ბაბა სალი

რაბი ისრაელ აბუხაცირა, რომელიც ასევე ცნობილია ,,ბაბა სალი“-ს სახელით, ბრძანდებოდა ჩვენი თაობის უწმინდესი კაბალისტი რაბი, რომლის მიერ ქმნილ სასწაულებზეც მსოფლიო დღემდე საუბრობს. მის სიწმინდეში ეჭვი არასოდეს არავის შეჰპარვია – მათ შორის, არც არაებრაელებს. კურთხეულხსენებული წმინდანი, ყოვლისშემძლეს წყალობით, ბუნების კანონებსაც იმორჩილებდა და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თავმდაბლობით, გამჩენის სახელზე აკეთებდა.
        რეალურად ,,ბაბა სალი„ მისი მეტსახელია და ორგვარად იშიფრება: ერთის მხრივ ისრაელის მამას (,,აბა ისრაელ“), ხოლო მეორე მხრივ – ლოცვის მამას (,,აბა ჰამითფალელ“) ნიშნავს. მისი ნამდვილი სახელი კი რაბი ისრაელ აბუხაცირაა.
        რაბი ისრაელ აბუხაცირა, დაიბადა 1889 წლის 26 სექტემბერს (1 შვატ/ 5650წ) მაროკოში, ქალაქ რიჟანში. აბუხაცირების ოჯახი ოდითგანვე გამოირჩეოდა სიწმინდით. ეს მრავალწლოვანი გვარი, თავის თავში აერთიანებს ბევრ წმინდა, კაბალისტ, სასწაულმოქმედ რაბს. მისი მამა გახლდათ რაბი მასუდ აბუხაცირა. ბაბუა კი უდიდესი კაბალისტი – რაბი იაკობ აბუხაცირა. მისი ძმები იყვნენ – რაბი დავიდ და რაბი იცხაკ აბუხაცირები.
        მანამ სანამ ბაბა სალი ისრაელში, კერძოდ ქალაქ ნეთივოთში დასახლდებოდა, ბევრჯერ მოუწია მოგზაურობა. ის დადიოდა სხვადასხვა ქვეყნებში და საყვარელ ისრაელის შვილებს თეშუბაზე აბრუნებდა. ხოლო საბოლოოდ, მშობლიურ ერეცში დამკვიდრდდა.

            რაბი ისრაელი, ცნობილი იყო მთელს მსოფლიოში. ყოველი კუთხიდან მოდიოდა მასთან ხალხი. ზოგი მისი სიწმინდის სანახავად, ზოგიც ნაკურთხი წყლისა და კამეის (ამულეტი) მისაღებად. თუმცა, ამ ყველაფრის გარდა, ყველას გულში, ერთი დიდი წადილი ღვიოდა და ეს – წმინდანისაგან კურთხევის მიღება იყო.

ბაბა სალი ყოველდღიურად მძიმედ შრომობდა. წამსაც კი არ აცდენდა და მთელს თავის შეგნებულ დროს ისრაელი ერის შვილების დახმარებას ახმარდა. თავისი ხელით წერდა ამულეტებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში იხმარებდა სხვებს თუ თვითონ ვერ ასწრებდა. მსგავსი შემთხვევებისთვის შემოკრებილი ჰყავდა დიდი რაბები, რომლებიც ამულეტებს წერდნენ, ხოლო შემდგომ ბაბა სალი ამოწმებდა და ამტკიცებდა მათ.

            რაბი ისრაელი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარდა, განსაკუთრებით კი მაროკოელ ებრაელებს. მას ჰქონდა ურთიერთობა მის გარშემო მყოფ ხასიდიმებთან, რომლებსაც უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გააჩნდათ რაბის მიმართ.

            სიცოცხლის ბოლომდე ისრაელის ერისთვის შრომობდა. ყველაფერს აკეთებდა გამჩენის სახელის მოსამაღლებლად. უამრავ ადამიანს აბრუნებდა სწორ გზაზე. უამრავ ებრაელს კურნავდა და ეხმარებოდა მისი კურთხევები. გამუდმებით ღმერთის სამსახურში იყო და ღმერთიც ყველაფერში ეხმარებოდა თავის საყვარელ შვილს.

