რაბი მილუბავიჩი

,,თქვენი მეუღლე ვერასოდეს გააჩენს შვილს – უთხრა ექიმმა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ლუბავიჩელ ადმორს … და შემდგომში იგი მთელი მსოფლიოს – ისრაელის შვილების მამა გახდა.“

მანათობელი ვარსკვლავი

          რაბი მენახემ მენდელ შნეერსონი (რაბი მილუბავიჩი), გახლდათ ადამიანი, რომელსაც თითოეული ებრაელის გულში შეეძლო შეღწევა. როგორც ადამიანი, უფრთხილდება პირად საგანძურს, ისე უფრთხილდებოდა იგი თითოეულ ებრაელს. მისთვის თითოეული ჩვენგანი მარგალიტი იყო, რომელიც ერთად აკინძვას საჭიროებს. რაბს შეეძლო მთელი დღის მანძილზე მიეღო ასობით ადამიანი და მათი სატკივარი, სიხარული, თუ პრობლემები გულისყურით მოესმინა. მისი დიდი სურვილი იყო შველის (გეულის) მალე მობრძანება.

რაბი მილუბავიჩი იყო მეშვიდე წევრი ხაბადის-ლუბავიჩელთა დინასტიისა. მას ჰქონდა ფენომენალური ნიჭი და უდიდესი ცოდნა თორისა. მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ასობით – ათასობით – მილიონობით ადამიანი იყრიდა თავს მის გარშემო.

რებეს თაობა, გენოციდის თაობა აღმოჩნდა. იმ პერიოდში ებრაელებს დიდი ხინჯი ჰქონდათ გულზე. ზოგს დედა მოუკლეს, ზოგს მამა, ზოგს ოჯახი აღარ ჰყავდა, ზოგმაც ძლივს დააღწია სიკვდილს თავი… აი ასეთი დამახინჯებული ფსიქიკის მქონე საზოგადოებაში აღმოჩნდა რაბი მილუბავიჩი, რომელმაც შეძლო ამდენად რთული მომენტების შემდეგაც, ხალხის თეშუბაზე დაბრუნება. 

თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი, რებემ ამერიკაში გაატარა. ის ისრაელში არასოდეს ამოსულა. მიზეზები ბევრია… ერთ-ერთი მიზეზით მას არ სურდა, ოდესმე დაეტოვებინა ერეცი. გამჩენის ნება-სურვილით, რებე ამერიკიდან ახერხებდა, თორის სინათლის შეტანას მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში.

მან საფუძველი კიდევ უფრო გაუმყარა მსოფლიოში უდიდესს ორგანიზაციას ,,ხაბადს“, რომელიც ყოვლისშემძლეს შეწევნით, იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დღემდე ფუნქციონირებს მსოფლიოს ყველა იმ კუთხეში, სადაც ებრაელები მოიძებნებიან. რებეს სურვილი იყო, ყველაზე ბნელ ადგილშიც კი შესულიყო სინათლე. სწორედ მისი დამსახურებით, ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია ებრაელს მოიძიოს ადგილი, სადაც დახვდება ქაშერი საკვები, სანთლები, თეფილინი და ყველაფერი ის, რაც ჩვენს ტრადიციებთან არის დაკავშირებული.

რაბი მენახემ მენდელ შნეერსონი, 1994 წლის 12 ივნისს (3 თამუზს) გადაბრძანდა. მის დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო. რებე ამერიკაშია დაკრძალული. მის საფლავთან დღემდე უამრავი ადამიანი მიდის სალოცავად. წმინდანები ხომ, არა მარტო, ამქვეყნად, არამედ იმქვეყნიდანაც გვეხმარებიან და ლოცულობენ გამჩენთან ჩვენი კეთილდღეობისთვის!
          იგი ყველასთვის იყო… მართლაც, რომ ამქვეყნიური ანგელოზი გახლდათ. შეხედეთ მის სახეს, მის თვალებს, როგორ ანათებენ. მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე სურდა და სჯეროდა რომ ჩვენ გავერთიანდებოდით და რომ ჩვენი ერთობითა და გამჩენის გზაზე სიარულით – მაშიახს მოვაბრძანებდით.

