
თავი პირველი
- მოშემ მიიღო თორა სინაიდან და გადასცა იეჰოშუას; იეჰოშუამ გადასცა უხუცებს, ხოლო უხუცესებმა – წინასწარმეტყველებს და წინასწარმეტყველებმა გადასცეს იგი დიდი საკრებულოს წევრებს. მათ წამოაყენეს სამი მცნება: იყავით თავშეკავებულები განსჯის ჟამს, გაამრავლეთ მოსწავლეთა რიცხვი და გალავანი შემოავლეთ თორას.
- შიმონ ჰაცადიკი იყო დიდი საკრებულოს ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი. ის ამბობდა: სამ საგანზეა დამყარებული ქვეყნიერების არსებობა: თორაზე, შრომასა და უანგარო დახმარებაზე (გემილუთ ხასადიმზე)
- ანტიგონეს სოქოელი იყო შიმონ ჰაცადიკის მიმდევარი. ის ამბობდა: ნუ დაემსგავსებით ყმებს, რომლებიც გასამრჯელოს მიღების მიზნით ემსახურებიან ბატონს. არამედ იყავით ისეთი ყმები, რომლებიც გასამრჯელოზე მიღების ფიქრის გარეშე ემსახურებიან ბატონს და გქონდეთ ღმერთის შიში.
- იოსი ბენ – იოეზერი ცერედიდან და იოსი ბენ – იოხანანი იერუშალაიმიდან იყვნენ მათი მიმდევრები. იოსი ბენ – იოეზერ ცერედელი ამბობს: იყოს შენი სახლი, ვითარცა ბრძენთა შესაკრები სახლი, შეისუნთქე მათი ფეხთა მტვერი და მწყურვალივით შეისრუტე მათი სიტყვები.
- იოსი ბენ – იოხანან იერუშალაიმელი ამბობს: იყოს შენი სახლის კარი ფართოდ გაღებული და იყვნენ ღარიბები შენი ოჯახის წევრებივით. ბევრს ნუ ილაპარაკებ ქალთან; ეს ითქვა საკუთარ ცოლზე, ხოლო მოყვასის ცოლზე – მით უმეტეს. ამის საფუძველზე თქვეს ბრძენებმა: ქალებთან ხშირად მოსაუბრე ზიანს აყენებს საკუთარ თავს, სცილდება თორის მცნებებს, ხოლო ბოლოს იმკვიდრებს ჯოჯოხეთს.
- იეჰოშუა ბენ – ფერახიამ და ნითაი ჰაარბელმა მათი გზა აირჩიეს. იეჰოშუა ბენ – ფერახია ამბობს: მონახე შენთვის ბატონი და შეიძინე მეგობარი; ხოლო ყოველი ადამიანი განსაჯე ლმობიერად.
- ნითაი ჰაარბელი ამბობს: მოსცილდი ცუდ მეზობელს და არ დაუმეგობრდე ბოროტმოქმედს და უბედურებამ გული არ გაგიტეხოს.
- იეჰუდა ბენ – ტაბაი და შიმონ ბენ – შატახი მათი მიმდევრები იყვნენ. იეჰუდა ბენ – ტაბაი ამბობს: არ დაემსგავსო ვექილებს და როდესაც დადგებიან შენს წინაშე გასასამართლებლად, შენს თვალში დამნაშავეებივით იყვნენ, ხოლო როცა დაგშორდებიან, გამართლებულნი იყვნენ შენს თვალში – რამეთუ მიიღეს სასჯელი თავიანთ თავზე.
- შიმონ ბენ – შატახი ამბობს: გულმოდგინედ დაკითხე მოწმეები და იყავი ფრთხილი საუბრის დროს, ვაითუ აქედან ტყუილი ისწავლონ.
- შემაია და ავტალიონი მათი მიმდევრები იყვნენ. შემაია ამბობს: გიყვარდეს შრომა და გძულდეს ბატონკაცობა და ერიდე ხელისუფლებასთან ნაცნობობას.
- ავტალიონი ამბობს: ბრძენებო, გაფრთხილდით ლაპარაკის დროს, ვაითუ გალუთზე დავალიანდეთ და გადაიხვეწოთ ცუდი წყლის ადგილზე და თქვენს შემდეგ მოსულმა მოსწავლეებმა დალიონ და დაიხოცონ – და უფლის სახელი შეიბღალება.
- ჰილელი და შამაი მათი მიმდევრები გახდნენ. ჰილელი ამბობს: იყავი აჰარონის მოსწავლეთაგანი – მშვიდობის მოყვარული და მშვიდობის მაძებარი, ადამიანთა მოყვარული და მათი თორასთან დამაახლოვებელი.
- ის ამბობდა: ვინც თავს იდიდებს, ამით თავს იმცირებს. ვინც თორის სწავლას არ უმატებს, დაკარგავს, რაც უსწავლია, და ვინც სრულიად არ სწავლობს – სიკვდილს იმსახურებს. ხოლო, ვინც (თორის მცოდნეობას) გვირგვინად გამოიყენებს, სიცოცხლის ღირსი არ არის.
- ის ამბობდა: თუ მე არ ვიქნები ჩემთვის, ვინ იქნება ჩემთვის? და თუ მე მარტო ჩემთვის, რა ვყოფილვარ მე? და თუ არა ახლა, მაშ როდის?
- შამაი ამბობს: მუდმივი იყოს შენთვის თორის სწავლა; ცოტა ილაპარაკე და ბევრი გააკეთე, და ყოველი ადამიანი მიიღე მხიარული სახით.
- რაბან გამლიელი ამბობდა: შეიძინე ბატონი და განერიდე იჭვნეულობას და არ მოუხშირო მეათედის გამოყოფას ზერელედ.
- მისი შვილი შიმონი ამბობს: მთელი ჩემი წუთისოფელი ბრძენთა შორის ვიზრდებოდი და სხეულისათვის სიჩუმეზე კარგი ვერაფერი ვპოვე. სწავლა კი არ არის მთავარი, არამედ მოქმედება. და ყოველი, ვინც ბევრს ილაპარაკებს, ცოდვას გაამრავლებს.
- რაბან შიმონ ბენ – გამლიელი ამბობს: სამ მცნებაზეა დაფუძნებული ქვეყნიერება: სამართალზე, ჭეშმარიტებასა და მშვიდობაზე. როგორც ნათქვამია: ჭეშმარიტებით, სიმართლით, სამშვიდობოდ წარმართეთ სამართალი თქვენს ჭიშკრებში.
მეორე თავი
- რაბი ამბობს: რომელია სწორი გზა, რომელზეც ადამიანი გაივლის? ის, რომელიც ჩინებულია შემსრულებლისათვის და სხვებსაც მოხიბლავს. და იყავ ფრთხილი იოლი მცნების მიმართ, როგორც რთულის მიმართ, რამეთუ შენ არ იცი, რა იქნება მცნებათა საზღაური. შეადარე მცნების დანაკლისი მის ქირას და დანაშაულის ქირა მის ზიანს. დაუკვირდი სამ საგანს და ცოდვას თავიდან აიცილებ. იცოდე, რა არის შენს მაღლა: ყოვლის მხედველი თვალი, ყოვლის მსმენელი ყური, ხოლო შენი საქმეები წიგნში იწერება.
- რაბან გამლიელი, რაბი იეჰუდა ჰანასის შვილი, ამბობს: კარგია თორის სწავლა ზნეობასთან ერთად, ვინაიდან ორივეს მიღწევა გამორიცხავს ცოდვის ჩადენას; ხოლო ყოველი მოძღვრება, რომელიც შრომასთან არ არის დაკავშირებული, ბოლოს არარაობად იქცევა და ცოდვას გამოიწვევს. და ყველა, ვინც ემსახურება ხალხს, ამას უნდა აკეთებდეს ღმერთის სახელით, რათა წინაპრების მადლი დაეხმაროს და მათი სიწმინდე მუდმივი იყოს. ,,ხოლო თქვენ, გამზადებული მაქვს დიდი საზღაური თქვენთვის, ვითომდაც გაგეკეთებინოთ.“
- იყავით ფრთხილნი ხელისუფლებასთან, ვინაიდან არ დაიახლოვებენ ადამიანს, არამედ მხოლოდ მაშინ, თუ თვითონ სჭირდებათ. თავს მოგაჩვენებენ მოყვრად, როცა გამოადგები, ხოლო გაჭირვების ჟამს არავის ამოუდგებიან მხარში.
