რაბი ოვადია იოსეფი

,,უბრალოდ შეიყვარე ისინი ისე, როგორც საკუთარი შვილები…“

            ელიშა ახალგაზრდა ებრაელი მასწავლებელი იყო, რომელსაც მუშაობა ძირითადად ემიგრანტ ბავშვებთან უხდებოდა. ერთ დღესაც, ჩვეულებისამებრ, ავტობუსით მგზავრობისას, მორწმუნე, მოხუც ებრაელს შეხვდა, რომელსაც ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ დიდი თორის მცოდნე იყო. მოხუცი სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. გზა დიდი იყო, ამიტომ საუბარში ელიშა გაიხსნა და მოხუცს თავისი გულისტკივილის შესახებ უამბო: ,,ეჰ, – დაიწყო მან. – მე სტუდენტებთან მიწევს მუშაობა და რაც უფრო ბევრს ვაკვირდები, მით უფრო ვხედავ რომ მათში ძალიან მცირე დოზით არის შემორჩენილი გამჩენის მიცვებისაკენ სწრაფვის სურვილი. აღარც აღზრდაა ისეთი და აღარც ზრდილობა… თორაც ნაკლებია მათში… „- აგრძელებდა ელიშა.

            ბრძენკაცი უსმენდა ახალგზარდა მასწავლებლის საუბარს ბოლოს კი უთხრა: ,,შვილო, მე გისმენდი ახლა და დიდი სურვილი გამიჩნდა ჩემი ისტორია მოგიყვე.

            შემდეგ თვეში პენსიაზე გასვლას ვაპირებ უკვე. ჩემს თვალწინ თითქმის მთელმა ცხოვრებამ ჩაირა. ოცდახუთი წლის მანძილზე ებრაულ სასამართლოში მოსამართლე – დაიანი ვიყავი. უფლის დახმარებით, ბევრ თორის მცოდნე ადამიანს შევხვედრილვარ და ბევრი თორის სიტყვაც მარგალიტივით ამშვენებს ჩემს ცნობიერებას, მაგრამ შენ იცი, რომ მე ყოველთვის ესე არ გამოვიყურებოდი და რომ ყოველთვის ესეთი არ ვიყავი? კარგი თვისებები, საუბრის მანერა, თორის სიბრძნე…. მე ეს ყველაფერი სახლში არ მისწავლია და არც ოჯახიდან მომყვება ადათ-წესები.

            ჩემი მშობლები ჰოლოკოსტს ბეწვზე გადაურჩნენ. შენც კარგად იცი, როგორ შეურყია ამ ყველაფერმა გადარჩენილებს ფსიქიკა. მათ აღარ ჰქონდათ იმისი ნებისყოფა და საშუალება, რომ ჩემთვის სათანადო ყურადღება მოექციათ. ამიტომ თითქმის მთელი ჩემი ბავშვობა ქუჩაში გავატარე, ხოლო ცამეტი წლის ასაკში, უკვე შემდგარი კრიმინალი ვიყავი. თხუთმეტი წლის რომ  გავხდი ჩემი სახელი უკვე პირდაპირი მნიშვნელობით ასოცირდებოდა კრიმინალურ სამყაროთან.

            ყოველ შაბათ დღეს, მე და ჩემი მეგობრები სინაგოგასთან ახლოს, ფეხბურთს ვთამაშობდით და ბურთი ყოველ შაბათს სინაგოგის ეზოს თავზე დაფრინავდა. ერთ შაბათსაც, ბურთს ფეხი ძლიერად დავარტყი, მან გადაიფრინა მინდორი და სინაგოგის კედლებს ისე ძლიერად მოხვდა, რომ თვით რაბი გამოვიდა გარეთ.

            ახლა მეორე ბურთი ვისრულეთ… მე და ჩემი მეგობრები სიცილით ვიხოცებოდით. განსაკუთრებით კი ის ფაქტი გვამხიარულებდა, რომ ბურთი რაბის გრძელ შავ ქუდს მოხვდა.

            რაბი მშვიდი სახის გამომეტყველებით მოგვიახლოვდა. ჩემს სახეს კი არა და არ შორდებოდა ირონია. – ,,ჩვენთან ერთად ხომ არ ითამაშებდით ,,ბატონო რაბი“ ? “დამცინავად ვკითხე. მან ერთი პერიოდი ხმა არ გამცა, შემდგომ კი, დინჯად მკითხა მშობლები თუ მყავდა. მეც სიცილით ვუთხარი რომ ობოლი ვიყავი. მან ღიმილიანი სახით შემომხედა და სახლში მიმიპატიჟა. მე კიდევ ერთი ახალი გასართობი მიზეზი მეძლეოდა. ჩემი ოინები ახლა თვით რაბის სახლში შემეძლო განმეხორციელებინა, ამიტომ სიხარულით დავთანხმდი ამ წინადადებას.