            ისე მოხდა, რომ სიცოცხლეც ისრაელის შვილების სიყვარულის გამო დათმო და დროზე ადრე იმ მძიმე განაჩენის გასაბათილებლად გადაბრძნდა, რომელიც ზემოთა სამყაროებში, ისრაელის შვილებისთვის იყო გამოტანილი.

რაბი ისრაელ აბუხაცირა გაირდაიცვალა ნეთივოთში 1984 წლის 8 იანვარს (4 შვატ/ 5744წ.). სწორედ ნეთივოთში მდებარეობს ბაბა სალის საფლავი. მის დაკრძალვაზე ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა. სამოთხისაკენ მიმავალ გზაზე აცილებდნენ, როგორც ბავშვები, ისე მოხუცები, დიდი რაბები და ჩვეულებრივი ადამიანები.

 ყოველწლიურად მის საფლავს მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. წმინდანის მადლი დღესაც ფარავს ისრაელი ერის შვილებს. მის საფლავზე ლოცვას უდიდესი ძალა გააჩნია. დაე რაბი ისრაელ აბუხაცირამ დაგვლოცოს მთელი ისრაელის შვილები, ამენ!

მანამ, სანამ რაბი ისრაელ აბუხაცირაზე მოგიყვებოდეთ განმაცვიფრებელ ისტორიებს, მანამდე გვსურს ძალიან საინტერესო ამბავი გაგიზიაროთ, მის ბაბუაზე – რაბი იაკობ აბუხაცირაზე.

,,…შეუძლებელია ადამიანი მიცვის გასაკეთებლად მიდიოდეს, და გამჩენმა რაიმე ცუდი დამართოს გზად

         რაბი იაკობ აბუხაცირას წესად ჰქონდა ცედაკის მოსაკრებად სხვადასხვა ქალაქში ჩასვლა. ეს სულაც არ იყო მარტივი საქმე, თუმცა რაბიმ იცოდა, თუ როგორ უყვარს გამჩენს ცედაკა, სწორედ ამიტომ, მთელი გულითა და სულით აკეთებდა ამ საქმეს. შეგროვილი თანხა გაჭირვებულებს ხმარდებოდათ.  ისინი სულს ითქვამდნენ შემოწირული თანხით, ცედაკის გამცემთ კი, მოყვასის დახმარება დიდ მადლში ეთვლებოდათ.

            ერთ დღესაც რაბი იაკობი ცედაკის ასაკრებად შორ გზაზე გაემგზავრა. ყოვლისშემძლეს დახმარებით და მადლიანი ხალხის შემოწირულობით, გაჭირვებულებისთვის ბევრი ფული შეგროვდა. რაბს არაბი მეეტლე ჰყავდა, რომელიც მგზავრობისას თან დაჰყვებოდა და ყველა საჭირო საქმეში ეხმარებოდა.

            რაბი იაკობს ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და მისთვის ყოველი წამი ძვირფასი იყო, სწორედ ამიტომ,  ქალაქში მოკლე გზით დაბრუნება გადაწყვიტა. როგორც წესი, მეეტლე წმინდანს უსიტყვოდ ემორჩილებოდა, მაგრამ როცა თავისი პატრონის გადაწყვეტილების შესახებ გაიგო, შიშისგან გულსშემოეყარა და კანკალით უთხრა: ,,კი მაგრამ რაბი, ყველასათვის ცნობილია, რომ ამ გზაზე საშინელი ავაზაკები არიან ჩასაფრებულები. ისინი ყველას სცემენ, აწიოკებენ და ძარცვავენ… ძალიან საშიშია. მით უფრო, ამდენი ფული გაქვთ თან…“. წმინდანი აზრის შეცვლას არ აპირებდა, აფორიაქებულ მეეტლესაც დამშვიდება სთხოვა და ისიც დასძინა რომ გამჩენის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნებოდა.

            გზა ბნელი და საშიში იყო. შეშინებული არაბი კანკალით მიიკვლევდა გზას. რაბი სრულიად მშვიდად იჯდა და თორას ჭირნახულობდა. ყაჩაღებს უკვე შეეტყოთ, რომ ამ გზის გამოვლას ებრაელი რაბი აპირებდა, რომელსაც საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა თან. მათაც მეტი რა უნდოდათ, ბუჩქებში ჩაუსაფრდნენ და როგორც კი ეტლი გამოჩნდა წინ გადაეღობნენ. შეშინებული მეეტლე ვირიდან გადმოხტა და იქვე ხეებს შეაფარა თავი. წმინდანი კი იჯდა და თვალს წამითაც არ სწყვეტდა წმინდა თორას.

