
მიშნა ყოველდღიურად
ძვირფასო ისრაელო, ძალიან კარგია ყოველდღიურად ზეპირი თორის ,,მიშნა“-ს სწავლა, რომელიც ასუფთავებს, ამაღლებს, კარგი ენერგით განაწყობს და იცავს სულს, რადგან მიშნა משנה, იგივე ასოებია, რაც სული נשמה. ბრძენები გვასწავლიან, რომ ასევე ძალიან კარგია მიშნას სწავლაგარდაცვლილი ნეშამის მოსამაღლებლად.
კვირა დღის წასაკითხი
,,(ჰილელი)ის ამბობდა: თუ მე არ ვიქნები ჩემთვის, ვინ იქნება ჩემთვის? და თუ მე მარტო ჩემთვის ვიქნები, რა ვყოფილვარ მე? და თუ არა ახლა, მაშ როდის?“
,,შამაი ამბობს: მუდმივი იყოს შენთვის თორის სწავლა; ცოტა ილაპარაკე და ბევრი გააკეთე, და ყოველი ადამიანი მიიღე მხიარული სახით.“
,,შიმონ ჰაცადიკი იყო დიდი საკრებულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი. ის ამბობდა: სამ საგანზეა დამყარებული ქვეყნიერების არსებობა: თორაზე, მსახურებასა (ლოცვაზე) და სიკეთის კეთებაზე“
,,რაბი იააკოვი ამბობს: წუთისოფელი წააგავს დერეფანს მომავლის სამყაროს შესასვლელთან; გაემზადე დერეფანში, რათა მერე დარბაზში შეხვიდე…’’
ორშაბათი დღის წასაკითხი
,,რაბი (იეჰუდა ჰანასი) ამბობს: რომელია სწორი გზა, რომელზეც ადამიანი გაივლის? ის, რომელიც ჩინებულია შემსრულებლისათვის და სხვებსაც მოხიბლავს. და იყავ ფრთხილი იოლი მცნების მიმართ, როგორც რთულის მიმართ, რამეთუ შენ არ იცი, რა იქნება მცნებათა საზღაური. შეადარე მცნების დანაკლისი მის ქირას და დანაშაულის ქირა მის ზიანს. დაუკვირდი სამ საგანს და ცოდვას თავიდან აიცილებ. იცოდე, რა არის შენს მაღლა: ყოვლის მხედველი თვალი, ყოვლის მსმენელი ყური, ხოლო შენი საქმეები,
წიგნში იწერება….”
,,(რაბან გამლიელი, რაბი იეჰუდა ჰანასის შვილი)
ის ამბობდა: შეასრულე გამჩენის სურვილი, ვითარცა შენი, რათა მან შეასრულოს შენი სურვილი საკუთარი სურვილისამებრს. დათმე შენი სურვილი მისი სურვილის გულისათვის, რათა მან გააუქმოს სხვების სურვილი, შენი სურვილის სასარგებლოდ…
ჰილელი ამბობს: ,,არ გამოეყო ხალხს და ნუ იქნები შენს თავს დარწმუნებული სიკვდილის დღემდე; და არ განსაჯო შენი ამხანაგი, ვიდრე მის ადგილზე არ აღმოჩნდები… ნუ იტყვი ისეთ სიტყვას, რომლის მოსმენაც არ შეიძლება, იმის იმედით, რომ ბოლოს მაინც მოგისმენენ… და ნუ იტყვი: როცა მოვიცლი, მაშინ ვისწავლი თორას – ვაითუ ვეღარ მოიცალო?!…“
სამშაბათი დღის წასაკითხი
,,რაბან იოხანან ბენ ზაქაი ჰილელისა და შამაის მიმდევარი იყო. ის ამბობდა: თუ ბევრ თორას შეისწავლი, თავი არ დაიფასო, რამეთუ ამისთვის ხარ გაჩენილი. ხუთი მოსწავლე ჰყავდა რაბან იოხანან ბენ ზაქაის. უთხრა მათ: გამოდით და ნახეთ, რომელი გზაა სწორი, რომ მას დაეყრდნოს ადამიანი.
რაბი ელიეზერი ამბობს: კარგი თვალი. რაბი იეჰოშუა ამბობს: კარგი ამხანაგი. რაბი იოსი ამბობს: კარგი მეზობელი. რაბი შიმონი ამბობს: მომავლის განმჭვრეტი. რაბი ელაზარი (ბენ ყარახი) ამბობს: კეთილი გული.
უთხრა მათ: მე ვარჩევ ელაზარ ბენ ყარახის ნათქვამს, რამეთუ თქვენს ნათქვამს შეიცავს მისი ნათქვამი…
უთხრა მათ: გამოდით და ნახეთ, რომელი გზა არის ცუდი, რომ მას აერიდოს ადამიანი.