დაე, უფალი დაგვეხმაროს, აღვასრულოთ წმინდანის დიდი სურვილი და ჩვენი ერთობით, გამჩენის სიყვარულით – დავაჩქაროთ გეულის მობრძანება!

***

,,თუ ხედავ, რომ რაღაცა არის გამოსასწორებელი და შენ შეგიძლია გამოსწორება, მაშინ იპოვე ნაწილი სამყაროსი, რომელიც გამჩენმა შენ დაგიტოვა გამოსასწორებლად!
      მაგრამ, თუ შენ მარტო ცუდს და უარყოფითს ხედავ ამ სამყაროში, მაშინ ჯერ შენ გჭირდება შენივე თავის გამოსწორება…”

***

,,სიკეთე არის ის, რაც ყველასათვის ერთნაირად კარგია.“

რაბი მენახემ მენდელ შნეერსონი

სასწაულებრივად ახელილი თვალები

            ეს ამბავი 1973 წელს, ნიო-იორკში დაიწყო. დანიელ ლენდბერგი ყოველთვის ბრმა არ ყოფილა. დაიბადა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი, თუმცა დაბადებიდან ორი საათის შემდეგ მხედველობა დაკარგა – დაბრმავდა.

          უბედური შემთხვევა გამოწვეული იყო შემდეგი მიზეზით. საუბედუროდ, მედდამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა. მას ერთმანეთში აერია ვერცხლის ნიტრატის შემცველი თვალის წვეთები და ვერცხლის ნიტრატის წყალი, რომელიც ჭიპის ტერიტორიის გასაწმენდად გამოიყენება. ეს უკანასკნელი კი ბევრათ უფრო ძლიერია თვალის წვეთებზე. როგორც კი მედდამ შეცდომით პირველივე წვეთი ვერცხლის ნიტრატის წყალი ჩაასხა თვალებში, ბავშვმა საშინელი ტირილი მორთო. სწორედ აქედან დაიწყო დანიელის უსინათლო ცხოვრება…

          ბავშვის ტირილის ხმაზე ექიმები იმ წამსვე მოცვივდნენ. ექიმებმა მოახერხეს იმდენი, რომ ბავშვისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ, მაგრამ მხედველობა ვერანაირად შეუნარჩუნეს… პატარა დანიელი დაბრმავდა.

          მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მხედველობის მდგომარეობა თითქმის უიმედო იყო, მშობლები მაინც არ დანებებულან. როგორც კი დანიელი საავადმყოფოდან გამოწერეს, მათ იმ წამსვე დაიწყეს, სწორი მკურნალობის გზის ძებნა. ისინი დაიდოდნენ ექიმიდან-ექიმთან, ექსპერტიდან-ექსპერტთან, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ერთ-ერთმა ცნობილმა ექიმმა ისიც კი იკადრა, რომ ყვირილით თავისი კაბინეტიდან გამოაგდო და თან მიაძახა, რომ ამ ბავშვის მხედველობას არაფერი ეშველებოდა. დანარჩენი ექიმები კი უბრალოდ ურჩევდნენ შეგუებოდნენ ბავშვის სიბრმავეს და პატარაობიდანვე ეზრუნათ მის მომავალზე, იმ თვალსაზრისით, რომ მოეძებნათ სკოლა უსინათლო ბავშვებისთვის, ესწავლებინათ სპეციალური, უსინათლოთათვის განკუთვნილი წიგნებიდან და ა.შ…

          მიუხედავად ამ ყველაფრისა, მშობლებს გულის სიღრმეში მაინც ჰქონდათ ფარული რწმენა იმისა, რომ დანიელის სიბრმავე, ოდესმე, კოშმარული სიზმრის მსგავსად დასრულდებოდა და რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა…

