ზღვის სიმღერა

ყოველ დილით, როცა კითხულობ ზღვის სიმღერას, რომელიც წარმოთქვეს ისრაელებმა მეწამული ზღვის გაპობისას, ეცადე თქვა ეს გარკვევით, სიტყვასიტყვით, ვინაიდან ჩვენმა ნეტარხსენებულმა რაბებმა ბრძანეს (სეფერ ამიდოთში): ,,ვისთვისაც ძნელია შეუღლება, წარმოთქვას გარკვევით, არ იჩქაროს ზღვის სიმღერის თქმის დროს. როცა წარმოთქვამ მას ყოველდღე იგულისხმე თითქოს დგახარ მეწამული ზღვის გაპობის დროს და მღერი უფლის წინაშე.

წმინდა ზოჰარში წერია: ეს სიმღერა ,,აზ იაშირ“ ყოველ სიმღერაზე მაღლა დგას. ჩვენმა წმინდა ბრძენებმა სანჰედრინში ბრძანეს: ,,ძნელია ადამიანის დაწყვილება, ვითარცა მეწამული ზღვის გაკვეთა.“ ამიტომ ეცადეთ მხოლოდ ძლიერები იყოთ უფლის მიმართ ლოცვაში და თხოვნაში. თუ ადამიანმა ილოცა და უპასუხოდ დარჩა, განმეორებით ილოცოს უფლის წინაშე. თუ ილოცებ ცრემლები ღვრით, მაშინ ლოცვა დაიმსხვრევს ყველა დაკეტილ კარს და მიიღება. ,,ცრემლების ჭიშკრები არ იკეტება.“ და ნუ დაკარგავთ შეწყალების იმედს.

ნეტარება მას, ვინც სულით და გულით წაიკითხავს და ყოველდღე იგულისხმებს, თითქოს ახლა დგას მეწამული ზღვის ახლოს და მღერის სიმღერას ისრაელებს შორის.

როდესაც წაიკითხავ ყოველდღე ზღვის სიმღერას, ისე დაიცავი სიზუსტე სიმღერაში, თითქოს ახლა იდგე ზღვასთან და მღეროდე სიმღერას. და ამის მეშვეობით გეღირსება იპოვო შენი მეწყვილე: ,,აზ იაშირ“ დიდი სეგულაა მეორე ნახევრის საპოვნელად.

მაშინ უმღერეს მოშემ და ისრაელის შვილებმა ეს სიმღერა უფალს და თქვეს ასე: ვუმღერებ უფალს, რამეთუ აღზევდა სიდიადით, ცხენი და მისი მხედარი მოისროლა ზღვაში. ძალა და გალობა ჩემი – უფალია; და ის იყო ჩემი ხსნა, ეს არის ჩემი ღმერთი და მას შევასხამ ხოტბას, მამაჩემის ღმერთია – და მას მოვამაღლებ. გამჩენი მეომარია, ღმერთია მისი სახელი. ფარაონის ეტლები და მისი ჯარი ზღვაში ისროლა და მისი რჩეული მხედართუფროსები ჩაძირულ იქნენ მეწამულ ზღვაში. მორევმა დაფარა ისინი, სიღრმეებში ჩაეშვნენ, ვითარცა ქვა. მარჯვენა შენი, გამჩენო, ბრწყინვალეა ძალით, მარჯვენა შენი გამჩენო, დაამხვრევს მტერს. შენი უპირატესი სიდიადით მოსრავ შენს წინააღმდეგ აღმდგართ; გაუგზავნი შენს რისხვას, და ის გადაბუგავს მათ, ვითარცა ნამჯას. შენ მრისხანე სუნთქვაზე მოგროვდნენ წყლები, აღიმართნენ კედელივით წყლის ჭავლები, მორევნი გაითოშნენ ზღვის გულში. თქვა მტერმა: დავედევნები, დავეწევი, გავანაწილებ ნადავლს, ამით დაცხრება სული ჩემი, ვიშიშვლებ ხმალს, მოსრავს მათ ჩემი ხელი. სული შეუბერე – ზღვამ დაფარა ისინი, ტყვიასავით ჩაეშვნენ მძლავრ წყლებში. ვინ არის შენებრი ღმერთებში გამჩენო? ვინ არის შენსავით ბრწყინვალე სიწმინდით, საშიში და ხოტბით მოსილი, სასწაულმოქმედი? გაიშვირე მარჯვენა შენი – ისინი მიწამ ჩაყლაპა. მიგყავს შენი წყალობით ხალხი, რომელიც იხსენი, წინ უძღვი შენი ძალით შენი წმიდა სადგომისაკენ. მოისმინეს ხალხებმა – აკანკალდნენ, თრთოლვამ მოიცვა ფელეშეთის მცხოვრებნი. მაშინ შეძრწუნდნენ ედომის თავადები, მოაბის ბელადნი კანკალმა აიტანა, სული გაკმიდა ქენაანის ყველა მცხოვრებმა. თავს დაატყდა მათ ძრწოლა და შიში, შენი მარჯვენის სიდიადემ დაადუმა ქვასავით, ვიდრე გაივლიდა შენი ხალხი, გამჩენო, ვიდრე გაივლიდა ხალხი, რომელიც შეიძინე. შეიყვანე და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაში, იმ ადგილას, ბინად რომ გაიკეთე შენთვის, ღმერთო, წმიდათაწმიდაში, ღმერთო, შენმა ხელებმა, რომ მოამზადეს.

 ღმერთი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.

როცა შევიდნენ ფარაონის ცხენები მის ეტლებთან და მხედრებთან ერთად ზღვაში, მისკენ მიმართა გამჩენმა ზღვის წყლები, ხოლო ისრაელები გავიდნენ, ვითარცა ხმელეთზე, შუაგულ ზღვაში.

წყარო: ,,მანდილოსანთა საგანძური“

Blog at WordPress.com.

ზედა ↑