- ის ამბობდა: შეასრულე უფლის სურვილი, ვითარცა შენი, რათა მან შეასრულოს შენი სურვილი საკუთარი სურვილისამებრს. დათმე შენი სურვილი მისი სურვილის გულისათვის, რათა მან გააუქმოს სხვების სურვილი შენი სურვილის სასარგებლოდ. ჰილელი ამბობს: ,,არ მიატოვო ხალხი და ნუ იქნები შენს თავს დარწმუნებული სიკვდილის დღემდე; და არ განსაჯო შენი ამხანაგი, ვიდრე მის ადგილზე არ აღმოჩნდები. ნუ იტყვი ისეთ სიტყვას, რომლის მოსმენაც არ შეიძლება, იმის იმედით, რომ ბოლოს მაინც მოგისმენენ. და ნუ იტყვი: როცა მოვიცლი, მაშინ ვისწავლი თორას – ვაითუ ვეღარ მოიცალო.
- ის ამბობდა: უმეცარი ადამიანი არ შეიძლება იყოს ღვთისმოშიში და არც უცოდინარი – წმინდანი; მორცხვი ვერ ისწავლის და ასოკირკიტა ვერ ასწავლის. დიდი კომერციული საქმიანობა ვერ დააბრძენებს კაცს; და იმ ადგილას, სადაც ადამიანები არ არიან, ეცადე შენ იყო კაცი.
- ერთხელ მან დაინახა წყალში მოტივტივე თავის ქალა და უთხრა: იმისათვის, რომ ახრჩობდი (სხვებს), შენც დაგახრჩეს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ვინც შენ დაგახრჩო, ისინიც დაიხრჩობიან.
- ის ამბობდა: ვინც ჭამა-სმას გადაყვება, მატლს გაიმრავლებს საფლავში. ბევრი ქონების დამგროვებელი დარდს გაიმრავლებს; ვინც ცოლებს გაიმრავლებს, კუდიანებს გაამრავლებს; მოახლეების გამამრავლებელი გარყვნილებას გაამრავლებს; ვინც ყმებს გაიმრავლებს, ძარცვას გაამრავლებს; ვინც თორის ცოდნას გაამრავლებს, სიცოცხლეს გაიხანგრძლივებს; ვინც სასწავლებლებს გაამრავლებს, სიბრძნეს გაამრავლებს; ვინც რჩევა – დარიგებას გაამრავლებს, გონიერებას გაამრავლებს; მოწყალების გამამრავლებელი გაამრავლებს მშვიდობას. კარგი სახელის შემძენი თავისთის შეიძენს, თორის სიტყვების შემძენი სიცოცხლეს შეიძენს მომავლის სამყაროში.
- რაბან იოხანან ბენ ზაქაი ჰილელისა და შამაის მიმდევარი იყო. ის ამბობდა: თუ ბევრ თორას შეისწავლი, თავი არ დაიფასო, რამეთუ ამისთის გაჩენილხარ.
ხუთი მოსწავლე ჰყავდა რაბან იოხანან ბენ – ზაქაის. ესენი იყვნენ: რაბი ელიეზერ ბენ – ჰურკანოსი, რაბი იეჰოშუა ბენ ხანანია, რაბი იოსი ჰაქოენი, რაბი შიმონ ბენ – ნეთანელი და რაბი ელაზარ ბენ ყარახი. ის აღნუსხავდა მათ ღირსებებს: რაბი ელიეზერ ბენ – ჰურკანოსი, როგორც მოკირწლული ორმო, არც ერთ წვეთს რომ არ კარგავს. რაბი იეჰოშუა ბენ ხანანია – ნეტარება მის მშობელს. რაბი იოსი – წმინდანი. რაბი შიმონ ბენ ნეთანელი – ცოდვის მოშიში. რაბი ელაზარ ბენ – ყარახი – მჩქეფარე წყაროს დამგვანებული.
ის ამბობდა: მთელი ისრაელის ბრძენები სასწორის ერთ მხარეს, რომ იყვნენ და ელიეზერ ბენ – ჰურკანოსი მეორე მხარეს – ყველას დასძლევს.
აბა შაული ამბობს მისი სახელით: მთელი ისრაელის ბრძენები სასწორის ერთ მხარეს, რომ იყვნენ და რაბი ელიეზერ ბენ – ჰურკანოსიც მათთან ერთად, ხოლო რაბი ელაზარ ბენ – ყარახი მეორე მხარეს – ყველას დაძლევს.უთხრა მათ: გამოდით და ნახეთ, რომელი გზაა სწორი, რომ მას დაეყრდნოს ადამიანი. რაბი ელიეზერი ამბობს: კარგი თვალი. რაბი იეჰოშუა ამბობს: კარგი ამხანაგი. რაბი იოსი ამბობს: კარგი მეზობელი. რაბი შიმონი ამბობს: მომავლის განმჭვრეტი. რაბი ელაზარი ამბობს: კეთილი გული.
უთხრა მათ: მე ვარჩევ ელაზარ ბენ – ყარახის ნათქვამს, რამეთუ თქვენს ნათქვამს შეიცავს მისი ნათქვამი (ესე იგი, თქვენს პასუხებსაც შეიცავს მისი პასუხიო).
9. უთხრა მათ: გამოდით და ნახეთ, რომელი გზა არის ცუდი, რომ მას აერიდოს ადამიანი. რაბი ელიეზერი ამბობს: ცუდი თვალი. რაბი იეჰოშუა ამბობს: ცუდი ამხანაგი. რაბი იოსი ამბობს: ცუდი მეზობელი. რაბი შიმონი ამბობს: ის, ვინც ისესხებს და არ გადაიხდის – ადამიანისაგან მსესხებელს, თითქოს ღმერთისგან უსესხია. როგორც ნათქვამია: ,,ისესხებს ბოროტი და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.“ რაბი ელაზარი ამბობს: ბოროტი გული.
უთხრა მათ: მე ვარჩევ ელაზარ ბენ – ყარახის ნათქვამს, რამეთუ თქვენს ნათქვამს შეიცავს მისი ნათქვამი.
10. მათ თქვეს სამი რამ. რაბი ელიეზერი ამბობს: გაუფრთხილდი შენი ამხანაგის ღირსებას, როგორც შენს საკუთარს; ადვილად ნუ გაბრაზდები; შემობრუნდი (მოინანიე ცოდვები), თუნდაც სიკვდილის წინ ერთი დღით ადრე; თბებოდე ბრძენთა შუქით, მაგრამ უფრთხილდი მათი ცეცხლის ნაკვერჩხლებს, რომ არ დაიწვა, რამეთუ მათი კბენა მელიის კბენას წააგავს და მათი ნესტარი მორიელის ნესტარს წააგავს და მათი ჩურჩული შხამიანი გველის სისინს წააგავს და მთელი მათი ლაპარაკი ნაღვერდალს წააგავს.
11. რაბი იეჰოშუა ამბობს: ავი თვალი, ბოროტი ზრახვა და ხალხის სიძულვილი ადამიანს სიცოცხლეს მოუსწრაფებს.
12. რაბი იოსი ამბობს: გაუფრთხილდი შენი ამხანაგის ქონებას, როგორც შენს საკუთარს და სრულყავი შენი თავი თორის ცოდნაში, რამეთუ მემკვიდრეობით არ გადმოვა შენზე; და მთელი შენი საქმიანობა იყოს ღმერთის სახელზე.
13. რაბი შიმონი ამბობს: იყავი ფრთხილი ,, კირიათ შემაყისა“ და ლოცვის დროს და როცა ლოცულობ, შენი ლოცვა არ იყოს ერთფეროვანი, არამედ ხვეწნა და მუდარა ღმერთის წინაშე, როგორც ნათქვამია: ,,რამეთუ შემბრალე და გულმოწყალეა ის, მრავლის მომთმენი და დიდად მწყალობელი და ცუდსაც აპატიებს.“ და ნუ იქნები ბოროტი შენს საკუთარ თვალში.
14. რაბი ელაზარი ამბობს: იყავი ბეჯითი თორის სწავლაში და იცოდე, რა უნდა უპასუხო აფიკოროსს (ათეისტს) და იცოდე, ვის წინაშე შრომობ, რომ ის არის შენი საქმიანობის წარმმართველი, რომ ის გადაგიხდის შენი შრომის გასამრჯელოს.
15. რაბი ტარფონი ამბობს: დღე მოკლეა, საქმე – უამრავი. მუშები უქნარები არიან, გასამრჯელო კი დიდია, ხოლო პატრონი აჩქარებს.
16. ის ამბობდა: ვერ მოასწრებ მთელ საქმეს და არც თავისუფალი ხარ მისი გაკეთებისგან. თუ ბევრი თორა ისწავლე ქირასაც ბევრს მოგცემენ და შენი საქმიანობის ერთგული წარმმართველი გადაგიხდის შენი შრომის გასამრჯელოს. და იცოდე, რომ წმინდანებს მომავალში მიეცემა საზღაური.
მესამე თავი
- აკავია ბენ – მაჰალალელი ამბობს: ჩაუკვირდი სამ საკითხს და შენ თავიდან აიცილებ ცოდვას: იცოდე, საიდან მოსულხარ, სად წახვალ და ვის უნდა ჩააბარო ანგარიში.