          ექიმმა ჰორბლასმა მათ იმედის პატარა ფანჯარა გაუღო. სხვა ექიმებისაგან განსხვავებით, მან საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ამ ხალხისთვის იმის ახსნას, თუ როგორ იყო თვალის სისტემა აგებული, როგორ მუშაობდა იგი და ამავდროულად პასუხი გასცა მათ ყველა კითხვას. რამდენიმე კვირის მანძილზე ჩატარებული ტესტებისა და დაკვირვებების შემდეგ, ექიმმა უთხრა მათ, რომ უწინდელთან შედარებით ახლა შედარებით უფრო მეტი შანსი იყო განკურნებისა და რომ ღირდა კიდევ ერთხელ ეცადათ. მკურნალობა თვეების მანძილზე გრძელდებოდა. იმედი დიდი იყო… მშობლების დაძაბულობა და მოლოდინის შეგრძნება კი დღითი დღე იზრდებოდა.

          სამი თვის შემდეგ, ექიმმა ჰორბლასმა მშობლები თავის კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ მიუხედავად მისი ყველანაირი მცდელობისა მკურნალობას შედეგი მაინც არ გამოეღო. ექიმის თქმით გამოდიოდა, რომ ბიჭს მკურნალობაც არ შველიდა და რომ ის მთელი ცხოვრების მანძილზე ბრმად დარჩებოდა.

            ლენდბერგები გატყდნენ, როგორც სულიერად ისე მორალურად. ამდენ ხნიანი მკურნალობის, ექიმიდან-ექიმში სიარულისა და ამდენი ძალისხმევის შემდეგ, ოდნავადაც კი არ გაუმჯობესებულიყო მდგომარეობა. მათ გადაწყვიტეს ბედისწერას შეგუებოდნენ, მაგრამ ბედისწერა სასტიკად მწარე და მძიმე იყო…

          ბატონმა ლენდბერგმა გადაწყვიტა რამდენიმე კვირიანი შვებულება აეღო სამსახურიდან, რათა ცოტა ხნით დაესვენა და ძალები აღედგინა. იგი პროფესიით მასწავლებელი და ექსპერტი იყო. მის პირველ სამუშაოზე, უფროსობამ ორ კვირიანი შვებულება მისცა. მისი მეორე სამუშაო ადგილი ბრუკლინში, ლუბავიჩის თორის აკადემიაში იყო. აქ ლენდბერგი ინგლისურ ენას ასწავლიდა. შვებულება აკადემიაშიც მისცეს, თუმცაღა კაცმა იგრძნო, რომ დიდად არ უნდოდათ მისი შვებულებაში გასვლა.

          ორი კვირის შემდეგ, როდესაც შვებულებიდან ისევ დაბრუნდა აკადემიაში, დერეფანში შეხვდა ძალიან განათლებულ, კეთილ და კარგ მასწავლებელს რაბი მენახემ მენდელ ტენენბაუმს. რაბმა ჰკითხა: ,, ხომ ყველაფერი კარგადაა შენსკენ? სად იყავი?“… ლენდბერგმა მოუყვა ყველაფერი, რაც მის თავს ხდებოდა… რაბი მენახემმა თვალებში ჩახედა და ჰკითხა: ,,ამ ყველაფრის შესახებ რებეს თუ მიწერე წერილი?“… აი ახლა კი მიხვდა ლენდბერგი თუ რატომ არ უნდოდათ მისი წასვლა. მას სმენოდა რომ ამ აკადემიაში მყოფ ლუბავიჩელებს ღრმად სწამდათ, რომ მათ რებეს, სასწაულების კეთება შეეძლო. თვითონ კი ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი და ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ ცრურწმენები იყო და რომ მსგავსი სასწაულები არ ხდებოდა.

,,უბრალოდ მისწერე რებეს – გააწყვეტინა ფიქრი რაბი მენახემმა – უბრალოდ მისწერე, შესაძლოა იგი ყველა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროს. ბევრ ადამიანს დახმარებია და ბევრ ადამიანს მოხდენია მისი დალოცვის შემდეგ სასწაული. უბრალოდ სცადე. „- უთხრა რაბმა.