            ჩვენ ერთად გავუდექით მისი სახლისკენ მიმავალ გზას. კარები რომ გაიღო, მაშინვე გემრიელი სურნელი ვიგრძენი. რაბიმ გვერდით მომისვა. კიდუში აკურთხა, მეც მომასმევინა ღვინო და მკითხა მშიერი თუ ვიყავი? მე ძალიან მშიოდა და უყოყმანოდ დავუქნიე თავი. მისმა მეუღლემ მსწრაფლ შემოიტანა საშაბათო, უგემიერლესი კერძები.

            ვჭამდი და ვჭამდი, მხოლოდ ჩემი წილი კი არ ვჭამე, რაბის წილსაც გადავწვდი. ჯერ არასდროს გამესინჯა ასეთი გემრიელი საჭმელი. ტრაპეზას რომ მოვრჩით, რაბმა მკითხა დაღლილი თუ ვიყავი? – ისეთი დაქანცული ვიყავი, ფეხზე ძლივს ვიდექი, ამიტომ, კი მეთქი ვუთხარი. მანაც ცალკე ოთახი გამომიყო და მოსასვენებლად შემიშვა. ისე ტკბილად მეძინა, რომ გავიღვიძე უკვე კვირა დღე იყო.

            ოთახიდან გამოსულს, რაბიმ მკითხა თუ რისი გაკეთება მსურდა ახლა. მეც ვუპასუხე, რომ კინოში წასვლა მინდოდა. მან ბილეთის საფასური მკითხა, შემდგომ ფული მომცა და მთხოვა მეორე დღესაც მივსულიყავი მასთან.

            დილა რომ გათენდა მე ისევ მივედი რაბთან სახლში. მან შემდეგ დღესაც მიმიწვია და ასე გრძელდებოდა ყოველდღე, მანამ სანამ იმდენად არ შემიყვარდნენ, რომ მათ გარეშე დღე უკვე ვეღარ წარმომედგინა. ცოტა ხანში შევიტყე, რომ რაბი ამ სიკეთეს მხოლოდ მე კი არა, კიდევ თორმეტ სხვა, გზასაცდენილ ბავშვსაც უკეთებდა.

            დრო გადიოდა… რაბმა ნელ-ნელა შემასწავლა და შემაყვარა მიცვების შესრულება. მიყიდა თეფილინი და პირადად გახდა ჩემი თორის მასწავლებელი. მას შეეძლო საათობით ესწავლებინა ჩემთვის თორა.       

            უზომოდ მადლიერი ვარ მისი, რადგან სწორედ რაბის დამსახურებით წავედი სასწავლებლად იეშივაში. გამჩენისადმი ჩემი სიყვარული და მისი თორის სიღრმეებში ჩაწვდომის სურვილი იმდენად დიდი გახდა, რომ ჯერ რაბი, ხოლო შემდგომში დაიანი გავხდი. სწორედ რაბიმ მაპოვნინა ჩემი მეორე ნახევარიც და სწორედ ის იყო სანდაკი ჩემი უფროსი ვაჟის ბრით მილაზეც.“

            ეს ისტორია იმიტომ მოგიყევი შვილო, რომ ასე ნუ იფიქრებ შენს სტუდენტებზე. ჩვენ არასოდეს ვიცით, სწორ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში, ვინ როგორ პიროვნებად შეიძლება ჩამოყალიბდეს. ერთ დროს მეც მათნაირად დაშორებული ვიყავი ებრაელობას და რელიგიას, მაგრამ დღეს ხომ ხედავ, ბეით-დინის მოსამართლე ვარ. უბრალოდ შეიყვარე ისინი, შეიყვარე ისე, როგორც შენი საკუთარი შვილები… ისე როგორც მე შემიყვარა ერთ დროს ჩემმა რაბმა და მასწავლებელმა“- უთხრა მოხუცმა ელიშას.

            როგორც კი ავტობუსიდან ჩავიდნენ, ელიშამ მაშინვე ჰკითხა თუ ვინ იყო და რა ერქვა მის რაბს? – მოხუცმა გაკვირვებით შეუბრუნა კითხვა: ,,რას ჰქვია იყო? ის დღემდე ცოცხალია. ძალაინ მოხუცდა ოთხმოცდათორმეტი წლის არის, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჯერ კიდევ არის…“ – თქვა მოხუცმა.

            ,,და რა ჰქვია მას ? – ხელახლა ჰკითხა ელიშამ. ,,რაბი ოვადია იოსეფი – ჩვენი თაობის წმინდანი“- უპასუხა მოხუცმა. კურთხეულია წმინდანის ხსოვნა.

აბრაჰამ – იცხაკ – იაყაკოვ

ეს ამბავი საკმაოდ გახმაურებულია. მასზე ბევრი საუბრობს და ბევრ ადამიანსაც იმედის ნაპერწკალს უღვივებს გულში.