საიდან მოსულხარ? – მყრალი წვეთისგან. სად წახვალ? – იმ ადგილას, სადაც მტვერი და ჭია – მატლია. და ვის ჩააბარებ ანგარიშს? – მეფეთა მეფეს, უწმინდესი და კურთხეულ არს იგი.
2. რაბი ხანინა, ქოჰენის თანაშემწე ამბობს: ილოცეთ სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის, ვინაიდან ხელისუფლების შიში, რომ არ ჰქონდეთ, ადამიანები ერთმანეთს დაჭამდნენ.
რაბი ხანანია ბენ – თერადიონი ამბობს: თუ ორნი სხედან და თორაზე არ ლაპარაკობენ, ეს ავყიათა წრეა, როგორც ნათქვამია: ,,და არ ზის ავყიათა წრეში.“ მაგრამ თუ ორნი სხედნან და თორაზე ლაპარაკობენ, ღვთიური სული იმყოფება მათთან. რამეთუ ნათქვამია: ,,მაშინ საუბრობდნენ ურთიერთშორის ღვთისმოშიშნი და ყური მიუგდო უფალმა და მოისმინა და ჩაიწერა მის წინაშე სამახსოვრო წიგნში ღვთისმოშიშთა და მისი სახელის თაყვანისმცემელთათვის.“ ეს ორზეა ნათქვამი და სადღა დარჩა, როცა თუნდაც ერთი ზის და თორას ჭირნახულობს, უწმინდესი, კურთხეულ არს იგი, გადაუწყვეტს მას საზღაურს. როგორც ნათქვამია: ზის მარტოდმარტო და ჩაუფიქრდება, რაც მას აქვს დაკისრებული.“
3. რაბი შიმონი ამბობს: სამმა თუ ჭამა პური ერთ სუფრაზე და არ თქვა იქ თორის სიტყვები, თითქოს კერპტაყვანისმცემელთა შესაწირავები ეჭამოთ; როგორც ნათქვამია: ,,რამეთუ მათი სუფრები სავსეა ნარწყევით და სკორით – ადგილი არ დარჩენილა.“ ხოლო სამმა თუ ჭამა ერთ სუფრაზე და თქვეს თორის სიტყვები, თითქოს ღმერთის სუფრაზე ეჭამოთ; როგორც ნათქვამია: ,,და მითხრა მე: ეს სუფრა უფლის წინაშეა.“
4. რაბი ხანინა ბენ – ხაქინაი ამბობს: ვინც ღამე ფხიზლობს და გზაში მარტო დადის და ფუჭ ფიქრებს ეძლევა გულით, ამით სულს ივალიანებს.
5. რაბი ნეხუნია ბენ – ჰაკანა ამბობს: ვინც თორის ტვირთს იკისრებს, მას გაათავისუფლებენ მეფის უღლისაგან და ზნეობის უღლისაგან. ხოლო ვინც მოიცლის თორის ტვირთს, მას მეფის უღელსა და ზნეობის უღელს დააკისრებენ.
6. რაბი ხალაფთა ბენ – დოსა, ქეფარ ხანანიას მცხოვრები, ამბობს: ათნი, რომ სხედნან და თორას სწავლობენ, ღვთის მადლი ტრიალებს მათ შორის. როგორც ნათქვამია: ,,ღმერთი ჩადგა ღმერთის საკრებულოში.“ საიდან ვიცით, რომ ხუთთანაც ღვთის მადლი ტრიალებს? როგორც ნათქვამია: ,,მისი კავშირი დედამიწაზეა დაფუძნებული.“ საიდან ვიცით სამზე? როგორც ნათქვამია: ,,მოსამართლეთა შორის ჰქნა სამართალი.“ ორზე საიდან ვიცით? როგორც ნათქვამია: ,,მაშინ გაესაუბრნენ ერთმანეთს ღვთისმოშიშნი; ყური მიაპყრო უფალმა და მოისმინა…“ საიდან ვიცით ერთზე? როგორც ნათქვამია: ,,ყოველ ადგილას, სადაც გაგახსენებ ჩემს სახელს, მოვალ შენთან და დაგლოცავ.“
7. რაბი ელაზარ ბარტოსელი ამბობს: მიეცი მას მისი, რამეთუ შენც და შენიც მას ეკუთვნით: როგორც დავიდი ამბობს: ,,ვინაიდან ყოველივე შენია და შენი ხელიდან მოგცეს შენ.“
რაბი შიმონი ამბობს: გზად მიმავალი თუ შეწყვეტს სწავლას და იტყვის: ,,რა ლამაზია ეს ხე!“ ან: ,, რა ლამაზია ეს ხნული!“ მის შესახებ წმიდა წერილი ამბობს, თითქოსდა სულს ივალიანებს.
8. რაბი დოსთაი, ძე რაბი იანაისა, რაბი მეირის სახელით ამბობს: ვინც რამეს დაივიწყებს მისი შესწავლილიდან, მის შესახებ წმიდა წერილი ამბობს, თითქოსდა სულს ივალიანებს. როგორც ნათქვამია: ,,ფრთხილად იყავი და გაუფრთხილდი შენს სულს ძალიან, ვაითუ დაგავიწყდეს ის საქმენი, რომელნიც იხილეს შენმა თვალებმა.“ და კიდევ ნათქვამია: ,, და ვაითუ მოგცილდნენ ისინი გულიდან მთელი შენი სიცოცხლის დღეებში.“ აჰა, არ ივალიანებს სულს, ვიდრე საბოლოოდ არ მოსცილდებოდეს გულიდან.
9. რაბი ხანინა ბენ – დოსა ამბობს: ვინც ცოდვის წინაშე შიშს სიბრძნეზე წინ აყენებს, მის სიბრძნეს მტკიცე საფუძველი აქვს. ხოლო, ვისაც სიბრძნე ცოდვის წინაშე შიშზე მეტად მიაჩნია, მის სიბრძნეს საფუძველი არა აქვს. ის ამბობს: ვისი კეთილი საქმეებიც აჭარბებენ მის სიბრძნეს – მის სიბრძნეს საფუძველი აქვს; ხოლო ვისი სიბრძნეც აჭარბებს მის კეთილ საქმეებს – მის სიბრძნეს საფუძველი არა აქვს.
10. ის აგრეთვე ამბობდა: ვინც ხალხში კარგად იხსენიება, ღმერთთანაც კარგად იხსენიება. ხოლო ვინც ხალხში ცუდად იხსენიება, ის არც ღმერთს უყვარს. რაბი დოსა ბენ – ჰარქინასი ამბობს: დილით ძილი, შუადღით ღვინის სმა, ბავშვებთან ლაყბობა და უბირ ხალხთა კრებულში ჯდომა სიცოცხლეს მოუსწრაფებს ადამიანს.
11. რაბი ელაზარ ჰამოდაი ამბობს: ვინც წმიდათაწმინდას შებღალავს და კაი დღეს აბუჩად აიგდებს, სახალხოდ შეარცხვენს მოყვასს და დაარღვევს მამა აბრაჰამის აღთქმას (მშვიდობა სულსა მისსას), ანდა, ვინც არასწორად, დადგენილი წესის დაუცველად განმარტავს თორას, თუნდაც თორა და კეთილი საქმეები ხელთ ჰქონდეს – არა აქვს წილი მომავლის სამყაროში.
12. რაბი იშმაელი ამბობს: იყავი დამთმობი უფროსთან, თავაზიანი ახალგაზრდობასთან და ყოველი ადამიანი მიიღე სიხარულით.
13. რაბი აკივა ამბობს: ხუმრობა და ქარაფშუტობა უზნეობას მიაჩვევს ადამიანს. ტრადიცია თორის ზღუდეა, მეათედის გამოყოფა შემოსავლიდან – სიმდიდრის ზღუდეა, აღთქმა – განშორების საზღვარია, სუჩუმე სიბრძნის ზღუდეა.
14. ის ამბობდა: სასურველია ადამიანი, რომელიც სახის( ღმერთის სახის) მიხედვით გაჩნდა. ზედმეტი დაუფარავი სიამოვნებაა მისთვის, რომ სახის მიხედვით გაჩნდა. როგორც ნათქვამია: ,,ღმერთის სახის მიხედვით შექმნა მან ადამიანი.“
სასურველნი არიან ისრაელნი, რომელთაც დაერქვათ ღმერთის შვილები. ზედმეტი დაუფარავი სიამოვნებაა მათთვის, რომ ჰქვიათ ღმერთის შვილები. როგორც ნათქვამია: ,,თქვენი უფალი ღმერთის შვილნი ხართ თქვენ.“ სასურველნი არიან ისრაელნი, ვინაიდან მიეცათ ჩინებული ჭურჭელი (თორა). ზედმეტი სიამოვნებაა მათთვის იმის ცოდნა, რომ მიეცათ ჩინებული ჭურჭელი. როგორც ნათქვამია: ,,რამეთუ კარგი გაკვეთილი მოგეცით თქვენ – ჩემი თორა არ მიატოვოთ.“
15. ყველაფერი მოსალოდნელია და მაინც მინიჭებულია უფლება და ქვეყანა სიკეთით სამართლდება და ყველაფერი იზომება ჩადენილი საქმის სიჭარბით.