          ლენდბერგს მოეწონა რაბი. ის ინტელიგენტი, ნასწავლი და კარგი ბუნების კაცი იყო. ისინი მეგობრულად საუბრობდნენ ერთმანეთში. უკვე წლები იყო, რაც ერთ შენობაში ასწავლიდნენ, მაგრამ აქამდე, არასოდეს ესაუბრათ ერთმანეთთან, ასე მეგობრულად და ღრმად. უსმენდა ლენდბერგი რაბს და პატარა ბავშვივით მოსდიოდა ცრემლები. ის ვერ იჯერებდა, რომ მას, ჯორჯ ლენდბერგს შეეძლო რაბთან კონსულტაცია გაევლო და მისგან კურთხევა აეღო. მაგრამ მის უკან კედელი იყო და სხვა გზა არ ჰქონდა…

,,კარგი“- უპასუხა ლენდბერგმა. ,,…დარწმუნებული ხარ, რომ ეს იმუშავებს? კარგი მე ვცდი , მაგრამ რა უნდა გავაკეთო?“ – ერთდროულად უამრავი კითხვა დასვა აფორიაქებულმა კაცმა. რაბმა ურჩია, დამშვიდებულიყო და სადმე ერთ-ერთ ოთახში დამსხდარიყვნენ წერილის დასაწერად.

          ეტყობოდა რაბს კითხვის დასმა სურდა, მაგრამ ცოტათი ერიდებოდა კიდეც ამის კითხვა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და ჰკითხა: ,, მოდი მეგობრულად მიპასუხე, თეფილინს თუ იდებ?“ – ლენდბერგმა მხრები აიჩეჩა, არ ელოდა ამ შეკითხვას… ,,მომისმინე ჯორჯ“- განაგრძო რაბმა… ,,დალოცვა წვიმას ჰგავს, წვიმა ვერ მოგირწყავს მცენარეს, თუკი პირველმა შენ არ დარგე იგი, ასე რომ, ჩემი აზრით, იმისთვის, რომ მიღებული კურთხევა ნაყოფიერი იყოს, შენც უნდა დაიწყო რამის კურთხევა. მაგალითად დაიწყე თეფილინის დადება ყოველდღე.“

          ჯორჯი დილემის წინაშე დადგა. ერთი შეხედვით, სასაცილოდ ეჩვენებოდა… ,,მე-20 საუკუნეა!“ -ფიქრობდა თავისთვის. მეორე მხრივ კი, იაზრებდა, რომ ის იყო ებრაელი, რომელმაც, მართლაც არაფერი იცოდა ებრაული მოძღვრების შესახებ. ,,ვინ იცის… მოშე ხომ აკეთებდა სასწაულებს მაშინ… იქნებ ახლაც არის ვინმე ისეთი, ვისაც შეუძლია სასწაულების კეთება?“- მსგავსი ფიქრები დასტრიალებდა დაბნეულ ლენდბერგს.

          საბოლოოდ ის დათანხმდა რაბისთვის წერილის მიწერას და თავის თავზე თეფილინის დადების მიცვაც აიღო. დაწერილი წერილი რაბი ტენენბაუმს გადასცა ხელში.

          შემდეგ დღეს ჯორჯის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. ეს რაბი ტენენბაუმი იყო. იგი აღელვებული ატყობინებდა ჯორჯს, რომ მისთვის ახალი და კარგი ამბავი ჰქონდა. რებეს მისთვის პასუხი მოეწერა, თანაც საკმაოდ დამაიმედებელი და პოზიტიური. მიუხედავად ამისა, ლენდბერგს მაინც არ შორდებოდა შინაგანი შფოთვა და ბოლომდე მაინც ვერ დაეჯერებინა იმისა, რომ დალოცვას მართლაც შეიძლებოდა ჰქონოდა ასეთი დიდი ძალა. ის დიდად არც უსმენდა რაბის ემოციურად წაკითხულ წერილს და ცდილობდა სიტყვები იდიშიდან ინგლისურზე გადმოეთარგმნა. ლენდბერგი იმ წამსვე მოვიდა გონს, როგორც კი რაბმა მის მიერ დადებული პირობა გაახსენა – თეფილინის დადებასთან დაკავშირებით.

