სამი ლოცვა (ყამიდის ლოცვები)

,,ყამიდა”-ში წარმოდგენილია თვრამეტი კურთხევა, სწორედ ამიტომ მას ხშირად ,,შმონა ესრე”-საც უწოდებენ (რაც ივრითულად თვრამეტს ნიშნავს). ყამიდის ლოცვები ჩვენი დიდი მამების დამსახურებაა. პირველი შახრითი – აბრაჰამმა ილოცა, მინხა – იცხაკმა, ხოლო ყარბითი – იააკობმა.

როგორ უნდა ვილოცოთ ყამიდა? – ეს კითხვა, ალბათ დასაწყისში ყველას გაგჩენიათ. ასე, რომ მოდით, რამდენიმე სიტყვით ავხსნათ, თუ როგორ ილოცება ,,ყამიდი”-ს ლოცვა.

ყამიდის ლოცვას ჩუმად ვკითხულობთ.

აუცილებელია, წინასწარ შევარჩიოთ, ადგილი, სადაც ვილოცებთ (ვინაიდან, ლოცვის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ შეიძლება გადაადგილება {მხოლოდ და მხოლოდ ისეთ მომენტში შეიძლება გადაადგილდეთ, როცა გამოუვალი და სასწრაფო სიტუაციაა} ) სანამ ლოცვას დაიწყებთ უნდა გადადგათ სამი ნაბიჯი უკან, შემდგომ სამი ნაბიჯით ისევ წინ წამოხვიდეთ და ფეხები შეაერთოთ ერთად. ლოცვის პერიოდში, საჭიროა ოთხჯერ გადახრა წინ (ამ დროს ქედს ვიხრით კურთხეულის წინაშე). იმასათვის, რომ დამწყებთათვის იოლი ყოფილიყო გარჩევა იმისა, თუ როდის უნდა გადაიხარონ წინ, მსგავსი ადგილები, ლოცვის დროს ხაზგასმული იქნება.

როდის ვიხრებით და როდის ვსწორდებით? – ესეც ლოგიკური კითხვაა და ვეცდები მარტივი სიტყვებით აგიხსნათ ესეც. როგორც უკვე აღვნიშნე 4-ჯერ არის ქედის მოხრა საჭირო.

1. პირველი, დასაწყისშივე გვხვდება ,,ბარუხ ათა” – (კურთხეული ხარ შენ) , როცა ვამბობთ (იქ, სადაც ხაზი მექნება გასმული) გადაიხრებით და გამჩენის სახელზე (ადონაი) გასწორდებით.

2. მეორე გადახრაც დასაწყისშივე შეგხვდებათ, აქაც ,,ბარუხ ათა” – (კურთხეული ხარ შენ) , როცა იტყვით (იქ, სადაც ხაზი მექნება გასმული) გადაიხრებით და გამჩენის სახელზე (ადონაი) გასწორდებით.

3. მესამე – ლოცვის დასასრულისკენ შეგხვდებათ. ,,მოდიმ ანახნუ”-ს გადახრილი იტყვით, ხოლო ,,ლახ”-ზე გასწორდებით. (რა თქმა უნდა, ესეც მონიშნული იქნება ლოცვისას)

4. მეოთხე გადახრაც, ლოცვის დასასრულს არის. აქაც ,,ბარუხ ათა” – (კურთხეული ხარ შენ) , როცა იტყვით (იქ, სადაც ხაზი მექნება გასმული) გადაიხრებით და გამჩენის სახელზე (ადონაი) გასწორდებით.

ლოცვა ყოსე შალომით სრულდება. ყოსე შალომის თქმამდე კი გადადგავთ უკან ისევ სამ ნაბიჯს . ,,ყოსე შალომ ბიმრომავ” -ის თქმის დროს გადაიხრებით მარცხნივ, ,, ჰუ ვერახამავ იაყასე შალომ ყალენუ”-ს თქმის დროს გადაიხრებით მარჯვნივ, ხოლო ,,ვეყალ ქოლ ყამო ისრაელ ვეიმრუ ამენ”-ზე ისევ წინ მოიხრით ქედს. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ ჩვეულებრივად გადაადგილდეთ. ამით სრულდება ყამიდის ლოცვა.

ვიმედოვნებ, რომ გასაგებად ავხსენი, თუ რაიმეს ვერ გაიგებთ, მოსარიდებელი არაფერია, მთავარია ვისწავლოთ და არ შეგვრცხვეს იმის თუ რაიმე არ გვეცოდინება! ყამიდის ლოცვა წარმოადგენს ძალიან პირად ლოცვას. ამ დროს ჩვენ ჩუმად ვლოცულობთ, ანგელოზებსაც კი არ ესმით ჩვენი ხმა, მხოლოდამხოლოდ გამჩენს.

ქალები ვალდებულები არიან მხოლოდ ერთი ყამიდის ლოცვაზე. ეს უკვე მათ სურვილზეა დამოკიდებული:შახრითს ილოცებენ, მინხას თუ ყარბითს. თუმცა უმჯობესია თუკი ილოცებენ შახრითს და დილას დაიწყებენ კურთხევით. როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ ერთ ლოცვაზეა ქალო ვალდებული (ყამიდაზე), მაგრამ თუ ქალს აქვს სურვილი – შესაძლებლობა და ილოცებს დანარჩენ ორსაც, რა თქმა უნდა, რომ ძალიან კარგია და მოვა მასზე დამატებითი კურთხევა.

მაშ ასე, იწყება ,,ყამიდის” ლოცვა.

Blog at WordPress.com.

ზედა ↑