
ძვირფასო ისრაელო, უდიდესი სეგულაა კარგი, დალოცვილი და ბედნიერი ,,ფარნასისათვის“ რომელსაც წმინდანი ხახმები ბრძანებენ იერუშალაიმის თალმუდში: ,,ყოველი ვინც ყოველდღე წაიკითხავს, ფარაშათ ჰამანს არ გამოაკლდება ფარნასა…“
იყოს ნება შენი უფალო, ღმერთო ჩვენო და ჩვენი მამების ღმერთო, რომ გამოგვიგზავნო საზრდო (ფარნასა) მთელს შენს ისრაელ ერს, და ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საზრდო: მშვიდობით და არა მწუხარებით, პატივით და არა დამცირებით, ნებადართული და არა აკრძალვით, რათა შევძლოთ გემსახუროთ და ვისწავლოთ შენი თორა, როგორც შენ ასაზრდოვებდი მანათი, ჩვენს წინაპრებს უდაბნოში, იასა და არაბას მიწაზე:
და უთხრა უფალმა მოშეს: აი, მე ვაწვიმებ თქვენთვის პურს ზეციდან და გამოვიდეს ხალხი და აკრიფოს ყოველდღიურად, რათა გამოვცადოთ, ივლიან ჩემი მოძღვრების მიხედვით თუ არა; და იქნება პარასკევს, როცა მოამზადებენ იმას, რასაც მოიტანენ, აღმოჩნდება იმაზე ორჯერ მეტი, რასაც ყოველდღე კრეფენ; და უთხრეს მოშემ და აჰარონმა ისრაელის შვილებს – ყველას: მოსაღამოვდება და შეიტყობთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის მიწიდან, ხოლო დილით იხილავთ უფლის დიდებას, ვინაიდან ისმინა თქვენი დრტვინვა უფლის მიმართ, ჩვენ კი რანი ვართ, რომ ჩვენზე დრტვინავთ? და თქვა მოშემ: მოგცემთ უფალი საღამოთი ხორცს საჭმელად და დილით პურს მაძღრისად, ვინაიდან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, მის მიმართ, რომ ატეხეთ, ჩვენ კი რანი ვართ? ჩვენზე კი არ არის თქვენი დრტვინვა, არამედ უფალზე; და უთხრა მოშემ აჰარონს: უთხარი ისრაელის შვილთა მთელს თემს: წარსდექით უფლის წინაშე რამეთუ მოისმინა თქვენი დრტვინვა; და იყო, როცა აჰარონი ელაპარაკებოდა ისრაელის შვილთა მთელს თემს, ისინი შებრუნდნენ უდაბნოსკენ და აი, დიდება უფლისა გამოჩნდა ღრუბელში;
და ელაპარაკა უფალი მოშეს ასე; ვისმინე ისრაელის შვილთა დრტვინვა, ელაპარაკე მათ ასე: მწუხრის ჟამს ჭამთ ხორცს, ხოლო დილით გაძღებით პურით და შეიტყობთ, რომ მე ვარ თქვენი უფალი ღმერთი; და მოხდა, საღამოს მოფრინდნენ მწყერები და დაფარეს ბანაკი; დილით კი გამოჩნდა ნამის შრე ბანაკის ირგვლივ; როგორც კი აიღო ნამის შრე, აი უდაბნოს ზედაპირზეა რაღაც წვრილი, ხორკლიანი, თრთვილივით წვრილი – დედამიწაზე; დაინახეს ისრაელის შვილებმა და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: რა არის ეს? რამეთუ არ იცოდნენ, რა იყო ეს. და უთხრა მათ მოშემ: ეს არის პური, რომელიც მოგცათ უფალმა საჭმელად; აი, რა დაგავალათ უფალმა: აკრიფეთ იგი თითოეულმა იმდენი, ვინც რამდენს შეჭამს: თითო სულზე აიღეთ ომერი (დაახლოებით 