          მეორე დღეს სახლში დაბრუნებულ ჯორჯს, ცოლი აღელვებული და ნამტირალევი დახვდა. მის სახეზე ერთდროულად სიხარული და გაოცება აღბეჭდილიყო. მეუღლემ ახლად მოსულ ქმარს უთხრა : ,,დღეს დანიელს რამდენჯერმე ჰქონდა რეაგირება სინათლეზე, მგონი, რომ მან შეძლო ოდნავ საგნების დანახვა.“

            შემდეგ დღეს, ბავშვი ექიმ ჰორნბლასთან მიიყვანეს. მისი მდგომარეობის გასინჯვის შემდეგ, ექიმმა წყრომით უთხრა მშობლებს:     ,, ჩემთან შეთანხმების გარეშე ბავშვი სხვა ექიმთან გყავდათ წაყვანილი? იმ ყველაფრის მერე, რაც მე თქვენთვის გავაკეთე, მგონი ვიმსახურებდი ჩემთვის შეგეტყობინებინათ ეს ყველაფერი ჯერ და მერე წასულიყავით სხვასთან„ – გაბრაზებით საუბრობდა ექიმი.

          მშობლებმა, რა თქმა უნდა, უარყვეს ეს ფაქტი, და ექიმს ჰკითხეს, თუ რატომ ეკითხებოდა მათ ამას?

,, თუ ასეა, მაშინ არ მესმის, რა მოხდა. ტესტები და გამოკვლევები აჩვენებენ, რომ თქვენს შვილს მხედველობა უბრუნდება და რომ სულ მალე ის წესით უნდა გამოჯანმრთელდეს.“- უპასუხა გაოგნებულმა ექიმმა.

          როდესაც ლენდბერგმა ექიმს, რებეს კურთხევის შესახებ უამბო ექიმმა გაიღიმა და თქვა : ,,აი ახლა კი გავიგე რა მოხდა. ლუბავიჩელი რაბი მენახემ მენდელ შნეერსონი. მასთან ერთად შესაძლებელია ირწმუნო ყველაფერი.“

          სამი თვის შემდეგ, ექიმი ჰორნბლასის მკურნალობისა და ზედამხეველობის შემდეგ დანიელს მხედველობა სრულიად დაუბრუნდა. ხუთი წლის შემდეგ კი, როდესაც ის შვიდი წლის იყო გაუკეთეს პლასტიკური ოპერაცია და მთლიანად ამოუღეს დაზიანებული ნაწიბურები.

          ეს სასწაულებრივი ამბავი გამოქვეყნებული იყო ასევე ,,ნიო-იორკ სითის“ სამედიცინო ჟურნალებში. ამ ამბის შემდეგ ლენდბერგების ოჯახმა საბოლოოდ ირწმუნა სასწაულების. დანიელი სრულიად გამოჯანმრთელდა. ჯორჯი კი დანაპირების მიხედვით დღემდე ყოველდღე იდებს თეფილინს.

არაებრაელი ბავში ებრაული სახელით

ამ ამბავს ყვება რაბი მენახემ მენდელ შნეერსონის მდივანი – ლაიბელ გრონერი

            ერთხელ ბრუკლინში არსებულიხაბადის ორგანიზაციის წევრი ქალი, ნიუ-იორკის ქუჩაში საგზაო პოლიციამ, მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. პოლიციელმა ქალს მართვის მოწმობა და საბუთები მოსთხოვა. სანამ ქალი საბუთებს ეძებდა, ოფიცერმა ღია ჩანთაში ჩადებული რებეს სურათი შენიშნა და ქალს ჰკითხა: ,,უკაცრავად ქალბატონო, თქვენც რებეს ერთ-ერთი მიმდევარი ხომ არ ხართ?“ – ,,დიახ“- უპასუხა ქალმა.

