
ეს ამბავი, თავის დარაშებზე ჩვენი თაობის უდიდესმა კაბალისტმა რაბმა – ბენაიაჰუ შმუელმა მოყვა
(გამჩენმა სიცოცხლის წლები და დღეები გაუგრძელოს).
ერთ ებრაელ ქალს, წლების მანძილზე არ უჩნდებოდა შვილი. ქორწინებიდან მეექვსე წლის თავზე კი, სასწაულებრივად დაფეხმძიმდა და ვაჟიშვილი შეეძინა. წყვილის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა ეს სიხარული ზუსტად სამ თვეში დიდმა დარდმა შეცვალა. უეცრად ბავშვი ცუდად გახდა… ახალშობილი მაშინვე კლინიკაში წაიყვანეს, ყველანაირი სახის გამოკვლევა ჩაუტარეს და ცუდად ყოფნის მიზეზიც გაიგეს. სამწუხაროდ, ბიჭი ძალიან მძიმე სტადიის გულის მანკით იყო დაავადებული და სასწრაფოდ ოპერაციის გაკეთებას საჭიროებდა.
ცხარე ცრემლებით ტიროდა ქალი. ნანატრი შვილის ბედი, ახლა სრულიად გაურკვეველი იყო. შაბათის გატარება თავის პატარასთან ერთად, იერუშალაიმში გადაწყვიტა. ღამის გასათევი ადგილი, წმინდანის – რაბი იცხაკ კადურის სახლთან ახლოს იქირავა, იმ იმედით, რომ სადმე შეხვდებოდა და კურთხევას აიღებდა თავისი ერთადერთი, ნანატრი შვილის გამოსაჯანმრთელებლად.
შაბათი დღე იყო. ჯერ შახრითის ლოცვა არ დამთავრებულიყო. გულჩაკლული დედა, თავის პატარასთან ერთად ფეხით გაუდგა წმინდანის სახლისკენ მიმავალ გზას. მალევე მივიდა და იქვე მოუცადა ლოცვის დასრულებას, რომ იქნებ ამის შემდეგ მაინც აეღო კურთხევა რაბი იცხაკისგან. ლოცვა დასრულდა, თუმცა რაბი ისე შევიდა სახლში, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს ქალისთვის.
უეცრად გარეთ, ცადიკის შამაში (დამხმარე) გამოვიდა და ჭიშკართან ატირებული ქალი დაინახა, რომელსაც ხელში პატარა, თვეების ბავშვი ეჭირა. ქალის ტირილმა სრულიად შეძრა კაცი. მივიდა და მსწრაფლ ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმაც გულდასმით მოუყვა ყველაფერი, ყვებოდა და თან ზღვასავით მოსდიოდა ცრემლები. შამაშიც ატირდა ქალთან ერთად. მან ბავშვი ხელში აიყვანა, დედას ცოტა ხნით მოცდა სთხოვა და ატირებული, ბავშვით ხელში წმინდანთან შევიდა.
ცადიკმა რომ დაინახა მომტირალი შამაში ბავშვით ხელში, ჰკითხა: ,,დღეს ხომ შაბათია, ტირილი კი ამ დღეს აკრძალულია, რატომ ტირი?“ მაშინ კი მოუყვა შამაშმა ცადიკს ყველაფერი. წმინდანმა ბიჭი ხელში აიყვანა, მთელი გულით დალოცა და თქვა: ,,შაბათის მადლით ამ ქვეყნად ჯანმრთელობა მოდის“… ლოცვა რომ დაასრულა დამხმარეს უთხრა: ,,წაუყვანე ბავშვი დედამისს და უთხარი რომ სრულიად ჯანმრთელია უკვე“. შამაშმა კი უთხრა: ,,კი მაგრამ რაბი, ექიმებმა ქალს უთხრეს რომ სამშაბათს გადაუდებლად უნდა გაუკეთონ ოპერაცია ბავშვს“. რაბი იცხაკ კადურმა კი ისევ გაუმეორა: ,,წადი და უთხარი დედამისს, რომ არ დასჭირდება ბავშვს ოპერაცია და რომ ის უკვე სრულიად ჯანმრთელია.“
ქალმა მოისმინა ცადიკის სიტყვები. მეორე დღესვე წაიყავანა ბავშვი ხელმეორედ გამოკვლევებზე… და მოხდა მართლაც სასწაული – ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო და არანაირი პრობლემა აღარ ჰქონდა გულზე. ყველა გაეოგნებინა ამ ამბავს – ეს ხომ ნამდვილი სასწაული იყო.
რაბი იცხაკ კადურის მადლი შეგვეწიოს მთელს ისრაელს – ამენ!