელმა, ლაშქართ უფალმა: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი…”
ზემოთ მოყვანილი ფასუკებიდან ჩვენთვის გასაგები ხდება გამჩენის სურვილი. – ჩვენი ვალია ვიცოდეთ გამჩენის ერთადერთობა. მისი ერთადერთობა შემდეგის მანიშნებელია: – საკმარისი არ არის მხოლოდ იმის აღიარება, რომ გამჩენი ერთადერთი ბრძანდება. ისე არ გავიგოთ, თითქოს გამჩენი თავისთვის არის და ჩვენ – ჩვენთვის. გონებაში ღრმად აღვიბეჭდოთ, რომ ვესწრაფოდეთ გამჩენთან სიახლოვეს; ყოველივეს მაარსებელი გამჩენია ახლაც და რომ არ არსებობს სხვა ღმერთი მის გარდა. ნურავის ექნება წარმოდგენა იმისა, რომ გაჩენილებს გამჩენის შემწეობის გარეშე შეუძლიათ არსებობა. ყოვლისშემძლე გამჩენი კვლავ დიდი სიყვარულითა და სურვილით აგრძელებს თავის მიერ შექმნილ სამყაროსა და მის ბინადრებზე მზრუნველობას და არავის და არაფერს ძალუძს მისი მეუფეობის შეზღუდვა.
ყოველი დაკვირვებული ადამიანი ადვილად მიხვდება და იგრძნობს, რამდენად ძლიერდება ჩვენს ირგვლივ უარყოფითი ძალების გავლენა. რამდენად მატულობს ტანჯვა და გაჭირვება. შეიძლება ვინმეს აღეძრას ეჭვი: – ვინაიდან ღმერთმა ძალები მისცა ცუდს, ის ცუდი ძალები გამჩენის განკარგულებებს აღარ მორჩილებენ. გაჭირვებას გაჭირვება ერთვის. აშკარად ვამჩნევთ როგორ იტანჯება წმინდანი, ბოროტი კი გამარჯვებას ზეიმობს.
ღმერთის ერთადერთობის რწმენაში შედის ის საკითხიც, რომ ნაკლოვანების არსებობაც გამჩენის სურვილს წარმოადგენდა. გამჩენის სურვილი იყო, რომ უარყოფითსაც ეარსება, რადგან ადამიანის ამქვეყნად მოვლინების მიზანს ნაკლოვანების გამოსწორება შეადგენს. ადამიანი ვალდებულია იღწვოდეს ქვეყნიერების სრულყოფისათვის. როცა სამყარო მიაღწევს სრულყოფას, ნათელი და თვალსაჩინო შეიქმნება ყოველივე, რაც კაცობრიობას ომით, პირადი ტანჯვით, ტრაგიკული შემთხვევებით, ბუნებრივი მოვლენებით თუ გავრცელებული ინფექციის მძვინვარებით გადახდა.
,, არ გყავდეს სხვა ღმერთები” – თორა მხოლობითში, თითოეულ ადამიანს ცალკე მოგვმართავს – არ გყავდეს – ღმერთებს კი მრავლობითში ახსენებს, თითქოს სხვა ღმერთებიც არსებობენ.
მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ თორას ეჭვი არ ეპარება ღმერთის ერთადერთობაზე. თორა ადამიანს აფრთხილებს, რათა არ შეცდეს, სხვა ძალის გავლენის ქვეშ არ მოექცეს და კერპად არ აქციოს, თაყვანი არ სცეს. უფლისაგან სხვა რაიმესადმი თაყვანი აეკრძალა ადამიანს. გამჩენის გარდა ყოველივეს, რასაც ადამიანი ემსახურება და ქედს მოიხრის მის წინაშე ,,უცხო ღმერთი – ელოჰიმ ახერიმ” ეწოდება. ელოჰიმ ახერში იგულისხმება; ფულისადმი, ქონებისადმი, სპორტული თამაშებისადმი, მომღერალისადმი, მსახიობისადმი ან სხვა მსგავს რაიმეთა მიმართ თაყვანი. ადრეულ პერიოდში ხალხი მზეს და მთვარეს აღმერთებდნენ, ეთაყვანებოდნენ კერპებს, რაც კაცობრიობის უდიდესი შეცდომა იყო. ამიტომ გვაძლევს თორა სასტიკ გაფრთხილებას – ,,არ გყავდეთ სხვა ღმერთები…”
დაე ყოვლისშემძლე გამჩენი დაგვეხმაროს, რომ მთელი გულითა და სულით ვიწამოთ და ვაღიაროთ, რომ არ არსებობს ქვეყანაზე არავითარი ძალა, რომელსაც შეუძლია რაიმე გვავნოს ანდა სიკეთე გაგვიკეთოს გამჩენის გარდა… რასაც აკეთებს ყოვლის ბატონ-პატრონი ყოვლისშემძლე გამჩენი სასიკეთოა და მის ნება-სურვილს მორჩილება… არავინაა მის გარდა…
დატოვე კომენტარი