            ,,კარგით ქალბატონო, ამ ფაქტის გამო, მე თქვენ აღარ გამოგიწერთ ჯარიმას.“- მიუგო კაცმა. მან დახურა თავისი ბლანკი და განაგრძო: ,,და იცით რატომ არ დაგაჯარიმებთ? – ამ რებეს გამო…“ პოლიციელმა ხელი ჩანთაზე დადებული სურათისაკენ გაიშვირა და თქვა: ,,მან მე დიდი სასწაული მომიხდინა“- ქალმა უთხრა, რომ ის დიდი სიამოვნებით მოისმენდა ამ ისტორიას.

            ოფიცერმა ღიმილით უთხრა, რომ ეს მისი საყვარელი, თუმცაღა გასაიდუმლოებული ისტორია იყო, რადგან ამ ამბის შესახებ, ფაქტობრივად, არავინ არაფერი იცოდა. ეს ქალი კი პირველი იყო, ვისაც უყვებოდა ამას.

             ჩემი ამბავი, ასე იწყება – კაცმა თხრობა დაიწყო: ,,მე პოლიციის ესკორტში ვმუშაობდი. კვირაში ერთხელ ჩვენ ესკორტით მივაცილებდით რაბის მონტეფიეროს სასაფლაოზე, სადაც რებეს სიმამრი და წინამორბედი, რაბი იოსეფ იცხაკ შნეერსონი იყო დაკრძალული. მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე რებეს თანმხლები ახალგაზრდა მამაკაცებისგან. ისინი ძალიან მეგობრული ადამიანები არიან, ალბათ თქვენც იცნობთ მათ. მოკლედ, სანამ რაბი ლოცულობდა ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით ხოლმე ერთად.

            ერთ მშვენიერ დღეს, დავინახე, რომ ამხანაგები ერთმანეთში ძალიან აზარტულად, დიდი ინტერესით აღვსილები საუბრობდნენ. მეც დავინტერესდი და ვიკითხე თუ რა ხდებოდა. მათ მითხრეს, რომ რებე ძალიან ბევრ სასწაულებს აკეთებდა ხალხისთვის და დღესაც, რაღაც განსაკუთრებული სასწაული მოეხდინა. მე არ ჩავძიებივარ თუ რა სასწაულზე იყო საუბარი, უბრალოდ ვიკითხე, არაებრაელისთვისაც თუ შეეძლო რაბის სასწაულის მოხდენა…

            ,,რა თქმა უნდა, რაბი მასთან თხოვნით მისულ ყველა ადამიანს ეხმარება…“ – მითხრეს მათ. ,,რატომ გვკითხე? დახმარება გჭირდება?“ – შემეკითხნენ უცბად.

            მე ერთ-ერთ მათგანს ვუამბე ჩემი გულისტკივილის შესახებ და ვუთხარი: ,,მე და ჩემი მეუღლე უკვე ცხრა წელია, რაც დავქორწინდით, მაგრამ შვილი არ გვიჩნდება. ერთი კვირის წინ ექიმმა გვითხრა, რომ არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ შვილი გვეყოლოს. ჩვენ უამრავი ფული გადავყარეთ ექიმებში. გავიკეთეთ ყველანაირი სახის გამოკვლევა. ვიყავით ყველანაირი სახის ექიმ-პროფესორებთან. გიჟებივით დავრბოდით ერთი ექიმიდან-მეორე ექიმთან და ბოლოს მათ ერთხმად გვითხრეს, რომ მიუხედავად მაქსიმალური მცდელობებისა, შვილი მაინც არასოდეს გვეყოლებოდა. შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენად გულმოკლულები ვართ მეც და ჩემი მეუღლეც. ჩემი ცოლი დღედაღამ ტირის და მეც ვტირი, როცა მარტო ვარ.“