  • ჰეი შენ, რაბი! მიუახლოვდნენ ეტლს ყაჩაღები. – გავიგეთ თან ბევრი ფული გქონია. ეგ ფული, რომ ჩვენი გახდება მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მანამდე შენც კარგად გცემთ და გასწავლით ჭკუასო – ირონიულად შეჰყვირეს ავაზაკებმა.

რაბმა თვალები წამით მოსწყვიტა თორას და მშვიდი ხმით ყაჩაღებს უკან დახევა ურჩია, თუმცა ავაზაკები გაჩერებას არ აპირებდნენ.

            უეცრად იგრძნეს, თუ როგორ დაიწყო მათ ფეხქვეშ მიწამ ატალახება. ისინი ნელ-ნელა ეფლობოდნენ შიგ, მანამ, სანამ წელს ქვემოთ ბოლომდე მიწაში არ მოექცნენ, ხოლო წელს ზემოთ ქვასავით გამაგრდნენ და მომენტალურად ქანდაკებებად იქცნენ.

            გაოგნებული მეეტლე თვალებს არ უჯერებდა. მალევე გამოვიდა ხეებიდან და რაბთან მიირბინა. წმინდანმა შეხედა გაოგნებულ კაცს და უთხრა: ,,აკი გითხარი ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნებათქო, შენ კი შეგეშინდა და გაიქეცი! შეუძლებელია ადამიანი მიცვის გასაკეთებლად მიდიოდეს და გზად ღმერთმა რაიმე ცუდი დამართოს!

            რაბი და მეეტლე გზას გაუდგნენ. მალევე ქალაქში ჩავიდნენ. ავაზაკების ახლობლებმა ძალიან კარგად იცოდნენ ყაჩაღების გეგმის შესახებ და ახლა, როცა რაბი ქალაქში მშვიდობიანად დაბრუნებული დაინახეს, მსწრაფლ გავარდნენ ტყეში და ქანდაკებად ქცეული ქურდბაცაცები დაინახეს.

            მალევე დაბრუნდნენ უკან, მეეტლესთან მივიდნენ და ჰკითხეს თუ რა მოხდა. მანაც წვრილ-წვრილად მოუყვა ყველაფერი და პატიების სათხოვნელად რაბისთან მისვლა ურჩია. ნათესავებმაც არ დააყოვნეს და ატირებულნი წმინდანთან მივიდნენ. რაბი იაკობმა სერიოზულად შეხედა მათ და უთხრა, თუ ავაზაკები პირობას დადებდნენ, რომ თავიანთი ცხოვრების მანძილზე აღარავის ააწიოკებდნენ და ამ ცუდ საქმეს შეეშვებოდნენ, მაშინ ილოცებდა მათთვის ღმერთის წინაშე და დაიხსნიდა ამ განსაცდელისაგან. მათაც პირობა დადეს, რომ შეეშვებოდნენ ხალხის აწიოკებას და ასე დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

            აი ვინ ბრძანდებოდა რაბი იაკობ აბუხაცირა, კურთხეულია წმინდანის ხსოვნა. აქედან ვხედავთ, რომ გამჩენს მინდობილი ადამიანი არასოდეს გაიწირება და არც მიცვის საფასური იქნება დაკარგული.

სასწაული – 13:45 საათზე!

