ლაშონ ჰარას ჰალახები ყოველდღიურად

ალახების სწავლა ყოველდღიურად ეხმარება
 ავადმყოფებს გამოჯანმრთელებაში, დასასახლებლებს – ბედის გახსნაში, ნაკლები შემოსავლის მქონეთ – მდგომარეობის გაუმჯობესებაში და ა.შ.
დღემდე ვინც აიღო თავზე დღეში ორი ალახის შესწავლის ვალდებულება, მოწმენი შეიქმნენ სასწაულისა.
რაბი ხაიმ კანევსკის ჰკითხეს: რა არის მიზეზი ამდენი უბედურებისა? რაბმა გახსნა გმარა და მიიღო პასუხი – ,,ნივულ ფე“ (ენის წაბილწვა).
ჰკითხეს: რითი შეიძლება გამოსწორება? – უპასუხა წმინდანმა: – ენის დაცვით!!!
რაბანით კანევსკი

კვირა დღის წასაკითხი

ხალხში ჭორი არ გაავრცელო. (ვაიკრა-19;16)


  ჭორის მოყვარულივაჭართან არის შედარებული. ვაჭარი ერთი ადგილიდან მეორეზე მიდის და საქონლით ვაჭრობს.

  ვაჭრის მსგავსად ჭორის მოყვარულიც ოჯახიდან ოჯახში მიდის და ერთი ოჯახისას მეორე ადგილზე იტყვის, მეორისას სხვაგან და ავრცელებს ამბებს. სხვისი გაკილვა და ჭორი აკრძალულია, სიმართლეც რომ იყოს.

დაარიგე, რათა მისი ცოდვა არ ზიდო.  (ვაიკრა-19;17)

  დარიგებისას ფრთხილი მიდგომაა საჭირო, სიყვარულით, მოფერებით უნდა დაარიგო, რათა სირცხვილი არ იგრძნოს. არავინ დაარიგო სხვათა თანდასწრებით, რადგან ადამიანის სახალხოდ შერცხვენა დიდი ცოდვაა. ,,ვინც მოყვასს სახალხოდ არცხვენს, წილი არა აქვს მომავალ სამყაროში.“

დარიგებით დაარიგე მოყვასი შენი. (ვაიკრა-19;17)

  როცამეგობარი, შენთან სხვაზე ცუდის ლაპარაკს იწყებს, არ მისცე საშუალება, რომ ბოლომდე მოყვეს, შეაწყვეტინე, გაუწყერი, გააჩერე და დაარიგე.
  თითოეული გამკილავი სიტყვა ცოდვაა, ჩვენი ვალია, რომ მეგობარი ცოდვის ჩადენისაგან გადავარჩინოთ!

ორშაბათი დღის წასაკითხი

არ გაავრცელო ჭორი, არ გაუწოდო ხელი უკეთურს, არ გახდე ბოროტგანმზრახველის ცრუ მოწმე. (შემოთ-23;1)


  არ შეჩერდე, შენი მოსმენით ხელი არ შეუწყო ლაშონ ჰარას ლაპარაკს, არ დაინტერესდე სხვისი ამბით, სიმართლეც
რომ იყოს.

ბრმას ფეხწამოსაკრავს ნუ დაუდებ (ვაიკრა-19;14)

  ნუ ჩაჭრი, ნუ შეაცდენ სხვას. – ავენიანი გარდა იმისა, რომ თვითონ ცდება, სხვასაც აცდენს – ასმენინებს; მსმენელი კი მოლაპარაკეს საშუალებას აძლევს სხვაზე ცუდი თქვას.გამოდის, რომ მთქმელი და მსმენელი გარდა იმისა, რომ თვითონ ცდებიან, ერთმანეთსაც აცდენენ.