          ახალგაზრდა კაცმა მოისმინა ჩემი გაჭირვება და მითხრა:                    ,,მომისმინე, ჩემო მეგობარო, შემდეგ ჯერზე, როცა რაბი ისევ წამოვა  სასაფლაოზე ექსკორტით, წამოსვლისას, მის კარებთან ახლოს დადექი და როცა მოგიახლოვდება სთხოვე, რომ დაგლოცოს.“

            მე დავუჯერე მას და შემდეგ ჯერზე, როცა რაბი სასაფლაოდან გამოდიოდა, მანქანის კარებთან ახლოს დავხვდი. როცა რებე მომიახლოვდა ვუთხარი: ,,უკაცრავად რაბი, თქვენ მარტო ებრაელებისთვის შეგიძლიათ კურთხევის მიცემა, თუ არა ებრაელებისთვისაც?“ როგორც კი ეს ვიკითხე, რაბმა ნამდვილი მეგობარივით შემომხედა, მისი სახე მართლაც საოცრება იყო და მითხრა, რომ ის ეცდებოდა დახმარებოდა ყველას, ვისაც ეს დასჭირდებოდა.

            მაშინ რაბს ვუამბე ექიმის ნათქვამის შესახებ. რებემ მითხრა, რომ ფურცლის პატარა ნაგლეჯზე დამეწერა ჩემი სახელი და მამაჩემის სახელი და ასევე ჩემი მეუღლის სახელი და მამამისის სახელი – და რომ ის ილოცებდა ჩვენთვის. ხელები სულ მიკანკალებდა, ძლივს შევძელი ამ ყველაფრის ფურცელზე დაწერა. როგორც იქნა დავწერე და ფურცელი რაბის მივეცი.

            და იცი რა მოხდა ? – ჩემი მეუღლე დაფეხმძიმდა და ცხრა თვის თავზე პატარა ბიჭი შეგვეძინა. ექიმები გაგიჟებულები იყვნენ. ვერაფრით გაეგოთ თუ როგორ მოხდა ეს… როდესაც მოვუყევი, რომ ეს ყველაფერი რაბი მენახემ მენდელ შნეერსონის დალოცვის დამსახურება იყო, ისინი შოკში ჩავარდნენ და გაოცებისგან აზრზე ძლივს მოდიოდნენ. მე ვიყავი უბედნიერესი კაცი მთელი დედამიწის ზურგზე.

            გინდათ ახლა ყველაზე მაგარი რამ გითხრათ? თუ იცით რა დავარქვით ჩვენს შვილს? – რაბის საპატივცემულოდ მას მენდელი დავარქვით. თავდაპირველად ჩემს მეუღლეს არ მოსწონდა ეს სახელი, რადგან ის არ იყო ამერიკული წარმოშობის, მაგრამ მე ჯიუტად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩემი შვილის სახელი მენდელი უნდა ყოფილიყო! ახლა კი, ყოველდღე, როდესაც ჩვენ მას ვეძახით, გვახსენდება დიდი რებე და ის დიდი სასწაული, რომელიც მისმა დალოცვამ მოახდინა.

            როდესაც ჩვენმა მშობლებმა გაიგეს ბავშვის სახელი, საშინელი პროტესტი გამოთქვეს. ისინი ამბობდნენ, რომ ამ სახელის გამო ბავშვი ყველას ებრაელი ეგონებოდა და რომ გადაემტერებოდნენ მას. ,,რატომ უნდა დაიტანჯოს ბავშვი ტყუილუბრალოდ? ‘’ ამბობდნენ ისინი. მე კი მათ უბრალოდ ვპასუხობდი, რომ მე ასე მინდოდა გამეკეთებინა. და თუკი ჩემს შვილს მომავალში ებრაელობის, ანდაც სახელის გამო ვინმე სცემდა ან დაჩაგრავდა, სახლში მოსულს მოვისვამდი გვერდით და ვასწავლიდი, თუ როგორ არ უნდა მოქცეოდა თვითონ სხვა ებრაელებს, რადგან როგორც ის იყო ნაცემი უმიზეზოდ, ისე უმიზეზოდ სცემდნენ იმ სხვა, ებრაელ ბავშვებსაც. ვეტყოდი რომ სხვა ბავშვებს თუ ეზიზღებათ ებრაელები, მას უნდა უყვარდეს ისინი და ეხმარებოდეს მათ… და მომავალში, თუკი ჩემს შვილს, სახელის გამო კიდევ დასცინებდა ვინმე, მე მას დავარიგებდი, რომ ამ ადამიანისთვის ეამბო თუ როგორი სასწაულით გაჩნდა იგი ამქვეყნად და რომ, რომ არა ებრაელი რაბის – მენახემ მენდელ შნეერსონის დალოცვა, ის საერთოდ ვერ მოევლინებოდა ამ ქვეყანას – აი მაშინ კი ის სხვა ბავშვებიც შეცვლიდნენ თავიანთ დამოკიდებულებასა და აზროვნებას.