         ერთ დღეს რაბი ისრაელ აბუხაცირას იეშივის მთავარი რაბი ესტუმრა. რაბს თვალები აცრემლებოდა და სახეზე დიდი დარდი დამჩნეოდა. ,,რაბი“ – ეს თქვა და ატირდა. ,,ჩემი ერთადერთი ქალიშვილი, ამერიკაში ცხოვრობს. მას მშობიარობა დაეწყო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმი იძახის, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა და რომ სასწრაფოდ ოპერაციაა საჭირო. ამასთანავე არავინ იცის რითი დასრულდება ოპერაცია.“

            სწორედ ამ დღეს, როშ ხოდეში იყო. რაბი ისრაელს წესად ჰქონდა, როშ-ხოდეშში ,,სეყუდათ მიცვის“ სუფრის გაშლა. ამ დღესაც ჩვეულებისამებრ გაშლილიყო სუფრა. სტუმრებიცა და ოჯახის წევრებიც დასასხდომათ ემზადებოდნენ. ბაბა სალიმ სასოწარკვეთილი იეშივის უფროსი სუფრასთან მიიწვია. რაბიმ ნეტილა აიღო და დანაღვლიანებული, აცრემლებული თვალებით მიუჯდა სუფრას. ყველანი რომ დასხდნენ, რაბი ისრაელმა მშვიდი ხმით მოუხმო თავისთან იეშივის უფროსს. ამ დროს საათი 13:45-ს უჩვენებდა. წმინდანმა რაბს ორივე ხელი თავზე დაადო და შემდეგნაირად დალოცა: ,,შენს ქალიშვილს ჰქონოდეს ადვილი და იოლი მშობიარობა!“

            მას შემდეგ, რაც იეშივის უფროსმა წმინდანისაგან კურთხევა მიიღო, გულში, რაღაც აუხსნელი სიმშვიდე დაუსადგურდა. რწმენითა და იმედით აღივსო და ,,ბეით მიდრაშისკენ“ გაეშურა. რაბი ჩამოჯდა, თეჰილიმის კითხვა დაიწყო და ორი საათის განმავლობაში, მთლიანი ხუთწიგნეული დაამთავრა.

            რაბი ისრაელმა იცოდა, რომ იეშივის უფროსი ,,ბეით მიდრაშში“ თავისი გოგოს ჯანმრთელობისთვის ლოცულობდა. წმინდანმა, რაბი მოიკითხა და უთხრა: ,,გავიგე, რომ ისევ ტირი, არადა შენმა გოგონამ ზუსტად ორი საათის წინ წარმატებით იმშობიარა და კარგად არიან, გოგონაცა და ბავშვებიც.“

            წმინდანთან საუბრის შემდეგ, რაბმა აჩქარებით დატოვა ,,ბეით მიდრაში“. სასწრაფოდ ტელეფონს მივარდა და ამერიკაში გადარეკა. ამერიკიდანაც დაუდასტურეს, რომ გოგონას მართლაც ორი საათის წინ ემშობიარა ყველანი ჯანმრთელად იყვნენ და რაც მთავარია, დაბადებულიყვნენ – ტყუპები. იეშივის უფროსი, გაოგნდა. აზრზე რომ მოვიდა, ტელეფონში მოსაუბრეს ჰკითხა, თუ რომელ საათზე ემშობიარა მის ქალიშვილს. სასწაული, ჯერ წინ იყო! ახლობლებმა უთხრეს, რომ გოგონამ 13:45-ზე იმშობიარა, ზუსტად მაშინ, როდესაც წმინდანმა თავზე ხელები დაადო რაბს და მისი ქალიშვილი ადვილ და წარმატებულ მშობიარობაზე დალოცა!

             იეშივის უფროსის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იგი გამჩენს მადლობას სწირავდა იმ დიდი სასწაულისთვის, რაც მოუხდინა, ბაბა სალის კურთხევის წყალობით.

            აი ასეთ სასწაულებს ახდენდა, გამჩენის დახმარებით, რაბი ისრაელ აბუხაცირა. მისი მადლი შეგვეწიოს მთელს ისრაელის ერს!

თეფილინი ფასულია…

          ცნობილია, რომ ბაბა სალი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა თეფილინის სიქაშრეს. მისთვის აუცილებელი იყო, რომ თეფილინის ტექსტში არ ყოფილიყო არანაირი შეცდომა და ყოფილიყო ,,მეუდარი“ (უმაღლესი დონის).

          ერთ დღესაც, ბაბა სალიმ თეფილინის შეძენა გადაწყვიტა. მისი დამზადება ამ საქმის სპეციალისტ მწერალს მიანდო, რომელიც განთქმული იყო თავისი ლამაზი კალიგრაფიითა და პროფესიონალიზმით. რამდენიმე ხნის შემდეგ, კაცმა თეფილინის ტექსტი დაწერა, გაამზადა და ბაბა სალისთან გაატანა შამაშს (რაბის დამხმარე).

