ხასიდუთი ყოველდღიურად (რწმენის ბაღი)

ამ ბუკლეტის მიზანია – ყოველდღიურად ადამიანებისთვის იმედის მიცემა, გ’ამჩენის რწმენაში გაძლიერება და ცოდნა იმისა, რომ ისინი გ’ამჩენისთვის ძალიან საყვარლები არიან!

კვირა დღის წასაკითხი

ყოველი ებრაელი, კაცი თუ ქალი – საყვარელია კურთხეული გამჩენისთვის. მისი სიყვარული თითოეული ებრაელის მიმართ, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მოხუცი მშობლების სიყვარული, სიბერეში შეძენილი ერთადერთი შვილის მიმართ.
(რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვი)


წარმოიდგინეთ ხანდაზმული მშობლები, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში უნაყოფობის შემდეგ შეეძინათ ერთადერთი შვილი. შესაძლებელია თუ არა წარმოვიდგინოთ მათი სიყვარულის სიდიდე მათი ერთადერთი შვილის მიმართ? სამყაროს შემოქმედს ამაზე ბევრად მეტად უყვარს თითოეული ჩვენგანი, ამიტომ მოდი, თითოეულს შესაბამისად მოვექცეთ და ნურცერთ ადამიანს ნუ გავაუფასურებთ გ’ამჩენის ,,თვალში“.

ლუბავიჩელი რებე ამბობდა: ,,სიკეთე არის ის, რაც ყველასათვის ერთნაირად კარგია.“ ჩემო მეგობარო, ცხოვრება სარკეა, როცა შენს პრაქტიკაში კეთილ საქმეებს მოამრავლებ, შენ კეთილ ადამიანად გადაიქცევი ახლობლების თვალში და ისინიც მოისურვებენ აკეთონ სიკეთე – გახსოვდეს, სიკეთე გადამდებია. მეგობრებო, მოდით ყოველ დღე დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა: ,,დღეს რამდენ ადამიანს დავეხმარე? და რამდენს გადავდე სიკეთის კეთების სურვილი?“

ორშაბათი დღის წასაკითხი

,,ადამიანის სული ჩამოდის ამქვეყნად და ცხოვრობს სამოცდაათი, ოთხმოცი წელიწადი, რათა ებრაელს ფიზიკურად და განსაკუთრებით სულიერად გაუკეთოს სიკეთე.“
(რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვი)


დიახ, გამოდის რომ ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი სხვა ებრაელის დახმარებაა. თუ ასეა, მოდით გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა სხვების დასახმარებლად!

,,თუ გჯერა, რომ შესაძლებელია გაფუჭება, გჯეროდეს, რომ შესაძლებელია – გამოსწორებაც.“
(ბრესლეველი რაბი ნახმანი)


თუკი გჯერა, რომ შეგიძლია შეცდე, გააფუჭო ყველაფერი, გჯეროდეს, რომ მონანიებისა და სურვილის შემთხვევაში, ასევე შეგიძლია გამოასწორო ყველაფერი. ადამიანების მიდრეკილება, მეტწილად არის ის, რომ დაინახონ ცხოვრებაში მეტი ნეგატივი და ნაკლები პოზიტივი, – რაბი ნახმანი გვასწავლის, რომ ყურადღება გავამახვილოთ პოზიტივზე, ამით ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და დავიწყებთ საკუთარი თავისა და სხვების გამხნევებას… შეხედულების შეცვლით, შევძლებთ ნეგატიური ენერგიიდან გამოვიდეთ, პოზიტიურად დავიმუხტოთ, დიდი სიხარული მოვიპოვოთ – და ჩვენს ირგვლივ საყვარელი ხალხიც პოზიტივით ავავსო

სამშაბათი დღის წასაკითხი

ალპინისტი სამი რამით უნდა იყოს უზრუნველყოფილი:
1) უნდა იყოს ენერგიული – ფიზიკურად ძლიერი… 2) უნდა იცოდეს გზა… 3) ისეთი სამოსი უნდა ეცვას, ხელს არ უშლიდეს…
იგივეა სულიერების მხრივაც;
1) სულიერი სიძლიერე და მოშიშეობა გვჭირდება გამჩენის სიყვარულში…
2) ცხოვრებისეული გზა თორით უნდა გვქონდეს გაკვალული…
3) მნიშვნელოვანია სულიერი სამოსი: – რას ვფიქრობთ, რას ვლაპარაკობთ და მიზანშეწონილია თუ არა ჩვენი მოქმედება…
ჩამოთვლილი სამი პირობიდან თუ რომელიმე გვაკლია, ვალდებულები ვართ საკუთარ საქციელს კონტროლი დავუწესოთ. დავუკვირდეთ, როგორები ვართ ადამიანებთან თუ საგნებთან დამოკიდებულებაში. ყოველივეს პატივი ვცეთ, რასაც თვალი ხედავს და ხელით ვეხებით…
(რაბი მილუბავიჩი)

