
ხანუქის დღესასწაული, ებრაელი ერისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სათუთი და წმინდაა. მიუხედავად იმისა, რომ ხანუქის თანმდევი ისტორია საუკუნეებს ითვლის, ებრაელი ხალხი მას არასოდეს ივიწყებს და ყოველწლიურად უფრო მეტი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ეგებება უწმინდესი დღეების შემობრძანებას.
ისტორია, რომელიც ერთი ორად ამაღელვებელს ხდის ხანუქის დღეებს, ოდითგანვე გადაეცემოდა და გადაეცემა ებრაეულ ოჯახებს… მაკაბიელების გამარჯვება ბერძენთა უზარმაზარ ლაშქარზე და წმინდა ზეთის სასწაულის ისტორია – ყველასათვის ერთობ ამაღელვებელი და წმინდაა. მოდით ერთად გავიხსენოთ თუ რა მოხდა – და თუ რა დაედო საფუძველად ამ დღესასწაულს.
ეს მოხდა მეორე ტაძრის პერიოდში, მაშინ, როცა წმინდა მიწას ბერძნები მართავდნენ. ისინი ძარცვავდნენ ებრაელთა ქონებას და ეხებოდნენ ყველაზე წმინდას – ბეთ ჰამიკდაშს. წმინდა ტაძარში დგავდნენ კერპებს და უფლის სახლი ბოლომდე ჰქონდათ წაბილწული. მიუხედავად მსგავსი ქცევისა, ვერავინ ბედავდა მათ წინააღმდეგ გალაშქრებასა და წინააღმდეგობის გაწევას. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ ადამიანები, რომელბმაც საკუთარი სიცოცხლე არად ჩააგდეს და უფლის სახელის მოსამაღლებლად, წმინდა ტაძრის აღსადგენად და ებრაელი ხალხის, როგორც ,, ერი“-ს გადასარჩენად, საკუთარი თავები გადადეს. ესენი იყვნენ მათათიაჰუ და მისი შვილები.
ხანუქის დღესასწაული არის გახსენება უდიდესი სასწაულისა, თუ როგორ დაამარცხა ებრაელთა მცირე ჯგუფმა, ბერძენთა უძლიერესი და უდიდესი არმია.
ბერძნები ფილოსოფოსები იყვნენ. ისინი თორას ბრძნულად დაწერილ ჩვეულებრივ წიგნად აღიქვამდნენ და მათთვის არანაირი სულიერი დატვირთვა მას არ ჰქონდა. საბოლოო ჯამში მათ თორის სწავლება უკანონობად მიიჩნეს და აკრძალეს ებრაელთათვის ყველაზე მთავარი მიცვები, რომლებიცაა: ბრით მილა, როშ ხოდეში (ახალ მთვარეობა), შაბათი და ოჯახური სიწმინდე. მაკაბიელებმა, თორის სიწმინდის გადასარჩენად, საკუთარი სიცოცხლე ჩააგდეს საფრთხეში. სწორედ უფლის სახელზე, თავდადება გახდა მათი გამარჯვების მიზეზი.
გარდა ბერძნებზე გამარჯვების სასწაულისა, ხანუქაში ასევე აღვნიშნავთ კიდევ ერთ უდიდესს – ზეთის სასწაულს.
სამწუხაროდ, მოდხა ისე, რომ ბერძნებმა, ბეთ ჰამიკდაშში არსებული წმინდა ზეთის მარაგი გააუწმინდურეს. თუმცა აქაც სასწაულთან გვაქვს საქმე, რადგან მაკაბიელებმა სასწაულებრივად აღმოაჩინეს ერთადერთი თავდახურული – ზეთით სავსე ქილა. საქმე იმაში იყო, რომ ქილაში არსებული ზეთი მხოლოდ ერთი დღისთვის იყო საკმარისი. ებრაელებს უზომოდ უყვარდათ თავიანთი უფალი და მათ ეს ერთი ქილა უდიდესი სიყვარულით დაანთეს ყოვლისშემძლეს წინაშე. სწორედ ამიტომ უფალმა მათ კიდევ ერთი სასწაული მოუხდინა და ერთი დღის საკმარისი ზეთი – რვა დღის მანძილზე ენთო.
ამ სასწაულებიდან გამომდინარე, მთელმა ქვეყნიერებამ შეძლო დანახვა იმისა, რომ შეხინა ებრაელებთან იყო, არის და იქნება.
ებრაელებმა უდიდესი სიხარულით, განწმინდეს ბეთ-ჰამიკდაში და ისევ აღადგინეს უფლის წინაშე მსახურება. გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით სულიერი სიბნელე სჯაბნის სულიერ სინათლეს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავიხაროთ ხანუქაში და სიმხიარულით მოვიზიდოთ შეხინის შუქი. სწორედ ამიტომ არის, რომ ხანუქის დღესასწაულზე ვაწყობთ დიდ ზეიმს, ვმასპინძლობთ ერთმანეთს ტკბილეულობით, გემრიელი ფუნთუშებითა და რაც მთავარია მხიარული გულით. სიმხიარულეს უდიდესი ძალა აქვს. ის ფანტავს ნეგატიურ აზრებს და ბატონდება ყველანაირ ბოროტებაზე.
ხანუქაში ყოველ დღე ვამატებთ თითო სანთელს- ამას ვაგრძელებთ მანამ, სანამ საბოლოოდ არ მივიღებთ რვა სანთელს. რვა დღის მანძილზე სანთლების ანთებით, ჩვენ ჩვენშიც ვიზიდავთ სინათლეს. კარგია ამ დღეებში თორასა და მიცვებში გაძლიერება, რადგან ამ სწორედ ამ რვა დღის მანძილზე ჩადენილი კარგი ნამოქმედარით, მთელი წლის მანძილზე ვიზიდავთ კარგ ამბებს.
ხანუქის სანთლების სიწმინდე, მოჰგავს ბეთ-ჰამიკდაში არსებული მენორის სანთლების სიწმინდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ ისინი არ უნდა გამოვიყენოთ რაიმე სხვა მიზნით, მხოლოდ უნდა დავტკბეთ მათი სიწმინდის ყურებით და ყური დავუგრდოთ იმ დიდ ისტორიას, რომელსაც თავიანთი სიკაშკაშით გვახსენებენ.
ხანუქის სასწაული მოხდა ერთ-ერთ ყველაზე ბნელ და სასტიკ დროში… დროში, როცა გარშემო ბოროტება იყო გამეფებული. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაკაბიელებს არ დაუკარგავთ გამბედაობა და იმედი, მათ უფალზე მინდობითა და კურთხეულის უდიდესი სიყვარულით შეცვალეს სიბნელე სინათლედ. დღესაც ასეა, ჩვენი უფლისადმი სიყვარულით, თორის სწავლითა და მიცვების შესრულებით, განვდევნით ბოროტებას სამყაროდან და ხელს შევუწყობთ მალე და ჩქარა მაშიახის მობრძანებას.
ავტორი: მაია კვესლი