წმინდანები

სამყარო წმინდანებზე დგას

         თაობიდან თაობამდე მოგვყვება ჩვენი დიდი მამებისა და დედების მადლი. გამჩენი არ ივიწყებს მათთვის მიცემულ პირობას და ისრაელის შვილები პირადად მისი ზედამხედველობის ქვეშ ვიმყოფებით. რამდენ ტანჯვას, წამებას, დევნას, აწიოკებას გაუძლო ჩვენმა ერმა და მაინც დღემდე ავად თუ კარგად მოვიდა. ჩვენ გვავიწროვებდნენ, შვილებს გვიხოცავდნენ, ტაძრებს გვინგრევდნენ, თორის სწავლას გვიკრძალავდნენ, მონებადაც ვუქცევივართ, მაგრამ ისრაელის ერი, მაინც არსებობდა არსებობს და ღმერთის წყალობით, იარსებებს.

         დღესდღეობით შედარებით უფრო მარტივადაა ყველაფერი. ყოვლისშემძლეს წყალობით, ისრაელში ბევრი იეშივა არსებობს… ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ტელეფონში ერთი თითის მოძრაობით ჩავრთოთ თორის გაკვეთილი და მოვუსმინოთ, ან მოვიძიოთ ინფორმაცია, რომლის გაგებაც გვსურს და ა.შ. მაგრამ იყო დრო, როცა ებრაელებს საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ თორის შესწავლა და გამჩენისაგან ნაბოძი მცნებების შენახვა. ზოგი სარდაფში, ზოგიც კი შუბლზე რევოლვერ მიდებული ასრულებდა ყოვლისშემძლეს სურვილს და ასე სიცოცხლის ბოლომდე მკაცრად ინახავდა იმ საჩუქარს – იაკობის შთამომავლობა რომ ჰქვია.

         მხოლოდ კურთხეულმა იცის, რამდენი ძალისხმევა დასჭირდათ ჩვენს წმინდანებს იმისთვის, რომ დღეს გვცოდნოდა რა არის თორა, რა არის ქაშრუთი და ა.შ. რამდენჯერ დამდგარა იმის საშიშროება, რომ გამქრალიყო ჩვენი ადათ-წესები და დავიწყებას მისცემოდა ყოვილივე… მაგრამ გამჩენმა გამოგვიგზავნა საჩუქრად დიდი წმინდა ნეშამები, რომლებიც ცხოვრების თითოეულ წუთს იმაზე ფიქრში ატარებდნენ თუ როგორ დახმარებოდნენ ისრაელის შვილებს.

          სამყარო ჭრელია. ადვილი არ არის უარი თქვა იმ ცდუნებებზე, რომელიც მას აკრავს გარს. თუმცაღა არიან ადამიანები, რომელებიც ამას ახერხებენ. უფლის სახელზე თავიანთ სურვილებს აბათილებენ და სიწმინდისაკენ მიიწევენ! ამ წიგნში სწორედ წმინდა ადამიანებზე გვექნება საუბარი.

         სამყარო ოცდათექვსმეტ დაფარულ ცადიკზე დგას! სწორედ მათი ლოცვები და თავდადება განაპირობებს იმას, რომ გამჩენი იცავს ისრაელის ერს!

         ჩვენი ძალიან დიდი სურვილია ნელ-ნელა გაგაცნოთ ის ადამიანები, რომელთაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ებრაელი ერის, როგორც სულიერ ისე ფიზიკურ კეთილდღეობაში.          გამჩენი დაგვეხმაროს, ისე გადმოგცეთ ისტორიები, რომ თითოეული თქვენგანის გულში იპოვოს საპატიო ადგილი.

Blog at WordPress.com.

ზედა ↑