თუ ხედავ რომ რაღაც არის გამოსასწორებელი და შენ შეგიძლია რომ გამოასწორო – მაშინ შენ იპოვე ნაწილი სამყაროსი, რომელიც გამჩენმა დაგიტოვა შენ რომ გამოასწორო, მაგრამ თუ შენ მარტო ცუდს და უარყოფითს ხედავ ამ სამყაროში, მაშინ შენ გჭირდება შენი თავის გამოსწორება.
ლუბავიჩელი რებე

ოთხშაბათი დღის წასაკითხი

„კარგია, ადამიანი მიეჩვიოს, რომ რაღაც მელოდიით შეძლოს საკუთარი თავის გამოცოცხლება, რადგან მელოდია დიდი და ძალიან მაღალი რამ არის“.
(რაბი ნახმანი)


რაბი ნახმანი გვასწავლის, რომ სიმღერას ძალიან დიდი ძალა აქვს. მას შეუძლია გამოგვაცოცხლოს და აღანთოს ადამიანის გული გამჩენის სამსახურში.

ძვირფასო შვილო! თუკი გსურს ცხოვრებაში წარმატების მიღწევა, მაშინ იცოდე, რომ ,,ახლა არის ამის დროს“! ნუ შეეცდები გადადო შემდეგი საათისთვის, შემდეგი დღისთვის, არამედ გახსოვდეს – ახლა, სწორედ ახლაა დრო იმისა, რომ შეცვალო ყველაფერი.

ლუბავიჩელი რაბი, მენახემ მენდელ შნეერსონი, თავისი სიმამრის – რაბი იოსეფ იცხაკ შნეერსონის სახელით წერს: ,,მაშიახის მობრძანების დროს, გამოჩნდება უბრალო ხალხის ღირსება, რაც თავმდაბალ შრომასა და ალალმართლობაში გამოიხატება ლოცვისა და თეჰილიმის დროს, მთელი გულით რომ ემსახურებიან გამჩენს.“

ხუთშაბათი დღის წასაკითხი

,,სადაც არის ადამიანის სურვილი, იქ იმყოფება თვითონაც.“
(რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვი)


სურვილს ძლიერი ძალა გააჩნია. თუნდაც უმაღლეს სულიერ საფეხურებს არ მიაღწიოთ, არ შეწყვიტოთ სურვილი; თუ ნამდვილად გინდა მიიღებ კიდეც.

,,არცერთი ებრაელი არ არის მარტო სამყაროში, ყველა ადგილას, სადაც არ უნდა წავიდეს იგი, გამჩენი მასთანაა…”
(რაბი ისრაელ ბაალ შემ ტოვი)

***
მოწყალების გაღება ნიშნავს, რომ თქვენ არიგებთ ფულს, ხართ კარგი! მაგრამ ვინ შთაგაგონათ, რომ ეს ფული თქვენია? სინამდვილეში იგი თქვენ მოგანდეს, რათა კეთილ საქმეებზე დახარჯოთ და გასცეთ მათზე, ვისაც უჭირს. შეიცვალეთ დამოკიდებულება, გადააფასეთ ღირებულებები. გააკეთეთ არა ის, რაც სასიამოვნოა და კარგია, არამედ ის, რაც სწორია. განათავსეთ ფული იქ, სადაც ის უნდა იყოს… აი ამას ვუწოდებთ ცედაკას…
რაბი მილუბავიჩი

პარასკევი დღის წასაკითხი

***
,,ცნობილია, რომ გათენების წინ, სიბნელე ძლიერდება. რადგან ჩვენი ცხოვრების პერიოდი რიჟრაჟს წააგავს, საჭიროა სიმხნევე მოვიკრიბოთ და ,,არ ჩაგვეძინოს”! ჭურჭელი ვიყოთ იმ დიდი სინათლით ასავსებად, უცბად გათენება რომ გამოსცემს. ამავე დროს, სხვასაც მივუთითოთ ამის შესახებ…“