16. ის ამბობდა: ყველაფერი თავდებით ჩაბარებულია და საფარველი აქვს გადაფარებული ყველა სულიერს; მაღაზია ღიაა, გამყიდველი ნისიად აძლევს, დავთარი გადაშლილია და ხელი წერს. ვისაც უნდა სესხი, მოვიდეს და ისესხოს. ამკრეფები იბრუნებენ ვალს ყოველდღე, ახდევინებენ ადამიანს შეტყობინებით ან შეუტყობინებლად და მათ აქვთ ამის საფუძველი, ხოლო სამართალი ჭეშმარიტი სამართალია. და ყველაფერი გამზადებულია სუფრისთვის.
17. რაბი ელაზარ ბენ – აზარია ამბობს: თუ თორა არ არის, არ არსებობს ზნეობა. თუ ზნეობა არ არის, არც თორაა. თუ სიბრძნე არ არის, არც ღვთისმოშიშეობაა; თუ ღვთისმოშიშეობა არ არის, არც სიბრძნე იქნება. თუ ჭკუა არ არის, ცოდნაც არ იქნება; თუ ცოდნა არ არის, არც ჭკუაა. თუ პური არ არის, თორაც არ იქნება; თუ თორა არ არის, არც პურია.
ის ამბობდა: ვისი სიბრძნეც აჭარბებს მის საქმეებს, რას წააგავს? – ხეს, რომლის ტოტები გამრავლებულია, ხოლო ფესვები მოკლე და ცოტა. მოვა ქარი, მოგლეჯს და ამოაბრუნებს. როგორც ნათქვამია: ,,და იქნება იგი, ვითარცა ღვია სტეპში და ვერ იხილავს, როგორ მოვა სიკეთე და დასახლდება მშრალ უდაბურ მიწაზე – მლაშობსა და დაუსახლებელზე.
ხოლო ვისი საქმეებიც აჭარბებენ სიბრძნეს, რას წააგავს? ხეს, რომლის ტოტები მცირეა და ფესვები ღრმად გადგმული – მთელი ქვეყნიერების ქარებიც რომ ამოვარდნენ და დაუბერონ, ადგილიდან ვერ დაძრავენ მას. როგორც ნათქვამია: ,,და იქნება, ვითარცა წლის ნაპირას დარგული ხე, რომლის ფესვები ნაკადის გვერდითაა; ვერ შეამჩნევს, როგორც მოვა პაპანაქება, მისი ფოთლები მუდამ მწვანე იქნება. გვალვის დროს არ შეწუხდება და არ შეწყვეტს ნაყოფის მოცემას.“
18. რაბი ელიეზერ ბენ – ხისმა ამბობს: მსხვერპლშეწირვისა და ქალის სიწმინდის კანონ-წესები ნამდვილად კანონების საფუძველია. (იგულისხმება არა საერთოდ კანონები, არამედ რელიგიური კანონები და წესჩვეულებანი) ეპოქები და გიმატრიები არარაობაა თორის სიბრძნესთან შედარებით.
თავი მეოთხე
- ბენ ზომა ამბობს: ბრძენი ვინ არის? ვინც ყოველი ადამიანისაგან სწავლობს. როგორც ნათქვამია: ,, ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რამეთუ შენი მცნებანი სასაუბროა ჩემი.“
ვინ არის გმირი? ვისაც ძალუძს თავის ვნებათა შეკავება. როგორც ნათქვამია: ,,რისხვის ამლაგავი გმირზე ძლიერი და საკუთარი სულის ბატონი – ქალაქის დამპყრობელზე.“
ვინ არის მდიდარი? ვინც კმაყოფილია თავისი ხვედრით. როგორც ნათქვამია: ,,შენი მაჯის ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ – ამქვეყნად და სიკეთე შენ – მომავლის სამყაროში.
ვინ არის პატივცემული? ვინც ადამიანებს აფასებს. როგორც ნათქვამია: ,, რამეთუ დამფასებლებს დავაფასებ და ჩემი გამქირდავები დაქვეითდებიან.“
2. ბენ აზაი ამბობს: იყავ სწრაფი მსუბუქი მცნებების შესასრულებლად, ისევე, როგორც რთულისა და გაერიდე ცოდვას; ვინაიდან მცნებას მცნება მოჰყვება და ცოდვას მოჰყვება ცოდვა. მცნების ქირა მცნებაა, ხოლო ცოდვის ქირაა ცოდვა.
3. ის ამბობდა: ,,ნუ დასცინებ ნურავის და ნურაფერს ნუ გააზვიადებ, ვინაიდან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავისი დრო არ ჰქონდეს და არ არის ნივთი, რომელსაც არ გააჩნდეს თავისი ადგილი.
4. იავნელი რაბი ლევიტახი ამბობს: იყავ მეტისმეტად თავმდაბალი, ვინაიდან ადამიანის ბოლო მატლია. რაბი იოხანან ბენ – ბეროკა ამბობს: ვინც ღმერთის სახელს შებღალავს ფარულად, სახალხოდ გადაეხდება სამაგიერო. სულ ერთია, შეცდომით ჩაიდინა ეს თუ განზრახ შებღალა უფლის სახელი.
5. რაბი იშმაელი, მისი შვილი, ამბობს: ვინც თორას იმისთვის სწავლობს, რომ სხვებს ასწავლოს, დააცლიან სწავლასაც და გასწავლებასაც. და ვინც სწავლობს, რომ შეასრულოს, მას დააცლიან სწავლას და გასწავლებას, შესრულებას და დაცვას.
რაბი ცადოკი ამბობს: არ გაიხადო ისინი (თორის სიტყვები) გვირგვინად, რომ მათი მეოხებით განდიდდე და არც თოხად, რომ მისი დახმარებით თხარო. და სწორედ ასე ამბობდა ჰილელი: ვინც გვირგვინს (პირადი განდიდებისთვის) ხმარობს, გაქრება. აქედან დასკვნა: ვინც პირადი სიამოვნებისთვის გამოიყენებს თორის სიტყვებს, სიცოცხლეს შეიმოკლებს.
6. რაბი იოსე ამბობს: ყოველი, ვინც თორას პატივს სცემს, პატივცემული იქნება ადამიანებისაგან, ხოლო ყოველი, ვინც შებღალავს თორას, შეგინებული იქნება ადამიანების მხრიდან.
7. რაბი იშმაელი ამბობს: ვინც მოერიდება დავიდარაბას, თავიდან აიცილებს შუღლს, ძარცვას და ცრუ ფიცს. ხოლო ვინც გულბოროტად იძლევა ბრძანებებს – სულელი, ბოროტი და თავხედია.
8. ის ამბობდა: ნუ იქნები ერთპიროვნული მსაჯული; რამეთუ არ არსებობს ერთპიროვნეული მსაჯული, გარდა ერთისა (უფლისა) . და ნუ იტყვით: დაეთანხმეთ ჩემს აზრს! – ვინაიდან ისინი არიან უფლებამოსილნი და არა შენ (ე.ი. სიმართლე უმრავლესობის მხარეზეა).
9. რაბი იონათანი ამბობს: ყოველი, ვინც თორას ასრულებს სიღარიბეში – ბოლოს სიმდიდრეში შეასრულებს. ხოლო ყოველი, ვინც გააბათილებს თორას სიმდიდრეში – ბოლოს სიღარიბეში გააბათილებს.
10. რაბი მეირი ამბობს: მოუკელი საქმიანობას და უმატე თორის სწავლას და იყავ თავმდაბალი ყოველ ადამიანთან. ხოლო თუ თორის გზას ასცდი, ბევრი ამცილებელი გეყოლება შენს საწინააღმდეგოდ. თუ იღვაწებ თორაში, ბევრი ჯილდო მოგელის.
11. რაბი ელიეზერი, იააკოვის შვილი, ამბობს: ერთი მცნების შემსრულებელი იძენს ერთ დამცველს, ხოლო ერთი ცოდვის ჩამდენი იძენს ერთ მბრალდებელს. მონანიება და კეთილი საქმეები ფარია გაჭირვებისას.
რაბი იოხანან ჰასანდლარი ამბობს: ყოველ თავშეყრას, თუ ღმერთის სახელზეა, შედეგი მოჰყვება, ხოლო თუ ღმერთის სახელზე არ არის, შედეგი არ მოჰყვება.