            ბაბა სალი არც კი შეხებია თეფილინს, ისე უთხრა შამაშს, რომ თეფილინი ,,ფასული“ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი მოხმარებით მიცვა ვერ სრულდებოდა. სწორედ ამიტომ, საჭირო იყო შესამოწმებლად მწერლისთვის უკან დაებრუნებინათ.

          შამაშის დანახვამ სოფერი (სეფერ თორის, თეფილინისა და მეზუზების მწერალი) განაცვიფრა. მაშინვე ხელახლა გადახედა ტექსტს და დარწმუნებით თქვა, რომ ყველაფერი სწორად იყო დაწერილი – და შეეძლო უკან წაეღო წმინდანისთვის.

          რაბი ისრაელმა ამჯერადაც იგივე ტექსტით გამოისტუმრა შამაში და კვლავ გაუმეორა : ,,თეფილინი ფასულია“.

          გაოგნებული მწერალი და შამაში ერთად დასხდნენ და ხელახლა დაიწყეს ტექსტის გადაკითხვა. დიდხნიანი დაკვირვების შემდეგ, მართლაც აღმოაჩინეს შეცდომა. სიტყვასთან ,, ლეტოტაფოთ“ – ,,ტეტ“ ასო არასწორად ეწერა და სწორედ ეს ხდიდა თეფილინს ფასულს.

          საინტერესოა და გამაოგნებელი, როგორ შეძლო კურთხეულმა წმინდანმა ხელშეუხებლად და დაუნახავად იმის გაგება რომ თეფილინი ფასული იყო და მით უფრო, რომ ფასულს ერთი ასო ხდიდა… ასო, რომელიც მხოლოდ დიდხნიანი ძებნისა და დაკვირვების შემდეგ აღმოაჩინეს შამაშმა და მწერალმა ერთად.

წამოდექი…

          ახალგაზრდა თუ მოხუცი, ქალი თუ კაცი, რელიგიური თუ არარელიგიური, სეფარადები თუ აშკენაზები – ყველანი აღფრთოვანებულები იყვნენ უწმინდესი რაბით ნეთივოთიდან – რაბი ისრაელ აბუხაცირათი, რომელიც აგრეთვე ცნობილია ბაბა სალის სახელით. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდიოდა რაბთან კურთხევის მისაღებად.

          იყო ერთი კაცი სახელად ელი, რომელსაც ექიმებმა ძალიან მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს და სასწრაფო წესით ფეხის ამპუტაცია ,,გამოუტანეს განაჩენად“. რა უნდა ექნა საწყალს, იმ შემთხვევაში თუ ოპერაციას არ დათანხმდებოდა, მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა. გარკვეულწილად შეეგუა თავის ბედს.

          ოპერაცია პარასკევს დაიგეგმა. ხუთშაბათი დღე იყო, ოპერაციამდე სულ რაღაც ერთი დღე რჩებოდა. რა თქმა უნდა, ელის სანახავად ნათესავები მოდიოდნენ, ბევრი ამშვიდებდა მას, თუმცა ერთმა ხანდაზმულმა მოხუცმა ქალმა, მთელი გულითა და სულით ურჩია ოპერაციამდე, კურთხევა რაბი ისრაელ აბუხაცირასაგან მიეღო. ისიც დასძინა, რომ მის მიერ ქმნილი სასწაულები ქვეყანას მოსდებოდა და ყველამ, დიდმა თუ პატარამ, იცოდა წმინდანის სასწაულების შესახებ. ,,რა იცი რა ხელზე მიხვიდე, რაბის დალოცვით, ღმერთის წყალობით, ბევრი მძიმე ავადმყოფი განკურნებულა, იქნებ შენც მოგიხდეს სასწაული, მიდი შვილო, დაკარგვით ხომ არაფერს დაკარგავო…“ დედა-შვილურად დაარიგა მოხუცმა.

          ელის აქამდე არაფერი სმენოდა ბაბა სალის შესახებ. სასოწარკვეთილებაში მყოფმა, გადაწყვიტა დაეჯერებინა მოხუცი ნათესავისთვის და ქალაქ ნეთივოთში წმინდანთან წასულიყო.

