რაბი შიმყონ ბარ იოხაი

როგორ მოევლინა სამყაროს, რაბი შიმყონ ბარ იოხაი…

ცრემლებით ლოცვის ძალა

          წლების წინ ძალიან წმინდა, ხალხში კარგი სახელის მქონდე და ამავდროულად შეძლებული კაცი, სახელად – იოხაი ცხოვრობდა. იგი იეჰუდას შტოს შთამომავალი იყო. მისი მეუღლე სარა კი უდიდესი თანაიმების, კერძოდ კი, ჰილელ ჰაზაკენის შთამომავალი გახლდათ.

            მიუხედავად ყველა იმ სიკეთისა, რაც გამჩენს მათთვის ებოძა, წყვილს მაინც ჰქონდა გულში დარდი. წლები გადიოდა, მათ კი შვილი არა და არ უჩნდებოდათ.

          უკვე საკმაოდ დიდი დრო იყო გასული მათი შეუღლებიდან. იოხაი ხედავდა, რომ მის ცოლს დაფეხმძიმება არ შეეძლო. იფიქრა, იქნებ სჯობს გავშორდე და სხვა ქალი მოვიყვანო, რათა შევძლო გამრავლების მიცვის შესრულება და შვილის ყოლაო. ქმრის ფიქრები შეიტყო სარამაც, თუმცა იმდენად თავმდაბალი ადამიანი იყო, ქმრისთვის არაფერი უთქვამს.

          იმის მაგივრად რომ მეუღლისთვის კითხვების დასმა დაეწყო,           უფლის წინაშე შეუდგა ლოცვას. ლოცულობდა და ლოცულობდა, ტიროდა ისე, რომ მისი ცრემლები ზღვასავით ბორგავდა. გასცემდა ცედაკას და ყოვლისშემძლეს დახმარებას სთხოვდა. ევედრებოდა, რომ ისიც დამადლიანებულიყო, გამხდარიყო ვაჟიშვილის დედა და მისი ქმარიც დარჩენილიყო მასთან. ასე გადიოდა დრო…

            ერთ დღესაც, როშ-ჰაშანის ღამეს, იოხაის უცნაური სიზმარი ესიზმრა. სიზმარში ხედავს რომ დიდ მინდორში დგას. გარშემო ძალიან დიდი, ახალგაზრდა და ლამაზი ხეებია, რომლებსაც მრავალი ლამაზი და სურნელოვანი ნაყოფი აქვთ გამოსხმული. ტკბება იოხაი ამ ლამაზი ხეების ცქერით, რომლის მსგავსი სილამაზეც, აქამდე ჯერაც არაა აქვს ნანახი. ამის შემდეგ კი, მინდვრის თვალიერებას აგრძელებს.

          მის მეორე მხარეს ხედავს ხეებს, რომლებიც არიან დამჭკნარნი, ჩამომხმარნი და რა თქმა უნდა, არც ნაყოფი აქვთ გამოსხმული. იოხაიმ უკან გაიხედა და დააკვირდა, რომ თვითონაც ამ გამხმარ, უნაყოფო ხეს ეყრდნობოდა.

          კაცი გაოცებული უყურებდა მთელს ამ სანახაობას, როცა უეცრად მინდორში მოხუცი შემოვიდა, რომელსაც ერთი შეხედვითაც ეტყობოდა რომ დიდი წმინდანი იყო. მან დიდი, წყლით სავსე დოქით მორწყა ლამაზი და ნაყოფიერი ხეები, ხოლო შემდგომ გადმოინაცვლა გამხმარი ხეების მხარეს და ნაწილობრივ მორწყა ისინიც. მორწყავდა რამდენიმეს, შემდეგ რამდენიმეს გამოტოვებდა, მერე რაღაც ნაწილს ისევ რწყავდა და ა.შ. ამასობაში კაცი იმ ხესთან მოვიდა, რომელსაც იოხაი ეყრდნობოდა. მან დიდი დოქი პატარა დოქით შეცვალა, რომელიც წმინდა წყლით იყო სავსე. სწორედ ამ დოქით მორწყა ეს ხე და მთელი გულით აკურთხა. იოხაიმ დაინახა როგორ უცბად დაიწყო ხემ გაზრდა. იზრდებოდა და იფურჩქნებოდა იქამდე, სანამ ლამაზი და სურნელოვანი ვაშლის ნაყოფი არ გამოისხა. ასეთი დიდი სანახაობა ესიზმრა და გამოეღვიძა.

