ჰაფრაშათ ხალის ახსნები

როგორ ჩავატაროთ ჰაფრაშათ ხალა – ვინ რისი კურთხევა უნდა წარმოსთქვას ,,ჰაფრაშათ ხალის“ ცერემონიის დროს…

,,სიმბოლოები“

ფქვილის გაცრის მომენტი – უნდა იყოს სიხარულისა და სულიერად ამაღლების გამომწვევი.

შაქრის დამატება სიმბოლოა – სიტკბოსი, რომელიც გვინდა განვიცადოთ ჩვენი ოჯახის კარგი სულიერი ცხოვრებით…

საფუარი –  ზრდის სიმბოლოა. ცომში ვამატებთ, რათა ოჯახის თითოეული წევრი, მსგავსად საფუარისა – სულიერად გაიზარდოს.

წყალი – თორისა და განწმენდის სიმბოლოა

ზეთი – ცხების სიმბოლოა და მას ნელ-ნელა ვამატებთ, თითქოსდა და ვასრულებდეთ ზეთით ცხების ცერემონიას – ჩვენი ოჯახის წევრებზე. სწორედ ამიტომ ამ დროს წარმოვთქვამთ თითოეული ჩვენი ოჯახის წევრის სახელს – რათა ყოვლისშემძლემ დალოცოს ისინი და ასევე ვლოცავთ მთელი ისრაელის ერთან ერთად – ყველა ჩვენს ახლობელსა თუ ნათესავს რომ  გამოუგზავნოს ჰაშემმა მათაც ყველაფერი სიკეთე.

მარილი ჰაშემთან კავშირის სიმბოლოა. მარილი ასევე გვასწავლის – რომ ოჯახის წევრებისადმი კრიტიკა, უნდა იყოს მოზომილი და არ უნდა გადავამეტოთ. ვიყოთ კრიტიკისას – ფრთხილები არამარტო ოჯახის წევრებთან, არამედ თითოეულ ადამიანთან.

  • (ასევე საჭიროა ვიცოდეთ, რომ ებრაეულ ოჯახში – სუფრაზე, ყოველთვის უნდა გვქონდეს თავდაფარებული მარილი)

როგორც ცომის ზელვის პროცესში, ასევე ხალის გამოყოფის დროსაც – კარგია ვილოცოთ მთელი გულითა და სულით, რადგან ეს დრო სასურველია ზემოთა სამყაროებში – ჩვენი ლოცვების მისაღებად. ამიტომაც კარგია თუ ადამიანი მთელს გულს გადაუშლის ყოვლისშემძლეს და არ დაიშურებს მის წინაშე ლოცვას.

ვინ რას აკურთხებს?

ჰაფრაშათ ხალის სუფრაზე, შეძლებისდაგვრად, უნდა იდოს ყველა კურთხევის შემცველი პროდუქტი, რათა მოწვეულმა სტუმრებმა, გაამრავლონ კურთხევები და თითოეულმა მათგანმა შეძლოს – სულიერად ამაღლება. კარგია თუკი აფრაშათ ხალის სუფრაზე, მოვიწვევთ ბევრ სტუმარს, რათა ბევრი ადამიანები დავამადლიანოთ ამ დიდი მიცვის შესრულებაზე. აფრაშათ ხალის დაწყებამდე, სუფრა უკვე უნდა იყოს გაშლილი და სავსე.

ჰაგეფენის კურთხევა – ყურძნის წვენი – დაწყვილების და ბავშვების გაჩენის სიმბოლოა. ამ კურთხევას, მოწვეული სტუმრებიდან წარმოსთქვამს ის, ვისაც არ ჰყავს შვილი, ან მეორე ნახევარი.

მეზონოთის კურთხევა (მაგალითად: ნამცხვარი) –  ამ კურთხევას, მოწვეული სტუმრებიდან  წარმოსთქვამს ის, ვისაც ფარნასის პრობლემა აქვს.

აყეცის კურთხევა (მაგალითად: ფინიკი, ლეღვი, მსხალი და ა.შ) –  ამ კურთხევას, მოწვეული სტუმრებიდან  წარმოსთქვამს ის, ვისაც, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს –  ან არ არის ბედნიერი თავისი ცხოვრებით და სურს გაბედნიერება.

ადამას კურთხევა (მაგალითად: ბანანი, ანანასი, და ა.შ.) – ამ კურთხევას, მოწვეული სტუმრებიდან  წარმოსთქვამს ის, ვისაც ჯანმრთელობით სავსე – ხანგრძლივი სიცოცხლე სურს.

შეჰაქოლის კურთხევა (მაგალითად: წყალი) – სიმბოლოა იმისა, რომ ყველა ლოცვა, თუ სურვილი, ჰაშემის წინაშე, იყოს სასიკეთო…

ბესამიმის კურთხევა (სურნელოვანი მცენარე)  – როცა ჩვენ მივირთმევთ საკვებს, ეს არ არის სულის სიამოვნება, მაგრამ ,,ყნოსვა“ ეს სულის სიამოვნებაა. როგორც შაბათის გასვლის დროს ვაკურთხებთ ბესამიმს და ვყონოსავთ სურნელოვან მცენარეს.

ბესამიმის დაყნოსვის დროს,  ვნატრობთ რომ,  ყველა ისრაელის შვილმა გააკეთოს თეშუბა და იყოს ჰაშემის წინაშე სრულყოფილი. ასევე ამ დროს კარგია ვილოცოთ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებმაც უკვე დაიწყეს თეშუბაზე  დაბრუნება – რომ გაუიოლოთ ჰაშემმა ეს გზა. ცნობილია რომ, როდესაც მაშიახ ბენ დავიდი მობრძანდება, სუნით იცნობს ვინ არის ჰაშემის გზაზე მოსიარულე და ვინ არა.

( ავტორი: ხაია სარა – ხათუნა ხუხაშვილი)

Blog at WordPress.com.

ზედა ↑