
ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ადამიანი, რომლის სიბრძნეზეც ლეგენდები დადიოდა. ერთხელ, მეზობელ სახელმწიფოსთან ომის დროს ეს კაცი ტყვედ ჩავარდა. ჯარისკაცებმა ის მიჰგვარეს თავიანთ ხელმწიფეს, რომელიც თვითონაც სიბრძნით განთქმული მმართველი იყო. მან დაკვირვებით შეათვალიერა ტყვე და უთხრა: – ამბობენ, რომ ძალიან ჭკვიანი ხარ. გთავაზობ შემდეგ რამეს: სამ შეკითხვას დაგისვამ და თუ სამივეზე პასუხს გამცემ, თავისუფლებას მიიღებ, მაგრამ თუ სამი დღის განმავლობაში ვერ შეძლებ მათზე დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემას, მაშინ მონად გაქცევ. – გისმენთ თქვენო ბრწყინვალებავ. – მაშ ასე, აი კითხვები:
1. რომელია ყველაზე მთავარი დრო?
2. ვინ არის ყველაზე მთავარი ადამიანი?
3. რა არის ყველაზე მთავარი საქმე?
ახლა კი წადი. სამი დღის განმავლობაში შენ ჩემი სტუმარი იქნები.
წავიდა კაცი ჩაფიქრებული. ის ყოველ დილით გადიოდა სასახლის მიმდებარე ტყეში სასეირნოდ და ცდილობდა მოეფიქრებინა ისეთი პასუხები, რომლებიც თავისუფლებას მიანიჭებდა. მესამე დღეს დამწუხრებულს იმით, რომ ვერაფერი ღირებული ვერ მოიფიქრა, გზად შემოხვდა გოგონა, რომელიც ბატებს მწყევსავდა. მან შეამჩნია, რომ კაცი ძალზე დადარდიანებული იყო და ჰკითხა:
– რა მოხდა ძიაკაცო, რამით შემიძლია დაგეხმაროთ?
კაცი მოუყვა თავის ისტორიას. გოგონამ უპასუხა:
– ეს ხომ ადვილია. ყველაზე მთავარი დრო არის ახლა, იმიტომ, რომ წარსულმა უკვე ჩაიარა, ხოლო მომავალი ჯერ არ დამდგარა. ყველაზე მთავარი ადამიანი არის ის, ვინც ახლა იმყოფება ჩვენს გვერდით, რადგან ის ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს და ყველაზე მთავარი საქმე არის ის საქმე, რომელსაც ჩვენ ახლა გავაკეთებთ იმ ადამიანისთვის, ვინც ახლა ჩვენს გვერდითაა…
დატოვე კომენტარი