          მან კარგად იცოდა რომ ოპერაციამდე ერთი დღით ადრე არცერთი ექიმი მისცემდა საავადმყოფოს დატოვების უფლებას, ამიტომ ჩუმად გაიპარა. ისე ჩავიდა ბაბა სალის სახლამდე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს.

          წმინდანის ოთახთან ახლოს, მოსაცდელი იყო, სადაც ხალხი თავის რიგს ელოდებოდა. ელიც იქვე სკამზე იჯდა და მოთმინებით ელოდა თავის რიგს. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა მისი შესვლის დროც დადგა.

          რაბი ისრაელთან მისვლისას, წესად ჰქონდათ ცადიკისთვის ხელზე კოცნა. ელიმ ეს გაიგო, თუმცა ფეხები ისე სტკიოდა, წმინდანამდე მისვლა კი არა, ოთახში შესვლა ძლივს მოახერხა.

          ცადიკის  მითითებით, რაბანითი სიმი, ბაბა სალის მეუღლე, ელის მიუახლოვდა და ჰკითხა: ,,თეფილინს თუ იდებ? შაბათს თუ იცავ? თუ ლოცულობ?“

-არა… –  გულაჩუყებულმა უპასუხა ელიმ და ატირდა.

            ბაბა სალიმ დაინახა ელის მძიმე ფიზიკური ტკივილი, აქვე შეამჩნია მისივე უდიდესი გულწრფელობა და უთხრა: ,,თუ შენ შეასრულებ ჩემს თხოვნას და დაიცავ შაბათს, გულწრფელად მოინანიებ შენს ცოდვებს და დაბრუნდები თეშუბაზე, მაშინ გამჩენი მოისმენს ჩემს სურვილს.“

          ელის მძლავრი ემოციები მოაწვა და მთელი გულით ატირდა. ,,მე ვიღებ საკუთარ თავზე დავიცვა შაბათი სრულად. ასევე ვდებ პირობას, რომ გავაკეთებ სრულ თეშუბას და ვივლი გამჩენის გზაზე.“ – თქვა ატირებულმა ელიმ.

          ბაბა სალის წესად ჰქონდა სტუმრების გამასპინძლება. ელისაც ჩაით გაუმასპინძლდნენ, ხოლო როდესაც ჩაი დალია რაბანითმა სთხოვა მთელი ძალები მოეკრიბა და წმინდანამდე მისულიყო ხელზე საკოცნელადა და კურთხევის მისაღებად.

          დიდი ძალისხმევისა და ტკივილის შემდეგ, ელი, როგორც იქნა წამოდგა. კაცს არ სჯეროდა – მას ფეხები ემორჩილებოდნენ. ის მივიდა ბაბა სალისთან და ხელზე აკოცა. ერთიანი შოკისა და სიხარულის შემდეგ, მან წმინდანისთვის მადლობის გადახდა დაიწყო. რაბმა შეაწყვეტინა და ღიმილით უთხრა: ,,ნუ მიხდი მადლობას მე. უბრალოდ თქვი: ,,ნეტარ არიან ისინი ვინც მის სახელს საჯაროდ მოამაღლებენ!“

          ახდა მისი ოცნება… ელიმ კარი გააღო და კიბეებზე თავისით ჩავიდა. ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა, რომ სიარული კვლავ შეეძლო. ქვემოთ ჩასულმა გაიარ-გამოიარა კიდევ – რათა დარწმუნებულიყო, რომ სიზმარში არ იყო. დგამდა ნაბიჯებს და თავის თავს ეკითხებოდა: ნუთუ მე მართლა შემიძლია სიარული? ნუთუ ეს ჩემს თავს ხდება? თითოეული ნაბიჯის გადადგმაზე ფეხის მდგომარეობა უმჯობესდებოდა.

          თავისი ,,ახალი ფეხებით“ ბაბა სალის სახლთან ახლოს მდებარე იეშივაში წავიდა. როდესაც იეშივის მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ისინი უდიდესი სასწაულის მომსწრენი იყვნენ, ელის წრე შემოარტყეს და  ცეკვა-სიმღერა დაიწყეს. უზომოდ ბედნიერნი, სიმხიარულეში მადლობას უხდიდნენ ყოვლისშემძლე, უწმინდესს და ერთადერთ გამჩენს.