            პოლიციელმა თხრობა დაასრულა და თვალცრემლიან ქალს ბედნიერი მგზავრობა უსურვა.

            აი ასე ეხმარებოდა, რაბი მილუბავიჩი ყველა ადამიანს, ვისაც კი ეს სჭირდებოდა. ყველგან და ყველა სიტუაციაში ამაღლებდა გამჩენის სახელს, იმ დონემდეც კი, რომ არაებრაელებიც აღიარებდნენ, ებრაელი, წმინდა რაბის იგი იყო ცოცხალი სიკეთე ამ სამყაროში.

გახსოვდეს დედაშენი…

          1991 წლის კვირა დილით, რაბი ფერეც ჰეჩტი, მამაჩემი რაბი ხაიმ მეირ ბუკეტი და მე ერთად ვიდექით რიგში, სადაც ხალხი კურთხევასთან ერთად, რებესგან დალოცვილ ერთ დოლარიანს იღებდა.

          პირველი რებეს, რაბი ჰეჩტი მიუახლოვდა. რებემ მისცა მას ერთი ცალი ერთ დოლარიანი, ხოლო შემდეგ კიდევ ერთი ერთ დოლარიანი გაუწოდა და უთხრა: ,,ეს ერთდოლარიანი დედაშენისთვისაა.“ რაბი ფერეცი ადგილზე გაიყინა. დედამისი ხომ დიდი ხნის წინ გარდაცვლილიყო… რებემ რაბი ჰეჩტის სახიდან დაბნეულობა ამოიკითხა და კიდევ ერთხელ გაუმეორა : ,,ეს ერთდოლარიანი დედაშენისთვისაა.“

          რაბი დაჟინებით მიშტერებოდა რებეს და ვერ გაეგო რისი თქმა სურდა მისთვის. მაშინ ადმორმა ღიმილით ჰკითხა: ,,იცი რომ შენ დედა გყავს?“

          რაბი ჰეჩტმა თქვა, რომ დედამისი დიდი ხნის წინ გარდაცვლილიყო. ეს ყველაფერი მდივანმაც დაუზუსტა რებეს, თუმცა მისი პასუხი მხოლოდ ერთი იყო: ,,მერე რა რომ გარდაცვლილია…“

          რაბი ჰეჩტმა გამოართვა მას ერთ დოლარიანი და დამწუხრებული წავიდა უკან. როგორც კი შენობიდან გავიდა, რაბი ფერეცმა ტირილი დაიწყო ,,უი, ვაი… დღეს ხომ დედაჩემის დაბადების დღეა“- ატირდა კაცი.

          რებემ მისცა მას ერთ დოლარიანი, რათა ამით ცედაკა გაეკეთებინა და დედამისის დაბადების დღეზე, ამ მიცვის ძალით, მშობლის სული უფრო მეტად მოემაღლებინა.

          ახლა კი მიხვდა რაბი, თუ რას ეუბნებოდა ადმორი, როცა ერთდოლარიანს დედამისისთვის აძლევდა…

Blog at WordPress.com.

ზედა ↑