რაბი ელიეზერი ამბობს: ცუდი თვალი. რაბი იეჰოშუა ამბობს: ცუდი ამხანაგი. რაბი იოსი ამბობს: ცუდი მეზობელი. რაბი შიმონი ამბობს: ის, ვინც ისესხებს და არ გადაიხდის – ადამიანისაგან მსესხებელს, თითქოს ღმერთისგან უსესხია. როგორც ნათქვამია: ,,ისესხებს ბოროტი და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.“ რაბი ელაზარი (ბენ ყარახი) ამბობს: ბოროტი გული.
უთხრა მათ: მე ვარჩევ ელაზარ ბენ ყარახის ნათქვამს, რამეთუ თქვენს ნათქვამს შეიცავს მისი ნათქვამი.“
,,ყაკავია ბენ მაჰალალელი ამბობს: ჩაუკვირდი სამ საკითხს და შენ თავიდან აიცილებ ცოდვას:
იცოდე, საიდან მოსულხარ, სად წახვალ და ვის უნდა ჩააბარო ანგარიში… საიდან მოსულხარ? – მყრალი წვეთისგან… სად წახვალ? – იმ ადგილას, სადაც მტვერი და ჭია – მატლია… და ვის ჩააბარებ ანგარიშს? – მეფეთა მეფეს, უწმინდესი და კურთხეულ არს იგი…“
ოთხშაბათი დღის წასაკითხი
,,რაბი იეჰოშუა ამბობს: ავი თვალი, ბოროტი საწყისი (იეცერ არაყი) და ხალხის სიძულვილი, ადამიანს სიცოცხლეს მოუსწრაფებს.“
,,რაბი იოსი ამბობს: გაუფრთხილდი შენი ამხანაგის ქონებას, როგორც შენს საკუთარს და სრულყავი შენი თავი თორის ცოდნაში, რამეთუ მემკვიდრეობით არ გადმოვა შენზე; და მთელი შენი საქმიანობა იყოს ღმერთის სახელზე.“
,,რაბი იშმაელი ამბობს: იყავი დამთმობი უფროსთან, თავაზიანი ახალგაზრდობასთან და ყოველი ადამიანი მიიღე სიხარულით.“
ხუთშაბათი დღის წასაკითხი
რაბი ყაკიბა ამბობს: ხუმრობა და ქარაფშუტობა უზნეობას მიაჩვევს ადამიანს. ტრადიცია თორის ზღუდეა. მეათედის გამოყოფა შემოსავლიდან – სიმდიდრის ზღუდეა, აღთქმა – განშორების საზღვარია, სიჩუმე სიბრძნის ზღუდეა…
,,რაბი ელაზარ ბენ ყაზარია ამბობს: თუ თორა არ არის, არ არსებობს ზნეობა. თუ ზნეობა არ არის, არც თორაა.
თუ სიბრძნე არ არის, არც ღვთისმოშიშეობაა;
თუ ღვთისმოშიშეობა არ არის, არც სიბრძნე იქნება.
თუ ჭკუა არ არის, ცოდნაც არ იქნება; თუ ცოდნა არ არის,
არც ჭკუაა. თუ პური არ არის, თორაც არ იქნება;
თუ თორა არ არის, არც პურია…“
,,ბენ ზომა ამბობს: ბრძენი ვინ არის? – ვინც ყოველი ადამიანისაგან სწავლობს. როგორც ნათქვამია: ,, ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რამეთუ შენი
მცნებანი სასაუბროა ჩემი…“
ვინ არის გმირი? ვისაც ძალუძს თავის ვნებათა შეკავება. როგორც ნათქვამია: ,,რისხვის ამლაგავი გმირზე ძლიერი და საკუთარი სულის ბატონი – ქალაქის დამპყრობელზე.“
ვინ არის მდიდარი? ვინც კმაყოფილია თავისი ხვედრით. როგორც ნათქვამია: ,,შენი მაჯის ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ – ამქვეყნად და სიკეთე შენ – მომავლის სამყაროში.
ვინ არის პატივცემული? ვინც ადამიანებს აფასებს. როგორც ნათქვამია: ,, რამეთუ დამფასებლებს დავაფასებ და ჩემი გამქირდავები დაქვეითდებიან.“
პარასკევი დღის წასაკითხი
,,ბენ აზაი ამბობს: იყავ სწრაფი მსუბუქი მცნებების შესასრულებლად, ისევე, როგორც რთულისა და გაერიდე ცოდვას; ვინაიდან მცნებას მცნება მოჰყვება და ცოდვას მოჰყვება ცოდვა. მცნების ქირა მცნებაა, ხოლო ცოდვის ქირაა ცოდვა.“
,,(ბენ აზაი) ის ამბობდა: ,,ნუ დასცინებ ნურავის და ნურაფერს ნუ გააზვიადებ, ვინაიდან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავისი დრო არ ჰქონდეს და არ არის ნივთი, რომელსაც არ გააჩნდეს თავისი ადგილი.“
,,რაბი ელიეზერი, იააკოვის შვილი, ამბობს: ერთი მცნების შემსრულებელი იძენს ერთ დამცველს, ხოლო ერთი ცოდვის ჩამდენი იძენს ერთ მბრალდებელს. მონანიება და კეთილი საქმეები ფარია გაჭირვებისას.“
შაბათ დღის წასაკითხი
გთხოვთ შაბათ დღეს ნუ ისარგებლებთ საიტიდან!