გაფრთხილდი, ვაითუ დაგავიწყდეს უფალი, ღმერთი შენი! (დებარიმ-8;11)


        ეს გაფრთხილება თავმაღალ, ამაყ ადამიანს ეკუთვნის, ზოგიერთს, როცა უპირატესობის გრძნობა ეუფლება; სიმდიდრის, სილამაზის ან ცოდნის გამო, სხვათა დაცინვა უყვარს, ასეთი ადამიანი თუ საკუთარ ნაკლს დაუკვირდება, სხვას აბუჩად ვეღარ აიგდებს. სიამაყე ,,ავოდა-ზარასთან“ – კერპთმსახურებასთან არის შედარებული. ვინც სხვას დასცინის და თავს სხვისი დაჩაგვრით იდიდებს, წილი არა აქვს მომავალ სამყაროში,
,,თიხიათ ჰამეთიმ“-ის (მიცვალებულთა გაცოცხლების)
დროს ვერ ადგება.

სამშაბათი დღის წასაკითხი

არ შეიძულო შენი ძმა შენს გულში (ვაიკრა-19;17)

  ადამიანი, როცა მოყვასს პირში უცინის, გულში კი სძულს, ვალდებულებას არღვევს, რადგან აკრძალულია მოყვასის სიძულვილი. თუ სძულს და არ მალავს, ესეც აკრძალულია, რადგან გვავალია: – გიყვარდეს მოყვასი, როგორც შენი თავი.

გიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით. (ვაიკრა-19;18)

  თორა გვავალებს: გავუფრთხილდეთ მოყვასის ქონებას და ღირსებას ისევე, ვით საკუთარ თავს. ადამიანი თუ სხვისაგან მეგობრის ძაგებას ისმენს, ან თვით ლაპარაკობს ცუდს, ვერ ასრულებს მიცვას – ,,გიყვარდეს საკუთარი თავივით’’.

თითოეულმა ადამიანმა იცის თავის ნაკლოვანი მხარე და სურს, რომ სხვამ არ იცოდეს. თუ მეგობარმა გაიგო მისი ნაკლი და იმას ფიქრობს, რომ გინდაც თქვას, სხვები არ დაიჯერებენ, დანაშაულს სჩადის. ყველა ადამიანი ვალდებულია ისე მოექცეს მოყვასს, რომ არ გადაუხვიოს მიცვას – ,,ვეაჰავთა ლერეახა ქამოხა“ (გიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით).   ადამიანს მხოლოდ იმის თქმის უფლება აქვს, რაზეც თანახმა იქნება, რომ მასზეც ილაპარაკონ.

ოთხშაბათი დღის წასაკითხი

შური არ იძიო, ღვარძლიანი არ იყო შენი ხალხის მიმართ (ვაიკრა-19;18).

 თუ ადამიანმა ცუდი გაგიკეთა, გულში არ ჩაიდო, არც ცუდი ილაპარაკო მასზე, რადგან ორ ცოდვას – გულში შურის ჩადებას და ავენიანობის დანაშაულს ჩაიდენ. თორა გვავალებს: ,,ყოველივე დავივიწყოთ და გულში სხვისი შური არ ჩავიდოთ’’. ამის ასახსნელად ასეთი იგავი დაგვიწერეს;გაბრიელს უდაბნოში გზა აებნა. უწყლობით გული უწუხდა. უცებ თავისკენ მომავალი აქლემზე მჯდომი კაცი შენიშნა. გაბრიელმა ძალა მოიკრიბა, მიხოხდა და წყალი სთხოვა. კაცმა ყური არ ათხოვა და გზა განაგრძო. მოხდა სასწაული, გაბრიელი გადარჩა, თავის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდა და ძალზე გამდიდრდა. ერთ დღეს მასთან ფულის სასესხებლად ის კაცი მივიდა, ვინც უდაბნოში წყალი არ მისცა, სასკვდილოდ გაიმეტა. თორა გაბრიელს ავალებს, რომ ფული ასესხოს. ძნელი გამოცდაა, მაგრამ ორ მიცვას შეასრულებს – ხელს გაუმართავს სხვას და ცუდს არ გაიხსენებს.

მას (უფალს) მიეკარი. (დებარიმ-10;20)

ეს მიცვა გვავალებს, რომ დავუახლოვდეთ თორას და თალმიდ-ხახმებს, მათგან ვისწავლოთ. ვინც თორას და თალმიდ-ხახმებს სცილდება, ლაშონ ჰარას მოლაპარაკე ხალხს უახლოვდება, შეცდომებს უშვებს და აღნიშნული მიცვიდან უხვევს.