12. რაბი ელაზარ ბენ – შამუა ამბობს: შენი მოსწავლის ღირსება ისევე სანუკვარი იყოს შენთვის, როგორც შენი საკუთარი და შენი მეგობრის ღირსება, როგორც შენი რაბის შიში, და შენი რაბის შიში, როგორც უზენაესის შიში.
13. რაბი იეჰუდა ამბობს: ფრთხილი იყავ სწავლაში, რამეთუ სწავლის დროს დაშვებული შეცდომა ბოროტგანზრახულად ჩაითვლება.
რაბი შიმონი ამბობს: აი, სამი შარავანდედი: თორის შარავანდედი, ღვთისმსახურების შარავანდედი და მეფობის შარავანდედი. მაგრამ კარგი სახელის შარავანდედი ყველა მათგანზე მეტია.
14. რაბი ნეჰორაი ამბობს: გადაიხვეწე თორის ადგილას და ნუ იტყვი, რომ ის თვითონ მოვა შენთან, რომ შენი მეგობრები შეასრულებენ მას შენ მაგიერ: და მარტო შენს გონიერებას არ დაენდო.
15. რაბი იანაი ამბობს: ჩვენს ხელთ არა გვაქვს არც ბოროტი ადამიანების კეთილდღეობის და არც წმინდანთა ტანჯვის პასუხი.
რაბი მათია ბენ – ხარაში ამბობს: ეცადე დაასწრო სალამის მიცემა ყოველ ადამიანს და უმჯობესია უკანასკნელი იყო ლომებს შორის, ვიდრე თავი და თავი მელიებს შორის.
16. რაბი იააკოვი ამბობს: წუთისოფელი წააგავს დერეფანს მომავლის სამყაროს შესასვლელთან; გაემზადე დერეფანში, რათა მერე დარბაზში შეხვიდე.
17. ის ამბობდა: ამ ქვეყნად ერთი საათი მონანიება და კეთილი საქმეების კეთება სჯობია მთელ იმქვეყნიურ ცხოვრებას. ხოლო იმ ქვეყნად ერთი საათით სულიერი სიმშვიდე სჯობია მთელ ამქვეყნიურ ცხოვრებას.
18. რაბი შიმონი, ელაზარის შვილი, ამბობს: დამშვიდებას ნუ დაუწყებ მეგობარს აღელვების დროს; არ მიუსამძიმრო, როდესაც მიცვალებული მის წინაშეა; არ მისცე შეკითხვები აღთქმის დადებისას: არ ეცადო მის ნახვას, როცა საქმე წამხდარი აქვს.
19. შმუელ ჰაკატანი ამბობს: შენი მტრის დაცემა ნუ გაგახარებს და მისი მარცხის დროს ნუ იმხიარულებს შენი გული; თორემ უფალი შენიშნავს ამას, არ მოგიწონებს და თავის რისხვას უკან დააბრუნებს მისგან.
20. ელიშა ბენ – ავუია ამბობს: ბავშვი, რომ სწავლობს, რას წააგავს? – სუფთა ფურცელზე ნაწერს მელანს. მოხუცი რომ სწავლობს, რას წააგავს? – წაშლილ ფურცელზე ნაწერ მელანს.
რაბი იოსე ბარ – იეჰუდა, სოფელ ბავლიდან, ამბობს: ვინც პატარებისაგან სწავლობს, რას წააგავს? – თითქოს ისრიმს ჭამდეს და საწნეხელიდან სვამდეს ღვინოს. ვინც მოხუცებისგან სწავლობს, რას წააგავს? – თითქოს მწიფე ყურძენს ჭამდეს და დაძველებულ ღვინოს სვამდეს. რაბი ამბობს: არ უყურო დოქს გარედან, არამედ შიგ რაც არის. რამეთუ არის ახალი დოქი, ძველი ღვინით სავსე, და არის ძველი, რომელშიც ახალიც არ არის.
21. რაბი ელიეზერ ჰაკაფარი ამბობს: შური, ავხორცობა და პატივმოყვარეობა სიცოცხლეს უმოკლებენ ადამიანს.
22. ის ამბობდა: დაბადებულები დაიხოცებიან, მკვდები გაცოცხლდებიამ, ხოლო ცოცხლებმა უნდა განსაჯონ, იცოდნენ, განმარტონ და აცნობონ, რომ ის არის ღმერთი, ის არის წარმომქმნელი, ის არის გამჩენი, ის არის გამგები, ის არის მოსამართლე, ის არის მოწმე, ის არის პასუხის მომთხოვნი და მან უნდა გაასამართლოს მომავალში. კურთხეულ არს იგი, რამეთუ არ არსებობს მის წინაშე არც უსამართლობა, არც დავიწყება, არც პირფერობა და არც ქრთამის აღება, რამეთუ ყველაფერი მისია. და იცოდე, რომ ყველაფერი გაანგარიშებულია და ნუ იმედოვნებ, რომ სამარე დასასვენებელი ადგილია. რამეთუ შენი სურვილით არ ჩასულხარ, შენი სურვილით არ დაბადებულხარ, შენი სურვილით არ ცოცხლობ, შენი სურვლის საწინააღმდეგოდ მოკვდები და შენი სურვილის გაუთვალისწინებლად ჩააბარებ ანგარიშს მეფეთა მეფის, უწმინდესის წინაშე, კურთხეულ არს იგი.
თავი მეხუთე
- ათი ბრძანების დაარსდა ქვეყნიერება. და რას ამბობს თალმუდი? ნუთუ შეუძლებელი იყო ერთი ბრძანებით გაჩენილიყო ქვეყნიერება? მხოლოდ იმის გამო, რომ გამოესყიდა ბოროტთაგან, რომელნიც ღუპავენ ათი ბრძანებით შექმნილ ქვეყნიერებას, და ჯილდო მიეცა წმინდანებისათვის, რომელნიც ხელს უწყობენ ათი ბრძანებით შექმნილი ქვეყნიერების არსებობას.
2. ათი თაობა იყო ადამიდან ნოახამდე – იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად დიდი იყო მისი მოთმინება, რამეთუ ყოველი თაობა აბრაზებდა მას განუწყვეტლივ, ვიდრე წარღვნა არ მოიყვანა მათ მიმართ. ათი თაობა იყო ნოახიდან ავრაჰამამდე – იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად დიდი იყო მისი მოთმინება, რამეთუ ყოველი თაობა აბრაზებდა მას განუწყვეტლივ, ვიდრე მოვიდოდა ავრაჰამი და ყველას საზღაურს მიიღებდა.
3.ათი გამოცდა გაიარა მამა ავრაჰამმა, მშვიდობა სულსა მისსას – და ყველას გაუძლო – იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად დიდი იყო მამა ავრაჰამის სიყვარული უფლის მიმართ.
4. ათი სასწაული მოუხდათ ჩვენს მამა-პაპებს ეგვიპტებში და ათი – ზღვაზე.
ათი ცემა მიაყენა უწმინდესმა, კურთხეულ არს იგი, ეგვიპტელებს ეგვიპტეში და ათი – ზღვაზე.
ათჯერ გამოსცადეს უდაბნოში ჩვენმა მამებმა უწმინდესი, კურთხეულ არს იგი, როგორც ნათქვამია: ,,და უკვე ათგზის გამომცადეს მე და არ ისმინეს ჩემი ხმა.“
5. ათი სასწაული მოუხდათ ჩვენს მამებს ბეთ – ჰამიკდაშში: შეწირული ხორცის სუნიდან არც ერთ ქალს არ მოსწყვეტია მოცელი; არ გაფუჭებულა შეწირული ხორცი არასდროს; სამზარეულოში არ უნახავთ ბუზი; არასოდეს არ შემთხვევია ქოჰენ გადოლს ჰოლუცია ქიფურის დღეს; წვიმას არასოდეს არ ჩაუქრია სამსხვერპლოზე დანთებული კოცონი; სამსხვერპლოს კვამლის სვეტი არავითარ ქარზე არ შერყეულა; არასოდეს არ გაფუჭებულა ძნა და ორი პური, და პური წინადაგებისა; იდგნენ მჭიდროდ და თაყვანისცემის დროს ადგილი ფართოვდებოდა; არასოდეს არავინ არ დაუზიანებია გველს ან მორიელს იერუშალაიმში; არასოდეს არავის არ უთქვამს: იერუშალაიმში სივიწროს განვიცდი.
6. ათი საგანი გაჩნდა პარასკევ საღამოს: მიწის პირი (იგულისხმება, კორახი, რომ ჩაყლაპა) , ჭის პირი, სახედრის პირი, ცისარტყელა, მანა, კვერთხი, შამირი (რომლითაც თლიდნენ ქვებს ბეთ – ჰამიკდაშის აგების დროს) ნაწერი, წარწერა (აღთქმის დაფაზე), აღთქმის დაფები.