          როცა ელი სიხარულისგან გონს მოვიდა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ გამოჯანმრთელებულიყო, დასამშვიდობებლად ისევ ბაბა სალის სახლში დაბრუნდა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა. წამოსვლის წინ ელის ცოტა შეეშინდა და იკითხა, ხომ არ იყო იმის საშიშროება, რომ მისი ფეხები ისევ დაუბრუნდებოდნენ ძველ მდგომარეობას და ხომ არ იყო ეს  მომენტალური რემისია? ბაბა სალიმ დაამშვიდა ელი და მხიარულად უთხრა: ,,შენი ფიცისა და მონანიების დამსახურებაა, განსაკუთრებით კი იმ პირობისა შაბათისა და მისი წესების დაცვაზე რომ აღუთქვი ღმერთს, რაც ერთად აღებულ ყველა მცნებას უტოლდება… სწორედ ამიტომ გამჩენმა მოგიხდინა სასწაული და გააუქმა შენზე ცუდი განაჩენი. ახლა შენზეა დამოკიდებული შენი სიტყვების სისრულეში მოყვანა და შესრულება.“

            ამ ყველაფრის შემდეგ ელიმ წმინდანის სახლი დატოვა და გახარებულმა იმ წამსვე თავის ცოლს დაურეკა. ,,მე სრულებით კარგად ვარ.“ – ყვიროდა ბედნიერებით აღსავსე. მისი მეუღლე ფიქრობდა, რომ მის ქმარს, უბრალოდ ოპერაციის ეშინოდა და ამიტომ იგონებდა გამოჯანმრთელების ამბავს. ,,სახლში მოხვალ თუ პირდაპირ საავადმყოფოში წახვალ?“- ჰკითხა შეშფოთებულმა ქალმა.

          ელიმ დაწვრილებით უამბო თავის ცოლს ბაბა სალისთან ვიზიტზე, აღთქმულ პირობაზე, კურთხევაზე და იმ უდიდესს სასწაულზე, რომელიც გამჩენმა მოუხდინა მას. როგორც კი დაამთავრა ცოლთან საუბარი, იმ წამსვე დარეკა თელ-ავივის საავადმყოფოში და შეატყობინა ექიმს სასწაულებრივად გამოჯანმრთელების ამბავი. ექიმმა არ დაუჯერა და მკვახედ უთხრა დაბრუნებულიყო საავადმყოფოში და მორჩენილიყო ამ სიგიჟეს!

            მომდევნო დღეს ელი მართლაც წავიდა საავადმყოფოში. ექიმი თვალებს არ უჯერებდა. რამდენიმე დღიანი კვლევებისა და ტესტების ჩატარების შემდეგ, ელი სახლში სრულიად ჯანმრთელი გაუშვეს. საავადმყოფოდან გასულს, პირველი ფიქრი და სურვილი, რაც თავში და გულში მოსდიოდა, ნეთივოთში ბაბა სალისთან ხელახლა წასვლა და მადლობის ხელახლა გადახდა იყო… რაბმა სთხოვა მის ოჯახს, რომ გაეკეთებინათ ,,სამადლობელო სუფრა“ და ამხელა სასწაულისთვის – გამჩენისთვის მადლობა გადაეხადათ. ტრაპეზის დასრულების შემდეგ ბაბა სალიმ წყლიანი ბოთლი აკურთხა და ელის, ამ ბოთლის ექიმთან მიტანა სთხოვა. დაავალა, რომ მისი მკურნალი ექიმისთვის გადაეცა და ასევე ეთქვა შემდეგი : ,,ნუ იქნები ჩქარი ადამიანისთვის ფეხების მოჭრაში.“

          რაბი ელიაჰუ ალფასის ბევრი რამ სმენოდა ამ სასწაულის შესახებ. ერთხელ მან სთხოვა ბაბა სალის, გაენდო თუ როგორ მოახდინა ამხელა სასწაული. წმინდანმა მიუგო : ,, დამიჯერე ელიაჰუ, ყველაფერი რაც მე გავაკეთე იყო მხოლოდ ის, რომ მე მას ვუთხარი ,,წამოდექი“ !

Blog at WordPress.com.

ზედა ↑