ერთ დღეს რაბი ოვადია იოსეფთან, კურთხეულია წმინდანის ხსოვნა, ებრაელი წყვილი მივიდა, რომლთაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე შვილი არ უჩნდებოდათ. უამრავი გამოკვლევისა და მკურნალობის შემდეგ, ექიმებმა საბოლოოდ უშვილობის განაჩენი გამოუტანეს და ისიც დასძინეს, რომ მკურნალობის გაგრძელება, დროისა და ფულის ფუჭი ფლანგვა იქნებოდა.

გულჩაკლულ წყვილს თვალზე ცრემლები მოადგათ – მტკივნეული მოსასმენი იყო პროფესორებისაგან მსგავსი სიტყვები. მიუხედავად ამისა, მორწმუნე ცოლ-ქმარს გამჩენის იმედი არ დაუკარგავთ და კურთხევის ასაღებად წმინდანთან – რაბი ოვადია იოსეფთან წასვლა გადაწყვიტეს. როდესაც კაცი წმინდანთან შევიდა და თავიანთი პრობლემის შესახებ უამბო, რაბს მამაშვილური სიყვარულით გაეღიმა, ფურცელი აიღო, რაღაც დაწერა – კაცს მიაწოდა და უთხრა, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გაეხსნათ, როდესაც ბრით მილას გადაიხდიდნენ.

არ გასულა დიდი ხანი – ქალი მართლაც სასწაულებრივად დაორსულდა. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა ყველაზე დიდი ბედნიერება ჯერ კიდევ წინ ელოდათ… ერთის მაგივრად, ერთდროულად სამ ვაჟზე დამადლიანდნენ.

დადგა ბრით მილის და შესაბამისად დაკეცილი ფურცლის გახსნის დღეც. ცოლ-ქმარი საოცრად ღელავდნენ. ბოლოს კაცმა ფურცელი გახსნა და განცვიფრდა. ფურცელზე ეწერა: ,,აბრამ, იცხაკ, იაკობი…“ – ალბათ ყველანი ხვდებით, რას გულისხმობდა წმინდანი. მან წინასწარ განჭვრიტა, რომ ღვთისმოშიში ცოლ-ქმარი სულ მალე სამ ვაჟიშვილზე დამადლიანდებოდა, ამიტომ ფურცელზე, წინასწარ მათი სახელები დაუწერა.

აქედან ვხედავთ, ვინ ბრძანდებოდა უწმინდესი რაბი – ოვადია იოსეფი. მისი მადლი შეგვეწიოს მთელს ისრაელის შვილებს.

წინასწარმეტყველური ნიჭი

          ამ ამბავს ყვება ადამიანი, რომელმაც საკუთარი თვალებით იხილა, წმინდანის სულიერი ძალა და მისი წინასწარმატყველების ფენომენალური ნიჭი:

          ,,დაახლოებით ათი წლის წინ, ჩემი და ფეხმძიმედ იყო. სულ ცოტა დროღა რჩებოდა მშობიარობამდე, ამიტომ ერთ-ერთ შაბათს, შახრითის სალოცავად იმ სინაგოგაში წასვლა გადავწყვიტე, სადაც კურთხეულხსენებული, რაბი ოვადია იოსეფი ლოცულობდა, რათა კურთხევა ამეღო ჩემი დის იოლ მშობიარობაზე.

            ლოცვის იმ მომენტში, როცა ,,ჰეიხალის ჭიშკრები“ ღია იყო, წმინდანთან კურთხევის მისაღებად მივედი. ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი მოვიდა, რომლებიც ასევე კურთხევას ელოდნენ წმინდანისაგან. რაბთან შეძლებისდაგვარად ახლოს მივედი და ვთხოვე, ჩემი და იოლ მშობიარობაზე დაელოცა, თუმცა მან კურთხევა არ მომცა.

            ჩემთან ერთად მისული ადამიანები, რომ დააკურთხა, მე ხელმეორედ გავუმეორე ჩემი დის სახელი და კიდევ ერთხელ ვთხოვე მისი დალოცვა – თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ – რაბმა არ მომცა კურთხევა. იგივე განმეორდა მესამედაც და მეც ჩავთვალე, რომ წმინდანმა ყურადღება არ მიაქცია ჩემს თხოვნას.

          ლოცვის დასრულების შემდეგ სახლში დავბრუნდი. საღამოთი შაბათის გასვლისთანავე ჩემი დის ოჯახში დავრეკე მოსაკითხად. ტელეფონის აღებისთანავე პირველად ყურში მომხვდა სიტყვები: ,,მაზალ ტოვ!“ როგორც გაირკვა ჩემს დას შაბათის შემომავალ ღამეს ემშობიარა.

            ახლა უკვე ყველაფერი გასაგები იყო ჩემთვის. რაბი ოვადიამ, რუახ ჰაკოდეშით (წინასწარმეტყველური ნიჭით) დაინახა, რომ ჩემს დას უკვე ემშობიარა და სწორედ ამიტომ არ მომცა კურთხევა. „

Blog at WordPress.com.

ზედა ↑