ზოგნი ამბობენ: კიდევ ავი სულები, მოშეს საფლავი და მამა ავრაჰამის კრავი. და ზოგნი ამბობენ: აგრეთვე მარწუხი – მარწუხით ნაკეთები.
7. შვიდი თვისება აქვს ყეყეჩს და შვიდი – ბრძენს. ბრძენი არ დაილაპარაკებს სიბრძნით ან ასაკით უფროსზე წინ და არ იჭრება მეგობრის ლაპარაკში, არ ჩქარობს პასუხის გაცემას; შეკითხვას იძლევა საქმიანად და უპასუხებს წესიერად; და ამბობს პირველზე: პირველია, ხოლო უკანასკნელზე: უკანასკნელია; რაც არ გაუგონია, ამბობს: არ გამიგონია. სიმართლეს კვერს უკრავს: ყეყეჩში კი ყველაფერი შებრუნებით არის.
8. შვიდი სახის უბედურება მოდის ქვეყნად ცოდო – ბრალის გამო.
თუ ზოგი გამოყოფს მეათედს და ზოგი არა – მოსავალი არ მოდის და შიმშილი მეფდება ქვეყნად გვალვისაგან. ზოგი მშიერია და ზოგი მაძღარი.
თუ არავის გამოუყია მეათედი – შიმშილი გამეფდება ომისა და გვალვისაგან.
ხალა თუ არ გამოუყიათ – გამანადგურებელი შიმშილი მოდის დედამიწაზე. შავი ჭირი მოდის ქვეყნად თორის მიხედვით სიკვდილით დასასჯელთა სასამართლოში გადაუცემლობისა და მეშვიდე წლის ნაყოფის გამოყენებისათვის.
მახვილი მოდის ქვეყნად სასამართლოზე ძალმომრეობისა და სამართლის გამრუდების გამო, აგრეთვე თორის არაწესიერად სწავლების გამო.
9. მტაცებელი ცხოველების თავდასხმა ქვეყანაზე ხდება ცრუ ფიცისა და უფლის სახელის შებღალვის გამო.
განდევნილობა მოდის ქვეყნად კერპთაყვანისმცემლობის, გარყვნილებისა და სისხლისღვრის, აგრეთვე მიწის მიტოვების გამო.
ოთხ პერიოდში მძლავრობს შავი ჭირი: მეოთხე წელიწადს, მეშვიდე წელიწადს, მეშვიდე წლის ბოლოს და ყოველ წელიწადს კაი დღის ბოლოს. მეოთხე წელიწადს რატომ? – ღარიბს, რომ არ მიეცა მესამე წლის მეათედი. მეშვიდე წელიწადს რატომ? – მეექვსე წლის მეათედი, რომ არ მიეცა ღარიბებს. მეშვიდე წლის ბოლოს რატომ? – რომ არ დატოვეს მოსული ნაყოფი ღარიბებისათვის. კაი დღის ბოლოს რატომ? – ღარიბების საჩუქრების მითვისების გამო.
10. ოთხნაირი ხასიათია ადამიანში. თუ ამბობს: ჩემი ჩემია და შენი შენია, ეს საშუალო ადამიანის ხასიათია. ზოგნი ამბობენ, რომ ეს სედომელთა თვისებაა. თუ ამბობს: ჩემი შენია, შენი ჩემია – უბირი კაცია. თუ ამბობს: ჩემი შენია და შენი შენია – წმინდანია. თუ ამბობს: ჩემი ჩემია და შენიც ჩემია – ბოროტია.
11. ოთხნაირი ზნე აქვთ ადამიანებს. ვინც მალე ბრაზდება და მალევე მშვიდდება – მის ნაკლს ღირსება ფარავს.
ვინც ძნელად ბრაზდება და ძნელად მშვიდდება – მის ნაკლს ღირსება ფარავს.
ვინც ძნელად ბრაზდება და მალევე მშვიდდება – წმინდანია.
ვინც სწრაფად ბრაზდება და ძნელად მშვიდდება – ბოროტია.
12. ოთხი თვისება აქვთ მოსწავლეებს. ვინც სწრაფად ითვისებს და სწრაფად ივიწყებს – მის ღირსებას ნაკლი ფარავს.
ვინც ძნელად ითვისებს და ძნელად ივიწყებს – მის ნაკლს ღირსება ფარავს.
ვინც სწრაფად ითვისებს და ძნელად ივიწყებს – ბრძენია.
ვინც ძნელად ითვისებს და სწრაფად ივიწყებს – ეს ცუდი წილია.
13. მოწყალების გამცემთა ოთხი ტიპია. ვისაც სურს თვითონ გასცეს და სხვებმა არა – შურიანია.
თუ სურს სხვებმა გასცენ და თვითონ არა – ძუნწია.
ვინც არ გასცემს და სხვებსაც არ გააცემინებს – ბოროტმოქმედია.
14. სასწავლებელში მოსიარულეთა ოთხი ტიპი არსებობს. ვინც დადის და არ სწავლობს – ნაბიჯების ქირას ღებულობს.
ვინც სწავლობს და არ დადის – ქირა აქვს გაკეთებულისთვის.
ვინც დადის და სწავლობს – წმინდანია.
ვინც არ დადის და არც სწავლობს – უწმინდურია.
15. ოთხი ტიპის მოსწავლეები სხედან ბრძენთა წინაშე: ,,ღრუბელი“ , ,,ძაბრი“, ,,საწრეტი“ და ,,საცერი“. ღრუბელი – რომელიც ყოველთვის კარგს იწოვს; ძაბრი, რომელიც ერთი მხრიდან იწოვს, მეორედან უშვებს; საწრეტი, რომელიც ღვინოს გამოუშვებს და ნალექს ტოვებს; საცერი, რომელიც ფქვილს უშვებს და სოლეთს (საუკეთესო ხარისხის ფქვილი) ისრუტავს.
16. ყოველი სიყვარული, რომელიც რამეზეა დამოკიდებული, მიზეზის გაქრობისთანავე ქრება. ხოლო თუ არაფერზეა დამოკიდებული, არასოდეს გაქრება. რანაირი სიყვარულია დამიკიდებული გარემოებებზე? – ამნონისა და თამარის სიყვარული. და რომელი არ არის დამოკიდებული გარემოებებზე? – დავიდისა და იონათანის სიყვარული.
17. ყოველი კამათი, თუ ღმერთის სახელზეა – ცხოველუნარიანია. ხოლო თუ ღმერთის სახელზე არ არის, უნაყოფო იქნება. რომელი კამათია ღმერთის სახელზე? – ჰილელისა და შამაის კამათი. რომელი არ არის ღმერთის სახელზე? – ეს გახლავთ კორახისა და მის დამქაშთა კამათი.
18. ვინც მრავალს უბიძგებს მადლის გასაკეთებლად, მას ცოდვა არ გაეკარება. ხოლო ვინც მრავალს ჩაადენინებს ცოდვას, მას არ მიეცემა მონანიების შესაძლებლობა. მოშე დამადლიანდა თვითონ და დაამადლიანა მრავალი. მრავალთა დამსახურებაც მას ეკუთვნის. როგორც ნათქვამია: ,, აღასრულა სიმართლე უფლისა და მისი სამართალი ისრაელთან.“ იეროვამმა შესცოდა და ცოდვა ჩაადენინა მრავალს. ამიტომ მრავალთა ცოდვა დაეკისრა მას. როგორც ნათქვამია: ,, იეროვამის ცოდვების გამო, თვით რომ შესცოდა და შეაცოდა ისრაელი.“
19. ამ სამი ღირსების მფლობელი მამა ავრაჰამის მოსწავლედ ითვლება. ხოლო სამი სხვა თვისების მქონდე – ბოროტმოქმედ ბილამის მოსწავლეა. კეთილი თვალი, თავმდაბლობა, მოკრძალებულობა – მამა ავრაჰამის მოსწავლეთა თვისებებია. ავი თვალი, დიდგულობა და სიხარბე – ბოროტმოქმედ ბილამის მოსწავლეთა თვისებებია.
რა განსხვავებაა მამა ავრაჰამისა და ბოროტმოქმედ ბილამის მოსწავლეებს შორის? მამა ავრაჰამის მოსწავლეები კარგ საქმეებს აკეთებენ ამქვეყნად და იმკვიდრებენ მომავლის სამყაროს. როგორც ნათქვამია: ,,დავუმკვიდრებ ჩემს მოყვარულებს (რაც სიკეთე მაქვს) და მათ საჭურჭლეებს ავავსებ“. ბოროტმოქმედ ბილამის მოსწავლეები კი იმკვიდრებენ ჯოჯოხეთს და ცვივიან უფსკრულში. როგორც ნათქვამია: ,,და შენ, ღმერთო, ჩაიყვანე ისინი ჯოჯოხეთში; სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ვერ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენით ვიმედოვნებ.“
20. იეჰუდა ბენ – თემა ამბობს: უშიშარი იყავი ვეფხვივით და მსუბუქი არწივივით, სწრაფმსრბოლი ირემივით და მძლავრი ლომივით, რათა შეასრულო ზეციერი მამის სურვილი.