4კგ), თქვენი სულადობის მიხედვით, რამდენიც კარავშია; და ასე მოიქცნენ ისრაელის შვილები და კრეფდნენ ზოგი მეტს, ზოგი ნაკლებს; და წყავდნენ ომერით და არ ემატებოდა მეტის ამკრეფს და არ აკლდებოდა ნაკლების ამკრეფს, თითოეული იმდენს კრეფდა, რამდენიც სჭირდებოდა საჭმელად; და უთხრა მოშემ მათ: არავინ არ მოინარჩუნოს აქედან დილამდის; და არ მოუსმინეს მოშეს და მოინარჩუნეს ზოგიერთებმა იგი დილამდის. და გაუჩნდა მატლი და აყროლდა. და განრისხდა მოშე მათზე; და კრეფდნენ ისინი ყოველ დილით, ვინც რამდენს შეჭამდა, ხოლო როცა მზე დააცხუნებდა, დნებოდა; და იყო, პარასკევს აკრიფეს პური ორმაგად, თითოეულზე ორი ომერი. და მოვიდნენ მთელი თემის მთავრები და აუწყეს მოშეს; და უთხრა მათ: აი, რა თქვა უფალმა: ხვალ არის დასვენება, წმიდა შაბათი უფლისათვის, რაც გამოსაცხობი გაქვთ, გამოაცხეთ და რაც მოსახარში გაქვთ, მოხარშეთ, ხოლო რაც მოგრჩებათ, შესანახად გადადეთ დილამდის; და გადადეს იგი შესანახად დილამდის, როგორც დაავალა მოშემ და არ აყროლებულა და არც მატლი ჰქონდა; და უთხრა მოშემ: ჭამეთ ეს დღეს, რამეთუ შაბათია ეს დღე უფლისათვის, დღეს ვერ იპოვით მას მინდორში; ექვს დღეს აკრიფეთ, ხოლო მეშვიდე დღეს შაბათია, არ იქნება მაშინ: და აი, მეშვიდე დღეს გავიდა ხალხიდან ზოგ-ზოგი ასაკრეფად, მაგრამ ვერ ჰპოვეს;
და უთხრა უფალმა მოშეს: ვიდრემდის იტყვით უარს ჩემი მცნებებისა და კანონების შესრულებაზე? ნახეთ, რომ უფალმა მოგცათ შაბათი და ამიტომ ის გაძლევთ პარასკევობით ორი დღის პურს, იჯდეს თითოეული თავისთვის, არავინ გამოვიდეს თავისი ადგილიდან მეშვიდე დღეს; და დაისვენა ხალხმა მეშვიდე დღეს; და უწოდა ისრაელის სახლეულმა მას სახელად მანა, ხოლო ის კორეანდრის თესლივით თეთრია და თაფლის კვერის გემო აქვს; და თქვა მოშემ: აი, რა ბრძანა უფალმა: აივსოს მისგან ომერი თქვენი თაობებისათვის შესანახად, რათა ნახონ პური, რომელსაც მე გაჭმევდით უდაბნოში, როცა გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან; და უთხრა მოშემ აჰარონს: აიღე ერთი ქილა და მოათავსე შიგ სრული ომერი მანა და დადგი იგი უფლის წინაშე თქვენი თაობებისათვის შესანახად; როგორც უფალმა უბრძანა მოშეს, დადგა იგი აჰარონმა აღთქმის კიდობნის წინ შესანახად; და ისრაელის შვილებმა ჭამეს მანა ორმოც წელიწადს, ვიდრე მივიდოდნენ დასახლებულ მიწაზე, მანას ჭამდნენ, ვიდრე მივიდოდნენ ქენაანის ქვეყნის საზღვართან; ხოლო ომერი ეფის (დაახლოებით 40კგ) მეათედი ნაწილია;
წყარო: ქართული თარგმანი აღებულია
თორის ხუთწიგნეულიდან
მთარგმნელები:
აბრამ მამისთვალოვი
თამარ მამისთვალოვ-კეზერაშვილი
გერშონ ბენ ორენი (წიწუაშვილი)
,,გამომცემლობა შუქურა“