***
,,თუ არაფერი გამოგდით, ნუ მიეცემით განსაცდელს… მიენდეთ უფალს…თქვენი შეცდომებით გამოწვეული წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი – მიენდეთ მას. გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება – შეინარჩუნეთ სიმშვიდე. დაინახავს რა თქვენს ნდობას, იგი უეჭველად გამოასწორებს ყველაფერს.” რაბი მილუბავიჩი

***
ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, როგორც ეს ღმერთმა ჩაიფიქრა მისი შექმნისას, არის ბედნიერება! შეხედეთ ბავშვებს და თქვენ ამაში დარწმუნდებით… რაბი მილუბავიჩი

შაბათი დღის წასაკითხი

გთხოვთ შაბათს არ ისარგებლოთ საიტიდან – ამობეჭდეთ წინასწარ ტექსტი

ყოველი ადამიანი მოვალეა, სულიერი ანგარიში გააკეთოს იმის შესახებ თუ დღემდე რა გააკეთა შველის მოსაახლოებლად და მაშიახის მოსაბრძანებლად. მაშიახ ციდკენუ მოუთმენლად ელის, რომ ისრაელის ერი ტანჯვისგან იხსნას. როდესაც ყოველი ჩვენთაგანი შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას – დაჩქარდება მაშიახის მობრძანება.
ხაბადის ადმორმა თაობის ყოველ წარმომადგენელს დაავალა ,,მანათობელი სანთელი“ იყოს – გარდა საკუთარი ოჯახის წევრებისა, თორის და მიცვის შუქით გზა გაუნათოს ყველას, ვინც მის ირგვლივ იმყოფება. გალუთის სიბნელე ამით გაბათილდება – რასაც მოჰყვება გეულის შუქი.
გვაქვს ამის სურვილი თუ არა, წინაპართა ადგილს ვიკავებთ. თაობიდან თაობას, გადაეცემა მოვალეობაც. წინაპრებმა გაგვიკვალეს გზა და ჩვენთვის ,,მცირე საქმე“ დარჩა სისრულეში მოსაყვანი.
ცნობილია ადმორ მილუბავიჩია – რაბი იოსეფ იცხაკის ნათქვამი: ,,ცოტა ხანში ისეთი დრო დადგება, თავში ხელებს წაიშენენ და თმებს დაიგლეჯენ, იმ ძვირფასი დროის დაკარგვისათვის, რომელიც ჰქონდათ და საჭიროების მიხედვით არ გამოიყენეს.“ ეს გამონათქვამი მაშიახის მობრძანების პერიოდს ეხება.
წიგნიდან ,,მაშიახის დღეები“

არიან ხალხი, რომლებიც ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებენ, მაგრამ ამას აკეთებენ დარდით, რადგან სამყაროს აღიქვამენ ცუდ ადგილად, აკეთებენ სიკეთეს, მაგრამ სინათლის, სიცოცხლის ძალის და ენთუზიაზმის გარეშე. ვინ იცის ეს რამდენ ხანს გასტანს?!
ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ სამყარო, რომელიც გარს გვარტყავს არ არის ბნელი ტყე, არამედ არის ბაღი და უბრალო ბაღი, ისეთი ბაღი, რომელიც ანიჭებს სიხარულს თავად გამჩენს. სავსე სილამაზით, საოცარი ნაყოფებით და არომატებით, ადგილია სადაც გამჩენს სურს იყოს მთელი თავისი არსით – ჩვენ უბრალოდ უნდა გავაღწიოთ ეკლებს იქით, რომ დავინახოთ ნაყოფი..

,,იფიქრეთ კარგზე – იქნება კარგი“ ,,ყველაფერი რაც ხდება, მოდის მისგან (ყოვლისშემძლესგან) ის კი მხოლოდ სიკეთეა, მაგრამ თუ თქვენ და თქვენი სამყარო არარის მზად მიიღოს ეს სიკეთე, მაშინ მიიღებთ ბოროტებას.. იმუშავეთ იმაზე, რომ დაინახოთ სიკეთე, იფიქრეთ პოზიტივზე და სიკეთე გაიხსნება თქვენთვის…”
რაბი მილუბავიჩი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