ის აგრეთვე ამბობდა: ,,თავხედი – ჯოჯოხეთში, ხოლო თავმდაბალი – სამოთხეში.
დაე, იყოს შენი სურვილი, უფალო, ღმერთო ჩვენო და ღმერთო ჩვენი მამებისა, რომ ააშენო შენი ქალაქი სასწრაფოდ, ჩვენს სიცოცხლეში და მოგვეცი ჩვენი წილი შენს თორაში.
21. ის ამბობდა: ხუთი წლისას – თანახი, ათი წლისას – მიშნა, ცამეტი წლისას – მცნებანი, თხუტმეტი წლისას – თალმუდი, თვრამეტი წლისას – ხუფა (ქორწინება) ოცი წლისას – ძიება, ოცდაათი წლისას – ღონე, ორმოცი წლისას – გონიერება, ორმოცდაათი წლისას – დამრიგებლობა, სამოცი წლისას – სიბერესთან მიახლოვება, სამოცდაათი წლისას – გაჭაღარავება, ოთხმოცი წლისას – ღრმა მოხუცებულობა, ოთხმოცდაათი წლისას – წელში მოხრილობა, ასი წლისას – თითქოს მოკვდა და წავიდა ამ ქვეყნიდან.
22. ბენ – ბაგ – ბაგი ამბობს: გადაფურცლე იგი (თორა) , რამეთუ მასშია ყველაფერი; იცქირე მასში, მოხუცდი და გაჭაღარავდი მასთან (კავშირში) და მას არ მოსცილდე, ვინაიდან მასზე კარგი არაფერი არ გაგაჩნია.
23. ბენ – ჰე – ჰე ამბობს: წვალებისა და ჯაფის მიხედვით არის საზღაური.
მეექვსე თავი
- ბრძენები სწავლობდნენ მიშნის სტილით; კურთხეულ არს, ვინც ამოირჩია ისინი და მათი სწავლა.
რაბი მეირი ამბობს: ვინც თორას ჭირნახულობს მის სახელზე, ბევრი რამის ღირსი გახდება; არა მარტო ეს, არამედ მთელი ქვეყნიერება მისთვის არის შექმნილი – მას ჰქვია ღმერთის მეგობარი, საყვარელი და მოყვარული, ადამიანთა გამამხიარულებელი; შეიმოსება თავმდაბლობით და მოშიშებით, გამოიწრთობა წმინდანად, ღვთისმოშიშად, პირდაპირად და ერთგულად. განერიდება ცოდვას და დაუახლოვდება მადლს. სასიამოვნო იქნება მისი დარიგება და სიბრძნე, გონიერება და გამბედაობა. როგორც ნათქვამია: ,,ჩემია რჩევა – დარიგება და სიბრძნე, მე ვარ გონიერება და ჩემია ძალა.“ მიეცემა მას ძალაუფლება და სამართლის გამოძიება. გაანდობენ მას თორის საიდუმლოებას და გადაიქცევა მძლავრ წყაროდ და მდინარედ, რომელსაც ვერაფერი ვერ შეაკავებს. მაშ, იყავ მორიდებული და სულგრძელი და აპატიე წყენინება. და ის (თორა) არის განმადიდებელი და მომმაღლებელი ყოველ არსზე.
2. რაბი იეჰოშუა ბენ – ლევიმ თქვა: ყოველდღიურად გამოდის ხორევის მთიდან ციური ექო (ბათ – კოლი) და აცხადებს: ვაი გაჩენილებს თორის შებღალვისათვის! ყოველს, ვინც არ ჭირნახულობს თორას, ეწოდება ,,მოკვეთილი“, როგორც ნათქვამია: ,,ღორის დრუნჩში გაჩრილ ოქროს წააგავს უზნეო ქალის სილამაზე.“ კიდევ ნათქვამია: ,,ხოლო ფიცრები უფლის ნახელავია და ნაწერი ღმერთის ნაწერია, ფიცრებზე ამოკვეთილი (ხარუთ). წაიკითხე არა ,,ხარუთ“, არამედ ,,ხერუთ“ (თავისუფლება), რამეთუ არ არსებობს უფრო თავისუფალი ადამიანი, ვიდრე ის, ვინც სწავლობს თორას. და ყოველი, ვინც სწავლობს თორას, აღზევდება. როგორც ნათქვამია: საჩუქარიდან – ღმერთის მემკვიდრეობა და ღმერთის მემკვიდრეობიდან – აღზევება.
3. ვინც ამხანაგისგან შეისწავლის ერთ ნაწყვეტს ანდა ერთ კანონს, ან ერთ წინადადებას, ან ერთ გამოთქმას, ან თუნდაც ერთ ასოს – ვალდებულია პატივისცემით მოეპყროს მას; საამისო მაგალითი ვნახეთ ისრაელის მეფე დავიდთან, რომელსაც არაფერი არ უსწავლია ასითოფელისაგან, გარდა ორად ორი სიტყვისა და თავისი რაბი უწოდა. როგორც ნათქვამია: ,,შენ კი კაცი ხარ ჩემებრი, მეგობარი და ახლობელი ჩემი“. აქედან ხომ შეიძლება დავასკვნათ: თუკი ისრაელის მეფემ – დავიდმა, რომელსაც ორი სიტყვის მეტი არაფერი უსწავლია ახითოფელისაგან, მას უწოდა თავისი მეგობარი და ახლობელი, მაშ, ვინც ამხანაგისაგან შეისწავლის ერთ ნაწყვეტს ან ერთ კანონს, ან ერთ წინადადებას, ან ერთ გამოთქმას, ან თუნდაც ერთ ასოს – რა გასაკვირია, რომ პატივისცემით უნდა მოეპყრას მას.
და არ არსებობს პატივისცემა თორის გარეშე. როგორც ნათქვამია: ,,დაფასებას ბრძენები დაიმკვიდრებენ, ხოლო გულმართლები მემკვიდრეობად სიკეთეს მიიღებენ.“ და არ არსებობს იმაზე მეტი სიკეთე, ვიდრე თორაა. როგორც ნათქვამია: ,,რამეთუ კარგი გაკვეთილი მოგეცით თქვენ – ჩემი თორა არ მიატოვოთ.“
4. ასეთია თორის გზა: პური მარილით ჭამე და წყალი საწყაოთი დალიე, მიწაზე დაიძინე და ტანჯული ცხოვრებით იცხოვრე და თორაში ოფლი ჩაღვარე. და თუ ასე მოიქცევი, ,,ნეტარება შენ და სიკეთე შენ.“ ნეტარება შენ – ამქვეყნად და სიკეთე შენ – მომავლის სამყაროში.
5. არ ისურვო განდიდება და არ გამოედევნო პატივისცემას. გააკეთე შენს ცოდნაზე მეტი. სულმა არ წაგძლიოს მეფეების სუფრაზე, რამეთუ შენი სუფრა მათ სუფრაზე დიდია, ხოლო შენი გვირგვინი მათ გვირგვინზე დიდია. და საიმედოა, რომ შენ პატრონი გადაგიხდის შრომის საზღაურს.