ხუთშაბათი დღის წასაკითხი

ჩემი ტაძრისა მოიშიშეთ. (ვაიკრა-19;30)


  სალოცავში ყოფნისას, ადამიანს მორიდება მართებს.
იქ შეხინა სუფევს. სალოცავში მოლაპარაკე ადამიანი, მითუმეტეს თუ ლაშონ ჰარას ლაპარაკობს, შეხინას ბღალავს; მეფეთა-მეფის – გამჩენის საწინააღმდეგო საქციელს სჩადის. წარწერა გვაფრთხილებს: ,,თუ სალოცავში სალაპარაკოდ მოხვედი, სალოცავად სადღა წახვალ?“. ვინც მეფის სასახლეში მეფის სურვილის საწინააღმდეგო მოქმედებას სჩადის, ზემოაღნიშნულ მიცვას არღვევს.

,,ეთ ჰაშემ ელოკეხა თირა“ (დებარიმ-10;20)

  გამჩენის წინაშე მორიდება თითოეული ჩვენთაგანის ვალია. საჭიროა გვახსოვდეს და ვგრძნობდეთ, რომ უზენაესი ყურადღებას აქცევს თითოეულის მოქმედებას და გასამრჯელოს ყველას თავისი ნამოქმედარის მიხედვით უხდის. ვინც ენას არ უფრთხილდება, იჭრება, აღნიშნულ მიცვას უხვევს და ეთვლება, რომ გამჩენის წინაშე, მორიდება არ გააჩნია. ვინც უფლის საწინააღმდეგოს წარმოსთქვამს, დიდ დანაშაულს სჩადის.

პატივი ეცი მამას და დედას! (შემოთ-20;12)

 თორიდან დავალებული გვაქვს მშობლების პატივისცემა. თუ ადამიანი მშობლებს აძაგებს, ცოდვას სჩადის. არ შეიძლება მშობლის ცუდად მოხსენიება. ეს ეხება უფროს ძმასაც.

პარასკევი დღის წასაკითხი

,,ვეკიდაშთო“ – პატივი ეცით!(ვაიკრა-21;8)

  ფასუკი ,,ვეკიდაშთო“ მიგვითითებს, რომ ქოჰენების მიმართ პატივისცემა გვმართებს, არ შეიძლება ქოჰენების შეურაცხყოფა. ასევე გვეკრძალება მათ შესახებ ლაშონ ჰარას ლაპარაკი პირისპირ ან ზურგსუკან.

სიცრუეს ერიდე! (შემოთ-23;7)

 ავენიანი ადამიანი ლაპარაკის დროს ზოგჯერ ბევრს ცრუობს; ყოველი ტყუილი გამონათქვამი ლაშონ ჰარაზე მძიმეა და ცოდვებს იმრავლებს. სხვა ადამიანზე ცუდი სახელის გავრცელება უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე ლაშონ ჰარა და ჭორი.

იარე მისი გზით! (დებარიმ-28;9)

  გამჩენის გზით სიარული და მასზე მიბაძვა დიდი მიცვაა. რაბებმა დაგვიდგინეს: ,,იყავი ისეთივე შემბრალე, როგორიც უფალია. იგი მოწყალეა და შენც შეიწყალე!..“ გამჩენს უყვარს კარგისმთქმელი და სძულს ლაშონ ჰარას მოლაპარაკე.

  ისრაელის ერმა როდესაც ქ.იერიხო დაიპყრო, შაბათი დღე იყო. იეჰოშუა ბინ-ნუნმა ხალხს აუკრძალა ნადავლიდან რამე აეღოთ. მომდევნო ბრძოლაში ისინი დამარცხდნენ. უზენაესმა იეჰოშუას გაანდო: ,,იმიტომ დამარცხდით, რომ ერთ-ერმა მათგანმა აკრძალვა დაარღვია.“ იეჰოშუამ სთხოვა გამჩენს, რომ დამნაშავის ვინაობა გაენდო. –,,მე რა, მაბეზღარა ვარ?!“ – მიუგო უფალმა. აქედან ჩანს, თუ როგორ სძულს უზენაესს დაბეზღება და ლაშონ ჰარას ლაპარაკი. ვინც ამ თვისებებს ამჟღავნებს, გამჩენის გზიდან უხვევს.