             ძალიან გახარებული იყო ნანახით. იქვე ნეტილა აიღო და სიზმრის მოსაყოლად ცოლთან მივიდა. მოყოლა რომ დაასრულა იქვე დასძინა: ჩემი აზრით, ამ სიზმრის ახსნა ასეთია: მინდორი, რომელიც მესიზმრა – ეს სამყაროა. ხოლო ხეები – წყვილები (ცოლ-ქმარნი) არიან. ხეები, რომლებიც გაფურჩქნულნი იყვნენ და რომლებსაც ნაყოფი ჰქონდათ გამოსხმული, ესენი ის წყვილები არიან, რომლებიც შვილებზე დამადლიანდნენ, ხოლო ის ხეები, რომლებიც გამომშრალები და გამხმარნი არიან, ის წყვილები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ დამადლიანდნენ შვილებს. კაცი, რომელმაც მინდორი მორწყა  – ზეციური ანგელოზია. მან, ამ დღეს, ანუ როშ-ჰაშანაში მორწყა ის ხეები, რომლებიც ამ წელს დამადლიანდებიან დაიწერონ კაი შვილების ყოლაზე, ხოლო ის ხეები, რომლებიც შიგადაშიგ გამოტოვა და არ მორწყა არიან ის წყვილები, რომლებიც ჯერჯერობით ამ წელსაც ვერ დამადლიანდებიან გახდნენ მშობლები. ამ კაცმა ის ხე მორწყა, რომელსაც მე ვეყრდნობოდი, ეს კი ნიშანი უნდა იყოს იმისა, რომ ჩვენც დავმადლიანდებით წელს ვაჟიშვილზე. ერთი რამ კი ვერ გავიგე – უთხრა იოხაიმ ცოლს. ანგელოზმა მთელი მინდვრის ხეები, ერთი დიდი დოქით მორწყა, ხოლო ჩვენი ხე განსხვავებული პატარა დოქით, რომელიც სავსე იყო წმინდა წყლით. ამის ახსნა კი ვერაფრით გავიგეო…“

          წყვილმა გადაწყვიტა სიზმრის ასახსნელად უწმინდეს რაბთან – რაბი აკივასთან წასულიყვნენ. როშ-ჰაშანის დღესასწაულის დასრულების შემდეგ ორივენი ცადიკთან მივიდნენ. იოხაიმ წმინდანს თავის სიზმრის შესახებ უამბო. რაბმაც ზუსტად ისე აუხსნა სიზმარი, როგორც იოხაიმ აუხსნა თავის თავს, უბრალოდ კითხვაზე, რომელიც მას დარჩენოდა პატარა დოქთან დაკავშირებით, რაბი აკიბამ შემდეგნაირად განუმარტა:

          ,,იცოდე, ძვირფასო იოხაი, ბუნების კანონების მიხედვით, თქვენ არ შეგეძლოთ ამ სამყაროში შვილები გყოლოდათ. მაგრამ, შენი მეუღლის ლოცვებისა და დაღვრილი ცრემლების მადლით, გამჩენმა მაზალი შეგიცვალათ. ამიტომ ძალიან წმინდა შვილზე დამადალიანდებით. სიზმარში ნანახი განსხვავებული დოქი, რომელიც სავსე იყო წმინდა წყლით ეს შენი ცოლის ცრემლებია, სწორედ ამ ცრემლებით მორწყა ანგელოზმა შენი ხე. სწორედ ამ ცრემლების და ლოცვების მადლით, ამ წელს შეგეძინებათ ვაჟიშვილი, რომელიც გაანათებს მთელი ისრაელის ერს და ამქვეყნად, ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.“ დაასრულა რაბი აკიბამ სიზმრის ახსნა.

          რაბის ნათქვამმა წყვილი ძალიან გაახარა. მართლაც, იმ წელიწადსვე დამადლიანდნენ და შეეძინათ ვაჟი. მისი დაბადებისთანავე სახლი უდიდისი სინათლით აივსო. უკვე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ამ ბავშვის დაბადება დიდი კურთხევა იყო ყოვლისშემძლესგან. ბრით მილის დღეს მშობლებმა ლხინის სუფრა გაშალეს, ბევრი ცედაკა გასცეს და თავიანთ ვაჟს სახელად ,,შიმყონი“ დაარქვეს – რადგან ისმინა უფალმა სარას, იოხაის ცოლის ლოცვისა და ტირილის ხმა.

            ბავშვის დაბადების დღიდანვე, მშობლებმა მაქსიმალურად დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ბიჭი სრულ სიწმინდეში ყოფილიყო. ცდილობდნენ რომ მისგან ყველანაირი უწმინდურობა მოერიდებინათ. იმ მომენტიდან, როცა ბავშვმა ლაპარაკი დაიწყო, მშობლებმა შეაჩვიეს მხოლოდ სიწმინდეზე საუბარს. ხუთი წლის მანძილზე ეს ბავშვი თორას, რაბან გამლიელ იერუშალაიმელთან სწავლობდა.

            ასე მოევლინა სამყაროს უდიდესი წმინდანი რაბი შიმყონ ბარ იოხაი. რომელმაც ამ სამყაროში ჩამოიტანა ზოჰარის (კაბალის) წიგნი და მთელი ზეპირი თორა დღემდე მისი დამსახურებით ისწავლება. რაბი შიმყონ ბარ იოხაის მადლი შეგვეწიოს მთელი ისრაელის შვილებს. ამენ!

Blog at WordPress.com.

ზედა ↑