6. თორა დიდია, ვიდრე ღვთისმსახურება და ძალაუფლება, რამეთუ ძალაუფლება იყიდება ოცდაათი ღირსებით, ხოლო ღვთისმსახურება – ოცდაოთხით; თორა კი მოიპოვება ორმოცდარვა პირობით: სწავლით, ყურადღებიანობით, ენის სრულყოფით, გაგებით, შიშით, რიდით, თავმდაბლობით, გახარებით, სიწმინდით, ბრძენთა მომსახურებით, მეგობრებთან ცოლობით, მოსწავლეებთან კამათით, მუყაითობით, ხუმაშის ცოდნით, მიშნის ცოდნით, ვაჭრობა – საქმიანობის შემცირებით, მორიდებულობით, ნაკლები დროსტარებით, ნაკლები ძილით, ნაკლები ლაპარაკით, ნაკლები ხუმრობით, სულგრძელობით, კეთილი გულით, ბრძენთა ერთგულებით, ტანჯვის მიღებით; ვინც იცის თავისი ადგილი, მხიარულია თავისი ხვედრით, საზღვარს უდებს თავის ნათქვამს, თავს არ იფასებს, საყვარელია, უყვარს ღმერთი, უყვარს ადამიანები, უყვარს მოწყალების გაცემა, უყვარს სისწორე, უყვარს დარიგება, გაურბის პატივისცემას, არ დიდგულობს ცოდნით, არ უხარია ბრძანების გაცემა, იზიარებს მეგობრის გასაჭირს, ასამართლებს მის ღირსებათა გათვალისწინებით, უბიძგებს სიმართლისაკენ, უბიძგებს მშვიდობისაკენ, გულს დაუდებს სწავლას, ეკითხება და უპასუხებს, ისმენს და უმატებს; სწავლობს, რათა ასწავლოს და სწავლობს რათა შეასრულოს, სიბრძეს შემატებს თავის რაბს (შეკითხვებით), ღრმად ჩაუკვირდება მოსმენილს; თუ რაიმე ამბავს იუწყება, მთქმელის სახელით; აქედან დასკვნა: ვინც მთქმელის სახელით ლაპარაკობს, სხნა მოაქვს ქვეყნიერებისთვის. როგორც ნათქვამია: ,, და უთხრა ესთერმა მეფეს მორდეხაის სახელით.“
7. დიდია თორა, რამეთუ იგი აძლევს სიცოცხლეს მის შემსრულებელს ამ ქვეყნად და მომავლის სამყაროში. როგორც ნათქვამია: ,,რამეთუ სიცოცხლეა იგი (თორა) მის მპოვნელთათვის და გაჯანსაღება მთელი მისი არსისათვის.“ და კიდევ: ,,მკურნალობა იქნება შენი სხეულისათვის და სინედლე შენი ძვლებისათვის.“ და კიდევ: ,, სიცოცხლის ხეა იგი მისი მიმდევრებისათვის და ვინც მას ეყრდნობა, ბედნიერია.“ და კიდევ: ,,სილამაზის თაიგულია იგი შენი თავისათვის და ძვირფასი მძივი შენს ყელზე.“ და კიდევ: ,,იგი გიბოძებს მშვენიერ თაიგულს შენი თავისათვის, დიდების გვირგვინით დაგფარავს.“ და კიდევ: ,,რამეთუ ჩემმიერ გაგირძელდება შენ სიცოცხლის დღეები და მოგემატება სიცოცხლის წლები.“ და კიდევ: ,,დღეგრძელობა მის მარჯვენა ხელშია, ხოლო მარცხენაში – სიმდიდრე და პატივისცემა.“ და კიდევ: ,,რამეთუ დღეგრძელობა და სიცოცხლის წლები და მშვიდობა მოგემატება შენ და კიდევ: ,,მისი გზები სასურველი გზებია და ყველა მისი ბილიკი – მშვიდობა.“
8. რაბი შიმონ ბენ – მენასია ამბობს რაბი შიმონ ბენ – იოხაის სახელით: სიმალაზე, ძალა, სიმდიდრე, პატივისცემა, სიბრძნე, სიბერე, სიჭაღარავე და შვილები შეეფერებათ წმინდანებს და სასიამოვნოა მთელი ქვეყნიერებისათვის. როგორც ნათქვამია: ,,დიდების გვირგვინია ჭაღარა, სიმართლის გზით მოიპოვება იგი.“ და კიდევ: ,,ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა და მოხუცთა ლაზათი – ჭაღარა.“ და კიდევ: ,,ბრძენთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა.“ და კიდევ: ,,მოხუცთა გვირგვინი მათი შვილიშვილებია, ხოლო შვილთა დიდება – მათი მამები.“ და კიდევ: ,, და გაწითლდება მთვარე და შერცხვება მზეს, რამეთუ გამეფდა უფალი სპათა ციონის მთაზე და იერუშალაიმში, ხოლო მის უხუცესებს – პატივისცემა.“
რაბი შიმონ ბენ – მენასია ამბობს: წმინდანთა შვიდი თვისება, რომლებიც ბრძენებმა ჩამოთვალეს, ყველა ასრულდა რაბის და მის შთამომავალთა სახით.
9. თქვა რაბი იოსე ბენ -კისმამ: ერთხელ გზად მივდიოდი და შემომხვდა ერთი კაცი, მომცა სალამი და დავუბრუნე სალამი. მითხრა: რაბი, სადაური ხარ? ვუპასუხე: მწერლებისა და ბრძენების დიდი ქალაქიდან გახლავარ. მან მითხრა: რაბი, თუ შენ ისურვებ, რომ იცხოვრო ჩვენს მხარეში, მე მოგცემ ათასჯერ ათას ოქროს დინარს, ძვირფასს თვლებსა და მარგალიტებს. ვუთხარი მას: შვილო! მთელი ქვეყნიერების ოქრო – ვერცხლი, ძვირფასი თვლები და მარგალიტები რომ მომცე, არ ვიცხოვრებ ისეთ ადგილას, სადაც თორა არ არის; ვინაიდან სიკვდილის ჟამს თან არ წაჰყვება ადამიანს არც ოქრო – ვერცხლი, არც ძვირფასი თვლები და მარგალიტები, არამედ მხოლოდ თორა და კეთილი საქმეები. როგორც ნათქვამია: ,,რომ წახვალ, წინ წაგიძღვება და რომ დაწვები, ის დაგიცავს, ხოლო როცა გამოიღვიძებ, ის გესაუბრება.“
რომ წახვალ, წინ წაგიძღვება – ამქვეყნად; რომ დაწვები, ის დაგიცავს – საფლავში; როცა გამოიღვიძებ, ის გესაუბრება – მომავლის სამყაროში. და ასე დაწერა თეჰილიმში ისრაელის მეფემ – დავიდმა: ,,უმჯობესია ჩემთვის თორა შენი პირისა, ვიდრე ათასობით ოქრო და ვერცხლი.“ და კიდევ: ,,ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო.“ – ამბობს უფალი სპათა.
10. ხუთი ძვირფასი ნივთი შექმნა უწმინდესმა, კურთხეულ არს იგი, მის სამყაროში: თორა – ერთი ნივთი, ცა და დედამიწა – ერთი ნივთი, ავრაჰამი – ერთი ნივთი, ისრალი – ერთი ნივთი, ბეთ – ჰამიკდაში – ერთი ნივთი.
თორა – ერთი ნივთი – საიდან ვიცით ეს? წერია: ,,უფალმა შემქმნა მე თავისი გზის დასაწყისში, მთელ თავის ქმედებათა ადრე, დიდი ხნის წინათ.“
ცა და დედამიწა – ერთი ნივთი – საიდან ვიცით? წერია: ,,ასე თქვა უფალმა: ცა ჩემი ტახტია, დედამიწა – ფეხთა ჩემთა საბრჯენი; რანაირ სახლს ამიშენებთ მე და სად არის ჩემი დასასვენებელი ადგილი? „ და კიდევ: ,,რაოდენ მრავალია საქმენი შენნი, უფალო; ყოველივე სიბრძნით ჰქმენ, სავსეა დედამიწა შენი ქმნილებებით.
ავრაჰამი – ერთი ნივთი – საიდან ვიცით ეს? წერია: ,,და აკურთხა იგი და თქვა: კურთხეულ იყოს ავრაჰამი უზენაესი ღმერთის მიერ, ცისა და დედამიწის გამჩენის მიერ.“
ისრაელი – ერთი ნივთი – საიდან ვიცით ეს? წერია: ,,ვიდრე გაივლიდა შენი ხალხი, უფალო, ვიდრე გაივლიდა ხალხი, რომელიც შენ გააჩინე.“და კიდევ: ,,წმინდანებთან, რომელნიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან – მათთან არის ყველა ჩემი სურვილი.“
ბეთ -ჰამიკდაში – ერთი ნივთი – საიდან ვიცით ეს? წერია: ,, წმიდათაწმინდაში, უფალო, შენმა ხელებმა რომ მოამზადეს.“ და კიდევ: ,,და მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მისმა მარჯევენამ მოიხელთა.“
11. ყოველივე, რაც შექმნა თავის სამყაროში უწმინდესმა, კურთხეულ არს იგი, შემქნა მხოლოდ და მხოლოდ თავის სადიდებლად. როგორც ნათქვამია: ,,ყოველივე, რასაც ჩემი სახელი ჰქვია, ჩემი დიდებისთვის შევქმენი, მე წარმოვქმენი და გავაკეთე კიდეც.“ და კიდევ: ,,უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.“
რაბი ხანინა ბენ აკაშია ამბობს: სურდა უწმინდესს, კურთხეულ არს იგი, ღირსი გაეხადა ისრაელი. ამიტომ გაუმრავლა მათ თორა და მცნებანი, როგორც ნათქვამია: ,,ისურვა უფალმა: თავისი სიმართლისათვის განადიდა თორა და გააძლიერა.“
წყარო: ,,სიბრძნის ნაკადული” ფირკეი ავოთ (თელ -ავივ ,,1989″ წლის გამოშვება)