შაბათი დღის წასაკითხი (გთხოვთ შაბათს ნუ ისარგებლებთ საიტით – წინასწარ ამობეჭდეთ, ან ამოიწერეთ)

შთააგონე შენს შვილებს და ილაპარაკე მათ შესახებ სახლში ყოფნისას, გზაში სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. (დებარიმ-6;7)


ეს ნაწყვეტი ნათლად გვიჩვენებს თუ რამდენად ვალდებულები ვართ, რომ თორა გამუდმებით ვისწავლოთ. ვინც თორას არ სწავლობს, უფლის სურვილს უხვევს და ცოდვად – ,,ბიტულ თორად“ (თორის გაბათილებად) ეთვლება. თორის სწავლა უდიდესი მიცვაა. თორაში შემავალი ყოველი სიტყვის თქმა მიცვის შესრულებას უტოლდება; თორის უსწავლელობა კი ადამიანს ისე ეთვლება, თითქოს მთელი კანონებისათვის გადაეხვიოს.
  ადამიანს, როცა 120 წლის შემდეგ ზეციური სასამართლოს წინაშე წარდგება, ჰკითხავენ: – რატომ არ ისწავლე? უსწავლელობისათვის განსჯიან. ხანდახან ადამიანი სასამართლოს დინიდან უდანაშაულო გამოდის, მიტუმეტეს თუ დიდი ოჯახი ჰქონდა სარჩენი. ავი ენის პატრონი, ლაშონჰარას მოლაპარაკე, ვერაფრით იმართლებს თავს. ჰკითხავენ: რატომ არ სწავლობდი თორას იმ დროს,
როცა ლაშონ ჰარას ლაპარაკობდი?
  დასკვნა: – ყოველი გამონათქვამი, რაც ლაშონ ჰარად ითვლება, ცოდვად ეწერება მთქმელს. გარდა ამისა, ცოდვად ეთვლება იმ დროის დაკარგვა, რომელიც ლაშონ ჰარას

 სალაპარაკოდ მოაცდინა.
 

ავი სიტყვის მთავარი გამომწვევი მიზეზი სიამაყეა.

ამაყ ადამიანს თავი ყველაზე ბრძენად და მნიშვნელოვან პიროვნებად მიაჩნია. მის თვალში სხვა ყველა მცირედ გამოიყურება. იგი არ ერიდება სხვებზე აუგის თქმას, დაცინვას და აბუჩად აგდებას.ამაყი ადამიანი ვერ იტანს, როცა სხვა ღირსებით მასზე მაღლა დგას; ცდილობს ნაკლოვანება მოუძებნოს და გაკენწლოს.


  იეცერ ჰარას მოხერხებული იარაღი აქვს ადამიანის ავსიტყვაობაში შესაცდენად – ბრაზი.

როცა ადამიანი ბრაზით ივსება, თავის შეკავების უნარს ჰკარგავს, აკრძალულიც დასაშვებად მიაჩნია, თავს ყველაფრის თქმის ნებას აძლევს და ლაშონ ჰარას ლაპარაკში იჭრება. ხშირ შემთხვევაში ისიც კი ჰგონია, რომ ვის მისამართითაც ბრაზობს, მისი ლანძღვა მიცვაა.


ტელეფონის გამოგონებამ ლაშონ ჰარას საზღვრები გააფართოვა.

ასევე საფრთხე გაზარდა, ლაშონ ჰარას თქმით ბევრი იჭრება. ტელეფონი ადამიანს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, დაბრკოლების გარეშე – გაავრცელოს ხალხში ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, მართებს ადამიანს დიდი სიფრთხილე, როცა ტელეფონით საუბრობს. თუ ვინმეს სურს რომ სხვაზე ცუდი გელაპარაკოს, მიზეზი მოიგონე და

საუბარი შეწყვიტე.

ქართული თარგმანი აღებულია:

,,შეიკავე ენა“

ხაფეც ხაიმის მიერ შემუშავებული ჰალახები  ,,ლაშონ ჰარას“ – ავსიტყვაობის აღსაკვეთად

მთარგმნელი:
დინა შამელაშვილი

რაია ორენი – წიწუაშვილი

Blog at WordPress.com.

ზედა ↑