(რაბი ელიეზერ ჰაკაფარი) ,,ის ამბობდა: დაბადებულები დაიხოცებიან, მკვდები გაცოცხლდებიამ, ხოლო ცოცხლებმა უნდა განსაჯონ, იცოდნენ, განმარტონ და აცნობონ, რომ ის არის ღმერთი, ის არის წარმომქმნელი, ის არის გამჩენი, ის არის გამგები, ის არის მოსამართლე, ის არის მოწმე, ის არის პასუხის მომთხოვნი და მან უნდა გაასამართლოს მომავალში. კურთხეულ არს იგი, რამეთუ არ არსებობს მის წინაშე არც უსამართლობა, არც დავიწყება, არც პირფერობა და არც ქრთამის აღება, რამეთუ ყველაფერი მისია. და იცოდე, რომ ყველაფერი გაანგარიშებულია და ნუ იმედოვნებ, რომ სამარე დასასვენებელი ადგილია. რამეთუ შენი სურვილით არ ჩასულხარ, შენი სურვილით არ დაბადებულხარ, შენი სურვილით არ ცოცხლობ, შენი სურვლის საწინააღმდეგოდ მოკვდები და შენი სურვილის გაუთვალისწინებლად ჩააბარებ ანგარიშს მეფეთა მეფის, უწმინდესის წინაშე, კურთხეულ არს იგი.“
,,რაბი მეირი ამბობს: ვინც თორას ჭირნახულობს მის სახელზე, ბევრი რამის ღირსი გახდება; არა მარტო ეს, არამედ მთელი ქვეყნიერება მისთვის არის შექმნილი – მას ჰქვია ღმერთის მეგობარი, საყვარელი და მოყვარული, ადამიანთა გამამხიარულებელი; შეიმოსება თავმდაბლობით და მოშიშებით, გამოიწრთობა წმინდანად, ღვთისმოშიშად, პირდაპირად და ერთგულად. განერიდება ცოდვას და დაუახლოვდება მადლს. სასიამოვნო იქნება მისი დარიგება და სიბრძნე, გონიერება და გამბედაობა. როგორც ნათქვამია: ,,ჩემია რჩევა – დარიგება და სიბრძნე, მე ვარ გონიერება და ჩემია ძალა.“ მიეცემა მას ძალაუფლება და სამართლის გამოძიება. გაანდობენ მას თორის საიდუმლოებას და გადაიქცევა მძლავრ წყაროდ და მდინარედ, რომელსაც ვერაფერი ვერ შეაკავებს. მაშ, იყავ მორიდებული და სულგრძელი და აპატიე წყენინება. და ის (თორა) არის განმადიდებელი და მომმაღლებელი ყოველ არსზე.“
თქვა რაბი იოსე ბენ კისმამ: ერთხელ გზად მივდიოდი და შემომხვდა ერთი კაცი, მომცა სალამი და დავუბრუნე სალამი. მითხრა: რაბი, სადაური ხარ? ვუპასუხე: მწერლებისა და ბრძენების დიდი ქალაქიდან გახლავარ. მან მითხრა: რაბი, თუ შენ ისურვებ, რომ იცხოვრო ჩვენს მხარეში, მე მოგცემ ათასჯერ ათას ოქროს დინარს, ძვირფასს თვლებსა და მარგალიტებს. ვუთხარი მას: შვილო! მთელი ქვეყნიერების ოქრო – ვერცხლი, ძვირფასი თვლები და მარგალიტები რომ მომცე, არ ვიცხოვრებ ისეთ ადგილას, სადაც თორა არ არის; ვინაიდან სიკვდილის ჟამს თან არ წაჰყვება ადამიანს არც ოქრო – ვერცხლი, არც ძვირფასი თვლები და მარგალიტები, არამედ მხოლოდ თორა და კეთილი საქმეები. როგორც ნათქვამია: ,,რომ წახვალ, წინ წაგიძღვება და რომ დაწვები, ის დაგიცავს, ხოლო როცა გამოიღვიძებ, ის გესაუბრება.“ რომ წახვალ, წინ წაგიძღვება – ამქვეყნად; რომ დაწვები, ის დაგიცავს – საფლავში; როცა გამოიღვიძებ, ის გესაუბრება – მომავლის სამყაროში. და ასე დაწერა თეჰილიმში ისრაელის მეფემ – დავიდმა: ,,უმჯობესია ჩემთვის თორა შენი პირისა, ვიდრე ათასობით ოქრო და ვერცხლი.“ და კიდევ: ,,ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო.“ – ამბობს უფალი სპათა.